კუკავას რუსული პოლიტთამაშის ბიზნესდეტალები

კუკავას რუსული პოლიტთამაშის ბიზნესდეტალები

კახა კუკავამ და ვლადიმერ ხომერიკმა პირობა დადეს - ქართული ღვინო და „ბორჯომი“ რუსეთის ბაზარზე 2011 წლის ბოლოს დაბრუნდება. თავის მხრივ, რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკოც პირობას დებს, რომ ამ საკითხს აუცილებლად განიხილავს და უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყვეტას არ გამორიცხავს. თავის მხრივ, „ინტერფაქსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომ კუკავახომერიკს მოლაპარაკების მანდატი ბიზნესმენებისგან აქვთ და ისინი არიანი ქართველი მეღვინეებისა და „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანიების ნდობით აღჭურვილი პირებიო. თუმცა, არც კუკავა და არც ონიშჩენკო არ აკონკრეტებენ, რომელი კომპანიისთვის გაიხსნება რუსული ბაზარი და ვის წარმოადგენენ რუსეთში მოლაპარაკების მაგიდასთან. ფაქტია, რუსეთის მთავარი სანიტარი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, ისიც ფაქტია, რომ რუსეთის ბაზრის დაბრუნება კახა კუკავას დონეზე არ წყდება. საინტერესოა, რას ნიშნავს კუკავას მოსკოვური ბიზნესვოიაჟი და რა საფრთხეს შეიცავს ამ ტიპის მოლაპარაკებები, ზოგადად, ბიზნესისთვის?   

 

რუსეთის ბაზრის დაბრუნება მთავრობის გადასაწყვეტია     

მართალია, კუკავას დაბრუნებული რუსეთის ბაზრის ამბავი უფრო იგავარაკს წააგავს, ვიდრე რეალურ ამბავს, მაგრამ „ვერსია“ ამ თემაზე ბიზნესომბუდსმენს, გიორგი პერტაიას ესაუბრა.

 

- პოლიტიკა გვერდით გადავდოთ და ჩავთვალოთ, რომ კახა კუკავა საქართველოს რიგითი მოქალაქეა, რომელიც რუსეთში კეთილშობილური მიზნებით წავიდა. ფაქტია, რუსეთის ბაზარი საქართველოს სჭირდება, მაგრამ მეორე მხრივ, საკითხავია, როგორ შეიძლება, რუსეთთან გრძელვადიანი ბიზნესი დაგეგმო. ზოგადად, ბაზარზე შესვლა ძვირი ჯდება, მით უმეტეს, რუსეთში, რომელსაც დიდი ბაზარი აქვს, მაგრამ ჩვენც ვიცით და მთელმა მსოფლიომაც გაიგო, რომ ონიშჩენკოს გადაწყვეტილებები პოლიტიკურია. ამ ვითარებაში კი რუსეთის ბაზარზე დაბრუნება საკმაოდ ხანმოკლე იქნება.

 

არასტაბილური სიტუაციაა, რადგან რუსეთის ბაზარი რომც გაიხსნას, ნებისმიერი კომპანია ერთ, ან მაქსიმუმ ორ კონტეინერს თუ შეიყვანს ამ ბაზარზე. წარმოუდგენელია, რომელიმე შეძლოს და საკუთარი პროდუქციით დატვირთული, 10 კონტეინერი გაუშვას. რაც შეეხება კუკავას განცხადებას, როგორც გითხარით, ყველამ იცის, რომ ონიშჩენკო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. შესაბამისად, ისიც ცხადია, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას, საქართველოს სიყვარულის გამო არ მიიღებს, თავის მხრივ, რაღაცას აუცილებლად მოითხოვს. კახა კუკავას კი ამ „რაღაცის“ შეთავაზების უფლება არ აქვს. თუ ეს პოლიტიკური საუბარია, აუცილებლად მთავრობა უნდა იყოს ჩართული. დიდი ხანია, ზღაპრების აღარ გვჯერა, ვისწავლეთ ჭკუა და ვიცით, რომ რუსეთი იმ კოზირს, რომელიც ხელში აქვს, ასე მარტივად არ ჩამოვა, სანაცვლოდ, რაღაცას მოითხოვს. 

