პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილთა დასახლებაში შესვლისას პირველი რაც თავლში მომხვდა დაზიანებული სადარბაზოა - სადარბაზოს შესასვლელი ნამდვილ ნანგრევს მოგაგონებთ. მეორე სართულზე ასვლისას კი გარეთ გამოტანილ გაფუჭებულ უნიტაზსა და პირსაბანს შეამჩნევს დაკვირვებული თვალი (დაუკვირვებელიც). შენობის მეორე სადარბაზოში კი კასრები აწყვია. ეს არასრული ჩამონათვალია...
საყოფაცხოვრები საგნები იმიტომ აწყვია სადარბაზოში, რომ დევნილებს სათავსოები არ აქვთ. თუმცა, როგორც «რეზონანსისთვის» გახდა ცნობილი, მათ ამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ შენობაში 1997 წლიდან ცხოვრობენ, მათთვის შენობის დაკანონება ამ დრომდე არ მომხდარა. გარდა ამისა, დევნილთა ერთ ნაწილს წყალი საერთოდ არ მიეწოდება. მათ ელექტროენერგიის პრობლემაც აქვთ. შუქის მიწოდება არ აქვთ შეზღუდული, თუმცა კორპუსში ინდივიდუალური გამრიცხველიანება არაა. როგორც დევნილები «რეზონანსთან» საუბარში აცხადებენ, ეს არაერთხელ გამხდარა მეზობლებს შორის დაპირისპირების თემა. არ აქვთ არც გაზმომარაგება.
გუშინ პრობლემები დევნილებისგან დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების კოალიციამ (იგი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება) მოისმინა. მათ პროექტის «დევნილი-აქტიური და ინტეგრირებული მოქალაქე» პრეზენტაცია გამართეს. როგორც აღინიშნა, პროექტის მიზანია დედაქალაქში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებზე დევნილთა საინიციატივო ჯგუფების შექმნაა. ასევე ისინი გეგმავენ, რომ ტრენინგები ჩაუტარდეს დევნილებს ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. გეგმაშია დევნილთა კონსოლიდაცია ერთობლივი ინტერესებისა და მიზნების ირგვლივ. ასევე გამოვლინდებიან აქტიური დევნილი ახალგაზრდები. პროექტს სამოაქალაქო ინსტიტუციონალიზმის ფონდი აფინანსებს. გუშინ პროექტის ფარგლებში პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) N8-ში პირველი დევნილთა საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა.
«თბილისში კომპაქტურად ჩასახლებულ ყველა ობიექტზე შევდივართ, საინიციატივო ჯგუფებს ვქმნით და ვუნიშნავთ ხელმძღვანელებს,» - განაცხადა «რეზონანსთან»საუბარში ა_ო დევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის დირექტორმა ლელა გულედანმა. « - გეგმაშია 200-მდე საინიციატივო ჯგუფის შექმნა. საინიციატივო ჯგუფების ხელმძღვანელები მოგვაწვდიან ინფორმაციას თუ რა ხდება დევნილთა ჩასახლების ამა თუ იმ ობიექტზე და ჩვენ დავსახავთ გეგმას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. გავითვალისწინებთ საერთო ინტერესებსაც.
«ამ საინიციატივო ჯგუფისთვის მთავარი პრობლემა ბინების საკუთრებაში გადაცემაა. დევნილების პრობლემები მოგვარებადი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ყველა გაერთიანდება. ჩვენ ამ პრობლემების შესრულებას შევთავაზებთ ხელისუფლებას და მათი ვალდებულებაა, რომ შეასრულონ.»
«რეზონანსი» ესაუბრა დევნილებს და მოისმინა მათი პრობლემები. დევნილები ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან დიდი ხანია არავითარი დახმარება აღარ მიუღიათ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალ წელს მოინახულა ისინი და საჩუქრად 1,2-ლარიანი კალმები დაურიგა.
32 წლის მადონა ესვანჯია ამბობს, რომ მათ დასახმარებლად არც არასამთავრობოები მიდიან. ბოლოს ერთ-ერთმა იტალიურმა ორგანიზაციამ (ორგანიზაციის სახელი არ ახსოვს) მათი საცხოვრებელი ფართები მინიმალურ დონეზე გაარემონტა. მისი თქმით ორგანიზაციამ ლამინირებული პარკეტი დაუგო დევნილებს, თუმცა აქვე აზუსტებს, რომ პარკეტის წანაჭრები დააგო და არა სრულყოფილი პარკეტი. მანანა ესვანჯიასთვის სხვა დევნილების მსგავსად მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ფართები არ აქვთ დაკანონებული.
