სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიდგა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის ბიუსტი. ნოე რამიშვილის ღვაწლის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიაქროს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.
ბატონო ვახტანგ, როდის გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე ნოე რამიშვილი?
– ნოე რამიშვილი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა მეოცე საუკუნის დამდეგს. ეს იყო ურთულესი ეპოქა. ეპოქა, როდესაც საქართველოში სოკოებივით მრავლდებოდა პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები. ყველა თავის ადგილს ეძებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე.
ესე იგი, ადგილის დამკვიდრებაც ძალიან ძნელი იყო.
– ცხადია, პოლიტიკურ ასპარეზზე ადგილის დამკვიდრება სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ნოე რამიშვილს დიდი სირთულეების გადალახვა არ დასჭირვებია. მან გადაწყვიტა, რომ თავისი ცხოვრება სოციალური თანასწორობისთვის ბრძოლისთვის მიეძღვნა. ასე აღმოჩნდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის რიგებში.
რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში ამ პერიოდისთვის ბევრი ქართველი იყო გაერთიანებული, მათ ნაწილს მეოცე საუკუნის დამდეგს უკვე საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული. რით გამოიჩინა თავი ნოე რამიშვილმა?
– ცხადია, ნოე რამიშვილი იმ დროს გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე, როცა ნოე ჟორდანიას, კარლო ჩხეიძეს, სილიბისტრო ჯიბლაძესა და სხვა ქართველ სოციალ-დემოკრატებს იცნობდნენ, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რუსეთში. 1905 წელს დაწყებულმა რევოლუციამ ნოე რამიშვილს საშუალება მისცა, სულ მალე მოეპოვებინა დიდი ავტორიტეტი. 1905 წელს ნოე რამიშვილმა შექმნა ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია, ამავე დროს შესძლო ბომბების დამამზადებელი სახელოსნოს ორგანიზება. ნოე რამიშვილის განეიტრალება თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს გადაუჭრელ პრობლემად ექცა. ჟანდარმერიის ანალიტიკოსების მოხსენებებში ნოე რამიშვილი მოხსენებულია, როგორც – „სოციალ-დემოკრატების გენერალი”. ნოე რამიშვილის შექმნილ ტერორისტულ ორგანიზაციას შეეძლო, ნებისმიერი სირთულის ტერორისტული აქტის განხორციელება. ამავე პერიოდიდან ნოე რამიშვილი გვევლინება, როგორც რადიკალურ-ექსტრემისტული მიმართულების რევოლუციონერი. თუმცა, ის თავს მუდამ ქართული სოციალ-დემოკრატიის მენშევიკურ მიმდინარეობას მიაკუთვნებდა და არასდროს იზიარებდა ბოლშევიზმის იდეებს. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სოციალ-დემოკრატებისგან განსხვავებით, მას საკმაოდ სერიოზული განათლება ჰქონდა მიღებული. ცოტა მოგვიანებით, მან დაწერა მეტად საყურადღებო ნაშრომი – „ისტორიული მატერიალიზმი”. ეს იყო ამ შინაარსის პირველი ნაშრომი, რომელიც ქართულ ენაზე შეიქმნა. ნოე რამიშვილის „ისტორიული მატერიალიზმი”, ცხადია, მეცნიერული გამოკვლევა არ იყო, მაგრამ მისი ავტორის სერიოზულ განათლებაზე ნამდვილად მეტყველებს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ნოე რამიშვილი ემიჯნებოდა ბოლშევიზმს. რაში გამოიხატა ეს?
– ბოლშევიზმთან ნოე რამიშვილის დაპირისპირება გამოვლინდა 1906-1907 წლებში გამართულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მეოთხე და მეხუთე ყრილობებზე. ამ ყრილობებზე ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლას წარმართავდნენ: ნოე ჟორდანია, ისიდორე რამიშვილი, ნოე რამიშვილი და ჭოლა ლომთათიძე. ნოე რამიშვილი აშკარად და ძალიან მკვეთრად დაუპირისპირდა იოსებ სტალინს. ამ დაპირისპირებამ ზოგჯერ ძალიან უხეში ფორმებიც კი მიიღო. სტალინი მიხვდა, რომ უმცირესობაში აღმოჩნდა და უკან დაიხია. თუმცა, ეს უკანდახევა დროებითი იყო. იოსებ სტალინმა ნოე რამიშვილს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გაუხსენა ყველაფერი...
და მაინც ნოე რამიშვილს, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს საზოგადოება იცნობს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პერიოდიდან.
