პროექტი - ”ევროპა ირჩევს”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ევროპისა და საქართველოს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის, მიმდინარე საარჩევნო კამპანიების, პოლიტიკური პრაქტიკების, მოქმედი ლიდერებისა და პოლიტიკური სუბიექტების შესახებ.
ვთვლით, რომ აუცილებელია ქართული საზოგადოება სათანადოდ გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებას; ამიტომ გადავწყვიტეთ დეტალურად წარმოვადგინოთ ინფორმაცია ევროპული და საქართველოს მეზობელი ქვეყნების საარჩევნო პროცესებისა და კამპანიების შესახებ.
პროექტის მსვლელობის განმავლობაში ყველა კამპანიას მიეძღვნება სტატიების ციკლი (სტატიები მომზადდება ოფიციალური საინფორმაციო რესურსების გამოყენებით). სტატიებში ასახული იქნება:
1. შესაბამისი ქვეყნის პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის მიმოხილვა
2. ინფორმაცია ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების შესახებ
3. ინფორმაცია გავლენის ჯგუფების შესახებ (პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები, რელიგიური ჯგუფები, სამოქალაქო აქტივისტები, სათემო ორგანიზაციები)
4. მიმდინარე კამპანიის არსი - რა სახის არჩევნებია (პარლამენტი, თვითმმართველობა, პრეზიდენტი), რა თემაზეა რეფერენდუმი (პლებისციტი)
5. ბოლო პერიოდისათვის (10-15 წელი) დამახასიათებელი პოლიტიკური ტენდენციების მიმოხილვა
6. კამპანიის მსვლელობა, რეიტინგები და ავტორიტეტული ექსპერტების გამოქვეყნებული კომენტარები
7. არჩევნების (რეფერენდუმის, პლებისციტის) შედეგები და შედეგების კომენტარები
ამომრჩევლის ინფორმირება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს და მომავალში არაერთი საინფორმაციო პროექტი განხორციელდება.
რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში
2011 წლის 5 მაისს, დიდ ბრიტანეთში, თემთა პალატის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. ეს იყო პირველი საერთო-ნაციონალური რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში ბოლო 36 წლის განმავლობაში. ბრიტანელებს სთავაზობდნენ, მიეღოთ თემთა პალატის არჩევნების ახალ სისტემაზე გადასვლის გეგმა.
არჩევნების მოქმედი სისტემა გულისხმობს, რომ დეპუტატის მანდატს იღებს კანდიდატი, რომელიც ხმათა უბრალო უმრავლესობას იღებს. ალტერნატიული სისტემა გაცილებით რთულია. ახალი სისტემის მიხედვით, ამომრჩეველს შეუძლია ბიულეტენში კანდიდატებს უპირატესობის ნიშნები მიანიჭოს. კანდიდატები, რომლებიც აღმოჩნდებიან პირველები ბიულეტენების 50%-ზე მეტში, ავტომატურად იღებენ ადგილს პარლამეტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი, რომელსაც ყველაზე ნაკლები „პირველი არჩევანი“ მიენიჭება, გაიცხრილება, მისი ხმები კი ემატება იმ კანდიდატებს, რომლებიც ამომრჩევლებმა მიუთითეს, როგორც „მეორე არჩევანი“. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ რომელიმე დეპუტატი არ მიიღებს ხმათა 50%-ს.
რეფერენდუმის მთავარი ინიციატორი იყო ნიკ კლეგი - ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და მმართველ კოალიციაში კონსერვატორების უმცროსი პარტნიორი. სწორედ კონსერვატორების თანხმობა, ჩატარებულიყო რეფერენდუმი, იყო ერთ-ერთი მთავარი პუნქტი კოალიციური შეთანხმებისა, კოალიციისა, რომელმაც საშუალება მისცა კონსერვატორ დევიდ კემერონს მოეპოვებინა უმრავლესობა და დაეკავებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა 67.9 % (ყველა 12 საარჩევნო რეგიონი, ასევე - 430 საარჩევნო ოლქი 440-დან) არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლის წინააღმდეგ წავიდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 42.2% შეადგინა.
პარტიების პოზიციები
მმართველი კონსერვატიული პარტია მაჟორიტარული ხმის მიცემის არსებულ სისტემაში ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიოდა. დევიდ კამერონმა ალტერნატიულ ხმის მიცემის სისტემას „გიჟური, არადემოკრატიული და ბუნდოვანი“ უწოდა და მიუთითა, რომ იგი არსებობს მსოფლიოს მხოლოდ სამ ქვეყანაში - ავსტრალიაში, პაპუა-ახალ გვინეასა და ფიჯიში.
კონსერვატორული პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ წინადადების მხარდაჭერას შედეგად შეიძლება მოჰყვეს პარლამენტში ექსტრემისტული პარტიების მოსვლა. ამის გამო ლიბერალ-დემოკრატმა, კლირ ჰიუმ კონსერვატორების მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი, საიდუ ვარსი გებელსის სტილის პროპაგანდაში დაადანაშაულა. მიუხედავად ამისა, თემთა პალატის ცალკეულმა დეპუტატებმა ალტერნატიულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი მაინც დაუჭირეს. ასევე, აღსანიშნავია, რომ კონსერვატორ დეპუტატთა ნაწილი ახალ სისტემაზე გადასვლას პრობლემად არ მიიჩნევს, ვინაიდან ვარაუდობენ, რომ არჩევნების მოგებას ახალი სისტემის პირობებშიც შეძლებენ.
