თუკი აქამდე საქართველოში ფასადური დემოკრატია მაინც არსებობდა, მალე ესეც გაქრება - მმართველი გუნდი ახალ არაორდინალურ კანონებს სულ “გლჯინ-გლიჯინით” იღებს. დენი რომ ნაგავს “წერს”, ეს უკვე არახალია, მაგრამ “ვარდოსნებს” კიდევ ერთი ახალი “წვეტიანი” აზრი დაებადათ. ისე, იყო დრო, როცა პრეზიდენტს, თავისუფლების ხარისხზე საუბრისას, მაგალითად, საკუთარი თავი მოჰყავდა და ტრაბახობდა, სიტყვის თავისუფლება რომ არ იყოს, ოპონენტები ასე ხელაღებით ხომ ვერ გამლანძღავდნენო, მაგრამ ბელადს, ეტყობა, მობეზრადა, აუგად რომ მოიხსენიებენ. ჰოდა, „ნაცებმაც“ „გააშვანშვალეს“ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის აუგად მოხსენიებისა და ლანძღვა-გინებისთვის სასჯელი დაწესდება... აშინებთ თუ არა ეს ახალი „სანქცია“ სააკაშვილის გინებაში შემჩნეულ პოლიტკოსებს? „ქართული სიტყვა“ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა.
ლელიკო ჯაფარიძე: რაო, რა უნდა ამ უტვინო სააკაშვილს? უნდა, საუბარიც დამიშალოს? არ ამირჩევია ეგ პრეზიდენტად, უზურპატოტრია მიშა და არ ვთვლი ჩემი ქვეყნის გულშემატკივრად, ეგ სხვა ქვეყნების ინტერესების გამტარებელია!
ბატონო ლელიკო, არ გეშინიათ, რომ ამ სიტყვების გამო დაგიჭირონ?
- თუ უნდათ, დამიჭირონ, იდიოტისგან და დეგენერატისგან აღარაფერი მიკვირს, ვინ გონია თავი, ღმერთი? ვისაც უნდა და რასაც უნდა, იმას იტყვის, ესეც დაგვიშალონ ახლა?! არ დავიღლები მაგის ლანძღვა-გინებით, სანამ ცოცხალი ვარ!
ლაშა ჩხარტიშვილი: სააკაშვილი იმსახურებს ყველა უცენზურო სიტყვას, რაც კი მსოფლიოში არსებობს, თავად ეს სახელი და გვარიც უკვე უცენზუროა. მის მიმართ საჯაროდ მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ უწმაწურ სიტყვებს, რომ საზოგადოებას ვცემ პატივს. არ ვიცი, კონკრეტულად რას ჩათვლიან უცენზუროები უცენზუროდ, მაგრამ ამ დიქტატორისგან არაფერია გასაკვირი... ამ კანონის შესახებ არაფერი გამიგია, ან კანონი რად უნდათ?! აქამდეც სრულიად უკანონოდ და განსხვავებული აზრის გამო აპატიმრებდნენ ადამიანებს. ჩემი ბოლო დაპატიმრებაც რამდენიმე სიტყვის გამო მოხდა, არც კი შემიგინებია, უბრალოდ, დავგმე უზურპაცია და ვთქვი, ძირს სააკაშვილის სისხლიანი დიქტატურა-მეთქი.
დაჩი ცაგურია: მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, ვცდილობ, საჯარო გინებისგან თავი შევიკავო, თუმცა მაინტერესებს, ვინ უნდა დამიდგინოს, თუ რომელ სიტყვებზე გადის ზღვარი? რა სულელებიც არიან, აზრებიც ისეთივე იდიოტური მოსდით! განსხვავებული აზრის გამო დიდი ხანია, იჭერენ ადამიანებს, ეს რეპრესიებია და მალე „ორუელის რაზმების“ მსგავს „აზრის ბრიგადებსაც“ შექმნიან! საზღვარი აღარ აქვს ამ ადამიანების სითავხედეს!
ლეიბორისტების გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა „ქართულ სიტყვას“ განუცხადა, რომ ისინი, ანუ ლეიბორისტები კი არ ლანძღავენ ე.წ. პრეზიდენტს, უბრალოდ, სიმართლეს ამბობენ:
- ჩვენი გამოსვლები ყოველთვის მწვავეა, ზოგი ლანძღვად აღიქვამს, მაგრამ ის, რომ აუცილებლად უნდა გავაყოლოთ ნაგავს და ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის ჰააგაში გავასამართლოთ, სიმართლეა.
ამ სიმართლის თქმისთვის შეიძლება, დაგაპატიმრონ, ბატონო სოსო...
- მაშინ, ჩვენ ვიქნებით სიმართლისთვის დევნილნი და, სახარების მიხედვით, დავიმკვიდრებთ ცათა სასუფეველს!
შეგახსენებთ: პოლიციელზე, ან სახელმწიფოს სხვა წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ასევე, მათი სიცოცხლის მოსპობისათვის, კანონმდებლობა გამკაცრდა და შესაბამისი ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 1 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით, 94 ხმით ერთის წინააღმდეგ შევიდა.
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში სულ ოთხ მუხლს შეეხო, აქედან, ორ მათგანში ტექნიკური სახის ცვლილება და დაზუსტება შევიდა, კოდექსს კი, ორი ახალი ნორმა დაემატა. მართალია, ზემოხსენებულ ცვლილებებში არასადაა ნათქვამი, რომ პრეზიდენტის გინება სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, რადიო „ობიექტივზე“ დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის რეჟისორი ირაკლი გოგუაძე დააპატიმრეს... მოკლედ, ბატონებო, მართალია, ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ გირჩევთ, საკუთარი „ვერბალური ემოციები“ გააკონტროლოთ, თორემ თავს „ვირის აბანოში“ ამოჰყოფთ!