წარმოიდგინეთ, რომ ჩვეულებრივი თბილისელი ხართ, გაქვთ წინაპრისგან დატოვებული რამდენიმე რელიკვია, მათ შორის ერთი ძალიან საინტერესო - პიკასოს ნახატის ლითოგრაფია. ეგაა, არც იცით, თქვენი ნახატი ორიგინალად ითვლება თუ არა, ან საერთოდ მერამდენე ასლია. ამით არც ინტერესდებით. კედელზე დაკიდებული ნახატი უფრო იმ ადამიანების პატივისცემის სიმბოლოა, ვინც გაჩუქა.
გადის დრო. თქვენთან სტუმარი მოდის. ის ხელოვნებათმცოდნეა. დიდხანს აკვირდება მინის ქვეშ მოქცეულ პიკასოს ლითოგრაფიას (თქვენ ხომ გჯერათ, რომ ლითოგრაფიაა!) და გიცხადებთ: - ეს ორიგინალია! პიკასოს ხელით შესრულებული, ერთადერთი და განუმეორებელი, დაკარგულად ჩათვლილი ორიგინალი.
ეს დაუჯერებელი ამბავი კი მართლაც მოხდა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც გიამბეთ. ამ აღმოჩენის მონაწილე ხელოვნებათმცოდნე დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია და თუმცა ჯერ კიდევ გასავლელია გზა ორიგინალის აღმოჩენის ოფიციალურ დამტკიცებამდე, ვფიქრობთ, მკითხველისათვის საინტერესო იქნება, რა აღმოჩნდა და როგორ.
დალი ლებანიძე, ხელოვნებათმცოდნე, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების კვლევის, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი: - ამას წინათ თბილისში ერთ ოჯახს ვსტუმრობდი. ყურადღება მივაქციე "დონ კიხოტის" გრაფიკას კედელზე. მასპინძელმა მითხრა, - ეს ლითოგრაფია უცხოეთში მცხოვრებმა ახლობელმა მაჩუქაო. დავაკვირდი.
გამაკვირვა მოლურჯო-მომწვანო ტონალობამ, რომლის მსგავსი ცნობილ "დონ კიხოტის" გრაფიკაში ადრე არ მენახა. ნახატი ჩარჩოდან ამოვაღებინე. ყველაფერი ძალიან ძველი იყო: ჩარჩოც, ქაღალდის ზურგის დამცავი არშიაც, ჩაჟანგული ლურსმნები. ნახატი გამადიდებელი მინით დავათვალიერე - ჩემ წინაშე ხელით შესრულებული ორიგინალი იდო!
ამ ნახატს კარგად იცნობს მსოფლიო, მაგრამ მისი ორიგინალი თუ დაკარგული იყო, არ ვიცოდი...
- დიახ, დაკარგულად ითვლებოდა. ეს ნახატი 1955 წლის 10 თუ 11 აგვისტოს არის შექმნილი, ამაზე თვით სურათზე გაკეთებული მინაწერი გვამცნობს. ნამუშევარი მიეძღვნა სერვანტესის "დონ კიხოტის" I ტომის გამოცემის 350 წლისთავს. პაბლო პიკასოს უმდიდრესი შემოქმედებითი მემკვიდრეობა 20000-მდე სხვადასხვა დარგისა და ჟანრის სახვითი ხელოვნების ნაწარმოებს მოიცავს. მათ შორის არის გრაფიკული ფურცელი "დონ კიხოტი", რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება სერვანტესის წიგნის ილუსტრირებისათვის.
იგი მხატვარს ცნობილმა პროზაიკოსმა და პოეტმა ლუი არაგონმა შეუკვეთა. მოგვიანებით, ვერავინ მიაკვლია ორიგინალს - შედევრი გაქრა... მალე ეს გრაფიკული ნამუშევარი ძალიან პოპულარული გახდა. მას იყენებდნენ აფიშებსა და სხვადასხვა პოლიგრაფიულ გამოცემაში.
