ვის სახელს უკავშირდება თბილისის ფუნიკულიორის ამოქმედება

ვის სახელს უკავშირდება თბილისის ფუნიკულიორის ამოქმედება

თბილისს მეცხრამეტე საუკუნიდან და მეოცე საუკუნის პირველ პერიოდამდე 19 ქალაქის თავი, ეგრეთ წოდებული მერი ჰყავდა. პირველი, 1849 წელს, თომა პრიდონოვი იყო, ხოლო უკანასკნელი, 1921 წელს – ბენიამინ ჩხიკვიშვილი. მათ შორის დიმიტრი ყიფიანი, ალექსანდრე მატინოვი და ვასილ ჩერქეზიშვილი თბილისის განვითარების სფეროში ყველაზე გამორჩეულები იყვნენ. თუ როგორ ვითარდებოდა თბილისი მათი მმართველობის პერიოდში, დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ.

დიმიტრი ყიფიანი

თბილისის პირველი თავის, თომა პრიდონოვის ნამდვილი გვარი ფრიდონიშვილი იყო, ხოლო პირველი არჩეული თავი იყო დიდი ქართველი, საზოგადო მოღვაწე, წმინდანად აღიარებული დიმიტრი ყიფიანი, რომლის სახელს უკავშირდება თბილისის აღორძინება. მას შემდგომ ხდებოდა მერის არჩევა, მანამდე კი ისინი მეფისნაცვლის ან მთავარმართებლის მიერ ინიშნებოდნენ – სათათბირო ირჩევდა ქალაქის თავს. ყიფიანი მცირე ხანს იყო ქალაქის თავად – 1876 წლიდან 1878 წლამდე.  ყიფიანის თბილისის თავობის პერიოდს უკავშირდება ყოფილი ერევნელის მოედნის კეთილმოწყობა, შუამდგომლობა ახალი სახაზინო თეატრის აგებისათვის, თანხების მოძიება თბილისში წყალსადენის პროექტის დასამუშავებლად. ამ პერიოდში დაბალჩინოსანთა ოჯახებისთვის დაიწყო დახმარების გაწევა, უპატრონო ძაღლების განადგურება, მოხდა ქალაქის გაზის ნათურებით განათება, აიგო ეგზარქოსის სასახლე – დღევანდელი საპატრიარქოს შენობა, რომელიც ერეკლეს მოედანზე მდებარეობს. ერეკლეს მოედანი მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, სანამ თბილისში პრესა გაჩნდებოდა, ინფორმაციის გავრცელებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა – სწორედ აქ იყრიდნენ თავს ეგრეთ წოდებული „რაამბავისტები” და ქალაქის მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიდნენ მიმდინარე მოვლენებზე. სწორედ ამ მოედანზე შეიტყო თბილისის მოსახლეობამ ქვეყნის ანექსიის ამბავი. წარსულში ამ მოედანს „ეგზარხოსსკაია პლოშადს” უწოდებდნენ. გასაბჭოების შემდგომ მოედანს ბებელის მოედანი ეწოდა, დღეს კი ამ მოედანს ერეკლეს მოედანი ჰქვია. სამწუხაროდ, დიმიტრი ყიფიანი რუსეთის იმპერიის რისხვას შეეწირა. ცნობილი მოვლენების გამო ის გადაასახლეს სტავროპოლში, სადაც საიდუმლო ვითარებაში მოკლეს. ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით მოხერხდა მისი ნეშტის გადმოსვენება და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა.