 

ბატონო გიორგი, ონიშჩენკოს ქართველი ბიზნესმენების სახელით ესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებამ მოღალატეებად გამოაცხადა, ხელისუფლების წაყრუება ამ საკითხისადმი რაღას უნდა ნიშნავდეს?

- უფლებებზე ვერ დაგელაპარაკებით, მაგრამ ის კი შემიძლია გითხრათ, რომ ბიზნესის სახელით საუბარი გადაჭარბებულია. შესაძლოა, კახა კუკავა ერთიორ ბიზნესმენს მართლაც დაელაპარაკა და მარტივად ჰკითხა - რუსეთის ბაზარზე დაბრუნება გინდა? ცხადია, პასუხად თანხმობა მიიღო, რადგან ნებისმიერ ბიზნესმენს სჭირდება რუსეთის ბაზარი და, ალბათ, ამის შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესმენებს შეხვდა, რომლებსაც რუსეთის ბაზარზე დაბრუნება სურთ. პოლიტიკურ შეფასებებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ფაქტია - ბიზნესს რუსეთის ბაზარზე დაბრუნება უნდა, ჩვენ, ყველას გვინდა, რომ რუსეთის ბაზარზე დავბრუნდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ბიზნესის პრობლემა არ არის, ეს პოლიტიკური პრობლემაა, რომელიც მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს.

 

მართალია, ონიშჩენკო პუტინის დაკვეთას ასრულებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ შეუძლებელია, მან არ იცოდეს, ვინ არის კახა კუკავა, მაგრამ ამბობს, რომ, შესაძლოა, ქართული ღვინო დაბორჯომი“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს. ესეც რუსული პოლიტიკის ნაწილია?

- რა თქმა უნდა, რადგან ამ ყველაფერს ბიზნესთან კავშირი საერთოდ არ აქვს, ამიტომ ეს პოლიტიკაა. კუკავას ვიზიტი პოლიტიკური თამაშისა და გარიგების ნაწილია, რადგან ონიშჩენკო მართლაც რომ იყოს დაინტერესებული ქართული ღვინისა და „ბორჯომის“ დაბრუნებით, აბსოლუტურად სულ სხვა ხალხს დაელაპარაკებოდა.  

 

რა უნდა კახა კუკავას

„გენადი ონიშჩენკოსთან მოლაპარაკებებზე, მხოლოდ ერთი სტატუსით ვიმყოფებოდი – „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, სხვა სტატუსი მე არ მაქვს“, - ასე განაცხადა მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებულმა კახა კუკავამ, რომელმაც გენადი ონიშჩენკოს აბსოლუტურად საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთებინა - ონიშჩენკო რომ „მარკებს“ არ აუწევდა კუკავას, თუკი ამას თავად კუკავა-ხომერიკი არ გააკეთებდნენ, ფაქტია.

 

სააგენტოების ინფორმაციით, ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რუსეთის მთავარი სანიტარი მხოლოდ კუკავას იმიტომ ელაპარაკება, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ან სხვა ოპოზიციურ პარტიებს ამის სურვილი არ გამოუთქვამთ. (ნოღაიდელისა და ბურჯანაძის სურვილები სურვილები არ არის?)  კუკავას თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება რუსულ მხარესთან მომდევნო შეხვედრა, სადაც ქართველი ბიზნესმენები და მეწარმეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

