რამდენიმე დღის წინ დაპატიმრებულ იგორ გიორგაძის მომხრეთაგან მხოლოდ მაია ნიკოლეიშვილი გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან. მან დანაშაული აღიარა.
ნიკოლეიშვილი სასამართლომ გირაოს, 10 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. ყოველივე ამის შემდეგ ბუნებრივია, ბევრს აინტერესებდა ექსპერტის აზრი მიმდინარე მოვლენებზე.
საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის თანახმად, ხელისუფლებასთან იმთავითვე თანამშრომლობდა მაია ნიკოლეიშვილი, მეორე ვერსიით კი ირინა სარიშვილი.
რამდენიმე ბუნდოვანი საკითხისთვის ნათელი რომ მოგვეფინა, მაია ნიკოლეიშვილს დავუკავშირდით. ერთ დროს გაბედული და სიმართლისთვის თავდაუზოგავად მებრძოლი ექსპერტი ფრიად შეშფოთებული და დაბნეული გვეჩვენა:
ქალბატონო მაია, „კვირის პალიტრა” გაწუხებთ...
- ძალიან გთხოვთ... ვერავისთან ვერ გავაკეთებ კომენტარს... ძალიან გთხოვთ, ნუ მალაპარაკებთ...
რატომ, ქალბატონო მაია, აგიკრძალეს?
- ვერც მაგ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, არ შემიძლია, დიდი ბოდიში...
ასე დასრულდა ჩვენი საუბარი მაია ნიკოლეიშვილთან. ერთ კითხვაზე პასუხი მაინც არსებობს: როგორც ჩანს, მას პრესის წარმომადგენლებთან საუბარი ეკრძალება და ეტყობა, კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს დუმილის უფლებას.