დათო ოქიტაშვილისა და თამარ გვერდწითელის სკანდალური დაპირისპირება

დათო ოქიტაშვილისა და თამარ გვერდწითელის სკანდალური დაპირისპირება

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი და მომღერალი თამარ გვერდწითელი ერთმანეთს უპირისპირდებიან. კონფლიქტი დავით ოქიტაშვილის განცხადებას მოჰყვა, მისი გაბრაზება კი, თამარ გვერდწითელის მიერ, რუსეთის სადიდებელმა სიმღერამ გამოიწვია. კერძოდ, 2005 წელს, თამარ გვერდწითელი დუეტს სოსო პავლიაშვილთან ერთად ასრულებს და მღერის "რუსეთო, ჩემო სამშობლო, ჩემო მთებო და მდელო"... როგორც ოქიტაშვილმა განაცხადა: "ჩემთვის შავი ლაქაა თამარ გვერდწითელთან  ურთიერთობა. არ ვიცოდი, რომ 2005 წელს მას ჰქონდა ეს სიმღერა ნამღერი. სიმღერა ახლა გამომჟღავნდა, რადგან სოსო პავლიაშვილმა ამ წლის 12 დეკემბერს შეასრულა. რომ მცოდნოდა, მაშინ თამარ გვერდწითელთან ერთადაც იმღერა, მე ნამდვილად მისი სახელობის ვარსკვლავს არ გავხსნიდი. ჩემთვის ეს ამბავი ახლახან გახდა ცნობილი ერთ-ერთი ჟურნალისტისგან". ამ განცხადების საპასუხოდ თამარ გვერდწითელი საქართველოში ჩამოვა და ოქიტაშვილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებს.

რას აპირებს დავით ოქიტაშვილი? ვინ და რატომ გადაწყვიტა თავის დროზე თამარ გვერდწითელის ვარსკვლავის გახსნა და რა ბედი ელის მის ვარსკვლავს?

"ალიას" დავით ოქიტაშვილი ესაუბრა:

- ინფორმაცია, რომ თამრიკო გვერდწითელმა, 2005 წელს შეასრულა რუსეთის სადიდებელი სიმღერა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მე ამ ინფორმაციას არ ვიცნობდი. თბილისშიც არ ვიყავი. როცა დავბრუნდი და სამსახურში მივედი, დამხვდა რამდენიმე შაოსანი, შვილმკვდარი დედა, რომლებიც ამბობდნენ, როგორ შეიძლება საქართველოში გაიხსნას იმ ადამიანის ვარსკვლავი, რომელიც იმ სახელმწიფოს უმღერის, ჩვენი შვილების საფლავზე რომ იარესო. ისინი თამარ გვერდწითელის ვარსკვლავის ამოთხრას ითხოვდნენ. ავუხსენი, რომ არ ვიცოდი ეს ამბავი, რის გამოც ბოდიში მოვუხადე მათ და ბოდიში უნდა მოვუხადო ქართველ საზოგადოებას. ეს ადრე რომ მცოდნოდა, თამრიკო გვერდწითელის ვარსკვლავი ნამდვილად არ გაიხსნებოდა.

თავის დროზევინ ან რატომ მიიღო თამრიკო გვერდწითელის ვარსკვლავის გახსნის გადაწყევტილებაროცა იღებდით ამ გადაწყვეტილებასარ შეისწავლეთ მისი ბიოგრაფია დეტალურად?

- გვერდწითელი შევარჩიეთ იმის გამო, რომ ის, მართლა კარგი მომღერალია. როცა ანსამბლ "მზიურის" ვარსკვლავი გაიხსნა, ყველა გოგომ ერთხმად აღიარა, რომ მზიურიდან გამომდინარე, პირველი, ქალბატონი თამარის ვარსკვლავი უნდა გახსნილიყო და ასეც გადაწყდა, ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა. თამარს, ვთვლიდი, რომ ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება ჰქონდა. თამრიკო იყო გამორჩეული და მოვუწყვეთ სიურპრიზი. მე ვარ დამნაშავე და არ ვმალავ ამას, ჩემი ბრალია... ადამიანები შეცდომაზე ვსწავლობთ და თუ მე ამის გამო უნდა დავისაჯო, მზად ვარ სასჯელისთვის.

