ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს ამომრჩეველთა ასაკის 16 წლამდე დაწევის საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს. ა_ო «კანონი ხალხისათვის» თავჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ზოგადად 16 წლის ასაკის მოქალაქისათვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება ცუდი არ არის, მაგრამ საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემით იმდენად დაკომპლექსებულია საზოგადოება, რომ ეს ინიციატივა ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს.
მისივე თქმით, მართალია ხელისუფლებას არჩევნების გასაყალბებლად ბევრი სისტემა აქვს შემუშავებული, მაგრამ მაინც გონია, რომ ამ ინიციატივასაც აიტაცებს.
სააგენტო «პირველის» ცნობით, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის უმრავლესობაში ამომრჩევლის მინიმალური ასაკი 18 წელს შეადგენს, თუმცა 2007 წელს ავსტრია პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც ესასაკი 16 წლამდე ყველა - მუნიციპალური, სახელმწიფო თუ ეროვნული არჩევნებისთვის შეამცირა.
ამასთან, ზოგიერთი გერმანული მიწა, შვეიცარიის კანტონი და ბრიტანეთის სამი სამონარქო ტერიტორია არჩევანის გაკეთების უფლებას 16 წლის ასაკში იძლევა.
როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელეზე ამ ახალი ინიციატივის ავტორმა მილოშ ალიგურუდიჩმა მოხსენებისას განაცხადა, საარჩევნო ასაკის 16-წლამდე დაწევით «ახალგაზრდები თავს უფრო ჩართულად იგრძნობენ და სავარაუდოდ, პოლიტიკურ პროცესებში უფრო ჩაერთვებიან. ეს დემოკრატიას აფართოებს და პოლიტიკას ძირითადში უფრო წარმომადგენლობითს ხდის».
ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, «თავის დროზე, როცა საარჩევნო ასაკად მიღებული იქნა 18 წელი, მიმდინარეობდა დავა, ამ ასაკის ადამიანი რამდენად შეძლებდა დამოუკიდებელი და სრულფასოვანი გადაწყვეტილება მიეღო. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს მოქალქეები, რომლებიც არა თუ 18 წლის ასაკში, არამედ 28-48 წლის ასაკშიც ვერ იღებენ თავისუფალ და სრულფასოვან გადაწყვეტილებებს.
«აქედან გამომდინარე, ის, რომ თანამედროვე საზოგადოება ცდილობს პასუხისმგებლობის განვითარებას და აქიდან გამომდინარე ასაკის შემცირებას, რომ ამით ხელი შეუწყოს ჩართულობის გაზრდას მოქალაქეებისა საზოგადობრივ-პოლიტიკურ პროცესებში, ეს თავისთავად მომწონს. მივიჩნევ, რომ ეს ცუდი არ არის, როცა თანამედროვე საარჩევნო სამართალი ნებაყოფლობისაკენ მიდის. ანუ16 წლის ასაკიდან მექნება ამ არჩევის გაკეთების უფლება და მინდა გამოვიყენებ ამ უფლებას, მინდა - არა. ეს პირადად მოქალქეზეა დამოკიდებული».
საქართველოში რამდენად იმუშავებს ეს ინიციატივა, ისე, რომ არ გაჩნდეს კიხვები? 16 წლის მოზარდი მივა კი არჩევნებზე და მასობრივად არმისვლის შემთხვევაში ხელისუფლება თავის სასარგებლოდ ხომ არ გამოიყენებს ამას?
ზაქარია ქუცნაშვილი: მაგალითად, ჩემი გოგონა 13 წლისაა და პრესის აქტიური მკითხველია და აქტიურად ჩახედულია პოლიტიაშიც, ჩემდა გასაკვირად. 4 წლის შემდეგ ის ბევრად უფრო ცნობიერი ადამიანი იქნება, ვიდრე დღესაა.
ის, რა პრობლემებიც ჩვენ გვაქვს სარჩევნო სისტემაში, ეს სხვაა. იმდენად მახინჯი საარჩევნო სისტემა გვაქვს, რომ ერთი მიცემული ხმა არ წარმოშობს მის შესატყვის მანდატების რაოდენობას. ამიტომაც გვაქვს სიტუაცია - 40% მიიღო რომელიღაც პარტიამ და პარლამეტში დეპუტატების 80% ჰყავს. სისტემაა იმდენად მახინჯი, რომ ერთი ხმა შესაბამის წარმომადგენლობას არ უზრუნველყოფს.
ამდენად, საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივა, ახლგაზრდები მეტად ჩართულები იყვნენ, ცუდი არ არის. უბრალოდ ჩვენ დაკომპლექსებულები და შეშინებულები ვართ არსებული რეალობით და მივესალმები თქვენს სიფრთხილეს, რადგანაც ვხედავთ, რომ აქაც შეიძლება გამოყენებული იყვნენ ადამიანები. ვხედავთ, რომ პატრიოტთა ბანაკების მეშვეობით ახალგაზრდების მობილიზება და სტრუქტურიზება ხელისუფლებას უფრო შეუძლია, ვიდრე საზოგადოებას.
