ავღანეთში ISAF--ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიის შესასრულებლად საქართველოდან კიდევ ერთი, დამატებითი ბატალიონი იგზავნება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად პრეზიდენტ სააკაშვილისა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტჯო ბაიდენის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ცნობისთვის ამ ეტაპზე ავღანეთში მისიას 950 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს.
«რეზონანსი» ესაუბრა სამხედრო და საერთაშორისო ექსპერტებსიმის გასარკვევად, თუ რა პოზიცია გააჩნიათ მათ ამ თემასთან დაკავშირებით. არის თუ არა საჭირო ავღანეთში დამატებითი ბატალიონის გაგზავნა. თან ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-სხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებას იარაღის მოწოდებაზე უარი უთხრა. ამ ინფორმაციას გავლენიანი ამერიკული გაზეთი ავრცელებს.
ექსპერტთა პოზიციები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთნი მიიჩნევენ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ხოლო მეორე ნაწილი არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, თუმცა ისინი იმასაც ამბობენ, რომ აუცილებელია, საქართველო მონაწილეობას იღებდეს მსგავსი სახის საერთაშორისო ოპერაციებსა და მისიებში, უბრალოდ, ჯარისკაცების პროპორციული რაოდენობით უნდა გაიგზავნოს. გთავაზობთ მათ პოზიციებს.
ირაკლი სესიაშვილი: «მე ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოდან 1000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. ვამბობდი, რომ საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ შეიძლებოდა ამ რაოდენობის ჯარისკაცების გაგზავნა.
ზოგადად კი მიმაჩნია, რომ ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებსა თუ მისიებში საქართველო აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს. ეს არის ჩვენი ნატოში ინტეგრაციის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ იმ რაოდენობით ქვედანაყოფების გაგაზავნა ნატოში, რა რაოდენობითც ჩვენი ქვეყანა აგზავნის, მიუღებელია. ჩემი აზრით, ამით სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინება კი არ ხდება, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილის ვიწრო პოლიტიკური ინტერესების. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომ რუსეთიდან მომდინარე აგრესიის საფრთხეების რისკები მაღალია (ამას ჩვენი ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად იმეორებს), არსებობს შესაძლებლობა, რომ შეიძლება გათამაშდეს ე.წ. მოდელირებული »ქრონიკის» მსგავსი სცენარი. ასეთი საფრთხეების პირობებში, როდესაც ვხსნით ჩვენს საუკეთესო ქვედანაყოფებს და ვაგზავნით მათ საერთაშორისო მისიებში, ამით ჩვენს თავდაცვის სისტემას მნიშვნელოვნად ვასუსტებთ.
როდესაც ჯარისკაცებს ვგზავნით ავღანეთის მისიაში, რომლი ოპერაციების ხასიათი არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ, ეს მინიმუმ, ალოგიკურია. პლიუს უნდ აგავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული ვითარება, ჯარის რაოდენობა. გერმანიას 260 000 ჯარისკაცი ჰყავს, მაშინ, როდესაც სულ რაღაც 2500, 3000 კაცი ჰყავს გაგზავნილი ამ საერთაშორისო მისიაში. ჩვენ გვყავს 37 000 ჯარისკაცი და ვგზავნით დაახლოებით 1500 კაცს. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს და გავითვალისწინებთ ბიუჯეტსაც, ამ ყველაფრის ფონზე მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება არ არის სწორი.
მაგრამ აქ მთავარი ის არის, თუ რატომ ხდება ეს? მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური მსხვერპლზე მიდის ჩვენი ჯარისკაცების სახით, რათა სააკაშვილი ერთგვარად მისაღები იყოს დასავლეთისთვის. დასავლეთი კმაყოფილი უნდა იყოს ამ ნაბიჯებით. ეს ერთგვარად, თუ შეიძლება, ასე ითქვას, დაშინების პოლიტიკაცაა. სააკაშვილი დასავლეთს ეუბნება, რომ თუ თქვენ საქართველოში მხარს დაუჭერთ დემოკრატიულ კურსს, თუ თქვენ მხარს დაუჭერთ ოპოზიციას, რომ პოლიტიკური სადავეები აიღოს საკუთარ თავზე, მაშინ დაკარგავთ ჩვენს მხარდაჭერას IშAF-ის ოპერაციაში. რაში სჭირდება ნატოს საქართველოს გაწევრიანება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში? ისედაც, რაც მათ სურთ, ჩვენ ისედაც ვაკეთებთ. რიგ შემთხვევებში, როდესაც დასავლელი ლიდერები საკმაოდ არაადეკვატურები არიან და არ სთხოვენ საქართველოს პრინციპულ დემოკრატიას, ეს აქედან არის გამომდინარე. რიგ შემთხვევებში სააკაშვილი იღებს მადლობებს. ეს იმ პოლიტიკის ნაწილია. ეს სააკაშვილისთვის კოზირია და ისიც სიამოვნებით იღებს ამ გადაწყვეტილებებს».
