ვახუშტი ბაგრატიონი ასე აღწერს აღდგომის დღესასწაულს საქართველოს სამეფო კარზე: "ხოლო აღდგომის წესი იყო ადრე ნათლებისად წირვა და შემდგომად წირვისა მცირედითა სანოვაგითა ხორცთათა აღიხსნიდიან პირთა მეფე და დიდებულნი. შემდგომად გამოვიდის მეფე და ყოველნი წარჩინებულნი და მცირებულნი ასპარეზსა ზედა და დასვიან სამეფო თასი ოქროსი ანუ ვერცხლისა ყაბახსა ზედა, დაუწყიან სროლა მას თასსა ისარნი მოყმეთა და ჭაბუკთა, და რომელი ჩამოაგდის ისრითა, მას მისციან თასი იგი. შემდგომად ამისა შექმნიან ბურთაობა. მერმე შემოვიდიან მეფისა თანა და შექმნიან ნადიმნი და პურობანი დიდნი მგოსან-სახიობთა. არამედ კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ვიდრემდის იყვნენ მუნ, არა იყო მწყობრთა ძალთა ცემანი, არამედ - გალობანი. ხოლო შემდგომად წარსვლისა მათისა იყო მგოსანთა, მომღერალთა და ყოველთა სახიობთა ცემანი."
სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო ჭონა: აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, მთელ სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა. ჭონის მონაწილენი მორთულ–მოკაზმულობით, დროის მიხედვით ცოტა უფრო ადრე ჩამომვლელებს, ბერიკებს მოგვაგონებდნენ. მათ ერთმანეთს ამგვანებდა თვით საჩუქრების გამოთხოვის წესიც. ძალიან ხშირად მომღერლები კვერცხებს ითხოვდნენ საჩუქრად. კვერცხს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა – ერთი მხრივ, ფრინველთა გამრავლების მიმათითებლად და მეორე მხრივ – სააღდგომო წითელი კვერცხის სიმბოლური არსით. დიასახლისი მეჭონეებს კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილით და ფულითაც ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა. ჭონაში სამღერი ლექსები დალოცვითი ხასიათისა იყო – დალოცვა: კეთილი სურვილი სახლის, ოჯახის წევრების, საქონლის და სხვათა მიმართ. საქართველოში ბევრმა იცის ჭონის მონაწილეთა ხალხური ლექსები:
„ალათასა, ბალათასა, ხელი ჩავყავ კალათასა,
ქალო, კვერცხი გამოგვიტა, ღმერთი მოგცემს ბარაქასა!“ ან:
„ჭონას ვიყავ, ჭონა ვნახე, ვერხვი ვერხვსა ეხვეოდა,
ყველაწმინდა ღვთისმშობელი სულ ამ ოჯახს ეხვეოდა“ და სხვ.
სააღდგომო კვერცხებს კი დღესასწაულამდე სამი დღით ადრე, დიდ ხუთშაბათს ამზადებდნენ, რამაც ამ წეს–ჩვეულების სალექსო ფორმით შემდეგნაირი ასახვა ჰპოვა:
„ჩვენს კვერცხებსა გამოდგომა, სხვის კვერცხებსა ჩხალა–ჩხული!
ჩვენს ბუდეში ღორის თავი, სხვის ბუდეში ძაღლის თავი!..“
ლექსში მოხსენიებული „კვერცხების გამოდგომა“ კვერცხის „დაკირვას“ გულისხმობს: სააღდგომოდ ახალგაზრდები საგანგებოდ შეარჩევდნენ ხოლმე მაგარ კვერცხებს, რათა მოწინააღმდეგისათვის მეტი კვერცხი გაეტეხათ და ამით ბევრი მოეგოთ. გამომდგარ, ანუ მაგარ კვერცხებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ამის გამო კვერცხებს ხშირად ჰკირავდნენ: ქათმის კვერცხს განიერ ნაწილზე მცირედ გახვრეტდნენ, ცილასა და გულს გამოწუწნიდნენ და სამაგიეროდ შიგ კირის ხსნარს ჩაასხამდნენ. შემდეგ კერიის ძირში თბილ ადგილას თავდაღმა დამარხავდნენ, რომ ხსნარი კვერცხის წვერთან მოგროვილიყო და გაქვავებულიყო. ამნაირად დაკირული კვერცხი მაგრდებოდა და ჩვეულებრივი კვერცხით მისი გატეხვა ვერ ხერხდებოდა.
სააღდგომოდ საინტერესო ტრადიციები ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: რაჭაში აღდგომა დილით წირვიდან დაბრუნების შემდეგ პურის ფაფას აკეთებდნენ, თონეში ლავაშებს აცხობდნენ. აღდგომის მეორე დღეს "გიორგონთობას" ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს; სამეგრელოში აღდგომა დღეს განსაკუთრებული ქვევრის, ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. აცხობდნენ ყველისა და კვერცხის პურის კვერებს; კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და არიგებდნენ; გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა და სხვ.