გრიგორიანელების მიერ ქართული ეკლესიების მიტაცება მე-18 საუკუნიდან იწყება და მე-19 საუკუნეში აქტიურდბა. მე-19 საუკუნეშივე აქტიურდება სომხების მიერ გრიგორიანული ეკლესიების «აღმშენებლობა» თბილისში და ამას ხელს, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერია უწყობს. დღეს კი, რუსეთის საპატრიარქო სომხებს, თურმე, საქართველოს ეკლესიების ისტორიას აწერინებს, რადგან ქართველების დაწერილს სუბიექტურად თვლის. რა თქმა უნდა, საკითხავი და საინტერესოა - მართლმადიდებლური რუსული ეკლესიის მამამთავრები რატომ ავალებენ გრიგორიანელებს ქართული ეკლესიების ენციკლოპედიის შექმნას?! ამ კითხვაზე პასუხი იმპერიალისტურმა რუსეთმაც იცოდა, ბოლშევიკურმაც და «დემოკრატიულმაც» - საქართველო ქართველების გარეშე!.. რა როლი აქვთ ამ «გრანდიოზულ პროექტში» სომხებს?! «ქართული სიტყვა» აგრძელებს წერილების ციკლს ე.წ. სომხურ ანექსიაზე და გთავაზობთ ინტერვიუს ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორ დიმიტრი თუმანიშვილთან.
ბატონო დიმიტრი, შესაძლებელია, რომ ე.წ. ჯავახეთის სომხები ეჩმიაძინის იურისდიქციაში შევიდნენ?
- გრიგორიანელები სხვა სარწმუნოების ხალხია და სავსებით შესაძლებელია, თავიანთი ეპისკოპოსი ჰყავდეთ. სხვთა შორის, ჰყავდათ კიდეც და არსებობდა ყუმურდო-ახალქალაქის ეპარქია. მე-17 საუკუნეში, ძლიან დიდი ხნის განმავლობაში თბილისში სომხების ეპისკოპოსი იჯდა, მაგრამ ეს რამე განსაკუთრებულს არ წარმოადგენს, უბრალოდ, შეთანხმების ამბავი და სახელმწიფოს გადასაწყვეტია, დაუშვებს თუ არა.
თუ სახელმწიფო დაუშვებს, რომ ჯავახეთის სომხობა ეჩმიაძინის იურისდიქციაში შევიდეს, საქართველოს საპატრიარქო ვერაფერს გააწყობს?
- საქმე ისაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ ამ მხრივ გარკვეული პრეცენდენტი უკვე დაუშვა და არსებობს ახალციხე-ტაო-კლარჯეთის ეპარქია. მოგეხსენებათ, ტაო-კლარჯეთი საქართველოს შემადგენლობაში არაა, ანუ ამ ნაბიჯით საქართველოს საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ჩვენი ეკლესიური იურისდიქციისთვის სახელმწიფო პოლიტიკურ საზღვარს მნიშვნელობა არ აქვს და სომხებს ეძმიაძინის იურისდიქციაში შესვლას როგორ დავუშლით?! ჯავახელი სომხები მართლმადიდებლები რომ იყვნენ, მაშინ შეუძლებელი იქნებოდა ეჩმიაძინის დაქვემდებარებაში მოქცეულიყვნენ, მაგრამ სხვა კონფესიის წარმომადგენლები არიან. საქართველოში ვერ იქნება რუსული ეპარქია, რადგან ერთი მრწამსის ვართ და ნებისმიერი რუსი მართლმადიდებელი უნდა დაექვემდებაროს ადილობრივ ეპარქიას.
თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში თბილისში კათოლიკეთა ეპისკოპოსი იჯდა და, ვანქი რომ იყო, დღევანდელი კოლმეურნეობის მოედანი, სადაც ახლა სომხური სკოლაა, იქ ჰქონდა რეზიდენცია. მე-17 საუკუნეში ამ ადგილს სომხების ეპისკოპოსი იკავებს, რადგან კათოლიკეები აღარ არიან... ყველაფერი ეს კი, კომუნისტების დროს მოისპო.
ბატონო დიმიტრი, კარგად მოგეხსენებათ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე უძველესი ქართული ეკლსიებია, თუმცა ზოგიერთს სოხმები სომხურად აცხადებენ. სომეხი ხელოვნებათმცოდნეები იმასაც ასაბუთებენ, რომ ახტალაც თითქოს სომხური ეკლესიაა. რა არის ამ ეკლსიაში სომხური?