«რ»: თქვენ როგორ ფიქრობთ, თუნდაც 18 წლის მოქალაქე რამდენად აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და მათგან რამდენი პროცენტი დადის არჩევნებზე?
ზ.ქ: რასაც მეუბნებით, ძალიან საინტერესოა საკითხია. ანუ, როგორია არჩევნებში მონაწილე ადამიანთა ასაკობრივი აქტივობა,18-25 წლის ადამიანები უფრო აქტიურად მიდიან არჩევნებზე, თუ 25-40 წლამდე, ან ზევით, ამის კვლევა არ ჩამიტარებია და არვიცი. არც მსმენია, ვინმეს რომ ეწარმოებინოს.
საარჩევნო ასაკის დაწევა სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს კანონმდებლობაში ეს დღესვე უნდა აღინიშნოს. ჩვენ ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები გვაქვს. რა დროს 16 წლის ადამიანების არჩევანზეა საუბარი, როცა 18 წლის და ზევით ადამიანების თავისუფალი არჩევანის საშუალება არ არის დღევანდედლი გადასახედიდან.
თუ ჩვენ 16 წლის ასაკში ჩვენს მოქაალქეებს უფლებას ვაძლევთ შექმნან ოჯახი, რატომ არ შეიძლება წარმომადგენელი აირჩიონ? ოჯახის შექმნა ნაკლებად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა? ჩვენი წინაპრები წლები დაობდნენ, 16 წლის მოქალაქეებისათვის იურიდიულად დაერთოთ თუ არა ქორწინების უფლება და 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ეს უფლება მშობლების თანხმობით დაშვებულია.
«რ»: ფსიქოლოგთა განმარტებით, ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები მეტად ინგრევა, იმიტომ, რომ ადრეულ ასაკში მოზარდი არა ფსიქოლოგიურად მზად ოჯახისთვის...
ზ.ქ: 16 წლის ასაკში შექმნილი ოჯახებიც ინგრევა და 36 წლის ასაკშიც. აქ სერიოზულ კვლევაა ჩასატარებული, ასაკობრივი სტრუქტურის მიხედვით არჩევნებში მონაწილეთა აქტივობა როგორია. ანუ პატარა ასაკობრივი ჯგუფი უფრო აქტიურია თუ არა.
«რ»: ხელისუფლებას როგორ შეუძლია ეს სათავისოდ გამოიყენოს? რისი მანიპულაციის საშუალებას იძლევა საარჩევნო ასაკის დაწევა?
ზ.ქ: ხელისუფლებას დღევანდელი სააჩევნო სისტემა ისე აწყობს, რომ სულაც არ სჭირდება დამატებითი ბერკეტები. დღვანდელი საარჩევნო, პოლიციური, სასამართლო და საინფორმაციო სისტემებიისეა მოწყობილი, რომ ვიმეორებ - 15%-იანი რეიტინგის მქონე ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია პარლამენტში მანდატების 85% მიიღოს. ასეთია დღევანდელი საარჩევნო სისტემა სხვა სისტემებთან ერთობლიობაში.ასაკის დაწევაში ვერ ვხედავ მთავარ საფრთხეს, მაგრამ ეს ცვლილება დღესვე კი არ უნდა განხორცილეს, სამომავლო პერსპექტივაზე ვსაუბრობ.
«რ»: თუკი მოხდა 16 წლამდე ასაკის დაწევა, დაახლოებით რამდენი ათასი ადამიანით მოხდება საარჩევნო სიის გაზრდა?
ზ.ქ: ყველწლიურად საშუალოდ 50 ათასი მოსწავლე ამთავრებს სკოლას და შესაბამისად, 50 ათასით დაჩქარდება ამომრჩველთა რიცხვის გაზრდა.
«რ»: როგორ ფიქრობთ, აიტაცებს თუ არა ხელისუფლება ევროსაბჭოს ამ შეთავაზებას?
ზ.ქ: მგონია, რომ აიტაცებს. ხელისუფლებას ეხერხება თემების გადატანით მთავარი საკითხების გადაფარვა და არ გამოვრიცხავ, რომ ვითომ პროგრესულობის გამოხატულობის საბაბით ეს თემა აიტაცონ. მით უმეტეს, მათ აქვთ ინსტრუმენტები - პატრიოტთა ბანაკების, მისაღები გამოცდებისა და ჯარში გაწვევების სახით, რომ ამ ასაკის ადამიანებს ბევრი მაცდუნებული წინადადება შესთავაზონ.