ცხადია, გაზეთში დაბეჭდილი გრაფიკული ნამუშევარი შავ-თეთრი იყო, შავ-თეთრად ბეჭდავდნენ სხვაგანაც, რადგან სწორედ გაზეთიდან აღებულ ვერსიას იყენებდნენ. ორიგინალთან შედარების საშუალება არ ჰქონდათ, რადგან ის დაკარგულად ითვლებოდა. ფიქრობდნენ, რომ ის ან ტუშით, ან ტუშითა და ფუნჯით იყო შესრულებული. ზოგი თვლიდა, რომ პიკასო ნახშირით ხატავდა "დონ კიხოტს". წარმოიდგინეთ, რომ რეალობა სულ სხვაგვარია - ორიგინალი ფლომასტერით არის შესრულებული და არც შავ-თეთრია - ორი ფერის ფლომასტერით არის დახატული. მომწვანო-მოლურჯოთი და უფრო მუქით, რომელსაც მხატვრები ულტრამარინის ფერს ეძახიან...
რაც შეეხება ფლომასტერს, ეს შედარებით გვიან გამოგონებული საშუალებაა, პიკასო რომელი წლიდან ხატავდა ფლომასტერით?
- ინტერნეტი გვაუწყებს, რომ ფლომასტერი 1960 წლიდან ჩაეშვა მასობრივ წარმოებაში გერმანიასა და იაპონიაში. როგორც ჩანს, გაცილებით ადრე პიკასოსათვის ხელმისაწვდომი გახლდათ ეს ახალი ტექნოლოგია. არა მარტო ეს ნახატი დაუხატავს მას ადრეულ წლებში ფლომასტერით. ივ მონტანის ბიოგრაფიულ წიგნში წერია: "1951 წელს, როდესაც სიმონა სინიორე და ივ მონტანი დაქორწინდნენ, მათ პიკასომ საჩუქრად მიართვა ფლომასტერით შესრულებული ნახატი, რაც იმ დროს იშვიათობას წარმოადგენდა". ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დგება.
"დონ კიხოტის" ფლომასტერით შესრულებული ვერსია რომ ძველია და მისი შექმნის თარიღს ემთხვევა, ამას ადასტურებთ, მაგრამ ხომ შეიძლება წლების წინაც ვიღაცას მისი ასლი გაეკეთებინა?
- გამადიდებელი შუშით დათვალიერებისას ნათელი გახდა, რომ ეს მართლაც ორიგინალია. ხაზების წყობის სრული თავისუფლება პიკასოს შინაგან ემოციას გადმოგვცემს. ამგვარი თავისუფლების მიღწევა, ხატვის ასეთი სპონტანური ბუნების განმეორება, მიბაძვა ან კოპირება განსაზღვრულ არეში სრულიად შეუძლებელია. დავუბრუნდეთ ფრანგულ ლიტერატურულ გაზეთში დაბეჭდილ "დონ კიხოტს", რომლის ამონაბეჭდი ერთი ტონალობისაა - ნაცრისფერია და ამ მხრივ ფერადოვნად უფრო ახლოსაა ჩვენს ორიგინალთან, ვიდრე დამკვიდრებული შავ-თეთრი ანაბეჭდი.
ნახატის მხოლოდ ერთი ტონალობით გამოქვეყნება გაზეთის სპეციფიკით იყო განპირობებული. მასში ფერადი ილუსტრაციები არ იბეჭდებოდა. გავაკეთეთ ორიგინალის კომპიუტერული შავ-თეთრი ანაბეჭდი, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით იმეორებდა საყოველთაოდ გავრცელებული "დონ კიხოტის" ვერსიას. ორიგინალისა და ფრანგულ ლიტერატურულ გაზეთში დაბეჭდილი "დონ კიხოტის" ზომები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. ეს მსოფლიოში ცნობილი, ქრესტომათიულ სახედ ქცეული შედევრი, რომელსაც ზოგი თვითონ რომანის ტოლფას ნაშრომად თვლის, საქართველოში და, კერძოდ, თბილისში აღმოჩნდა.
მფლობელი ვინ არის?
- ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ვიდრე თვითონ არ ისურვებს ვინაობის გამხელას...
ნახატის ორიგინალობის დადასტურებას სპეციალური დასკვნა სჭირდება.
- მართალს ბრძანებთ. ალბათ, მალე დაინტერესდებიან ამ საკითხით და ნახატს სპეციალური კომისია შეისწავლის.