ეთერ ახვლედიანი, 55 წლის დევნილი ოჩამჩირის რაიონიდან: «ჩვენთვის მთავარ პრობლემას ფართების დაკანონება-არდაკანონების საკითხი წარმოადგენს. უამრავი განცხადება გვაქვს გაგზავნილი ამა თუ იმ უწყებაში. დაწყებული ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან, გაგრძელებული თბილისის მერიით და ეკონომიკის სამინისტროთი და დასრულებული პრეზიდენტის კანცელარიით. ყველა უწყებისგან ადგილი აქვს გადამისამართებას, ბოლოს ისევ იქ გვიწევს დაბრუნება საიდანაც ვიწყებთ - დევნილთა სამინისტროში. აღვნიშნავ იმასაც, რომ კობა სუბელიანამდე თუ მიგვიღწევია, შედეგი დამდგარა, მაგალითად სახურავი გადაგვიფარა. აგრამ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ სუბელიანამდე მიღწევა წარმოუდგენელია.»
ეთერ ახვლედიანის თქმით, სახურავის გარემონტების გარდა წყლის პრობლემაც მოაგვარა მათთვის ხელისუფლებამ. თუმცა ცოტა ხანში, გზების შეკეთებისას, წყალგაყვანილობის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და ორი კორპუსისგან შემდგარ დევნილთა ჩასახლებიდან ერთს კვლავ წყლის პრობლემა შეექმნა.
ეთერ ახვლედიანი კიდევ ერთ გულისტკივილზე საუბრობს: «ტელევიზიის საშუალებით ვიგებ, რომ დევნილი ბავშვები დაჰყავთ ზოგი პარკებში, ზოგი კონცერტებზე და.ა.შ. ჩვენი ბავშვები არავის არსად წაუყვანია, ჩვენ დევნილები არ ვართ?!
«ჩვენ პირველ რიგში აფხაზეთში დაბრუნება გვინდა, მაგრამ როგორც ჩანს, სამწუხაროდ ეს ჯერ ვერ მოხერხდება. ამიტომ ვითხოვთ ელემენტარული პირობების შექმნას, რისთვისაც საჭიროა ჩვენი კერა გვქონდეს. ამისთვის კი საჭიროა ფართები დაგვიკანონონ.»
«რეზონანსთან» კომენტარი 42 წლის დირა კორძაიამაც გააკეთა:»პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელი ფართები დაგვიკანონონ. სხვათა შორის, პრეზიდენტი შეგვპირდა დევნილებს რომ იმ ფართებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, დაგვიკანონებდნენ. როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა პრეზიდენტი მაშინ შეგვპირდა ამას და ბოლო პერიოდშიც გაჟღერდა ეს ფრაზა მის მიერვე. ამ დრომდე ჩვენთვის საცხოვრებელი ფართი არავის დაუკანონებია, თუმცა იმედი კიდევ გვაქვს, რადგან არჩევნები მოდის და ხელისუფლებას სჭირდება ჩვენი თანადგომა. რაც დავკარგეთ ჩვენ იმის კომპენსაციას ვერავინ მოგვცემს, მაგრამ თუ ამ ფართს დაგვიკანონებენ ეს იქნება საშუალება, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება. ხომ არ შეიძლება მუდმივად გაურკვევლობაში ვიყოთ? უკვე მეოცე წელია ასე ვართ და ბოლოსდააბოლოს ამ პროცესს დაადგეს საშველი. გადმოგვცენ ეს შენობა საკუთრებაში, შენობა, რომელიც დანგრევის პირას იყო და შევინახეთ. თავის დროზე ჩვენ რომ არ შემოვსულიყავით აქ, მიმაჩნია რომ ეს შენობა განადგურებული იქნებოდა. ჩვენი ხარჯებით სამჯერ გადავხურეთ სახურავი, მეოთხედ უკვე ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადახურა. კობა სუბელიანმაც ხელი გაგვიმართა, ანუ მისი ჩარევის შემდეგ გადახურა არასამთავრობომ. სუბელიანი ერთადერთი მინისტრია, რომელმაც ჩვენ პრობლემებზე რეაგირება მოახდინა.
«როდესაც საუბარი ევროინტეგრაციაზე და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზეა ამის ფონზე ჩვენც უნდა მოგვაქციონ ელემნტარული ყურადღება. იმდენი პრობლემა გვაქვს ელემენტარულად საჭიროა რომ ვინმემ რეაგირება მოახდინოს.
