ჩინური ეკონომიკის სისუსტეები

ჩინური ეკონომიკის სისუსტეები

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

ჩინურ ეკონომიკას სრულიად სამართლიანად უწოდებენ საოცრებას. სრულიად რეალური პროგნოზების თანახმად მას შეუძლია აშშ-ს ეკონომიკას გაუსწროს და მსოფლიოში პირველი გახდეს. თუმცა, ამგვარ კოლოსსაც აქვს გარკვეული სისუსტეები, რაც ჩინური ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფად ზრდას ხელს უშლის და რაზეც ყურადღება სამართლიანად გაამახვილეს The Wall Street Journal-ის ანალიტიკოსებმა.

ჩინური ეკონომიკის უპირველეს პრობლემად სახელმწიფოს მიერ ბაზრის მკაცრი კონტროლი დასახელდა, რაზეც ქვეყნის ხელისუფლება უარს არა და არ ამბობს. ამასთან, მთავრობა იძულებულია ეკონომომიკის ზრდა ხელოვნურად დაარეგულიროს და ინფლაციას მუდმივად ებრძოლოს. თანაც, გრძელდება ხელფასების ზრდა და შიდა ბაზრის გადატვირთვა.

ეს აუცილებელია, რადგან მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება იზრდება, ხოლო სამომხმარებლო აქტივობა აშკარად მოიკოჭლებს. ჩინეთში ბევრი მდიდრული მაღაზიაა, რომლებიც მუზეუმებს გავს, რომელში შემსვლელთა დიდი ნაწილი დამთვარიელებლის როლში გვევლინება. არადა, სამომხმარებლო დანახარჯების ზრდა ქვეყნისათვის აუცილებელია, სხვა მხრივ, ექსპორტზე მეტისმეტი დამოკიდებულება არასოდეს დასრულდება.

ბოლო დროს ოფიციალური პეკინი შეპყრობილია იდეით, რომ ადგილობრივი იუანი დოლარის მსგავსად ინტერნაციონალურ ვალუტად აქციოს. გასაგებია, რომ მთავრობას სურს ჩინეთი აქციოს ისეთ სავაჭრო ზესახელმწიფოდ, რომელიც ყიდვა-გაყიდვის დროს მხოლოდ საკუტარ ვალუტას იყენებს. თანაც, თუ კრიზისი დაიწყება, ჩინეთი სხვა ქვეყნისაგან კრედიტს უფრო იოლად და იაფად აიღებს. მოკლედ, ჩინელებს ამერიკელთა მიღწევის განმეორება სურთ, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ საპროცენტო განაკვეთს დაბალ დონეზე დატოვებენ და მის მაჩვენებელს ინფლაციის ცვლილებას არ შეუხამებენ.

ჩინელი ბანკირები ხშირად აღნიშნავენ, რომ ხალხი თავს იკავებს ანაბრების გახსნისაგან ძლიერ დაბალი საპროცენტო განაკვეთების გამო და მაჯობინებენ ოქრო ან ვერცხლი შეიძინონ. გარდა ამისა, ჩინელები ფულს აქტიურად აბანდებენ უძრავ ქონებაში.

იუანის ინტერნაციონალურ ვალუტად ქცევა ნიშნავს საპროცენტო განაკვეთის ეკონომიკურად ოპტიმალურ დონესთან მიახლოებას. საბოლოოდ, კი ჩინური ეკონომიკა გამჭვირვალე უნდა გახდეს. ამგვარი ცვლილებებისათვის კი ქვეყნის ლიდერები მზად არ არიან.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინეთში არ არსებობს ბევრი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც განვითარებადი ქვეყანა განვითარებულად უნდა იქცეს. მაგალითად, ჩინეთში პრაქტიკულად აუწყობელია საპენსიო სისტემა. გარდა ამისა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა დარეგულირდეს სოციალური უთანასწორობა.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩინელთა მენტალიტეტიც. როგორც წესი, საშუალო არითმეტიკული ჩინელი ძალზე მომჭირნეა და დანაზოგის გადანახვასაა შეჩვეული, თუნდაც იმიტომ, რომ პენსიის იმედი არ აქვს. ეს კი ხელს უშლის ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იმ დოზით მოხმარებას, რა ტემპითაც იწარმოება. მნიშნელოვან პრობლემად რჩება ინოვაციების ფართოდ დანერგვის არარსებობა.

ჩინეთის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ აგრარული ქვეყანა ზესახელმწიფო ვერ გახდება. ამიტომაც კოლოალური თანხები იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რამაც ეკონომიკის ხარისხობრივი ზრდა უნდა განაპირობოს.

ცხადია, ანალიტიკოსთა მოსაზრება, რომ ჩინეთი უახლოესი 15-20 წლის განმავლობაში ამერიკას ეკონომიკური სუპერსახელმწიფოს წოდებას ჩამოართნევს, სრულიად რეალურია. ამისათვის, ქვეყნის შიდა პროდუქტის წლიური ზრდა 8 პროცენტს არ უნდა ჩამორჩეს. დღევანდელი გადასახედიდან ეს სრულიად რეალური და იოლია. მაგრამ დროთა განმავლობაში ამჟამინდელი ტემპის შენარჩუნება გაჭირდება, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმები არ გატარდა. პირველ რიგში კი, ბაზარი და მსხვილი კორპორაციები უნდა განთავისუფლდეს.