«აგვისტოს 5 დღის» პრემიერიდან მე-16 დღეს ფილმზე მაყურებელთა აქტიურობა აღარ შეინიშნება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მაყურებელთა სიმცირის გამო გუშინ «ამირანში» 12-საათიანი სეანსი ჩაიშალა.
ეს ინფორმაცია «რეზონანსს» «ამირანის» ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა.კ ინოთეატრის თანამშრომელმა ინფორმაცია მას შემდეგ გამიმხილა, როდესაც იმით დავინტერესდი, მიმდინარეობდა თუ არა 12-საათიანი სეანსი და სურვილი გამოვთქვი ფილმის დასრულებას დავლოდებოდი, რათა ფილმიდან გამოსულ მაყურებელს გავსაუბრებოდი.
«ამირანის» საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირინა კილოსანიძე კინოთეატრში სეანსების ჩაშლის ფაქტებს არც ადასტურებს და არც უარყოფს, ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. კილოსანიძემ «რეზონანსთან» შემდეგი კომენტარი გააკეთა:
«ფილმმა ჩვენი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. მაყურებლები საკმარისი რაოდენობით მოვიდნენ. უბრალოდ მესამე კვირა დაიწყო, რაც ფილმი ქართული კინოთეატრების ეკრანებზე გადის და მაყურებელთა რაოდენობამაც დაიკლო. ეს ბუნებრივი პროცესია. რაც შეეხება იმას, მოსწონს თუ არა მაყურებელს ფილმი და უკმაყოფილო მაყურებლები თუ დაგვკავშირებიან, ამაზე გიპასუხებთ, რომ ეს გემოვნების საკითხია ვიღაცას მოსწონს ფილმი და პირიქით.
«დასწრება საღამოს სეანსებზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე დღის სეანსებზე. ასეა ყველა ფილმზე. გამონაკლისია მხოლოდ საბავშვო ჟანრის ფილმები. ბილეთის ფასი 6-დან 10 ლარამდეა. ასეთი ფასები აქვს თითქმის ყველა ფილმს კინოთეატრ «ამირანში». შედარებით მაღალი ფასი აქვს სამგანზომილებიანი ფორმატის ფილმებს. ასეა მთელ მსოფლიოში, ანუ ტრი-დე ფორმატის ფილმები სხვა ფილმებზე 30%-ით ძვირია.
«მე არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ჩაიშალა თუ არა »აგვისტოს 5 დღის» რომელიმე სეანსი. ზოგადად არის ხოლმე ასეთი შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ფილმის სეანსები მაყურებლთა სიმცირის გამო ჩაშლილა.»
კინოთეატრ «რუსთაველის» საინფორმაციო სამსახურის უფროსი დალი ბუხრაძე კი ამბობს, რომ «აგვისტოს 5 დღეზე» ანშლაგები ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მაყურებლები ფილმის სანახავად მივიდნენ.
«ჩვენმა მოლოდინმა ფილმთან დაკავშირებით ნამდვილად გაამართლა,» - ამბობს ის «რეზონანსთან» საუბარში. « - ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ბევრი ქართველი ნახავდა ფილმს და ეს გამართლდა. რაც მთავარია, ხალხი ძალიან კმაყოფილი გამოდიოდ აკინოთეატრის დარბაზიდან და ძირითადად ემოციებისგან ძალიან იყვნენ დატვირთულები.
«ფილმი ორ დარბაზში გადის - დღეში ოთხ-ოთხი სეანსი. სულ, დღეში 8 სეანსი გამოგვდის. ბუნებრივია, დასწრება საღამოს სეანსებზე შედარებით უკეთესია, ვიდრე დღისით.
«ფილმის ღირებულება 6 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება იმას თუ რატომ ღირს ბილეთები შედარებით იაფი, ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ამ გადაწყვეტილებას «რუსთაველის» ფინანსური განყოფილება ღებულობს.
«დარბაზები ახლა ნამდვილად არ არის სავსე და სიმართლე გითხრათ არც არასოდეს ყოფილა სავსე ამ ფილმის მიმდინარეობის დროს. ყოფილა ისეთი ფილმები, რომლებიც ანშლაგით მიმდინარეობს. ასეთია, ძირითადად, საბავშვო ფილმები და ტრი-დე ფორმატის ფილმები.»
