პოლიტიკური რეპრესიები რომ რუსეთში აუცილებელი იქნებოდა, ეს ცხადი გახდა 1917 წლის 24-25 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. ხელისუფლების სათავეში მოსული ბოლშევიკები რეპრესიების გარეშე ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდნენ. ამიტომ იყო, რომ ლენინისა და მისი მთავრობის საზრუნავი გახლდათ, არა სახელმწიფო აღმშენებლობა, არამედ ტერორი, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ფიზიკური განადგურება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ „წითელ ტერორს” საფუძველი დაუდეს – ვლადიმირ ლენინმა, ლევ ტროცკიმ, იაკობ სვერდლოვმა, გრიგოლ ზინოვიევმა, ფელიქს ძერჟინსკიმ. „წითელი ტერორი” მძვინვარებდა ზესახელმწიფოში და კანონიერების ელემენტარული ნორმების დაცვის გარეშე (ვგულისხმობთ გამოძიებასა და სასამართლოს) ანადგურებდა ბოლშევიკების პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს: თავადაზნაურობას, ბურჟუაზიას, ინტელიგენციას, ოფიცრობას, სამღვდელოებას. პროცესი იმდენად გამოსული იყო კონტროლიდან, რომ დღეს ისტორიკოსებს უჭირთ დაადგინონ სიკვდილით დასჯილთა ზუსტი რაოდენობა. მაგალითად, ვიცით, რომ 1925 წლისთვის საბჭოთა რუსეთში სიკვდილით დაისაჯა 250 ათასი სასულიერო პირი, მაგრამ მიახლოებითაც კი არ ვიცით, რამდენი ოფიცერი დასაჯეს. 1918-1920 წლებში მეფის არმიის ოფიცერთა დახვრეტისთვის საკმარისი რაოდენობის ტყვიებიც კი არ აღმოაჩნდათ ცალკეულ რეგიონებში. მაგალითად: ვოლგისპირეთში ტყვედ აყვანილ ოფიცრებს ხელ-ფეხს ეკლიანი მავთულით უკრავდნენ, ბარჟაზე ყრიდნენ, ბარჟა მდინარე ვოლგაში შეჰყავდათ და შემდეგ აფეთქებდნენ. ერთი აფეთქებით სიცოცხლეს უსწრაფავდნენ რამდენიმე ასეულ ოფიცერს. XX საუკუნის 20-იანი წლების რეპრესიები სტიქიური იყო. მას ორგანიზებული ხასიათი არ ჰქონია. 30-იანი წლების რეპრესიები კი წინასწარ დაგეგმილი, კარგად გააზრებული მოვლენა იყო.
ლენინის გარდაცვალების შემდეგ (1924), ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელობაში ხელისუფლებისთვის ბრძოლა გაჩაღდა. ამ ბრძოლაში საბოლოოდ გამარჯვებული იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) გამოვიდა. ეს გამარჯვება სტალინს დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა. სტალინს დიდი ოპოზიცია გაუჩნდა რუსეთის ბოლშევიკური პარტიის ელიტაში, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში და რაც ყველაზე უფრო საშიში იყო – არმიაში. ძველ ბოლშევიკთა დიდი ნაწილი არც სტალინს უჭერდა მხარს და არც ტროცკის. ეს ადამიანები უბრალოდ სვამდნენ კითხვას, – რატომ იქმნებოდა ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმ იდეალებთან (სოციალიზმთან), რომლისთვისაც ისინი იბრძოდნენ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში. ამ ადამიანებს ვერ წარმოედგინათ, რომ საბჭოთა კავშირში ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა სტალინი, რომელსაც იმაზე გაცილებით დიდი და შეუზღუდავი ძალაუფლება ექნებოდა, ვიდრე რუსეთის ბოლო რომანოვ იმპერატორს ნიკოლოზ მეორეს. სტალინის ოპოზიცია სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში ხშირად არასწორად არის გაგებული სტალინის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების: ლევ ტროცკის, გრიგოლ ზინოვიევის, ლევ კამენევისა და სხვათა როლი. ყველანი ისეთივე დიქტატორები და ტირანები იყვნენ, როგორც სტალინი. მაგალითად: ტროცკი თავისი ხელით ხვრეტდა 1920 წელს კრონშტადტში მომხდარი აჯანყების მონაწილეებს. ზინოვიევმა ზამთარში პეტერბურგიდან ქვეყნის ჩრდილოეთში, გაასახლა ინტელიგენციის 2 ათასზე მეტი წარმომადგენელი. გადასახლების ადგილზე ისინი ფეხით უნდა ჩასულიყვნენ. საშინელ ყინვასა და სიცივეში დანიშნულების ადგილამდე არავის ჩაუღწევია, ყველა გზაში გაიყინა. ასე რომ, სტალინი პოლიტიკურ ბრძოლაში კიდეც რომ დამარცხებულიყო, გამარჯვებული ლევ ტროცკი, გრიგოლ ზინოვიევი, ან ნებისმიერი სხვა ბოლშევიკი ლიდერი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ისევ რეპრესიების გზას დაადგებოდა. ეს განპირობებული იყო საბჭოთა სისტემის ბუნებით: ხელისუფლების სათავეში დარჩებოდა ის, ვინც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსა და საერთოდ ოპოზიციას, ფიზიკურად მოსპობდა.