– სავსებით სწორია. ნოე რამიშვილი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, სწორედ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში წარმოჩნდა. ახალი პერიოდი ნოე რამიშვილის მოღვაწეობაში რუსეთის 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ იწყება. ნოე რამიშვილი იყო საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული კრებების (1917 წ, აპრილი) ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე. ამ კრებებზე მას ეროვნულ საკითხში ძალზე რადიკალური პოზიცია ეკავა. თავისი რადიკალიზმით ის გამოირჩეოდა 1917 წლის ნოემბერში გამართულ საქართველის პირველ ეროვნულ ყრილობაზეც. 1917 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში შეხვედრა მოუწყვეს ანტანტის – ინგლისის, საფრანგეთის ქვეყნების დელეგაციას. ანტანტა ითხოვდა საქართველოს ჩაბმას თურქეთის წინააღმდეგ ომში. საქართველო და სომხეთი წინ უნდა აღდგომოდნენ თურქეთის მიერ ამიერკავკასიის ოკუპაციის მცდელობას. ნოე ჟორდანიამ ანტანტის დელეგაციას განუცხადა: საქართველო ნეიტრალურია და ომში ვერ ჩაებმებაო. ნოე რამიშვილმა საკითხი სხვაგვარად დასვა. ანტანტის დელეგაციის წევრებს მან ჰკითხა: თურქეთის წინააღმდეგ ომში რომ ჩავებათ, სამხედრო ძალით, შეიარაღებით ან ფულით თუ დაგვეხმარებითო. პასუხი ასეთი იყო – ახლა ომი მიმდინარეობს, ვერც ძალით, ვერც შეიარაღებით და ვერც ფულით, ვერ დაგეხმარებითო. ნოე რამიშვილმა კვლავ იკითხა: მაშ, რით დაგვეხმარებით? დელეგაციის წევრთა პასუხი ასეთი იყო: სამხედრო სპეციალისტებს, ოფიცრებს გამოგიზავნითო. მაშინ გაცეცხლებული ნოე რამიშვილი ფეხზე წამოიჭრა და ანტანტის დელეგაციას ხმამაღლა მიმართა: სამხედრო სპეციალისტები და ოფიცრები იმდენი გვყავს, იქით მოგახმართო. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ნოე ჟორდანიამ სხდომა სასწრაფოდ დახურა.
რატომ შეარჩიეს ნოე რამიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა პირველ მინისტრად?
– საკითხის სიზუსტისთვის უფრო მიზანშეწონილია დავსვათ კითხვა: რატომ შეარჩიეს ნოე რამიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ პრემიერ-მინისტრად. მოვლენები ასე განვითარდა: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის წინა დღეს – 25 მაისს, გვიან საღამოს შეიკრიბა საქართველოს ერივნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. კონსულტაციები, რა თქმა უნდა, წინა დღეებშიც მიმდინარეობდა, მაგრამ ამ სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, მეორე დღეს დანიშნულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ეროვნული საბჭოს უმრავლესობა – სოციალ-დემოკრატები დაასახელებდნენ ნოე რამიშვილს. იმავდროულად, ნოე რამიშვილი დასახელდებოდა შსს მინისტრის თანამდებობაზეც. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტმა) ნოე რამიშვილი ერთხმად დაამტკიცა ორივე თანამდებობაზე.
თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ სტალინმა ნოე რამიშვილს წყენა მოგვიანებით გაუხსენაო. რას გულისხმობდით?
– 1921 წლიდან, მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო, ქართული პოლიტიკური ელიტა ემიგრაციაში აღმოჩნდა. მათ შორის იყო ნოე რამიშვილიც. ამიერიდან ნოე რამიშვილი სტალინის წინააღმდეგ ბრძოლას სხვა ფორმით აგრძელებდა. ის ამხელდა საბჭოთა კავშირში დამყარებულ პოლიტიკურ ტერორს და თავის უამრავ სტატიაში წინასწარმეტყველებდა საბჭოთა პოლიტიკური რეჟიმის გარდაუვალ კრახზე. სტალინის წინააღმდეგ მიმართული სტატიები სულ უფრო და უფრო მამხილებელი ხდებოდა, რაც ცხადია, აღიზიანებდა სტალინს. ნოე რამიშვილი აღმოჩნდა ემიგრაციაში მყოფ იმ რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერს შორის, რომელთა ფიზიკური ლიკვიდაციის ბრძანება სტალინმა გასცა. 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში, საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ მიჩენილმა ტერორისტმა ნოე რამიშვილი მოკლა. მართალია, მკვლელი ქართველი ემიგრანტი – ჭანუკვაძე იყო, მაგრამ იმთავითვე ეჭვი არავის არ ეპარებოდა, რომ ის საბჭოთა სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა.