წინა კვირას გორის რაიონის სოფელ დიცში ინდოელ ფერმერებთან ადგილობრივი მოსახლეობის დაპირისპირებაზე როცა ვწერდით, წყაროზე დაყრდნობით, აღვნიშნეთ, რომ ბოლო დროს მსგავსმა ინციდენტებმა შიდა ქართლის სხვა სოფლებშიც პერმანენტული ხასიათი მიიღო. დავინტერესდით და, ინფორმაციის კვალდაკვალ დეტალებს რომ ჩავუღრმავდით, მდგომარეობა იმაზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ზემო ზეღდულეთი, შინდისი, დვანი, ხელთუბანი - ეს ის სოფლებია, რომლებშიც სააკაშვილის დანაშაულებრივმა ხელისუფლებამ ბენდუქიძის ღიად დეკლარირებულ პოლიტიკას, სოფლის მეურნეობა ფეხზე დავიკიდოთო, ხორცი შეასხა. შესაბამისად, ამ სოფლებში მიწის საუკეთესო, ყველაზე ნაყოფიერი ნაკვეთები უცხოელებზე გაიყიდა. საინტერესო კი ისაა, რომ თითოეული ნაკვეთის გასხვისებისას აქაც, ისევე, როგორც დიცის შემთხვევაში, ადგილობრივებისთვის არავის არაფერი უკითხავს.
ზოგადად, კახა ბენდუქიძის „ფენომენზე“ აქამდეც ბევრი დაგვიწერია და ახლა ამაზე საუბარი მხოლოდ დროის დაკარგვა იქნება. რაც შეეხება იმ ავადსახსენებელ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც სასამართლომ 2012 წლის 26 ივნისს მიიღო, აუცილებლად უნდა შევეხოთ, რადგან სწორედ ამ ცვლილების შემდეგ დაიწყეს „ნაცმოძრაობის ქორებმა“ ჯიბეგასქელებულ უცხოელებზე გამწარებული ნადირობა და მიწასმიჯაჭვული გლეხების მიზანმიმართული აყრა სოფლებიდან.
შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოში უცხოელს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის საკუთრებაში ქონა 6 თვეზე მეტი ვადით არ შეეძლო. 6 თვის შემდეგ კი ის ვალდებული იყო, შენაძენი გაესხვისებინა.
„მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის 1 პუნქტში შეტანილმა ცვლილებებმა ეს შეზღუდვა მთლიანად მოხსნა, რის შედეგადაც ფართობების შესყიდვაზე უცხოელსაც ისეთივე უფლებები მიენიჭა, როგორიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. ამის შემდეგ სააკაშვილის მიერ მისი რეფორმების მთავარ სიამაყედ გამოცხადებულ მომსახურების სააგენტოებში მართლაც წამის უსწრაფესად ხდებოდა უცხოელ ფულიანებზე ნაკვეთების გადაფორმება. დღეში რამდენიმე აუქციონიც კი ტარდებოდა. ცალკე პირდაპირი მიყიდვის წესითაც ასხვისებდნენ სავარგულებს, თუმცა ასეთი სქემა, ძირითადად, „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული პირების, არჩევნების დამფინანსებლების, ანუ იგივე ე. წ. მეწველი ძროხების მიმართ გამოიყენებოდა. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება ამ სპეკულანტობას მოსახლეობისგან ფარულად, შეიძლება ითქვას, საიდუმლოდ ეწეოდა. ხოლო სიმართლე რომ ირკვეოდა, ამ დროს უკვე გლეხს საქმე ჰქონდა იურიდიულად მართალ, წელგამართულ ფერმერთან, რომლის უკანაც სახელმწიფო იდგა. ცხადია, გლეხი უსამართლობის მანქანასთან ვერაფერს აწყობდა, მაქსიმუმ ორ-სამდღიანი პროტესტის შემდეგ ადგილობრივების უკმაყოფილება ცხრებოდა. ასე გამოაცალა ქართველ ხალხს ხელიდან სააკაშვილის კრიმინალურმა ბანდამ, ბენდუქიძის ხელმძღვანელობით, სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და სტრატეგიული ობიექტების უდიდესი ნაწილი. უბედურება კი ისაა, რომ ეს პროცესი დღემდე ინერციით გრძელდება.
„საქართველო და მსოფლიო“ შიდა ქართლის რამდენიმე სოფლის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და მიწის გასხვისების კონკრეტულ ფაქტებზე ესაუბრა.
