ლატარიის გათამაშებების მიმართ ქართველი ხალხი ინტერესს ადრეც იჩენდა და ახლაც, როდესაც ქვეყანაში მძიმე მატერიალური პრობლემებია, შანსის გამოყენებას ბევრი ცდილობს.
ლატარიის ბილეთების მყიდველთა შორის განსაკუთრებით სწორედ მოსახლეობის ნაკლებად შეძლებული ან ღარიბი ნაწილი აქტიურობს. ზოგს მართლაც სწყალობს იღბალი, ზოგს საერთოდ არა, თუმცა მოგების სურვილი ძალიან დიდი აქვთ და ადვილად არც მრავალი წაგების შემდეგაც ნებდებიან. მოკლედ, ლატარიის მოგების მსურველებში "კიდევ სცადეს" პრინციპი მორიგი წარუმატებელი თუ წარმატებული (იშვიათ შემთხვევაში) ცდებისთვის საკმაოდ დიდი სტიმულია.
ბოლო დროს ძალიან პოპულარულია "ლოტოს" გათამაშებები, რომელიც "საქართველოს ლატარიის კომპანიის" მიერ იმართება და მომხმარებელს სულ რაღაც 2 ლარად ჯეკპოტის (1 მილიონ 500 ათასამდე ლარის) მოგების შანსს სთავაზობს.
გათამაშება კვირაში ორჯერ 2 მაუწყებლის საშუალებით გასული წლის 29 დეკემბრიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში ჯეკპოტი არ გათამაშებულა.
თამაშის წესები საკმაოდ მარტივია და გასართობი. მომხმარებელმა 1-დან 49 ციფრის ჩათვლით 6 ციფრი უნდა შეარჩიოს და ბილეთი შეიძინოს. მონიშნოს ლოტოს შერჩევის ბარათზე სასურველი რიცხვები, თითოეული 6-რიცხვიანი კომბინაცია ნიშნავს ლოტოს გათამაშებისთვის შეძენილ 1 სტანდარტულ ბილეთს. შერჩეული 6-რიცხვიანი კომბინაციით პირს ეძლევა შესაძლებლობა, ითამაშოს ერთზე მეტ გათამაშებაში.
6-რიცხვიანი კომბინაციიდან 5, 4 ან 3 რიცხვის დამთხვევის შემთხვევაშიც თამაშდება მიზერული თანხები. ლოტოს ერთი ბილეთის ფასი 2 ლარია. რამდენია ჯეკპოტის მოგების რეალური შანსი?
"კომერსანტ.გე"-ს გათვლით, რომელიც ალბათობის თეორიას ემყარება, "საქართველოს ლატარიის კომპანიის" ორგანიზებულ ლოტოში გამარჯვების შანსი არის 13,983,816-დან ერთი. ანუ ჩვენ, დაახლოებით, 14 000 000 გათამაშება უნდა ველოდოთ გამარჯვებას. აქედან გამომდინარე, მოგების შანსი თითქმის ნულის ტოლია.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლატარიის ბილეთის ფასი იმ მოგების შანსის სამართლიან ფასთან მიმართებაში, რომელსაც ეს ლატარიის ბილეთი გვაძლევს. თუ ლოტოში ერთი ბილეთით მოგების შანსი 14 000 000-ია და ეს მოგება, ვთქვათ, 300 000 ლარია, როგორც 29 დეკემბრის გათამაშებაში იყო, მაშინ ერთი ლატარიის ბილეთის სამართლიანი ფასი არის 300 000 / 14 000 000!2 თეთრი.
შესაბამისად, თუ ლატარიის ბილეთს 2 ლარად (ანუ 100-ჯერ ძვირად) გვთავაზობენ, რთული მისახვედრი არ არის, რომ ასეთი ბილეთის შეძენა ნამდვილად წამგებიანია.
შპს "საქართველოს ლატარიის კომპანია" ფლობს 10-წლიან ექსკლუზიურ უფლებას საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე. ათწლიანმა პროექტმა, წინასწარი გათვლებით, 4-მილიარდიანი შემოსავალი უნდა მოუტანოს კომპანიის მეპატრონეებს. აქედან, დაახლოებით, 900 მლნ ქართული სპორტისა და კულტურის განვითარებას და ძეგლთა დაცვას მოხმარდება. თუმცა, ეს ყველაფერი ისევ და ისევ ხალხის ხარჯზე.