«ელექტროენერგიის მხრივაც არის პრობლემები. ვინაიდან შენობა არ გვაქვს დაკანონებული, «თელასს» არ აქვს უფლება, რომ ინდივიდუალურად გაამრიცხველიანოს ჩვენი ფართები. დამონტაჟებული გვაქვს მრიცხველები, თუმცა მიუხედავად ამისა დავალიანებები მოდის. ჩვენ ისედაც საკმარისად ვართ განერვიულებულები და დაზარალებულები და მეტად ნუღარ გაგვანერვიულებენ. არ არის საჭირო დევნილების ერთმანეთთან დაპირისპირება. საჭიროა სწრაფად რეაგირება ამ საკითხზე. სახელმწიფოსთვის ეს წვრილმანი საკითხია, ჩვენთვის კი საკმაოდ მნიშვნელოვანი. აღვნიშნავ იმასაც, რომ 100 კილოვატი შეღავათი გვაქვს ერთ სულს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ გაზი არ გვაქვს და ყველაფრის კეთება შუქზე გვიწევს, ამ შეღავათი დიდი შვება არ გვაქვს.
«ბუნებრივი აირი არ არის შემოყვანილი კორპუსში. შუქიც რომ არ გვქონდეს რა გავაკეთოთ? შუა ზაფხულში შეშის ღუმელებს ხომ არ დავდგავთ?»
დევნილებს კითხვით მივმართე, ხელისუფლება თუ შესთავაზებს მათ ალტერნტიულ ფართებს, მაგრამ ეს იქნება რეგიონებში იქნებიან თუ არა თანახმა ამაზე. მათ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ. თუმცა ამბობენ, რომ მათთვის ეს პირობა მიუღებელია. იმიტომ კი არა, რომ პროვინციებში მოუწევთ ცხოვრება, არამედ იმიტომ, რომ ადაპტაცია გაუჭირდებათ. მათი თქმით ასე თუ ისე უკვე მოახერხეს საკუთარი თავის რეალიზება დედაქალაქში, ახლა კიდევ ერთხელ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მათთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.
ასმათ ღურწკაია, ა-ო «ჩვენი თანადგომა»-ს ხელმძღვანელი, რომელიც თვითონაც დევნილია, ამბობს: «მათთვის კიდევ ერთხელ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ძალიან ძნელია. აქ უკვე 20 წელია ცხოვრობენ. ისინი შეეგუენ ახალ გარემოს, შეიძინეს ახალი ნაცნობები, მეზობლები, ბავშვები გაიზარდნენ, რომლებსაც სამეგობრო წრე თბილისში ჰყავთ და ამის კიდევ ერთხელ დანგრევა მათთვის კატასტროფის ტოლფასია. მათთვის სულიერად იქნება ძნელი ამასთან შეგუება. თავიდანვე რომ რეგიონებში გადაეყვანათ, არ იქნებოდა ძნელი. ახლა უკვე შეგუებულები იქნებოდნენ.»
მან დევნილებს გააქტიურება მოუწოდა. მისი თქმით საჭიროა აქციებიც. «რეზონანსმა» მას კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებითაც სთხოვა.
«როდესაც დევნილები აქციაზე გამოდიან და ითხოვენ კონკრეტული პრობლემების მოთხოვნას, ამან შეიძლება შედეგი მოიტანოს, მაგრამ ამისთვის ერთიანობაა საჭირო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დევნილებს ერთმანეთისთვის სოლიდარობა გამოუცხადებიათ, ამ დროს მერიის თანამშრომლები გამოსულან და დამუქრებიან, რომ მათაც აღარ ექნებათ მომავალში წყალი, შუქი... ეს არის ადამიანებისთვის უფლებების დარღვევა. ჩვენ თუ გავალთ, ერთად დავდგებით და სოციალურ მოთხოვნებს გავაჟღერებთ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტები შემცირდება.»
ასმათ ღურწკაია ამბობს, რომ დევნილებს ორგანიზებულობა აკლიათ. სწორედ ამიტომ არ იყო პროტესტი მასშტაბური როდესაც ხელისუფლებამ დევნილები ფოცხოეწერში და სხვა ადგილებში გაასახლა. ღურწკაიას აზრით, დევნილი სამოქალაქო საზოგადოების მიზანია, რომ ორგანიზატორები გამოვლინდნენ, რათა მათ უფრო მასშტაბურად გააპროტესტონ ესა თუ ის პრობლემა.