ალექსანდრე მატინოვი

1878 წელს თბილისის მეორე მოწვევის სათათბიროს არჩევნები ჩატარდა და ქალაქის თავის თანამდებობაზე დასახელებული 17 კანდიდატიდან ალექსანდრე მატინოვმა გაიმარჯვა, რომლის ნამდვილი გვარი მათიაშვილი იყო. მას ჰქონდა კარგი თვისება – იგი ისმენდა ოპოზიციურ აზრებს. მისი ოპოზიცია იყო ნიკო ნიკოლაძე და სწორედ ამ ორს მიუძღვის დიდი ღვაწლი თბილისის განვითარებაში. ისინი იმ დროის ნოვატორები იყვნენ. მატინოვისა და ნიკოლაძის სახელს უკავშირდება ელექტროტრამვაის შემოყვანა თბილისში, პირველი სახაზინო თეატრის მშენებლობა და მისი დასის შესაქმნელად საფუძვლის ჩაყრა – საუბარია დღევანდელ რუსთაველის თეატრზე. მისი მმართველობის პერიოდში დაევალა არქიტექტორ ოზეროვს მერიის შენობის სარეკოსნტრუქციო პროექტის შემუშავება; მისი მმართველობის დროს აიგო ვერის ლითონის ხიდი (დღევანდელი გალაკტიონის ხიდის ადგილზე). მანამდე ამ ადგილზე ბორანი ფუნქციონირებდა, ისევე, როგორც მუხრანის ხიდის ადგილზე. ქალაქის ბიუჯეტს ორივე ხიდის აგების საშუალება არ ჰქონდა და მიდიოდა კამათი, თუ რომელი ხიდი აეგოთ – ვერის თუ მუხრანის. ვერის ხიდს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომლებიც ამბობდნენ: ის ქალაქის განაპირას არის, აქ მოძრაობა არ იქნება, სჯობს მუხრანის ხიდი ავაშენოთო. საბუთად იმას ასახელებდნენ, რომ მუხრანის ხიდის ბორანი  წელიწადში 6 000 მანეთ შემოსავალს იძლეოდა, ვერის ხიდის ადგილას მოქმედი ბორანი კი – მხოლოდ რვა თუმანს. ვერის ხიდის აგების ერთ-ერთი მთავარი მომხრე იყო ნიკო ნიკოლაძე. მას კარგად ესმოდა, რომ ხიდს ქალაქის მომავალი განვითარებისთვის ჰქონდა მნიშვნელობა – ქალაქი სწორედ უმეტესად ამ მხარეს გაიზრდებაო, – ამბობდა ის. მის აზრს დაუჯერა მატინოვმა. ხიდი 1881 წელს აშენდა არქიტექტორ უმანსკის პროექტით. სამწუხაროა, რომ ეს ხიდი დაანგრიეს გზის გაფართოების გამო.  1878 წელს მატინოვის ინიციატივით ამუშავდა პირველი თბოსადგური, შეიქმნა სანიტარული ექიმის თანამდებობა (დღევანდელი გაგებით – სასწრაფო დახმარება); ქალაქის ქუჩებში დააყენეს ლამპიონები, შეიქმნა წყალკანალის სისტემა. მატინოვი თბილისელი იყო.  თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი  პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე  მან თბილისს 200 ათასი მანეთი უანდერძა. შვილები არ ჰყავდა და თბილისს დაუტოვა მთელი თავისი ქონება. ანდერძში ასე ეწერა: „ვუტოვებ ჩემს საყვარელ ქალაქს”.

ვასილ ჩერქეზიშვილი

ვასილ ჩერქეზიშვილი თბილისის გამორჩეული ქალაქის თავი იყო. იგი 1905 წელს აირჩიეს ამ თანამდებობაზე. მისი მმართველობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის: 1905 წელს ამუშავდა თბილისის ფუნიკულიორი, დასრულდა ქაშუეთის ეკლესიის მშენებლობა, მუშტაიდის ბაღში გაიხსნა პირველი კინოთეატრი, 1907 წელს აიგო ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლი (დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრის შენობა), თბილისის ტერიტორიას შეუერთდა ვაკე, გაიხსნა უპოვართა სახლი (ამჟამანდელ ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე ბავშვთა საავადმყოფო).  1908 წელს ჩერქეზიშვილი გარდაიცვალა და მის ადგილზე ტიგრან ენკიციანცი დაინიშნა, 1911-1917 წლებში კი ქალაქის თავი ალექსანდრე ხატისოვი იყო, რომლის სახელს უკავშირდება ცნობილი მუხრანის ხიდის აგება, ხოლო ბოლო ქალაქის თავი გახლდათ ბენიამინ ჩხიკვიშვილი, რომელიც  1921 წელს მოხსნეს და მას შემდეგ თბილისში საბჭოთა მთავრობის მმართველობის პერიოდი დაიწყო.

თბილისის თავები წლების მიხედვით: თომა პრიდონოვი (ფრიდონაშვილი) – 1849-1850 წლები; ზაქარია ამირაგოვი (ამირაღაშვილი) – 1851; იოსებ მირიმანოვი (მირიმანაშვილი) – 1852-1853; ავეტიკ სვეჩნიკოვი – 1854; ანდრო მანანოვი (მანანაშვილი) – 1855-1858; ვართან არშაკუნი – 1859-1861; სოლომონ მირიმანოვი (მირიმანაშვილი) – 1862-1867; ერემია არწრუნი – 1869; ნიკოლოზ ალადატოვი (ალადათაშვილი) – 1870; იასონ თუმანოვი (თუმანიშვილი) – 1871-1875; დიმიტრი ყიფიანი – 1876-1878; ალექსანდრე მატინოვი (მათიაშვილი) – 1878-1890; ნიკოლოზ არღუთაშვილი (არღუტინსკი – წყვეტებით – 1892-1904 წლები); პავლე იზმაილოვი - 1895; გიორგი ევანგულოვი - 1899-1901; მიხეილ შესტაკოვი - 1902-1903; ვასილ ჩერქეზიშვილი – 1905-1908; ტიგრან ენკიციანცი – 1909-1910; ალექსანდრე ხატისოვი – 1911-1919; ბენიამინ ჩხიკვიშვილი – 1919-1921 წლები.