- რაც შეეხება სომხეთში არსებულ ჩვენს ძეგლებს, ეს ცოტა რთული თემაა. ახტალა, თავისი კონცეფციით, ნამდვილად ქართული არქიტექტურაა. საქართველოს ტერიტორიაზეცაა კონცეპტუალურად ქართული ეკლესიები, მაგრამ რაღაც ნიუანსები შეიძლება, ბერძნული, ან სომხური იყოს, რადგან ქვისმთლელი შეიძლება, ბერძენიც ყოფილიყო და სომეხიც.
კი ბატონო, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობა ხომ ქართულია?
- რა თქმა უნდა... ამ თემებს მეცნიერული კვლევები სჭირდება და რაც უფრო ნაკლები იქნება პოლიტიკა, მით უკეთესია. ახტალა რთული შემთხვევაა და იქ არის ელემენტები, რომლებიც მაშინ ქართულ ხელოვნებაში არ არსებობდა, თუმცა იგივე არ ითქმის ხუჯაბსა და აქორზე და ეს ჩვენმა მკვლევარებმა, სომეხ მეცნიერებთან ურთიერთთანამშრომლობით დაადასტურეს. მიუხედავად იმისა, რომ ახტალაში სომხური კულტურისთვის დამახასიათებელი დეტალებია, კონცეპტუალურად მაინც ქართული ტაძარია. საერთოდ, რაღაც დეტალების გადაღება ხდებოდა, ანუ მოეწონებოდათ რამე და გადაიღებდნენ.
თუ «რაღაც დეტალები» სომხური აღმოჩნდა, ამით იმის დამტკიცება შეიძლება, რომ ეს ტაძარი სომხური კულტურის ძეგლია?
- უნდა გაიმიჯნოს ორი საკითხი. პირველი - ყველანაირი კულტურული მემკვიდრეობა, რაც ქვეყანაში, ამ ქვეყნის მოსავლელია. საქართველოში ვიცავთ თურქეთის კულტურულ მემკვიდრეობას იმიტომ, რომ ის საქართველოს ეკუთვნის, ვიცავთ გერმანელების აშენებულ სახლებს იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა და ჩვენი ისტორიისა და კულტურის ნაწილია. ყველა ქართული ტაძარი, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზეა, სომხეთისაა და სომხეთის მოსავლელია. მეორე - ძეგლს იმ კულტურის სახელი უნდა ჰქონდეს, რომელსაც ეკუთვნის.
შეიძლება, მაგრამ თურქები ხომ არ ამბობენ, რომ ბიზანტიური კულტურა მათია?!
- აბობდნენ და წერდნენ კიდეც. წიგნიც მაქვს ნანახი, სადაც თურქები ამტკიცებდნენ, ყველაფერი, რაც თურქეთშია, ლამის ხეთებიდან დაწყებული, თურქული მოდგმისააო, მაგრამ მერე შეწყვიტეს ამის მტკიცება იმიტომ, რომ ევროკავშირში არ უშვებდნენ. ამიტომაც, უნდა განვასხვავოთ კულტურული კუთვნილება და ტერიტორიული საკუთრება.
რაც შეეხება საქართველოში სომხურ ეკლესიებს, სომხები საკმაოდ ბევრ ეკლესიას ითხოვენ. ამ პრობლემების გადაწყვეტის გასაღები არსებობს?
- თავის დროზე იყო ასეთი წინადადება - ქართველები მოახდენდნენ თავიანთი ძეგლების რესტავრაციას სომხეთში და სომხები თავისას - საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, ჩაიშალა. ამ კუთხით რამდენიმე პრობლემა არსებობს:
ერთი - გრიგორიანელები საქართველოში, ვინ არიან ისინი? არის მოსაზრება, რომ ყველა გრიგორიანელი ეთნიკური და კულტურული სომეხია, თუმცა მეუფე ანანია მანგლერი (ჯაფარიძე) თვლის, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა გრიგორიანელი ქართველია, ანუ ისინი მხოლოდ სარწმუნოებრივად გასომხდნენ. სინამდვილე კი, როგორც ჩანს, ისაა, რომ იყვნენ სარწმუნოებრივად გასომხებული ქართველები და, ამასთან, სარწმუნოებრივად გაქართველებული სომხები.