სტალინი უკვე 20-ინი წლების ბოლოს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მას ხელისუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე ელოდა. ამ შემთხვევაში მას ვერ იხსნიდა კონკრეტული პოლიტიკური მოწინააღმდეგის ფიზიკური ლიკვიდაცია. საჭირო იყო რაღაც სხვა. ასე მივიდა სტალინი მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების გატარების აუცილებლობამდე. ეს რეპრესიები ინტენსიურად მიმდინარეობდა 1934 წლის ბოლოდან 1938 წლის გაზაფხულამდე. სტალინს იმდენად მასშტაბური რეპრესიები ჰქონდა დაგეგმილი, რომ ვერავინ წარმოიდგენდა ასეთი რამის გაფიქრებაც კი თუ შეიძლებოდა. რეპრესიები უნდა შეხებოდა ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას, ინტელიგენციას, გლეხობას, მუშებს, არმიას, სამღვდელოებას. მასშტაბურ რეპრესიებს ზესახელმწიფოში უნდა დაემყარებინა ისეთი ფსიქოლოგიური ატმოსფერო, რომ დაეთრგუნა ყველა ოპოზიციონერი და საერთოდ ოპოზიციური აზრი. თითქმის მთლიანად უნდა განადგურებულიყო ძველ ბოლშევიკთა გვარდია, ოპოზიციურად განწყობილი ინტელიგენცია, უნდა აღკვეთილიყო ოპოზიციური აზრი არმიაში. დიდი რეპრესიები უნდა დატეხვოდა თავს სამღვდელოებას, რომელიც ვერანაირად ვერ ეგუებოდა არსებულ პოლიტიკურ სისტემას. სტალინს იმდენად მასშტაბური რეპრესიები ჰქონდა დაგეგმილი, რომ იმჟამინდელი სპეცსამსახური – მთავარი პოლიტიკური სამმართველო ამ რეპრესიების განხორციელებას ვერ აუვიდოდა. 1934 წელს, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, სტალინმა შექმნა მონსტრი – საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (სამინისტრო). სტალინის გეგმების შესახებ არავინ არაფერი უწყოდა, ამიტომ ყველას გაუკვირდა, რომ სტალინმა ახლადშექმნილი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სათავეში არ ჩააყენა სპეცსამსახურის გამოცდილი ორგანიზატორი, ფელიქს ძერჟინსკის მემკვიდრე ამ თანამდებობაზე, ვიაჩესლავ მენჟინსკი, არც სხვა კანდიდატები. სახალხო კომისრად დანიშნა მორალურად გახრწნილი, ჭლექით ძლიერ დაავადებული, ცნობილი მამათმავალი ჰენრიხ იაგოდა. სხვებმა არ იცოდნენ, მაგრამ, სტალინმა ხომ კარგად უწყოდა, რა ბინძური საქმე უნდა ეკეთებინა იაგოდას – ისეთი ბინძური, რომ კაცის კვლაში გაწაფული ცნობილი ბოლშევიკებიც კი იტყოდნენ მასზე უარს. ჰენრიხ იაგოდა მონურად ემორჩილებოდა სტალინს. სიტყვის შეუბრუნებლად ასრულებდა მის ყველა ბრძანებას. იაგოდას უამრავი ადამიანის ტრაგედიაში მიუძღვის წვლილი. სტალინმა კარგად უწყოდა, რომ მონას სამსახური შეუძლია, მაგრამ არა – ერთგულება. ისიც იცოდა, რომ მლიქვნელობა მუხლებზე დაჩოქილი აგრესიაა. ამიტომ იყო, რომ 1936 წელს, სტალინმა ჰენრიხ იაგოდა გადააყენა, ხოლო 1939 წელს – დაახვრეტინა. ყველა გულისფანცქალით ელოდა, ვინ დაიკავებდა იაგოდას სავარძელს. სტალინის არჩევანი ამჯერადაც მოულოდნელი იყო. შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პოსტი დაიკავა იაგოდასავით ჭლექით დაავადებულმა, მამათმავალმა ნიკოლაი ეჟოვმა. ეჟოვი იაგოდას იმით „სჯობდა”, რომ ყველაფერთან ერთად, უსაშველო ლოთიც იყო. რეპრესიების ძირითადი ტალღა სწორედ ეჟოვის სახალხო კომისრობის წლებზე მოდიოდა. 