გვერდწითელი სასამართლოში ჩივილს გეგმავსრას აპირებთ?

- მზად ვარ, პასუხი ვაგო იმ სიტყვებზე, რაც მე ვთქვი. საინტერესოა, რით უნდა იმართლოს სასამართლოში მან თავი?! ან მე რაში უნდა დამადანაშაულოს სასამართლომ? მე ვარ საქართველოს რიგითი მოქალაქე, რომელსაც აქვს თავისი აზრი და სასამართლომ რა უნდა მითხრას, არ გაქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებაო?! მზად ვარ, დავიცვა ჩემი ქვეყნის ღირსება და იმ დაღუპული გმირი ბიჭების ღირსება, რომლებსაც თამარ გვერდწითელმა თავისი სიმღერით მიაყენა შეურაცხყოფა.

რატომ დაიძაბა თქვენს შორის ურთიერთობა და რატომ შეწყვიტეთ მასთან მეგობრობა თავისი დროზე?

- ეს მოხდა ბათუმის ფესტივალის შემდეგ. მე მივხვდი, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა იყო ძალიან რთული და როცა პირველი ფესტივალი ჩავატარე, მასთან ურთიერთობა შევწყვიტე. არ შეიძლება ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ერთს ფიქრობს და მეორეს ლაპარაკობს. მას ტვინს ურევდნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც ის შეიყვანეს შეცდომაში და დღესაც ასეთი განცხადება გააკეთებინეს.

ექსკლუზიურად თქვენ მინდა გითხრათ, რომ, როგორც გავიგე, თამარ გვერდწითელი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, პრესკონფერენციის გამართვას და ჩემს რაღაც სიბინძურეებში დადანაშაულებას. მე მზად ვარ, ვუპასუხო მის ამ სიბინძურეზე. მას რაიმე რეალური კომპრომატები რომ ჰქონოდა, ორი წელი გავიდა ჩვენი იმ ურთიერთობის მერე და გამოააშკარავებდა. მალე მე შევიტან განცხადებას ცილისწამებისთვის და მე რაზეც შევიტან, იმ საქმეზე, სასამართლოს ნამდვილად მოვიგებ.

ერთ დეტალს გეტყვით, სოსო პავლიაშვილი ჩემი შვილის ნათლიაა. მე სოსოც გავაკრიტიკე ამ მიმართულებით და ვთქვი, რომ უღირსად მოიქცა. გვერდწითელისგან განსხვავებით, სოსო არ შემოვიდა ამ პოლემიკაში. გვერდწითელი რომ იძახის, 2005 წლის შემდეგ ეს სიმღერა არ მიმღერიაო, რა, 2005 წელს აფხაზეთი ჩვენი იყო?!

გვერდწითელი თბილისში რომ ჩამოვახომ არ გეგმავთშეხვდეთ და პირადად გაარკვიოთ ეს საკითხი?

- არ ვაპირებ მასთან შეხვედრას.

შაოსანი დედები გვერდწითელის ვარსკვლავის ამოთხრას მოითხოვდნენორა ელის მის ვარსკვლავს?

- ვერაფერს ვამბობ. ამას მე ნამდვილად ვერ ვიზამ, ვერ გადავწყვეტ. ჩემგან უხერხულიცაა. მე ამ ვარსკვლავის გახსნით დიდი შეცდომა დავუშვი თავის დროზე, ვაღიარებ დანაშაულს, კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს იმ შაოსან დედებს, მაგრამ დანარჩენზე ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რთულია ჩემთვის ამაზე საუბარი.