საპარლამენტო არჩევნები შოტლანდიაში

საპარლამენტო არჩევნები შოტლანდიაში

პროექტი - ”ევროპა ირჩევს”

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ევროპისა და საქართველოს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის, მიმდინარე საარჩევნო კამპანიების, პოლიტიკური პრაქტიკების, მოქმედი ლიდერებისა და პოლიტიკური სუბიექტების შესახებ.

ვთვლით, რომ აუცილებელია ქართული საზოგადოება სათანადოდ გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებას; ამიტომ გადავწყვიტეთ დეტალურად წარმოვადგინოთ ინფორმაცია ევროპული და საქართველოს მეზობელი ქვეყნების საარჩევნო პროცესებისა და კამპანიების შესახებ.

პროექტის მსვლელობის განმავლობაში ყველა კამპანიას მიეძღვნება სტატიების ციკლი (სტატიები მომზადდება ოფიციალური საინფორმაციო რესურსების გამოყენებით). სტატიებში ასახული იქნება:

1.      შესაბამისი ქვეყნის პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის მიმოხილვა

2.      ინფორმაცია ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების შესახებ

3.      ინფორმაცია გავლენის ჯგუფების შესახებ (პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები, რელიგიური ჯგუფები, სამოქალაქო აქტივისტები, სათემო ორგანიზაციები)

4.      მიმდინარე კამპანიის არსი - რა სახის არჩევნებია (პარლამენტი, თვითმმართველობა, პრეზიდენტი), რა თემაზეა რეფერენდუმი (პლებისციტი)

5.      ბოლო პერიოდისათვის (10-15 წელი) დამახასიათებელი პოლიტიკური ტენდენციების მიმოხილვა

6.      კამპანიის მსვლელობა, რეიტინგები და ავტორიტეტული ექსპერტების გამოქვეყნებული კომენტარები

7.      არჩევნების (რეფერენდუმის, პლებისციტის) შედეგები და შედეგების კომენტარები

ამომრჩევლის ინფორმირება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს და მომავალში არაერთი საინფორმაციო პროექტი განხორციელდება.


საპარლამენტო არჩევნები შოტლანდიაში

შოტლანდიაში არჩევნები 2011 წლის 5 მაისს გაიმართა. ამომრჩევლები შოტლანდიის საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს ირჩევდნენ. პარტიებს შორის ბრძოლა შოტლანდიის პარლამენტის 129 ადგილისთვის გაიმართა.

საპარლამენტო არჩევნები შოტლანდიაში შერეული პროპორციული სიტემით იმართება, რომელიც თავიდანვე  იმისთვის დაინერგა, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ერთპარტიული მმართველობა. 73 კანდიდატი ირჩევა  first past the post სისტემით, დანარჩენი 56 - Additional Member სისტემით (AMS) პარლამენტარები ირჩევიან 4 წლის ვადით. მას შემდეგ, რაც 1999 წელს  პარლამენტი ჩამოყალიბდა, ეს იყო რიგით მეოთხე არჩევნები.

არჩევნებში საკმაოდ სენსაციური შედეგები დაფიქსირდა - გამარჯვებას ლეიბორისტებს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მათ ხმათა მხოლოდ 26.3% მიიღეს, გამარჯვება კი შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ მოიპოვა, რომელიც აქამდე უმცირესობას ედგა სათავეში. შოტლანდიელებისაგან მათ  69 ადგილი და 45%-იანი მხარდაჭერა მიიღეს. ამომრჩევლებმა მხარი კვლავ  ალექს სალმონდის კაბინეტს დაუჭირეს.

შოტლანდიის საპარლამენტი არჩევნების შედეგები ასე გამოიყურება:

შოტლანდიის ნაციონალური პარტია - 69 (2011), 46 (2007)

ლეიბორისტული პარტია - 37 (2011), 44 (2007)

კონსერვატორული პარტია - 15 (2011), 20 (2007)

ლიბერალ დემოკრატიული პარტია - 5 (2011), 17 (2007)

სხვები - 3 (2011), 2 (2007)

შედეგებიდან ჩანს, რომ შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ წინა არჩევნების შედეგი 23 მანდატით გააუმჯობესა, ლეიბორისტულმა პარტიამ დაკარგა 7 მანდატი, კონსერვატორებმა - 5, ლიბერალ-დემოკრატებმა კი - 12. მწვანეებმა შედეგი გააუმჯობესეს და ერთის ნაცვლად ორი ადგილის მოპოვება შეძლეს. პარლამენტში ადგილი შეინარჩუნა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, მარგო ეშტონმა.

შოტლანდიის ნაციონალური პარტიისადმი ასეთ მხარდაჭერას ექსპერტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ შოტლანდიაში ამომრჩეველი უფრო მემარცხენეა, ვიდრე დანარჩენ ბრიტანეთში. სოციალურ-ეკონომიკური საკითხების უმრავლესობაში კი შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას უფრო მემარცხენე პოზიცია უკავია, ვიდრე ლეიბორისტებს. მაგრამ მთავარი, მაინც, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაპირებაა, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ჩაატაროს რეფერენდუმი შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე. კონსერვატორებს, ლეიბორისტებსა და ლიბერალ-დემოკრატებს საწინაღმდეგო პოზიცია უკავიათ. 

„შოტლანდიელმა ხალხმა ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენ ვალდებულნი ვართ, მივენდოთ ჩვენს ხალხს. ამიტომ, ახალი საპარლამენტი ვადის განმავლობაში ჩვენ ჩავატარებთ რეფერენდუმს, მივცემთ შოტლანდიის მკვიდრთ საშუალებას, გადაწყვიტონ ქვეყნის კონსტიტუციური მომავალი“ - აცხადებს ალექს სალმონდი.

მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიელი ამომრჩეველი ექსპერტების მიერ ხასიათდება, როგორც მემარცხენე, არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩატარდება რეფერენდუმი, შოტლანდიის მკვიდრნი არ დაუჭერენ მხარს დამოუკიდებლობის იდეას. გაზეთმა „Scottish Sunday Mail“ აპრილში გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც მხოლოდ 33 პროცენტი უჭერს მხარს შოტლანდიის დამოუკიდებლობას, 43 პროცენტი კი,  სტატუს ქვოს შენარჩუნებას არჩევს. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, პარტიას, შოტლანდიელების „მემარცხენეობა“დამაჯერებელი გამარჯვების მოსაპოვებლად მაინც „ეყო“.

შოტლანდიის ისტორიაში პირველად, შოტლანდიის ნაციონალური პარტია ერთპარტიულ მთავრობას ჩამოაყალიბებს. მან პირველად, თავისი ისტორიის განმავლობაში, შეძლო მოეპოვებინა საპარლამენტო არჩევნებზე მანდატთა უმრავლესობა. პარტიების დანარჩენმა ნაწილმა ადგილები მიიღო ლეიბორიტების ხარჯზე, რომლებმაც არჩევნებზე მარცხი განიცადეს. შოტლანდიის ლეიბორისტული პარტიისთვის ეს იყო ყველაზე უარესი შედეგი 1931 წლის შემდეგ. პარტიის ლიდერმა იან გრეიმ ამ მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ დატოვებდა პოსტს. სტრატკაიდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონ კერტისი თვლის, რომ ლეიბორისტების დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი წინასაარჩევნო კამპანიის ჩავარდნა გახდა.

შოტლანდიური ნაციონალური პარტიის იტორია, რომელიც 1934 წლიდან იწყება, სავსეა დაცემითა და გამარჯვებით, მაგრამ მთლიანობაში იგი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მარგინალური მოძრაობა  რეალური პოლიტიკური ძალა გახდეს.