1938 წელს სტალინმა ეჟოვიც გადააყენა, ხოლო 1940 წელს ისიც იაგოდას გზას გაუყენა. სტალინის ცინიზმი იქამდე მივიდა, რომ ნიკოლაი ეჟოვს ბრალი დასდო ადამიანების უსამართლოდ რეპრესირებაში და მის მემკვიდრეს, ლავრენტი ბერიას მიზნად დაუსახა ეჟოვის მიერ დაშვებული შეცდომები გამოესწორებინა. ეს იყო ცინიზმი, მაგრამ ცინიზმი უფრო ნათლად ვლინდებოდა კონკრეტული ადამიანების ბედის გადაწყვეტისას. ცნობილი რუსი მწერალი, მაქსიმ გორკი სიცოცხლის ბოლო წლებში მკვეთრად დაუპირისპირდა სტალინს. მათი ბოლო საუბრები ორმხრივი ლანძღვა-გინებით მთავრდებოდა. მაქსიმ გორკი ავად გახდა, ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ის ნელი მოქმედების შხამით მოწამლეს. როგორც ჩანს, ეს ხმები უცხოეთშიც გავრცელდა და გორკის ნიჭის დამფასებელი მწერლები საბჭოთა კავშირში ჩამოსვლისთვის ემზადებოდნენ. ცხადია, სტალინს ეს ხელს არ აძლევდა. უცხოელმა მწერლებმა მოსკოვში ჩამოსასვლელი ვიზა ვერ მიიღეს. ერთ დღეს სტალინმა კრემლის საავადმყოფოში მაქსიმ გორკის მონახულება გადაწყვიტა. თავისი სამუშაო კაბინეტიდან გამოსულს მოულოდნელად აცნობეს, რომ უცხოელ მწერლებს პროფკავშირების საშუალებით, ვიზის მიღება მოეხერხებინათ და მალე მოსკოვში იქნებოდნენ. სტალინი შეჩერდა და ხმამაღლა მიმართა ამბის მომტანს: რისთვის მოდიან უცხოელი მწერლები მოსკოვში? დაბნეულმა და გაოცებულმა მაცნემ უპასუხა: ავადმყოფი მაქსიმ გორკის სანახავად. სტალინმა თანმხლები პირები შეათვალიერა და თითქოს სხვათა შორის ჩაილაპარაკა: მაქსიმ გორკი ხომ გარდაიცვალა! ვიღაცას ანგარიშმიუცემლად წამოსცდა: როდის?! სტალინმა ისევ სხვათა შორის ჩაილაპარაკა: მგონი, გუშინ! ბელადი თავის სამუშაო კაბინეტში დაბრუნდა. მალე გორკი მართლაც „გარდაიცვალა”.
ადამიანის ბედისადმი ასეთი დამოკიდებულება 30-იანი წლებიდან გაგრძელდა 40-იან წლებშიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი გახდა ედუარდ ბენეში, რომელსაც სტალინი სხვადასხვა მიზეზების გამო, ორგანულად ვერ იტანდა. ლავრენტი ბერიამ მიიღო ბენეშის ფიზიკური ლიკვიდაციის ბრძანება. სპეცსამსახურები დავალების შესრულებას შეუდგნენ. ერთ დღეს სტალინი კრემლში თათბირს ატარებდა. დარბაზში სულ რამდენიმე ათეული კაცი იჯდა. მომხსენებელი ტრიბუნაზე იდგა და სტალინისთვის თავის მოწონებას ცდილობდა. ამ დროს დარბაზში ლავრენტი ბერია შემოვიდა და რამდენიმე კაცთან ერთად პრეზიდიუმში მჯდომ სტალინს ხმადაბლა მოახსენა: ედუარდ ბენეში დაპატიმრებულია! სტალინმა ხმადაბლა ჰკითხა: სად იმყოფება? ბერიამ კიდევ უფრო ხმადაბლა უპასუხა: პრაღაში, თავის რეზიდენციაში! სტალინი წამოდგა, მომხსენებელმა მაშინვე საუბარი შეწყვიტა. ბელადმა უკვე ხმამაღლა მოახსენა დარბაზში მსხდომთ: ამხანაგებო, სულ ახლახან ლავრენტი პავლეს ძემ სამწუხარო ამბავი მაცნობა, პრაღაში პრეზიდენტის რეზიდენციის ფანჯრიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა პრეზიდენტმა ბენეშმა. სტალინი დაჯდა. ლავრენტი ბერია დარბაზიდან გავიდა, სპეციალური კავშირისთვის განკუთვნილ ოთახში შევიდა, მორიგე ოფიცერს ტელეფონის ყურმილი გამოართვა და აუღელვებლად გასცა ბრძანება: გადმოაგდეთ ფანჯრიდან! ასე დაასრულა სიცოცხლე პრეზიდენტმა ედუარდ ბენეშმა.
მეოცე საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიები განპირობებული იყო ერთადერთი მიზეზით – ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლით. ეს რეპრესიები რომ არა, საბჭოთა სახელმწიფო გაცილებით ადრე დაასრულებდა არსებობას.