როგორ «დაავერბოვკეს» «ახლები» და რა კომპრომატები დაუდეს «ნაციონალებმა» გიორგი თარგამაძეს

როგორ «დაავერბოვკეს» «ახლები» და რა კომპრომატები დაუდეს «ნაციონალებმა» გიორგი თარგამაძეს

«ქრისტიან-დემოკრატები» გასაგებია, მაგრამ «ახლებიც»? თუმცა, რატომაც არა?! _ ქართული პოლიტიკა ხომ ერთგვარი ბიზნესია. აღებ-მიცემობა კი, ყველაზე კარგად იმ ლიდერებმა იციან, რომლებიც დიდ პოლიტიკაში «მეწარმეობიდან» მოვიდნენ. მოკლედ, როგორც «ახალი მემარჯვენეების» ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, პოლიტიკური «რვიანი» უკვე ისტორიის კუთვნილებაა, რამეთუ მან თავისი მისია შეასრულა, თუმცა მოგეხსენებათ, მედალს მეორე მხარეც აქვს. ჰოდა, ირკვევა, რომ «რვიანი» არც ისტორიის კუთვნილებაა და, მით უმეტეს, არც მისია ამოუწურია. უბრალოდ, «რვიანს» ორი სუბიქეტი _ «ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა» და «ახალი მემარჯვენეები» გაემიჯნა, ანუ «რვიანი» «ექვსიანად» გადაკეთდა და მუშაობას ძველ რეჟიმში აგრძელებს. ისე, როგორც «ქართულმა სიტყვამ» გაარკვია, თარგამაძისა და გამყრელიძის «ნაციონალებთან» დაახლოება «გაექვსიანებულ» «რვიანს» მაინცდამაინც არ გაჰკვრვებია. მეტიც, როგორც ინფორმატორები იუწყებიან, ბოლო ორი თვის განმავლობაში «ახლებსა» და «ქრსტიან-დემოკრატებს», თურმე, «სული კბილით ეჭირათ», რომ «სულთანის ხალათით» შემოსილიყვნენ

თუკი ცალკეულ ექსპერტებს დავუჯერებთ, ხელისუფლების შეთავაზება, რომელზეც «ახლები» და «ქრისტიან-დემოკრატები» «დაფეთდნენ», რეალურად, არაფერია და ეს ყველაფერი დიდი გარიგება, უფრო სწორად, თვალის ახვევაა. ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, თითქმის ვერც ერთი ობივატელი ვერ მიხვდება, თუ რა დათმო ხელისუფლებამ. ყოველ შემთხვევაში, ამ «დათმობებიდან» ყველაზე კარგად დასამახსოვრებელი მილიონი ლარია, ანუ თავდაპირველი ვერსიით, «რვიანის» ის წევრები, ვინც «ნაცების» შეთავაზებაზე ხელს ოფიციალურად მოაწერდნენ, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან მილიონ ლარს მიიღებდნენ, თუმცა მოგვიანებით, «ახლებმა» «თავის ქება» დაიწყეს, ხელისუფლებას ამ კაბალური პუნქტის შეცვლა ვაიძულეთ და საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, მილიონს «არარვიანელებიც» მიიღებენო. ჰოდა, როგორც იტყვიან, ერთკაციანი პარტიების ლიდერებმაც, მაგალითად, პაატა დავითაიამ თუ გია თორთლაძემ ზემოხსენებულ გაურკვეველ დოკუმენტს ხელი სულ «ჯლიგინ-ჯლიგინით» მოაწერეს...

მოკლედ, თუკი ობიექტურად ვიმსჯელებთ, «ნაცმოძრაობას» უკვე ჰყავს «დანიშნული» ოპოზიცია. ასეთი ოპოზიციის არყოლას სააკაშვილის ორბიტა არც აქამდე განიცდიდა, მაგრამ ახლა ამ «მარაქაში» «ახლებიც» გაერივნენ... სწორედ ესაა საინტერესო, თუ როგორ მოახერხა სახელისუფლებო გუნდმა «ახალი მემარჯვენეების» «დავერბოვკება»?

როგორც «ქართულ სიტყვას» ინფორმატორებმა უამბეს, «რვიანში» სახელისუფლებო ინტერესების გატარებაზე ფარულად, თურმე, ლევან ვეფხვაძე და ნიკა ლალიაშვილი მუშაობდნენ. სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ «ნაციონალებთან» შეთანხმებაზე ხელი, «ქრისტიან-დემოკრატების» სახელით სწორედ ნიკა ლალიაშვილმა მოაწერა. ისე, არც ისაა გასაკვირი, რომ ლევან ვეფხვაძე, პირდაპირ თუ ირიბად, სამთავრობო გუნდის ინტერესებს იცავს _ ვეფხვაძის მეუღლე ხომ გია ბარამიძის პრესსამსახურის უცვლელი შეფია?!