მეორე პრობლემა ამა თუ იმ ნაგებობის კონფესიური კუთვნილებაა, რომელიც ასე წყდება - კონფესია, რომელსაც მრევლი ჰყავს, რა თქმა უნდა, იკავებს ცარიელ, გინდაც, სხვა კონფესიის აშენებულ შენობებს. მაგალითად, ევროპაში კათოლიკეების აშენებული ტაძრები პროტესტანტების ხელში გადავიდა. ესპანეთში კათედრალები ყოფილ მიზგითებსა და სინაგოგებში არიან. მოკლედ, თუ დაცარიელებულ სომხურ ეკლესიაში მართლმადიდებელი მრევლია, უნდა იყოს. ძალიან ბევრი ასეთი ლოგიკით ხელმძღვანელობს - სომხებმა დაგვიშავეს და მოდით, ჩვენც ასევე ვუპასუხოთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს სწორი არაა. ჩვენ უნდა ვიყოთ მართლები! თუ უსამართლობას ჩაიდენ, მერე, სამართალს ხომ ვეღარ მოითხოვ?
ლესელიძეზე, ჯვრის მამის გვერდით მდებარე ეკლესია, რომელიც სომხურადაა შერაცხული, სომხებს უნდა გადავცეთ თუ არა?
- შერაცხული კი არა, ნამდვილად სომხური ეკლესიაა, რომელიც დაკეტილია. თუ სომხების მიერ დასაბუთდება, რომ არსებობს გრიგორიანული მრევლი, მაშინ უნდა გადაეცეს, მაგრამ თუ ეს ვერ დასაბუთდება, მაშინ კარი რატომ უნდა გავუღოთ? ჩამოწერონ, ვინ არის მათი მრევლი და მერე ვილაპარაკოთ. იგივე შეიძლება ითქვას ყველა იმ სომხურ ეკლესიაზე, რომელიც დაკეტილია.
მაგალითად, ზედა და ქვედა ბეთლემის ეკლსიები ქართული ტაძრებია, ქართველების აშენებული, სადაც მართლმადიდებელი მრევლია. ოდესღაც ეს ეკლესიები სომხებმა დაიჭირეს და დიდ ხანს მათი იყო, შემდეგ დაცარიელდა, მრევლი აღარ იყო და ეკლესიები დაიკეტა. 90-იან წლებში მართლმადიდებელი მრევლი დაუბრუნდა თავის ტაძარს. ბარათაშვილის ძეგლის ზემოთ დგას სომხური ეკლესია, ნამდვილად სომხების იყო, მაგრამ მრევლი აღარ ჰყავდა და დღეს იქ მართლმადიდებელი მრევლი ლოცულობს. გამოვყაროთ მართლმადიდებლები და შევუშვათ გრიგორიანელები?! ოდესღაც სომხებმაც დაიკავეს ქართული ეკლესიები, მაგრამ ისინი იქიდან არავის გამოუყრია. თელეთის წმიდა გიორგის ეკლესია მე-18 საუკუნეში აშკარად ქართველების ხელში იყო, მაგრამ მე-19 საუკუნეში სომხების ხელში აღმოჩნდა იმიტომ, რომ იქ დასახლდნენ, ანუ ქართველების ოდენობამ იკლო, იკლო მრევლმაც. ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთი ლოგიკა უნდა არსებობდეს სომხებისათვისა და ქართველებისათვისაც - თუ ეკლესიაში არის მრევლი, არ უნდა გამოვყაროთ, თუ ეკლესია დაკეტილია, მაშინ დასაბუთდეს, რომ არსებობს მრევლი, რომელიც შევა ამ ეკლესიაში.
საერთოდ, მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ, თუ რაზე ვკლაპარაკობთ - კონფესიურ კუთვნილებასა თუ კულტურულ-ისტორიულ კუთვლინებაზე?! გაიმიჯნოს ეს საკითხები და მაშინ ძალიან ბევრი ფსევდო მწვავე საკითხი მოიხსნება.
ჯავახეთში არსებულ ეკლესიებზე რას იტყვით, ქართულია თუ სომხური?
