რას ჰყვებიან იზოლატორებიდან გამოსული ადამიანები?

რას ჰყვებიან იზოლატორებიდან გამოსული ადამიანები?

26 მაისის აქციის დარბევის დროს დაკავებული 11 ადამიანი თელავის დროებით მოთავსების იზოლატორებიდან გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს. დაკავებულების ინფორმაციით, მათ არაადამიანურ პირობებში მოუწიათ ყოფნა. როგორც დაკავებულები განმარტავენ, »კაპეზეში», იზოლატორების შესახებ დებულების ძირითადი მუხლები არ სრულდებოდა, დაწყებული პირადი ჰიგიენიდან, დამთავრებული გასეირნების უფლებით.

26 მაისს დაკავებულთაგან 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 26 ივნისს, 00:00 საათზე ამოიწურა. გათავისუფლებულებს შორის იყვნენ საზოგადოებრივი მოძრაობა »ემსახურე საქართველოს» ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე და ჟურნალისტი ალეკო ჩუბინიძე.

«კახეთის საინფორმაციო ცენტრის» ინფორმაციით, დაკავებულებმა თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორი 00:35 საათზე დატოვეს.

დაკავებულებს იზოლატორთან ახლობლები დახვდნენ. პატიმრების გათავისუფლებას «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილიც დაესწრო. დაკავებულებს სოლიდარობა «თავისუფალი საქართველოს» კახეთის რეგიონული და «ახალი მემარჯვენეების» თელავის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმაც გამოუცხადეს. იზოლატორთან იმყოფებოდა «სახალხო კრების» ერთ-ერთი ლიდერი ზაზა სოფრომაძეც.

მიუხედავად დაღლილობისა, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ დაკავებულები ჟურნალისტებს იზოლატორში არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრნენ და 26 მაისის დარბევა კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მურმან დუმბაძეს, რომელსაც აქციის დარბევის დროს სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ, 26 მაისის ღამის დარბევის გახსენება კიდევ ერთხელ მოუწია. მისი თქმით, თბილისის მთავარ სამმართველოში აქციის მონაწილეებს აწამებდნენ.

«თბილისის მთავარ სამმართველოში ადამიანების ცემა არხდებოდა, იქ ადამიანებს აწამებდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. შესვლის დროს ძალიან ბევრი სისხლი, ბამბა და ბინტი დავინახე. გათენებამდე იქ ვიყავი და სხვა ოთახებიდან მესმოდა ხმები, რაც წამებაზე მიუთითებდა. ეს პოლიტიკური რეპრესიაა, მაგრამ მე იგივე ჭკუაზე ვრჩები», - განუცხადა «კახეთის საინფორმაციო ცენტრს» მურმან დუმბაძემ.

მისივე თქმით, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადმოყვანის შემდეგ, დაკავებულები რამდენიმე დღე მშივრები იყვნენ, ჰიგიენური ნორმების დაცვა კი საერთოდ არ ხდებოდა.

«თელავის იზოლატორში დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ დებულების ძირითადი მუხლები არ სრულდება, დაწყებული პირადი ჰიგიენიდან, დამთავრებული გასეირნებით. ერთი თვის განმავლობაში წვერი ვერ გავიპარსე. ჰაერზე მთელი თვის მანძილზე 7-ჯერ გაგვიყვანეს, ისიც 15 წუთით და არა 1 საათით, როგორც ამას დებულება ითხოვს. მოვითხოვე სათვალე და წიგნი, რომელიც დებულების მიხედვით ეკუთვნის პატიმარს, მაგრამ არ შემოატანინეს. არ შემოუშვეს მოძღვარი, რომელიც ბათუმიდან ორჯერ ჩამოვიდა. სამედიცინო კუთხით ნორმალური მდგომარეობა იყო. რაც შეეხება კვებას, საკვებს ოჯახის წევრები გვიგზავნიდნენ. თავდაპირველად, როცა აქ გადმოგვიყვანეს, 2 დღის განმავლობაში ჩვენი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა და სანამ მარეხ მგალობლიშვილი გვიპოვიდა, მშივრები ვიყავით. 25 მაისის შემდეგ საკვები პირველად 28 მაისს მივიღეთ», - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

პატიმართა უფლებების დარღვევაზე «სახალხო კრების» პრესსამსახური თანამშრომელი ალეკო ჩუბინიძეც საუბრობს.