კუკავა არც ბიზნესმენების ვინაობას ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ ის, ზოგადად, ქართულ ბიზნესს ლობირებს. მეტიც, კახა კუკავა გვარწმუნებს, რომ ქართული ღვინო და „ბორჯომი“ რუსეთის ბაზარზე 2011 წლის ბოლოს დაბრუნდება. უახლოეს პერიოდში დაიწყება ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებისათვის აუცილებელი სამართლებრივი და ტექნიკური პროცედურების შეთანხმება. ქართველი მეწარმეებისა და ექსპერტების მონაწილეობით, მოსკოვში სპეციალური შეხვედრაც გაიმართება. სინამდვილეში, კახა კუკავა სწორედ იქ ჰყოფს ცხვირს, სადაც მას არავინ არაფერს ეკითხება. მეტიც, რუსული ბაზრის დაბრუნების გეგმა პირადად მე, ზურაბ ნოღაიდელისგან მსმენია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ეს ზვიად ძიძიგურის წინასაარჩევნო კამპანიის ეკონომიკური დაპირებების ნაწილიც იყო, მაგრამ მაშინ კახა კუკავა, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური და ზურაბ ნოღაიდელი ერთ პარტიაში იყვნენ გაერთიანებულები. მას შემდეგ, რაც ნოღაიდელის პარტია მარტივ მამრავლებად დაიშალა, კუკავამ ყოფილ პარტნიორს ბიზნესიდეა წაართვა და ონიშჩენკოსთან ნოღაიდელი წარმატებით „ჩაანაცვლა“. 

 

არსებობს სულ სხვა საფრთხე, რომელიც საკმაოდ კეთილშობილური იდეით, ანუ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებითაა შეფუთული და რომელზეც არავინ საუბრობს. არადა, გამორიცხული არ არის, რომ კუკავა მართლა შეხვდა ღვინის კომპანიის რომელიმე მწარმოებელს. ცნობილ კომპანიას კი არა, ვინმე მისიანს. ონიშჩენკო კი პუტინის დაკვეთით, კუკავას „მეგობარს“ რუსეთის ბაზარზეც დაუშვებს და მილიონებსაც აშოვნინებს, რაც კუკავას პარტიის ანგარიშზე დაილექება. სამაგიეროდ, საკმაოდ ცნობილ, ქართული ღვინის კომპანიებს რუსეთში სახელს ისევ ისე გაუტეხენ, როგორც ახლა.  ეს მართლა სერიოზული საფრთხეა, თუმცა ახლა, მეც ვრისკავ - თუ ეს ასე არ არის, შესაძლოა, კუკავას ჩემი ვარაუდი ისე ძალიან მოეწონოს, რომ არათუ მიითვისოს, არამედ განახორციელოს კიდეც.   

 

გარანტიები პოლიტიკური კი არა, ეკონომიკური უნდა იყოს

საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი, გიორგი ისაკაძე თვლის, რომ ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება სამთავრობო დონეზე უნდა წყდებოდეს:

 

- ნებისმიერ მცდელობას ვაფასებ, პოლიტიკოსი იქნება, თუ სხვა პირი, რომელიც ფიქრობს ამ პრობლემის გადაჭრაზე. რუსეთთან მიმართებაში კი ამგვარ მცდელობას რამდენიმე მხარე აქვს, ბიზნესისთვის კი ყველაზე პრობლემატური პოლიტიკური საკითხია, ამიტომ რუსეთის სანიტარულ ან ნებისმიერ იმ სამსახურთან, რომლებმაც ეს აკრძალვები კონკრეტულ პროდუქციაზე დააწესეს, ურთიერთობა მხოლოდ ოფიციალურ სტრუქტურებს უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად იქნება პრობლემები და არც ის მგონია, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს საკითხი პოზიტიურად გადაწყდა, ოღონდ არ ვიცი, როგორ და რა ფორმით, იგივე არ განმეორდება, ანუ რუსეთს ისევ არ მოუნდება ბაზრის ჩაკეტვა. არ ვიცი, როგორი მანდატით მოქმედებდა, თუ მოძრაობდა კახა კუკავა და ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არც კი აქვს, რადგან ბიზნესისთვის მთავარი შედეგია. აი, როგორი შედეგი დადგება, ეს უკვე ოფიციალური უწყებების გადასაწყვეტია. 