- ზოგჯერ ვცოდავთ. მაგალითად, გამოვიდა ბატონი არველაძის წიგნი - «სომხური ეკლესიები საქართველოში», სადაც ავტორი არ დავობს ჯავახეთის ეკლესიებზე, რომლებიც დაიჭირა სომხურმა მრევლმა და აცხადებს, ოდითგანვე სომხურიაო. არადა, ფაქტია, რომ მე-19 საუკუნის 30-იან წლებამდე არავითარი სომხობა ჯავახეთში არ ცხოვრობდა. როგორც ჩანს, იყო პატარა ეპიზოდი მე-13 საუკუნეში - სომხების რაღაც ნაწილი მონღოლებს გამოექცა და ჯავახეთში დასახლდა. ძალიან ცოტანი იყვნენ და ჩქარა განიცადეს ასიმილაცია ადგილობრივ ქართველებთან. სომხების დიდი ნაკადი მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან ჩნდება ჯავახეთში და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება შემდეგ წლებშიც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ქართველებსა და სომხებს შორის ეკლესიებზე გაწევ-გამოწევა რუსული პოლიტიკის შედეგია - რუსები აქეზებდნენ სომხებს ქართველების წინააღმდეგ. მაგალითად, მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა ვინმე არგულ აღუთაშილი (აგუტინსკი), რომელმაც ფსევდონიმი «ქართველი» საგანგებოდ აირჩია და «ტბილისის უწყებანის» დამატებაში (სოლომონ დოდაშვილი გამოსცემდა) აქვეყნებს წერილებს. მე-19 საუკუნის ბოლოს აგუტინსკების გვარის დიდი ნაწილი დაშნაკი იყო.
ცნობილ მეცნიერს, ჩხეტიას გამოცემული აქვს დემოგრაფიული მასალები 1820-დან 1920-იან წლებამდე, რომლის მიხედვითაც, მე-19 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს თბილისის მოსახლეობის ნახევარი ქართველი იყო და რუსებმა იმწამსვე ჩამოიყვანეს თურქეთიდან სომხები. ეს სრულიად შეგნებულად გააკეთა რუსეთის ხელისუფლებამ. 50-იან წლებში თურქეთიდან სომხების კიდევ ახალი ნაკადი ჩამოიყვანეს. წარმოიდგინეთ, თურქებთან მუდმივი ქიშპითა და დავით გამწარებული სომხები რა იმპულსით მოდიან - როგორი აგრესიულები არიან და იწყებენ თვითდამკვიდრებას თბილისში. ეს, რა თქმა უნდა, რუსული პოლიტიკაა, რომელიც დღესაც გრძელდება.
რუსეთის საპატრიარქომ დაიწყო ე.წ. მართლმადიდებლური ენციკლოპედიის გამოცემა, რომელიც აბსოლუტურად დაშნაკურია, რადგან მთელ ამიერკავკასიას სომხები კურირებენ. მოსკოვის საპატრიარქომ პირდაპირ დაშნაკებს მისცა დასაწერად, ამიხსენით, რატომ?
ესე იგი, რუსეთის საპატრიარქო დაშნაკებს აწერინებს ამიერკავკასიის მართლმადიდებლურ ისტორიას?
- დიახ, ეს დაიწყო 90-იან წლებში და ახლაც გრძელდება ამ ე.წ. «პრავასლავნაია» ენციკლოპედიის გამოცემა და ამ საშინელების მოწმე ვარ: წერილები დაგვიკვეთეს, დავწერე და გავუგზავნე, მაგრამ ისე ჩაასწორეს, რომ ვერ ვიცანი ჩემი დაწერილი, რაღაც სისულელეები ჩაწერეს და ჩემი გვარით გამოაქვეყნეს. გავაპროტესეტე და შევწყვიტე მათთან ურთიერთობა. გამოსცემენ წიგნებს, ისეთ რაღაცეებს წერენ, გაგიჟდებით, საშინელებაა. რუსეთის საპატრიარქომ გაბედა და მცხეთის ჯვარზე, ბანასა და კიდევ რამდენიმეზე თქვა, ამ ტაძრებზე ჩვენ თვითონ დავწერთ იმიტომ, რომ თქვენ, ქართველები სუბიექტურები ხართო. ჰოდა, ახლა ამ მართლმადიდებლური ეკლესიების ისტორიას დაშნაკებს აწერინებს - ჰყავთ მოსკოვში ერთი სომეხი, რომელსაც არაფერი გაეგება არც მართლმადიდებლური ხელოვნების და არც - ქართული ტაძრების. ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენმა საპატრიარქომ უნდა დაიწყოს საქართველოს ეკლესიების ენციკლოპედიის გამოცემა. ამ თემაზე სპეციალური ჯგუფი, მართალია, შექმნილია, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ნელა მუშაობს. არადა, ქართული ეკლესიების ენციკლოპედია სწრაფად უნდა გაკეთდეს, მაშინვე უნდა ითარგმნოს ინგლისურად, გადაეგზავნოს ევროპის ბიბლიოთეკებს და ეს იქნება მძლავრი არგუმენტი სომხების საპასუხოდ.