"ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა საჯარო სამსახურებში მხოლოდ იმ პირებს შეეხოთ, რომლებიც ქვედა რგოლში მუშაობენ და მაღალი თანამდებობები არ უკავიათ. ყოველ შემთხვევაში, როგორც „ბიზნეს-რეზონანსთან’ საუბარისას სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები აცხადებენ, პრემიების მოხსნის შემდეგ მათ უკვე ხელფასებიც შეუმცირეს. თავად სამსახურების ხელმძღვანელებზე კი, როგორც ჩვენი რესპოდენტები აცხადებენ, დღემდე შეზღუდვები არ მოქმედებს.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ხელფასების შემცირება ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში არ ასახულა. როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე აცხადებს, 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონი დამტკიცებულია და იქ სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასის შემცირება გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ რის საფუძველზე შეუმცირდათ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს ხელფასი, რაზეც ცხადია, რომ ოფიციალური პასუხის მოძებნა საკმაოდ რთულია.
ჩვენი რესპოდენტი, რომელმაც კომენტარი ანონიმურობის სრული დაცვით მოგვცა, გვითხრა, რომ უკვე წლებია ერთ-ერთ წამყვან სამინისტროში მუშაობს და პრემიებს თითქმის ყოველთვის იღებდა. მისივე თქმით, შარშან პრემია საერთოდ მოუხსნეს, წელს კი ხელფასიც შეუმცირეს.
"პრემია თითქმის ერთი წელია აღარ მიმიღია, მოგვცეს მხოლოდ ახალი წლისთვის და ისიც ძალიან მცირე ოდენობით. ვიცი, რომ ეს შეზღუდვა ჩემი უწყების მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ და ისინი პრემიას დღესაც ისევე იღებენ, როგორც თუნდაც ერთი წლის წინათ. პრემიას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის ჩემს დაბალ ხელფასს აკომპენსირებდა, თუმცა დღეს ეს აღარ ხდება.
მოგვიანებით, უფრო ზუსტად, დაახლოებით, 2-3 თვის წინათ შემიმცირდა ხელფასიც. პირობითად თუ ვიღებდი „ხელზე“ 800 ლარს, ახლა ვიღებ 650 ლარს. 650 ლარით კი, როცა ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მხოლოდ არსებობაა შესაძლებელი», - გვითხრა ჩვენმა რესპოდენტმა.
მეორე რესპოდენტიც, რომელიც ასევე ანონიმურად გვესაუბრა, ამბობს, რომ ხელფასი მასაც შეუმცირეს.
"მეც წლებია სამინისტროში ვმუშაობ. ერთ დროს პრემიებსაც ვიღებდი და ხელფასიც მაღალი მქონდა. რამდენიმე თვის წინათ, დაახლოებით, 100 ლარით შემიმცირდა ხელფასი. დავიწყე ახალი სამსახურის ძიება. ჩემს ყველა ნაცნობს ვთხოვე, შანსიც მქონდა სხვაგან გადასვლის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხელფასი იქაც შეუმცირებიათ და ნამდვილად არ მიღირდა ახალ სამსახურში გადასვლა.
რაც შეეხება ზედა რგოლში მომუშავეებს, ვიცი, რომ ისინი პრემიებს ისევ იღებენ. ნამდვილად ვერ გეტყვით, ხელფასები მათაც შეუმცირდათ თუ არა, რადგან ზემოთ უკვე არავინ არაფერში გვახედებს. მაინტერესებს, თუ შეზღუდვაა და «ქამრების შემოჭერაზეა» საუბარი, რატომ მხოლოდ რიგითი თანამშრომლები და არა ხელმძღვანელები? ამ კითხვას სამსახურში არ ვსვამთ, რადგან დიდი ალბათობაა, რომ პასუხად სამსახურის დაკარგვა მივიღოთ», -აღნიშნა ჩვენმა რესპოდენტმა.
ჩვენი რესპონდენტების განცხადებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ «ქამრების შემოჭერის» პოლიტიკა მხოლოდ ერთი მიმართულებით ამოქმედდა და მას მაღალი თანამდებობის პირებზე გავლენა არ მოუხდენია.
"ნამდვილად ვერ გეტყვით შეუმცირეს, თუ არა სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს ხელფასები, თუმცა თუ ეს ასე მოხდა, ამას მხოლოდ ერთი ფორმულა აქვს - ხელისუფლებას ქამარ მოჭერილი ჩინოვნიკების რაოდენობის ზრდა საკუთარი აღვირახსნილობისთვის სჭირდება. საჯარო პირებისთვის ხელფასების კლება მიუთითებს იმაზე, რომ ის ფული, შესაძლოა, ნაკლებად გამჭირვალე პროცესებს მოხმარდეს», - განუცხადა »ბიზნეს-რეზონანსს» ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილმა.
ლევან კალანდაძე ამბობს, რომ კანონით არც ერთ მინისტრს იმის უფლება არ აქვს, რომ მის რომელიმე თანამშრომელს ხელფასი ან შეუმციროს, ან გაუზარდოს.
"სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასების შემცირება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონი დამტკიცებულია და იქ სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასის შემცირება გათვალისწინებული არ არის. თუ ახალი ინიციატივა აქვს ხელისუფლებას და ამის ასახვას აპირებენ კანონში, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, რადგან ამის შესახებ ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს. აქედან გამომდინარე, უცნობია, თუ რა მოტივით და რა კატეგორიის თანამშრომლებს შეიძლება ხელფასი შეუმცირონ.
მინისტრმა რომ მოინდომოს ვიღაცას ხელფასს ვერც გაუზრდის და ვერც შეუმცირებს. ხელფასების ოდენობა თანამდებობის პირთა სახელფასო ბადით მკაცრად არის განსაზღვრული, ეს კი დგინდება ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, კანონში ცვლილებები კი ჯერ არ შესულა.
რაც შეეხება ქამრის შემოჭერის პოლიტიკას. მაშინ, როცა ხელისუფლებამ ეს პოლიტიკა გამოაცხადა, ნამდვილად არ შეუმცირებიათ ხელფასები და ახლა, როცა ქამრების შემოჭერა ხელისუფლებისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი აღარაა, ახლა ამაზე საუბარის დაწყება ცოტა არარეულია. თუმცა, ვიმეორებ, ქამრების შემოჭერის პოლიტიკაც განხორციელებულიყო, ეს პირველ რიგში ბიუჯეტში უნდა ასახულიყო. ამის გარეშე რაიმე შიდა გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლებa", - განაცხადა კალანდაძემ.