«დროებითი მოთავსების იზოლატორებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მათ შორის თელავშიც, თუმცა სხვა დროებით მოთავსებულ იზოლატორებისგან განსხვავებით, აღნიშნულ საპატიმროში, ფიზიკურად არ გვსწორდებოდნენ. თუმცა ყოველგვარ ჰიგიენურ საშუალებას მოკლებული ვიყავით. საკვებს ჩვენი ოჯახის წევრები გვიგზავნიდნენ, მანამდე კი იძულებით ვიშიმშილეთ. მთელი თვის განმავლობაში ჰაერზე რამდენჯერმე გაგვიყვანეს ისიც ნახევარი საათი. ასევე პრობლემა იყო შვიდგზის ლოცვანის შეტანაზე. თავდაპირველად აგვიკრძალეს ლოცვანის შეტანა ხოლო მარხვა, როცა დაიწყო ბოლო ორი კვირაა, დაგვრთეს ამის ნება», -უთხრა «მთელ კვირას» ჩუბინიძემ.

«ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, მათ არაერთხელ მოითხოვეს იზოლატორში მყოფი პატიმრებისთვის კანონით გათვალისწინებული პირობების შექმნა, თუმცა როგორც მგალობლიშვილი ამბობს, მთელი რიგი პირობების დაცვა ამ დრომდეარ ხდება.

«თავდაპირველად პატიმრები ძალიან ცუდ პირობებში იყვნენ, ტანსაცმელი და საკვებიც კი არ ჰქონდათ. შემდეგ, მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, თუმცა ჰიგიენის მხრივ კვლავ ცუდი ვითარებაა. საპონი და ცივი წყალი კი აქვთ, მაგრამ ცივი წყლით ხომ ვერ დაიბანენ? არც პირის საპარსი საშუალებები აქვთ. იზოლატორის ხელმძღვანელები ამბობენ, არ უნდათო. პატიმრებს ჰაერზე გასვლის უფლებასაც არ აძლევდნენ, მაგრამ შუამდგომლობებით მოვახერხეთ და ჰაერზე გაიყვანეს, თუმცა ბოლოს ისევ შეუწყვიტეს»,- აღნიშნა მარეხ მგალობლიშვილმა «კახეთის საინფორმაციო ცენტრთან» საუბარში.

მიუხედავად არსებული გაუსაძლისი მდგომარეობისა, აწ უკვე გათავისუფლებული აქტივისტები ამბობენ, რომ წინააღმდეგობას არ შეუშინდებიან და ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ.

გასაჩივრებენ თუ არა აღნიშნულ ფაქტებს სტრასბურგის სასამართლოში, გათავისუფლებულთა ნაწილს ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არა აქვს.

თუმცა პასუხი აქვს მსახიობს სოსო ჯაჭვლიანს, რომელიც უკვე სარჩელს ამზადებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის.

როგორც «პირველს» სოსო ჯაჭვლიანმა განუცხადა, იგი სტრასბურგში მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო იჩივლებს, რადგან მიიჩნევს, რომ პატიმრობაში 30 დღე უკანონოდ დაჰყო.

«სტრასბურგში ჩავალ და სახლის გაყიდვაც რომ დამჭირდეს, მაინც შევეცდები, ჩემი სიმართლე დავამტკიცო. კერძოდ ის, რომ ციხეში უსამართლოდ ვიჯექი», - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

შეგახსენებთ, რომ ჯაჭვლიანი სამართალდამცველებისათვის ბოროტი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 26 მაისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ჯაჭვლიანმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. ჯანმრთელობის გაუარესების გამოიგი მცხეთის «კაპეზედან» რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორჯერ გადაიყვანეს.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჯაჭვლიანი პატრიარქს შეხვდა. «ამ საშინელების დასაპირისპირებლად სხვა გზა არ მქონდადა სწორედ ეს ვუთხარი საქართველოს პატრიარქს, რომელმაც პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მიმიღო. მე მას ბოდიში მოვუხადე, რომ არ შევასრულე მისი თხოვნა შიმშილობის შეწყვეტის შესახებ. შიმშილობა რომ შემეწყვიტა, გათავისუფლების შემდეგ ვერც შვილს მოვეფერებოდი, ვერც ფილმს გადავიღებდი და ვერც საზოგადოებაში ვიცხოვრებდი. მე თავი გადადებული მქონდა, რადგან არსებობს პრინციპები. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ», - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

ამასთან, როგორც მსახიობი აცხადებს, იგი 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისა და შემდეგ საპატიმროებში მიყვანილი ადამიანების მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავს.

სასამართლოში ჯერ არ მიდის, თუმცა საპატიმროში არსებულ მდგომარეობაზე აუცილებლად დაწერს და იქ არსებულ პირობებს გააცნობს საზოგადოებას ალეკო ჩუბინიძე.