კოალიციაში კონსერვატორების მოკავშირე, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, ცალსახად უჭერს მხარს ახალ სისტემაზე გადასვლას. პარტიის ლიდერმა, ნიკ კლეგმა განაცხადა, რომ ამჟამად ბევრი დეპუტატი პარლამენტში არჩეულია უბრალო უმრავლესობით, ამომრჩეველთა 50%-ზე ნაკლების მიერ, რაც სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პარლამენტის ლეგიტიმურობას. მან აღნიშნა, რომ არსებული სისტემით, არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ორი წამყვანი პარტიის მომხრეების ორგანიზებულობაზე. მისი თქმით, ალტერნატიული სისტემის პირობებში, კანდიდატები იძულებულები იქნებიან უფრო აქტიურად იბრძოლონ მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
რეფერენდუმთან დაკავშირებული პოზიციის დაფიქსირებისას ლეიბორისტებში ბზარი გაჩნდა. ლეიბორისტული პარტიის ახლახანს არჩეული ლიდერი, ედ მილიბენდი, მხარს უჭერს პრეფერენციალურ ხმის მიცემის სისტემაზე გადასვლას. რეფერენდუმზე გამოტანილი საკითხის წინააღმდეგ გამოვიდნენ დევიდ ბლანკეტი, ჯონ პრესკოტი და მარგარეტ ბეკეტი, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის საკმაოდ ცნობილ სახეებს წარმოადგენენ. საინტერესოა ის, რომ ადრე, ტონი ბლერის პრემიერ მინისტრობის პერიოდში და 1997 წლის არჩევნების დროს, ლეიბორისტები აქტიურად განიხილავდნენ საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხს.
კაროლინ ლუკასმა, მწვანეთა პარტიის ლიდერმა ალტერნატიულ სისტემასთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია დააფიქსირა:
„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ბრიტანეთს ნამდვილად ჭირდება საარჩევნო რეფორმა, მაგრამ არა - ლიბერალ დემოკრატების მიერ შემოთავაზებული „დამატებითი ხმის მიცემის სისტემა“. ალტერნატიული ხმის მიცემის სისტემა არ არის რეალურად პროპორციული და დაეხმარება სამ პარტიას, შეინარჩუნოს დომინირება ამჟამინდელ პოლიტიკურ სისტემაში და ეფექტურად დაბლოკონ ახალი იდეები“
ექსპერტების მოსაზრებები ასევე ორად გაიყო:
„ითვლება, რომ ხმის მიცემის ახალი სისტემა რთულია. არაფერი მსგავსი, - წერს Independent-ის ერთ-ერთი მიმომხილველი, - თუკი თქვენთვის არაა რთული დაითვალოთ სამამდე, თქვენ წყვეტთ, კანდიდატთაგან რომელს რომელი ადგილი მიანიჭოთ და რამდენ მათგანს გინდათ დაუჭიროთ მხარი... ახალი სისტემა არაა რთული, ის უფრო განვითარებულია.“
საპირისპირო მოსაზრებით:
ალტერნატიული ხმის მიცემის სისტემა არის ნაკლებად პროპორციული, ვიდრე - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ეს ერთგავრი ბრმა გადაწყვეტილებაა, ვინაიდან კანდიდატების რანჟირებისას ამომრჩევლებს მოუწევთ მიიღონ არაინფორმირებული გადაწყვეტილება ამომრჩევლებს არ შეუძლიათ იცოდნენ მათი ხმა „გამოადგება“ მის კანდიდატს თუ არაასევე, კეთდებოდა პროგნოზები, თუ რას შეცვლიდა ალტერნატიულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ექსპერტების მოსაზრებით, ახალი სისტემა გაზრდის სამთავრობო კოალიციების ჩამოყალიბების საჭიროებას. ასევე - არსებობს ვარაუდი, რომ ხმის მიცემის ახალი სისტემა გაზრდის პარტიების რაოდენობას, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან თემთა პალატაში იმ პარტიების ხარჯზე, რომლებიც საკმაოდ პოპულარულნი არიან ქვეყანაში მთლიანობაში, მაგრამ არ აქვთ მსხვილი მხარდაჭერის ცენტრები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია.
გაკეთდა გათვლები, თუ როგორ შედეგს მიიღებდნენ პარტიები 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ლიბერალ-დემოკრატებს ალტერნატიული საარჩევნო სისტემა ყველაზე უკეთეს შედეგს მისცემდა, პარტია მიიღებდა 36 მანდატით მეტს, ვიდრე არსებული სისტემით მიიღო. ასევე, მოგებულნი დარჩებოდნენ ლეიბორისტები (დამატებით 22 ადგილი). ეს სისტემა წამგებიანი იქნებოდა კონსერვატორებისთვის, რომლებიც თემთა პალატაში 58 ადგილს დაკარგავდნენ, რასაც შესაძლოა მათი უმრავლესობაში ყოფნის საკითხი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. მართლაც, თეორიულად, ალტერნატიული შედეგებით, ლეიბორისტებისა და ლიბერალ-დემოკრატების კოალიცია შეძლებდა ხელისუფლებაში მოსვლას.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ძნელი არ არის, რომ პარტიების პოზიციას ძალიან მარტივი, პრაგმატული ახსნა მოვუძებნოთ.