25 ნოემბერს, როდესაც რამდენიმე ათასმა მოქალაქემ პარლამენტის წინ სააკაშვილსა და მის მთავრობას უნდობლობის ვერდიქტი გამოუტანა, პრეზიდენტი და სახელისუფლებო ელიტა ბათუმში პიაცაზე მსოფლიო მნიშვნელობის ტენორს, პლასიდო დომინგოსა და ქართველ საოპერო ვარსკვლავებს უსმენდა. როგორ მიიღო სახელისუფლებო გუნდმა "სახალხო კრების" გადაწყვეტილება, ამის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ხათუნა ოჩიაურს ვკითხეთ:
- დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი კონსტიტუციის ფარგლებში. არც ილუზია გვაქვს და არც სურვილი, რომ ქართულ სახელმწიფოში ყველა მოქალაქე ერთ აზრზე იყოს და ხელისუფლებას უჭერდეს მხარს. ის, რომ არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს უჭერს მხარს, სავსებით ნორმალური მოვლენაა.
მიუხედავად იმისა, ვეთანხმები მათ თუ არა, პატივს ვცემ მათ, ვინც გულგრილნი არ არიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი. ყველაზე ცუდი, ჩემი აზრით, უპოზიციობა და ნიჰილიზმია. გასაგებია ისიც, რომ საპროტესტო აქციაზე ხელისუფლებას გააკრიტიკებდნენ, ამაში უცნაური არაფერი ყოფილა ჩემთვის. რაც შეეხება "სახალხო კრების" მიერ საქართველოს კონსტიტუციის ბათილად ცნობას, არა მგონია, რომ ეს სერიოზული აქტი იყოს. ეს უფრო ემოციური ქმედებაა, ვიდრე რაციონალური.
"სახალხო კრებასა" და იქ მყოფ ხალხს თავიანთი გადაწყვეტილება ლეგიტიმურად მიაჩნიათ, რადგან კრების ორგანიზატორების თქმით, მას ხმა მისცა 15 ათასმა დელეგატმა.
- ხომ ყველასთვის ცხადია, რომ კრების გადაწყვეტილებას ვერანაირი ლეგიტიმურობა ვერ ექნება, რადგან საქართველოში არსებობს კანონების მიმღები ლეგიტიმური ორგანო - პარლამენტი და საქართველოს სახელმწიფო, ხოლო საკითხი, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ - არა, არჩევნებზე წყდება. თუ ოპოზიციას მოსახლეობისაგან ამხელა მანდატი აქვს, მომავალ არჩევნებზე გამოჩნდება.
მაგრამ როგორც "სახალხო კრებაზე" შეკრებილი ხალხის განწყობილებით ჩანდა, მათ სჯეროდათ, რომ მიიღეს ლეგიტიმური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა აღსრულდეს.
- თუ ვინმემ პარლამენტის წინ მისული ხალხი დაარწმუნა, რომ მათი გადაწყვეტილება ლეგიტიმურია, ეს ხალხის შეგნებულად შეცდომაში შეყვანაა. რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები ბათილად ცნეს, კონსტიტუცია აღარ გვაქვს? რადგან პარლამენტის წინ შეკრებილმა ხალხმა საკონსტიტუციო ცვლილებების გაუქმებას მანდატი აუწია, კონსტიტუციის მოქმედება შეჩერდა და რაკი უნდობლობა გამოუცხადეს, სააკაშვილი აღარ არის პრეზიდენტი?! ეს ხომ ძალზე არასერიოზულია.
ლეგიტიმურად და დასაშვებად მე ამ ხალხის აქტივობა მიმაჩნია, მაგრამ ცხადია, კრებაზე მიღებული მათი გადაწყვეტილება ძალას ვერ შეიძენს და ვერ აღსრულდება. ოპოზიციური პარტიების განცხადებები ამ კონტექსტში უპასუხისმგებლობად მიმაჩნია. ჩვენ გვესმოდა, როგორ მოუწოდებდნენ ხალხს კრების წინა დღეებში - ერთი დღით გამოდით და უკან აღარ გაგიშვებთ, ერთ დღეში დავამხობთ ხელისუფლებასო. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები კარგს არაფერს მოუტანს საზოგადოებას.