ერთი სიტყვით, როგორც ინფორმატორები ჰყვებიან, ვეფხვაძე-ლალიაშვილის ტანდემი გიორგი თარგამაძეს მუდმივად «ამუშავებდა». ბოლოს კი, «ნაციონალებმა» თარგამაძეს პატარკაციშვილისდროინდელი კომპრომატები დაუდეს და, თურმე, ისიც უთხრეს, თუ ჭკუით არ იქნები, ამ ქვეყანაში ერთი «კამერა» შენთვისაც მოიძებნებაო.

ახლა, ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ გიორგი თარგამაძესა და «ნაციონალებს» შორის ანალოგიური «რაზბორკა» მართლა გაიმართა, მაგრამ თარგამაძეზე ზეწოლისთვის, როგორც ამბობენ, საკმარისზე მეტი ფაქტი არსებობს...
რაც შეეხება «ახლებს», გამყრელიძის გუნდმა კი, თურმე, ცდუნებას ვერ გაუძლო. ისე, ხელისუფლების სასარგებლოდ თამაში ამ პოლიტიკური გაერთიანებისთვის შესაძლოა, ერთგვარი პოლიტიკური რეინკარნაციაც იყოს, თუმცა ამ პარტიას «რეინკარნაცია» «რვიანის» ფარგლებშიც შეეძლო, მით უმეტეს, «ქართული სიტყვის» ინფორმაციით, «ახლებს» «რვიანში» ზომაზე მეტად კომფორტულ პირობებს უქმნიდნენ, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში, როგორც ჩანს, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის სენი ეკოლის ვირუსივითაა მოდებული. ისე, «მეჯღანუაშვილის ვირუსს» ერთი დადებითი მხარე აქვს _ პოლიტიკური სპექტრი იწმინდება...

«ქრისტიან-დემოკრატებისა» და «ნაციონალების» ფარული თანამშრომლობის შესახებ ხმა ყოველთვის დადიოდა, მაგრამ თარგამაძის გუნდის ხელისუფლების პოზიციებზე ღიად «გადაბარგებამ» ვიღაცები შესაძლოა, დაშოკოს. ამ მხრივ კი, ყველაზე, ასე ვთქვათ, ცუდ სიტუაციაში ინგა გრიგოლიაა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას გულწრფელად ებრძვის და რომელიც სამოქალაქო სექტორთან «რვიანის» პოზიციებს «ქრისტიან-დემოკრატების» სახელით იცავდა. მართალია, მომხდარზე ინგა კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში უკვე არსებობს მოსაზრება, რომ გავლენიანმა ჟურნალისტმა შესაძლოა, «ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა» დატოვოს. გაემიჯნება თუ არა გრიგოლია «ქრისტიან-დემოკრატებს», ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც გიორგი თარგამაძე ევროპულ-ამერიკული ტურნედან საქართველოში დაბრუნდება, თუმცა ერთი ფაქტია: მოძრაობის ე.წ. სტაფს ინგა გრიგოლიას ეგზომ უხერხულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს.

რაც შეეხება «ექვსიანს», როგორც «ქართულმა სიტყვამ» გაარკვია, «ახლებისა» და «ქრისტიან-დემოკრატების» სახელისუფლებო ორბიტაზე გადაბარგებით, საარჩევნო გარემოს რეალურად შეცვლის მსურველ პარტიებს არაფერი დააკლდათ, ანუ «ექვსიანში» სრული სიმშვიდეა.

ისე, შექმნილი სიტუაცია «ექვსიანისთვის» და, უპირველესად, ირაკლი ალასანიასთვის, უდავოდ, დადებითად იმუშავებს და აი, რატომ:
26 მაისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რევოლუციით მიზნის მიღწევა ნონსენსია, ანუ «სახალხო კრების» ლობისტი პოლიტიკური სუბიექტები, პრინციპში, პოლიტიკურ ავანსცენაზე ამინდს ვეღარ შექმნიან (ვერც ქმნიდნენ). ანალოგიურის თქმა შეიძლება «ქრისტიან-დემოკრატებზეც». «ახლები» კი, მასებზე ზემოქმედებით არც აქამდე გამოირჩეოდნენ და ამ მხრივ პერსპექტივა, მით უმეტეს, არც ახლა აქვთ. შესაბამისად, «ექვსიანისა» და ალასანიას რეიტინგი, გნებავთ, ნდობის მანდატი ერი-ორად გაიზრდება, რამეთუ ხალხი ბრძენია და კარგად დაინახავს, რომ ალასანია ხელისუფლების თამაშს არ თამაშობს...