 

ბატონო გიორგი, მოსკოვში კახა კუკავა ქართული ბიზნესისგან მინიჭებული მანდატით საუბრობდა, თბილისში დაბრუნებულმა კი გადააკეთა, საკუთარი პარტიის სახელით ვმოქმედებდიო, მაგრამ მაინც მაინტერესებს, მას ეს «მანდატი'' მინიჭებული აქვს?

- ვერ გეტყვით, თვითონ კახა რომელ ბიზნესმენთან ურთიერთობს, მაგრამ როდესაც ამბობს, ბიზნესმენებისგან აქვს მანდატი, უნდა დაასახელოს კიდეც ის ბიზნესწრეები, ან კომპანიები, ვისი მანდატითაც ეს ყველაფერი ხდება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის ნებისმიერი შეთანხმება საკმაოდ მყიფეა, რადგან ძალიან ვიწრო პოლიტიკურ გაგებაზეა აგებული. 

 

მართალია, კუკავა არ ასახელებს ბიზნესკომპანიებს, მაგრამ ბიზნესმენებს მოუწოდებს, საჭირო წინადადებებით მიმართონ, მეტიც, დაბეჯითებით აცხადებს, რომ 2011 წლის ბოლოს, «ბორჯომს'' და ქართულ ღვინოს რუსეთის ბაზარზე დააბრუნებს. შეუძლია თუ არა კუკავას, ან საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ასეთი რამ გადაწყვიტონ?

- დიახ, კუკავასაც შეუძლია, მთავრობასაც, ქართულ პოლიტიკურ, ან ბიზნესელიტას, მაგრამ 2011 წლის ბოლოს, ანუ დეკემბერში, თავის მხრივ, რუსეთის ხელმძღვანელობასაც შეუძლია, ეს ყველაფერი უკუღმა შემოატრიალოს. რაც არ უნდა დიდი პატივისცემით სარგებლობდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა რუსეთის ფედერაციაში, ასეთი ურთიერთობები საბოლოოდ, სამთავრობო დონეზე წყდება. თუ გამოსწორების შანსი არსებობს, გამოსწორდება, მაგრამ გარანტიები პოლიტიკური კი არა, მხოლოდ ეკონომიკური და ბიზნესზე მორგებული უნდა იყოს. 

 

გამოდის, რუსეთისგან საფრთხე იმ შემთხვევაშიც იარსებებს, თუკი ქართული ღვინო დაბორჯომიამ ბაზარზე დაბრუნდება?

- ყოველთვის იარსებებს საფრთხე, რადგან ამ ტიპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რუსეთი საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს. ეს თავიდან ბოლომდე, წმინდა პოლიტიკური საკითხია, რადგან ქართული ღვინო და მინერალური წყლები მომავალში აუცილებლად იქნება რუსეთში და ეს ფაქტია, მაგრამ, როდესაც ეკონომიკური და ბიზნესსაკითხები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე წყდება, მაშინ ძალიან დიდი რისკი არსებობს. არავის არ აქვს იმის გარანტია, რომ რუსეთი შეთანხმებას დაიცავს და, შესაბამისად, ნებისმიერი ბიზნესი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამიტომ ამ საკითხს სხვა ტიპის ლეგიტიმაცია და სხვა დონის გარანტიები სჭირდება. 

 

გარდა რისკისა, კიდევ რა საფრთხეს შეიცავს ამგვარი მოლაპარაკება?

- რუსული ბაზრის ლეგალიზების შემდეგ, თუ რომელიმე კომპანია გააფორმებს ხელშეკრულებას, რამდენიმე დღეში, ან ერთი კვირის თავზე, შესაძლოა, რუსეთს კვლავ რაღაც არ მოეწონოს და დამოკიდებულება შეცვალოს, ამიტომ ვიდრე მთავრობები არ ჩაერთვებიან ამ ტიპის მოლაპარაკებებში და არ იქნება დაფიქსირებული, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები აღდგა, ნურც ერთი ბიზნესმენი ნუ მოკიდებს ამ საქმეს ხელს. ვიდრე ეს რისკები გადაზღვეული არ იქნება, საფრთხე ყოველთვის იარსებებს.