პოლონელი ექსპერტები სმოლენსკთან მომხდარი ტრაგედიის სავარაუდო პოლიტიკურ შედეგებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მომხდარმა შეიძლება მთლიანად შეცვალოს პოლონეთის პოლიტიკა. მათი აზრით, რუსეთსა და პოლონეთს შორის მომავალი ურთიერთობა ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გამოიძიებენ რუსეთში ტრაგედიის მიზეზებს.
როგორ განვითარდება მოვლენები პოლონეთში და კერძოდ რუსეთთან მიმართებაში? "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ როდესაც ასეთი კატასტროფა ხდება და იღუპება მთავრობის თითქმის ნახევარი შემადგენლობა, ბუნებრივია ჩნდება ეჭვები, თანაც პოლიტიკური შეფერილობით. თუმცა მომხდარში რუსეთის კვალის ძიება არასერიოზულად მიაჩნია.
პირველი მოსაზრებები ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პოლონეთში უკვე გამოითქვა. პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ რუსეთი პოლონეთს ატყუებს, რადგან მომხდარში მფრინავს და თავად კაჩინსკის ადანაშაულებს.
- რამდენად საფუძვლიანია წინასწარი შეფასებები, ვერ გეტყვით, მაგრამ რუსეთის კვალის ძიება სრული იდიოტიზმია - კაჩინსკი პუტინთან შესარიგებლად მიდიოდა. ერთი თვის წინ თავად პუტინი იმყოფებოდა ვარშავაში, მაგრამ ვერ შერიგდნენ. შერიგება რომ მომხდარიყო, ამით დაინტერესებული იყო თავად ევროკავშირი. ევროკავშირს უნდა ურთიერთობების მოგვარება რუსეთთან, მაგრამ რჩება ერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგია - ეს პოლონეთია. ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რომელიც მოუგვარებელი დარჩა ევროკავშირს, რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობებია. მხოლოდ კაჩინსკი არ ეთანხმებოდა ამას, მაგრამ ბოლოს წავიდა შესარიგებლად. იმიტომ, რომ იყო ძლიერი ზეწოლა ბრიუსელიდან.
დღეს ევროკავშირს უფრო სერიოზული პრობლემები აქვს ირანთან დაკავშირებით. თანაც კალინინგრადის ოლქის ინტეგრირებაზე ფიქრობს. კალინინგრადში დღეს მთელი ბიზნესი გერმანელების ხელშია და გერმანელები წყნარად, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე იბრუნებენ დაკარგულს. ასე რომ, ჩემი აზრით, ამ ტრაგედიაში კონსპირაცია არ უნდა ვეძებოთ. თუ მაინცდამაინც კონსპირაციას ვეძებთ, შეიძლება ის სხვაგან ეძებო. ეს იყო უბედური შემთხვევა. თანაც რამდენჯერმე შესთავაზეს, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი მინსკში დამჯდარიყო - იქ საერთაშორისო აეროპორტია. არც ისაა გამორიცხული, რომ კაჩინსკის გარეშე პილოტი გადაწყვეტილებას თვითნებურად ვერ მიიღებდა და თავად კაჩინსკის მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, ანუ მაინცდამაინც სმოლენსკში ჩაფრენის, რადგან იქ მას პუტინი ელოდა და მსოფლიო დონის შერიგება ხდებოდა, მაგრამ ეს ჩაიშალა.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები პოლონეთში და როგორი იქნება ურთიერთობა მოსკოვთან?
- პოლონეთში სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ვინც გინდა მოვიდეს მის სათავეში, პოლონეთი დემოკრატიული ქვეყანაა და პროცესები ამ მიმართულებით განვითარდება. შეიძლება დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ პრეზიდენტად კაჩინსკის ძმა ვერასდროს მოვა. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, არა მგონია, რაიმე სერიოზული გართულებები მოხდეს. დღევანდელი პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრეა. არც საქართველოსთან შეიცვლება ურთიერთობა, ვინც გინდა გახდეს პრეზიდენტი. პოლონელები გონიერი და მებრძოლი ხალხია, ოდითგანვე გვაქვს მათთან კარგი ურთიერთობა, ჩვენი ინტელექტუალები მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ვარშავის უნივერსიტეტში იღებდნენ განათლებას. თავად ლეხ კაჩინსკი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და მხოლოდ პატივის ღირსია.