მირიან მაზმიშვილი, სოფელ შინდისის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი:
- მიწების საკითხი ჩვენთან, დიდი ხანია, ხალხს სერიოზულ პრობლემად ექცა, მაგრამ დღემდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ეს ყველაფერი. აი, მაგალითად, ორი კვირის წინ კიდევ ერთმა მესაკუთრემ გაყიდა ჯერ სამი, შემდეგ კი ექვსი ჰექტარი. ასეთი ფაქტები ძალიან ხშირია და უკვე აღარ ვიცით, რა გზას დავადგეთ. მანამდე აღნიშნული ფართობები ეკუთვნოდა შპს „შინდისს“ და ჩვენ დავტოვეთ ეს მიწები სარეზერვო ნაკვეთებად, რათა მოსახლეობის გაზრდის შემთხვევაში დეფიციტი არ ყოფილიყო. მერე არ ვიცი, როგორ და რანაირად მოხდა მისი ოფიციალურად გადაფორმება, მაგრამ შარშან ჩამოვიდა თბილისიდან რომელიღაც კორპორაცია, რომელიც, სავარაუდოდ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ფონდს ეკუთვნოდა და გამოგვიცხადა, ეს მიწა ჩვენიაო. მილიონები ჩადეს მის დამუშავებაში, თუ არ ვცდები, ბოსტნეულის მოყვანას აპირებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ტყუილად დახარჯეს ამხელა თანხა, არანაირი ბოსტნეული მათ არ მოუყვანიათ. საძოვარი რომ საძოვარია, არ დაგვიტოვეს, მოსახლეობა შებოჭილია, საქონელი ვერ გაუშვიათ გარეთ და მოსავალი ვერ მოუყვანიათ. აი, ასეთ გაჭირვებაში ვართ...
დღესაც იმ კორპორაციის მფლობელობაშია ეს მიწები?
- არა, ახლა უკვე გვედავებიან არაბები, რომლებიც თავის დროზე შემოიყვანა სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ზაქრო მაზმიშვილმა. ჯერჯერობით მათ მხოლოდ 9 ჰექტარი აქვთ ნაყიდი და როგორც ვიცი, კიდევ აპირებენ მიწების შესყიდვას. იმავე ზაქრო მაზმიშვილს 18 ჰექტარი უნდა მიეყიდა მათთვის, მაგრამ დროულად გავიგეთ და მთელი გორის რაიონი ფეხზე დადგა.
არაბებმა რა გააშენეს ამ ნაკვეთებზე?
- ჯერ არაფერი, ეს მოხდა სულ რაღაც ერთი კვირის წინ.
როცა ნაკვეთები აუქციონზე გაიტანეს, ვინმე თუ იყო თქვენთან მოსული და თუ გითხრეს, რომ მიწა იყიდებოდა?
- კაციშვილი ჩვენთან არ მოსულა. ჩვენ ეს გავიგეთ მაშინ, როცა უკვე მიწა ოფიციალურად გაყიდული იყო. არაფერი ამ კორპორაციამ არ დატოვა, ქარსაფარი ზოლებიც კი მოხნეს და სულ გაასწორეს. გარდა ამისა, შარშან, პრეზიდენტის ბრძანებულებით, 55 ჰექტარი გაიყიდა პირდაპირი გაყიდვის წესით. არც ეს გაუგია არავის, ფარულად, ჩვენს ზურგს უკან გააკეთეს ყველაფერი.
და ვის მიყიდეს ეს 55 ჰექტარი?
- ვინმე ივანე გოგლიძეს, რომელიც, თუ არ ვცდები, გორელია.
რას აკეთებს ან რას აპირებს ადგილობრივი მოსახლეობა, გაყიდული მიწების დასაბრუნებლად?
- მოსახლეობა გაგიჟებულია. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით. მიწა თუ არ გვექნება, სოფელში ცხოვრებას რა აზრი აქვს? ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიბრუნოთ, ყველანაირად ვიბრძოლებთ.
თემურ ჩაგელიშვილი, სოფელ ძლევიჯვრის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი:
- ამჟამად ჩვენთან უმძიმესი მდგომარეობაა. ხალხს ვალები აქვს, ზოგმა ბანკიდან გამოიტანა ფული და ყველაფერი მიწაში ჩადო, ამ დროს ვისია ეს მიწები და ვის დარჩება საბოლოოდ, გაურკვეველია. გვეუბნებიან, დაგიბრუნებთო, მაგრამ ჯერ დაბრუნებისა არაფერი ისმის. რა იქნება, კაცმა არ იცის, ფაქტობრივად, ჰაერში ვართ...
ეს გაურკვევლობა თავისთავად კითხვებს აჩენს. ხომ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს გამოგიცხადონ, ვერ დაგიბრუნებთ, მიწა გაყიდულიაო?