«რეზონანსი» ესაუბრა ისეთ მაყურებლსაც, ვინც ფილმი ნახა. მათი მოსაზრებები ორ ნაწილად არის გაყოფილი ერთი ნაწილი ფილმით კმაყოფილია და აქცენტს მის ემოციურობაზე აკეთებს, ხოლო მეორე ფილმის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი და მხატვრულ შემოქმედებასა და დრამატურგიას უწუნებს.
36 წლის გიორგი კასრაძეს მაშინ ვკითხეთ მისი აზრი ფილმის შესახებ, როცა ის «რუსთაველის» დღის ერთ-ერთი სეანსიდან გამოდიოდა.
«ფილმი ვნახე და ძალიან მომეწონა. კინოთეატრის დარბაზი ემოციებისგან იმდენად დატვირთულმა დავტოვე, რომ ხმის ამოღებაც კი მიჭირდა. არ დაგიმალავთ და ცრემლებიც ვერ შევიკავე. ქართველი კინოკრიტიკოსების უარყოფითი დამოკიდებულება მეც მსმენია, მაგრამ ამ ეტაპზე ამის კომენტირებისგან თავს შევიკავებ. მიმაჩნია, რომ ეს ისეთი ფილმია, რომ ერთხელ ნახვით კონკრეტული ანალიზის გაკეთება ძალიან ძნელია. პირველად რომ ვნახე, უფრო ემოციურად აღვიქვი, ემოციურად ვუყურებდი მეორედ როცა ვნახავ შევეცდები უფრო კრიტიკულად მიუდგე ამ საკითხს.»
ნანიკო დეკანოსიძე, 25 წლის: «როდესაც ფილმის სანახავად მივდიოდი, თავიდანვე ვიცოდი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. მე არველოდი მხატვრული შემოქმედების შედევრებს. არ ველოდი არც ფელინის და არც სტივენ სპილბერგის შემოქმედებას. ნანახი მაქვს რეჟისორ რენი ჰარლინის რამდენიმე ფილმი და არც ერთ მათგანს არ მოუხდენია ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება. რაც შეეხება ამ ფილმს, ჩემი აზრით, ეს ფილმი ემოციებზეა გათვლილი, მას არ გააჩნია რაიმე მხატვრული ღირებულება. ეს არის ფილმი, რომელშიც მილიონები მხოლოდ პროპაგანდისთვის ჩაიდო. სამწუხაროდ ეს არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. მე ვისურვებდი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, აგვისტოს ომს ვგულისხმობ, გადაღებულიყო ფილმი, რომელიც აბსოლუტურად მიუკერძოებელი იქნებოდა და რომელიც მხატვრულად ისე ოსტატურად იქნებოდა გაკეთებული, რომ ის შემორჩებოდა თაობებს და ისტორიის ნაწილი გახდებოდა. ამ შემთხვევაში კი მგონია, რომ ფილმი ვერ გახდება ისტორიის ნაწილი. მაგალითად სპილბერგის «შინდლერის სიას» არასოდეს შემოდებენ თაროზე, ამ ფილმს კი თაროზე ალბათ მხოლოდ საქართველოში არშემოდებენ.»
«რეზონანსმა» მინი ექსპერიმენტი ჩაატარა. ქუჩაში შემთხვევით შემხვედრი 10 ადამიანი გამოჰკითხა «აგვისტოს 5 დღესთან» დაკავშირებით. მათთვის ვიანობის გამხელა არც გვითხოვია...
აღმოჩნდა, რომ ამ 10 ადამიანიდან ფილმი მხოლოდ ორს აქვს ნანახი - ერთს მოეწონა, ერთს არა. დარჩენილი 8 ადამიანიდან ორს არ აქვს ფილმის ნახვის სურვილი, რადგან თვლიან, რომ ფილმი პროპაგანდის მატარებელია და ცალმხრივად ასახავს მოვლენებს. 6 ადამიანი ფილმის ნახვის სურვილს გამოთქვამს, 2 ადამიანი თვლის, რომ ფილმს აუცილებლად ნახავს უბრალოდ მათ ამ დრომდე მოუცლელობის გამო ვერ მოახერხეს ნახვა, ხოლო დარჩენილ 4 ადამიანს (მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ძვირი ღირს ფილმი) ფული არაქვს, რომ მის სანახავად კინოთეატრში წავიდნენ და ელოდებიან იმას თუ როდის იქნება ნაჩვენები ტელევიზიების საშუალებით ან როდის გახდება შესაძლებელი ე.წ. ინტერნეტ-გადმოქაჩვა.