პროექტი - ”ევროპა ირჩევს”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ევროპისა და საქართველოს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის, მიმდინარე საარჩევნო კამპანიების, პოლიტიკური პრაქტიკების, მოქმედი ლიდერებისა და პოლიტიკური სუბიექტების შესახებ.
ვთვლით, რომ აუცილებელია ქართული საზოგადოება სათანადოდ გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებას; ამიტომ გადავწყვიტეთ დეტალურად წარმოვადგინოთ ინფორმაცია ევროპული და საქართველოს მეზობელი ქვეყნების საარჩევნო პროცესებისა და კამპანიების შესახებ.
პროექტის მსვლელობის განმავლობაში ყველა კამპანიას მიეძღვნება სტატიების ციკლი (სტატიები მომზადდება ოფიციალური საინფორმაციო რესურსების გამოყენებით). სტატიებში ასახული იქნება:
1. შესაბამისი ქვეყნის პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის მიმოხილვა
2. ინფორმაცია ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების შესახებ
3. ინფორმაცია გავლენის ჯგუფების შესახებ (პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები, რელიგიური ჯგუფები, სამოქალაქო აქტივისტები, სათემო ორგანიზაციები)
4. მიმდინარე კამპანიის არსი - რა სახის არჩევნებია (პარლამენტი, თვითმმართველობა, პრეზიდენტი), რა თემაზეა რეფერენდუმი (პლებისციტი)
5. ბოლო პერიოდისათვის (10-15 წელი) დამახასიათებელი პოლიტიკური ტენდენციების მიმოხილვა
6. კამპანიის მსვლელობა, რეიტინგები და ავტორიტეტული ექსპერტების გამოქვეყნებული კომენტარები
7. არჩევნების (რეფერენდუმის, პლებისციტის) შედეგები და შედეგების კომენტარები
ამომრჩევლის ინფორმირება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს და მომავალში არაერთი საინფორმაციო პროექტი განხორციელდება.
ინგლისის ადგილობრივი არჩევნები 2011 წლის 5 მაისს ინგლისში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. არჩევნებში პოლიტიკური პარტიები 279 საკრებულოში მანდატების მოსაპოვებლად იბრძოდნენ.
არჩევნებამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ უფრო მეტი დანაკარგი ექნებოდათ იმ პარტიებს, რომლებიც მმართველ კოალიციაში შედიოდნენ - კონსერვატორებსა და ლიბერალ-დემოკრატებს. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტია კი, მზად იყო დაებრუნებინა პოზიციები მმართველობის მუნიციპალურ ორგანოებში. არჩევნების შედეგებმა ამ ვარაუდის მართებულობა დაადასტურეს.
შედეგები მუნიციპალიტეტების მიხედვით
კონსერვატორული პარტია - 157 (2011), 153 (2007)
ლეიბორისტული პარტია - 57(2011), 31 (2007)
ლიბერალ-დემოკრატიული პარტია - 10 (2011), 19 (2007)
არც ერთ პარტიას არ აქვს კონტროლი - 55 (2011), 76 (2007)
წარმომადგენელთა რაოდენობა ადგილობრივ საკრებულოებში
კონსერვატორული პარტია - 5018 (2011), 5023 (2007). ცვლილება: +85
ლეიბორისტული პარტია - 2459 (2011), 1602 (2007). ცვლილება: +857
ლიბერალ-დემოკრატიული პარტია - 1099 (2011), 1846 (2007). ცვლილება: -747
რეზიდენტების ასოციაცია - 48 (2011), 51 (2007). ცვლილება: -3
მწვანეთა პარტია - 79 (20110, 65 (2007). ცვლილება: +14
სხვა - 657 (2011), 877 (2007). ცვლილება: -220
ოპოზიციურმა ლეობორისტულმა პარტიამ, ედ მილიბენდის ხელმძღვანელობით, შეძლო დაებრუნებინა ამომრჩეველთა სიმპათიები და არჩევნები საკმაოდ კარგი შედეგებით დაასრულა - მოწინააღმდეგეებს 57 საკრებულოში აჯობეს და მუნიციპალურ გამგეობებში დაახლოებით 2500 მანდატი მოიპოვეს, მაგრამ დინამიკა აშკარად ძირითადი ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ მეტყველებს. ლეიბორისტებმა უმრავლესობა 26 ახალ მუნიციპალურ გამგეობაზე მოიპოვა 850 დამატებით მანდატთან ერთად. გარდა ამისა, ლეიბორისტულმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება მანჩესტერში, ლივერპულში, ბოლტონში, ქოვენთრიში და ლიდსში.
5 მაისის არჩევნებმა აჩვენა, რომ ლიბერალ-დემოკრატების პოპულარობა შესამჩნევად დაეცა. ადგილობრივ დონეზე ლიბერალებმა თითქმის 750 მანდატი დაკარგეს. ასევე, დაკარგეს კონტროლი 9 მუნიციპალიტეტზე, დასჯერდნენ რა მხოლოდ 1099 ადგილს. ლიბერალ-დემოკრატებმა დაკარგეს კონტროლი მათთვის ისეთ მნიშვნელოვან მუნიციპალიტეტებზე, როგორიცაა, მაგალითად, შეფილდი, საიდანაც პარლამენტში იქნა არჩეული მათი ლიდერი, ნიკ კლეგი. კლეგმა შედეგებს „სავალალო“ უწოდა.
„პოლიტიკაში, ისევე როგორც - ცხოვრებაში, არის გამარჯვებები და დაცემები. არჩევნებზე ჩვენ უდიდესი დარტყმა მივიღეთ და მომხდარი გაკვეთილი უნდა გახდეს“. - განაცხადა ლიბერალ-დემოკრატთა ლიდერმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თავისი მდგომარეობა გაიუმჯობესა მწვანეთა პარტიამ. თვითმმართველობებში მას 14-ით მეტი წარმომადგენელი (79) ეყოლება, ვიდრე 2007 წლის არჩევნების შედეგად. მწვანეთა პარტიის ეს შედეგი საზოგადოებრივი აზრის იმ კვლევებს ეხმაურება, რომელთა თანახმადაც, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობა მკვეთრად შემცირდა. შედეგად, ამომრჩევლები სულ უფრო ხშირად აძლევენ ხმას იმ პარტიებს, რომლებიც კამპანიას ადგილობრივ პრობლემებზე აგებენ, ან აქვთ შედარებით ვიწრო პროგრამა (მაგალითად, მწვანეთა პარტია და UKIP, რომელიც ევროკავშირში ბრიტანეთის წევრობის წინააღმდეგ გამოდის).
არჩევნების შედეგებს ექსპერტები ლიბერალური ელექტორატის სამთავრობო კოალიციის კურსით უკმაყოფილებას მიაწერენ. ამ უკმაყოფილების მიზეზად სახელდება ის, რომ კოალიციის შექმნის შემდეგ პარტიას მოუწია აჰყოლოდა მოკავშირის (კონსერვატორული პარტიის) კურსს, თუმცა ეს მოსაზრება საკმაოდ საკამათოა, ვინაიდან ორივე პარტია თავისუფალი ბაზრის მომხრე და ცენტრისტები არიან. ნიკ კლეგი და დევიდ ქემერონი მნიშვნელოვან საკითხებში იდეოლოგიურად დაპირისპირებულ მხარეებს არ წარმოადგენენ. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას ამომრჩეველთა მხარდასაჭერის მოსაპოვებლად კოალიციის უფროსი პარტნიორის და ელექტორატის ინტერესებს შორის „ოქროს შუალედის“ პოვნა მოუწევს.