- ამჯერად ჩვენ 40 ჰექტარს გვედავებიან, რომლის მფლობელიც დღემდე უცნობია, მაგრამ ჩვენ არაფრის დამთმობი არ ვართ. ეს მიწები გაყიდულია კანონდარღვევით და ის უნდა დაუბრუნდეს ხალხს. თუ არა და, აქ ძალიან ცუდი რამ მოხდება.
კანონდარღვევით გასხვისებაში რას გულისხმობთ?
- თავის დროზე ჩვენთან მოვიდა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია ბურჯანაძე და გვითხრა, მიწას გადმოგცემთო. ფულიც მოვაგროვეთ, მზად ვიყავით, ფართობი გამოგვესყიდა, მაგრამ უცებ ვგებულობთ, რომ თურმე ის უკვე გაყიდულია. აი, ასე მოგვატყუეს და გაგვაბითურეს ადგილობრივი მოსახლეობა. არანაირი ახსნა-განმარტების, ყურადღების ღირსად არ ჩაგვთვალეს.
იქნებ იმ უცხოელმა უფრო ძვირი გადაიხადა და ამიტომ მიჰყიდეს?
- საქმეც ისაა, რომ ძვირი არ გადაუხდიათ. ჩვენ მათზე მეტიც ვაძლიეთ, მაგრამ მაინც არ მოგვყიდეს. არ ვიცი, რატომ. ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობას ეს არ აინტერესებს, გლეხს მიწა სჭირდება. არც ერთი ჩვენგანი არ გაჩერდება, ნებისმიერ ფასად, რადაც უნდა დაგვიჯდეს, ამ მიწებს დავიბრუნებთ.
რობინზონ ბერიანიძე, სოფელ ზედღულეთის წარმომადგენელი:
- ჩვენთან 73 ჰექტარია გასხვისებული, რომელიც ადრე იყო საძოვარი. შემდეგ ამათ, წინა ხელისუფლებას ვგულისხმობ, ეს ფართობი გადააქციეს ჯერ ვითომ სახნავ-სათესად, მერე კი გაყიდეს აუქციონზე. გარდა ამისა, 100 ჰექტარი, რომელიც ადგილობრივებს იჯარით გვქონდა აღებული, იძულებული გაგვხადეს, დაგვეთმო და ცალკე იმითაც ფული გააკეთეს. როგორ, რანაირად გაფორმდა ეს ყველაფერი, ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს. არაფერში ჩაგვახედეს.
73 ჰექტარი, რომელიც ადრე საძოვარი იყო, ამჟამად ვისზეა გასხვისებული?
- მიწა იყიდა ვინმე თამაზ მღებრიშვილმა 7000 ლარად და შემდეგ გაყიდა 75000 დოლარად ინდოელებზე. ეს მღებრიშვილი, როგორც მე გავიგე, არის ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირი, ჩინოვნიკი და სწორედ ამ გავლენიანი ხალხის საშუალებით შეძლო მან ეს ყველაფერი.
ახლა რაც შეეხება ინდოელებს, მათაც ძალიან დიდი ფული ჩადეს, დაამუშავეს მიწა, მაგრამ, რაც გეგმა ჰქონდათ, იმდენი მოსავალი ვერ მიიღეს და ახლა ისინიც გაყიდვაზე ფიქრობენ. აუქციონიც გამოუცხადებიათ უკვე და მიდის თურმე ვაჭრობა...
ამ დროს მოსახლეობა რას აკეთებს?
- რას აკეთებს და მოსახლეობა ამდგარია. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ ამ მიწაზე არავის შემოვუშვებთ. წარმოიდგინეთ, ხალხს ზედ სახლი რომ უდგას, ისეთი ფართობებია გასხვისებული, ფაქტობრივად, ეზოები გაგვიყიდეს. არ ვიცი, რა მოხდება, აქ სისხლი დაიღვრება და ამ მიწებს არავის დავუთმობთ.
კონკრეტულად რისი გაკეთება შეგიძლიათ?
- თავის დროზე, როცა უცხოელები შემოდიოდნენ, მე ტრაქტორს ჩავუვარდი და ნაკვეთში აღარ ვუშვებდი. მაშინ სააკაშვილმა განაცხადა, მიკვირს, იმ გლეხს ტრაქტორმა რატომ არ გადაუარაო. აი, ასეთი უბედურება გვაქვს გამოვლილი, მაგრამ ამის მიუხედავად, კიდევ ვიმეორებ: ჩვენ არ გავჩერდებით. სისხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, რაც ჩვენია და კანონით გვეკუთვნის, მაინც დავიცავთ და შევინარჩუნებთ.