რას ჰქვია, ხელისუფლებას დაამხობენ?! რამდენჯერ უნდა გამოიყვანონ ხალხი ცრუ დაპირებებით? რატომ არ აწუხებთ, რა პასუხი უნდა გასცენ ხალხს, რომელსაც, ვინ იცის, მერამდენედ ატყუებენ? ხალხით მანიპულირება, გარდა იმისა, რომ მოსაწონი არ არის, თავად ოპოზიციას შეუბრუნდება საზიანოდ. ოპოზიციის გათვლა, რამდენი კაცი გამოვა, ვნახავთ და მერე გადავწყვეტთ, რას გავაკეთებთო, მახსენებს საპრეზიდენტო არჩევნებისწინა განცხადებებს, - პროგრამა არა გვაქვს, მაგრამ რომ გავიმარჯვებთ, მერე მოვიფიქრებთო.
ვერ ვიტყვი, რომ პარლამენტის წინ 25 ნოემბერს ცოტა ხალხი მივიდა, მაგრამ უფრო მეტი მოვიდა არჩევნებზე, რომელზეც ხალხმა გადაწყვიტა, ვისაც აძლევდა ნდობის მანდატს.
აქციაზე მისულთა უმეტესობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა სოციალურ და სხვა საკითხებზეც.
- მესმის, რომ ხალხი ძალიან გაჭირვებულია. ჩემ გვერდით ბევრი ასეთი ადამიანია. ეს პრობლემა უცხო არ არის ჩემთვის, მაგრამ ყველა გაჭირვებულზე უფრო ჩვენს ქვეყანას უჭირს, რომელსაც რაღა არ დაატყდა თავს. ბიუჯეტი ისე იგეგმება, რომ ვცდილობთ ხალხის გასაჭირი არ დავივიწყოთ, მაგრამ ბიუჯეტიც არ არის უსაზღვროდ დიდი. კარგი იქნებოდა, უფრო დიდი ყოფილიყო, მაგრამ დღესდღეობით მეტს ვერ ვწვდებით. ხელისუფლებას კი არ უხარია, რომ ხალხს ცხოვრება უძვირდება.
"სახალხო კრებაზე" მისულმა არაერთმა მოქალაქემ მითხრა, ჩვენ ცხოვრებას გვიძვირებენ, ჩვენი ფულით კი ხელისუფლება უცხოელ მეძავებთან ერთობაო.
- კარგი რა, როგორ შეიძლება ასეთ არასერიოზულ რამეზე ლაპარაკი. როგორც გაირკვა, ეს რუსების პროვოკაცია იყო. ეს სპექტაკლი რუსებს შეუკვეთიათ და დაუდგამთ(!).
ანუ ამბობთ, რომ რუსებმა შეუკვეთეს სპექტაკლი და ამაში პორტუგალიური პრესაც ჩართეს?
- გაზეთი "მორნინგ სტარი", სადაც ეს ინფორმაცია დაიწერა, კომუნისტების მხარდამჭერი გაზეთი იყო ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში. ამ გაზეთში სასაცილო რამეები იბეჭდება. საქართველოდან ლისაბონში ათკაციანი დელეგაცია იყო. დელეგაციის წევრების ნაწილს, მათ შორის - გიგა ბოკერიას მეუღლე ახლდა. დელეგაციაში იყვნენ ქალებიც, მათ შორის იყო ეკა ზღულაძეც და რომელ 80 პორტუგალიელ ქალზეა ლაპარაკი?
სად ხდება ასეთი რამეები, ციდან ხომ არ ვართ ჩამოვარდნილები?! ეს ძალზე სასაცილო ცილისწამებაა, რომელზეც არ შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება. საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან საქმეზე იყო ლისაბონში და წარმატებასაც მიაღწია. ამას ევროპაში დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მაგრამ ჩანს, რუსეთმა მოინდომა მისი მიჩქმალვა, ქართული დელეგაციის გამარჯვების დაკნინება და უაზრო პროვოკაცია ჩაიფიქრეს.
მინდა "სახალხო კრების" კიდევ ერთ გადაწყვეტილებაზე გკითხოთ. ითქვა, რომ რეგიონებში შეიქმნება დაუმორჩილებლობის კომიტეტები, რომლებიც მთელ საქართველოში საყოველთაო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.
- არაერთხელ მოგვისმენია განცხადება, რომ ხელისუფლება დღეს ან ხვალ დაემხობა. დაუშვებელია პოლიტიკური ძალების უპასუხისმგებლო ქმედებები. ძლივს მოპოვებული სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. სტაბილურობის საწინააღმდეგოდ რაიმე მოქმედებას, რაც კონსტიტუციის ფარგლებს გასცდება, სახელმწიფო არ დაუშვებს.