ის, რომ თავის ხარჯზე კომპანიის დიდ მოგებას უზრუნველყოფს, ხალხმაც კარგად უწყის, თუმცა ცდუნებასთან გამკლავებას ძალიან ცოტა ახერხებს.
"აქამდე ლატარიის ძალიან ბევრ გათამაშებაში მიმიღია მონაწილეობა. ბედი რამდენიმეჯერ ვცადე "ლოტოშიც", მაგრამ არ გამიმართლა. ერთხელ "საოჯახო ლოტოში" მოვიგე მინიმალური თანხა, ეს არის და ეს.
დიდი ფული არასდროს მომიგია, თუმცა ცდუნება იმდენად ძლიერია, რომ ლატარიის ბილეთების ჯიხურებს დღესაც ვერ ვუვლი გვერდს. იმედს მაინც არ ვკარგავ და ახლაც მგონია, რომ ადრე თუ გვიან, ჯეკპოტს თუ არა, სხვა შემოთავაზებულ თანხას მაინც მოვიგებ, რომ ბილეთების შეძენაში დახარჯული ფული მაინც ავინაზღაურო", - ამბობს 45 წლის გურამ ბერაძე.
"აქამდე არ ვთამაშობდი, მაგრამ "ლოტო" იმდენად მიმზიდველია, სიძვირის მიუხედავად, ბილეთს თითქმის ყოველ კვირა ვყიდულობ. ვფიქრობ, იღბალი გადამწყვეტია. 2 თვის წინათ 1000 ლარი მოვიგე. მას შემდეგ აქტიურად ვყიდულობ ბილეთებს და სურვილებით უკვე ჯეკპოტსაც ვეპოტინები.
ასეთ თამაშებში პირველად ჩავები და მოგების დიდი იმედი მაქვს. ცოტა იღბალიც თუ წამეშველება, დიდი თანხის მოგებას ვაპირებ. სხვათა შორის, 1000 ლარი მაშინ მოვიგე, როდესაც ძალიან მჭირდებოდა და ამ თანხით გარკვეული პრობლემები მოვაგვარე. მორიგი მოგების იმედს არც ახლა ვკარგავ", - ამბობს ლატარიის ერთ-ერთი გამარჯვებული.
31 წლის ირინა გუდავაძე მაგთის გათამაშებებში აქტიურად არის ჩაბმული და მერსედესის მოგების იმედს დღემდე არ კარგავს. ამბობს, რომ "59-59"-ზე ხშირად რეკავს და სიურპრიზს ყოველი გადაცემის წინ ელოდება.
"საერთოდ, რეკავს ის, ვისაც აქვს იმედი და მოგების სჯერა. ამ განწყობის წყალობით საკმაოდ დიდი თანხა გავიღე "მაგთის" სასარგებლოდ, მაგრამ ნანატრი ზარი ჩემს ტელეფონზე ჯერ არ განხორციელებულა. სიმართლე გითხრათ, ჩემი მწირი ხელფასი არ მაძლევს საშუალებას, რომ თანხა სხვის სასარგებლოდ ვხარჯო, მაგრამ სურვილის მოთოკვა მიჭირს.
სულ მაქვს იმედი, რომ ყველასთვის სანატრელი ზარი ერთხელაც ჩემს ტელეფონზე დარეკავს და ავტომანქანის მოგების შანსი არ დააყოვნებს. ასეთ სიხარულს ყოველი გადაცემის წინ ველოდები, მაგრამ ყველაფერი იმით მთავრდება, რომ იმედგაწბილებული მორიგ ზარს ვახორციელებ, მოსალოდნელი მოგების იმედით", - ამბობს ირინა გუდავაძე.
"მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური პრობლემები მაწუხებს და თავის გატანა მიჭირს, ლატარიაზე იმედს ვერ დავამყარებ. წინა წლებში სხვადასხვა გათამაშების ბილეთი რამდენიმეჯერ შევიძინე, მაგრამ არ გამიმართლა. ნაკლებად მგონია, ახლა გამიმართლოს.
მესმის, ძალიან მიმზიდველი სარეკლამო კამპანიაა და ცდუნებასთან გამკლავება ძნელია, მაგრამ აყოლაც წაგების მეტს ვერაფერს მომიტანს. მირჩევნია, თითოეულ თეთრს გავუფრთხილდე და ფული სხვათა სასარგებლოდ არ ვფლანგო", - ამბობს 33 წლის მარინა თორდია.