26 მაისს აქციის დარბევის დროს დაზარალებული მედიის წარმომადგენლები დაზიანებულ ტექნიკისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ახლა უკვე სასამართლოს გზით მოითხოვენ. მედიის წარმომადგენლები მათ მიმართ გამოყენებული ძალადობისა და წართმეული აპარატურის გამო კომპენსაციასაც ითხოვენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დაზარალებული ჟურნალისტების გაერთიანებული სარჩელი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ნათია კაპანაძემ 24 ივნისს წარადგინა, თუმცა მიიღებს თუ არა სასამართლო აღნიშნულ საქმეს განხილვაში, თვის ბოლოს გადაწყდება.
როგორც „რეზონანსს“ ჟურნალისტების უფლებადამცველმა ნათია კაპანაძემ განუცხადა, მათ სასამართლოდან მიუვიდათ შეტყობინება, სადაც ხარვეზების შესწორებას სთხოვენ, ხოლო ამის შემდეგ იმსჯელებს სასამართლო, მიიღებს თუ არა საქმეს განხილვაში.
საქმის წარმოებაში მიღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 4 ივლისს უნდა მიიეღო. „ჩვენ ძალიან მცირე დროში მივუთითეთ 12 პირი, რომელიც აპირებს სარჩელის შეტანას, წარმომადგენლები ბოლომდე არ არიან გაფორმებული, ვერ მოესწორო და სწორედ ამიტომ დაგვიდგინეს ხარვეზი და ამის შესასწორებლად ათდღიანი ვადა მოგვცეს.
14 ივლისს შევიტანთ შესწორებულ სარჩელს და მერე, ალბათ, ერთი კვირის შემდეგ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას“, - ამბობს «რეზონანსთან» საუბარში კაპანაძე.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონაცემებით, 26 მაისის ღამეს, აქციის დარბევისას, პოლიციელთა მხრიდან გადამეტებული ძალადობა 16 ჟურნალისტის მიმართ განხორციელდა, თუმცა ამჯერად სასამართლოში სარჩელი 12-მა შეიტანა. კონკრეტულად ვინ ედავება მერაბიშვილის უწყებას, კაპანაძე ამ ეტაპზე დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს, თუმცა როგორც „რეზონანსისთვის“ გახდა ცნობილი, მორალური ზიანის ანაზღაურებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ნეტგაზეთის“, „ინტეპრესნიუსის“ „გურია ნიუსის“, „რეზონანსის“ და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები ითხოვენ.
მოსარჩელე მხარის უფლებების დამცველის - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ნათია კაპანაძის თქმით, მედიის წარმომადგენლები მათ მიმართ გამოყენებული ძალადობისთვის დაწართმეული აპარატურის გამო კომპენსაციას ითხოვენ, რის გამოც მოსარჩელე მხარეს სარჩელში რამდენიმე მოთხოვნა აქვს დაყენებული, რომელთა გადაწყვეტა მხარეებმა სასამართლოს მიანდეს.
„ვინაიდან 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს შს სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტების მისამართით არასამართლებრივი მოპყრობა დაფიქსირდა და მათ აქციის დარბევის ამსახველი ვიდეო და ფოტო-მასალები ჩამოართვეს, მოსარჩელეები ამ მასალების დაბრუნებას მოითხოვენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მასალები უკვე განადგურებულია და აღდგენას არ ექვემდებარება, შს სამინისტროს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას მოთხოვენ.
ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე მოვახდინეთ აპარატურის იდენტიფიკაცია, თუ როგორია კამერების ღირებულება და ვინ არიან ამ კამერების მფლობელები. თუმცა ჩვენ ასევე ვითხოვთ ჯანმრთელობის დაზიანების ანაზღაურებასაც.
უამრავი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები მიაყენეს. თუ ამ კონკრეტულ პირთა იდენტიფიკაცია მოხდება და მათ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, ეს უკვე შს სამინისტროს კომპეტენციაა და ამას ამ სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელეთათვის მნიშვნელობა არ აქვს“, - განუცხადა „რეზონანსს“ კაპანაძემ.
ვანო მერაბიშვილის უწყებაში კი ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტების ნაწილს წართმეული ტექნიკა უკვე დაუბრუნეს, თუმცა კითხვაზე, წაშლილი იყო თუ არა 26 მაისის აქციის დარბევის ამასახველი ფოტო და ვიდეო მასალა, შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა პრესსამსახურში გადაგვამისამართა. პრესსამსახურის წარმომადგენელი კი, ტრადიციულად, მთელი დღის განმავლობაში ზარებს არ პასუხობდა.
ნაცემი და შეურაცხყოფილი ჟურნალისტები, წართმეული ფოტო და ვიდეო კამერები, საათობით და თანაც უმიზეზოდ დაპატიმრებული მედიის წარმომადგენლები - ეს 26 მაისის ღამეს სპეცრაზმის მიერ დარბეული ოპოზიციის აქციის დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგია.
„გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ერთ-ერთია იმ 16 ჟურნალისტთაგან, რომელსაც 26 მაისის ღამეს სპეცრაზმის თანამშრომლებმა ფოტოაპარატი, ტელეფონი და ბეჭედი წაართვეს. ის ამბობს, რომ ითხოვს წართმეული ნივთების დაბრუნებას, თუმცა ფიქრობს, რომ იმ ზიანს, რომელიც მას მიაყენეს, ვერავინ და ვერაფერი აუნაზღაურებს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში და ვითხოვთ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. პირადად მე ფოტოაპარატი, ტელეფონი და ბეჭედიც კი წამართვეს. როცა აპარატიდან ჩიპი ამოიღეს, უნდა გამოვეშვი. ამ დროს ერთმა სპერაზმელმა დამინახა, რომ ამ ყველაფერს ტელეფონით ვიღებდი. დაიძახა, იღებსო ამისიო და მარჯვენა ხელით ტელეფონი წამართვა, მერე ბეჭედიც მიაყოლა, მერე გვერდში წიხლი ჩამარტყადა მომაძახა, თქვენი თავისუფალი სიტყვის დედაო....
მიუხედავად იმისა, რომ ამ საშინელი დარბევიდან ერთი თვე გავიდა, არც ერთი წამი არ დამვიწყებია და განწირული ადამიანების ხმები დღესაც ჩამესმის ყურებში. ეჭვი მეპარება, ვინმემ მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, თუმცა ეს მაინც არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქ მყოფებმა გადავიტანეთ“, - ამბობს «რეზონანსთან» საუბარში გოგელია.
აქციის დარბევის დროს ასევე მძიმედ დაშავდნენ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები - ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი.
„როდესაც აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო, ხალხის ნაკადს თავისუფლების მოედნის მიმართულებით გავყევით, მაგრამ გზა არც ერთი მიმართულებით გახსნილი არ იყო, ყველგან სპეცრაზმი იდგა. გარდა ამისა, სპეცრაზმელები ჯგუფ-ჯგუფად მოძრაობდნენ და განურჩევლად ყველას ცემდნენ. არ ინდობდნენ არც მიწაზე დავარდნილ, გრძნობადაკარგულ ხალხს.
ჩვენმა განმარტებამ იმის შესახებ, რომ ჟურნალისტები ვიყავით, არც ერთ მათგანზე გავლენა არ იქონია, პირიქით, ამ განცხადების შემდეგ ჩვენს ცემას მოუმატეს, მიუხედავად იმისა, რომ საბუთებიც ვაჩვენეთ. ხელბორკილები დაგვადეს და ძირს დაყრილებს ხელკეტებს გვირტყამდნენ. პირადად მე თავის არეში ხელკეტით მიყენებული დაზიანებები აღმენიშნება, სხეულზე კი 30-მდე რეზინის ტყვია მომხვდა. ანალოგიურ მდგომარეობაშია გიორგი მამაცაშვილიც“, - განაცხადა სივსივაძემ და დასძინა, რომ „ეს არ იყო მხოლოდ მომიტინგეთა დარბევა რუსთაველის გამზირის გათავისუფლების მიზნით, არამედ - ფაშისტური ძალადობა იყო ხალხზე“.