თორნიკე შარაშენიძე: «თუ მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, იმას ნიშნავს, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. სახელმწიფოში უკეთ იციან, არის საჭირო თუ არა დამატებითი ბატალიონის გაგზავნა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში. მე მთავრობას და მის გადაწყვეტილებებს ვენდობი. მთავრობა გადაწყვეტილებას გაუაზრებლად არ მიიღებდა, რადგან გადაწყვიტა, რომ საჭიროა დამატებითი ბატალიონის გაგზავნა, ესე იგი ასეა საჭირო.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ამერიკამ შეიარაღებაზე უარი უთხრა. ეს არ არის სწორი, რადგა ნამერიკა შეიარაღებას დიდი ხანია, არ გვაწვდის. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს».
ვასილ ჭყოიძე: «საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა IშAF-ის მისიაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ დამატებით ბატალიონის გაგზავნა გაამყარებს ჩვენს პოზიციებს. ნატო არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირე და საქართველომ მაქსიმალურად უნდა დაანახოს მას, რომ სურს მონაწილეობა ნატოს საერთაშორისო მისიებში. უნდა ვეცადოთ, რომ მან გაგვიხსნას ნატოს კარი. ნატოს მისიებში მონაწილეობა კი ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მოხდეს. რაც შეეხება ინფორმაციას, რომლისთანახმადაც ამერიკის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებას იარაღით მომარაგებაზე უარი უთხრა, ეს არ მგონია, სწორი იყოს. აშშ არის საქართველოს მთავარი პარტნიორი და ის კვლავაც დარჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ მოკავშირედ».
გიორგი თავდგირიძე: «საქართველომ უნდა მიიღოს ყველა მისიაში მონაწილეობა სამშვიდობო მიზნით. ეს არის ჩვენი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების გარანტის საქმეში. თავისთავად დამატებითი ბატალიონის გაგზავნა ჩვენი მხრიდან არის საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი. 1500 ჯარისკაცია გაგზავნილი საქართველოდან და კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნა საკმაოდ მძიმე ტვირთია თავდაცვის სამინისტროსთვის. ეს საკითხი მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, თუ რატომ გახდა საჭირო დამატებითი ბატალიონის გაგზავნა. დამატებითი ბატალიონების გაგზავნა საზოგადოების გარკვეული ნაწილში იწვევს აღშფოთებას და მათ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. საზოგადოება მოითხოვს, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე.
ის, რომ ჩვენ ვიღებთ ამხელა პასუხისმგებლობას, ეს აიძულებს ამერიკას, რომ გაითვალისწინოს საქართველოს მოთხოვნები.
საქართველო იმიტომ გზავნის დიდი რაოდენობით ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიებში, რომ ცდილობს, დაუმტკიცოს ამერიკას ერთგულება. ამის ფოკუსირება აქვს დასახული მიზნად. სამაგიეროდ, ამერიკა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმირებისთვის გამოყოფს დიდ თანხებს, რომლის ხარჯვაც გაკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ერთის მხრივ ეს კარგია, რადგან თანხებს ზოგავს თავდაცვის სამინისტრო აღჭურვილობისა და ტექნიკის შესაძენად. მაგრამ მეორე მხრივ გამოყოფილი თანხები რამდენად მიზანმიმართულად იხარჯება, ეს ცალკე თემაა. ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას».
«რეზონანსი» თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ჯარისკაცი უნდა გაემგზავროს ავღანეთში, მშვიდობიანი მისიის შესასრულებლად და როდის? თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის ცნობილი.
«რეზონანსი» გთავაზობთ მოკლე ისტორიულ ექსკურსს ამ თემასთან დაკავშირებით იმის შესახებ, თუ როდის დაიწყეს ქართველმა ჯარისკაცებმა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა და როგორ იზრდებოდა ჩვენი ჯარისკაცების რაოდენობა მისიებსა თუ ოპერაციებში...
საქართველოს შეიარაღებული ძალები 1999 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო მისიებში (ბალკანეთი, სპარსეთის ყურე, ავღანეთი).
კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული (34 სამხედრო მოსამსახურე) 1999 წლიდან იღებდა მონაწილეობას, ქ. მამუშაში განლაგებული თურქული ბატალიონის შემადგენლობაში, ხოლო 2003 წლიდან კი ქართული ასეული (150 სამხედრო მოსამსახურე) ქ. პრიზრენში გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში.
ერაყში პირველად სამედიცინიო ჯგუფი და საინჟინრო ოცეული გაემგზავრნენ, 2003 წელს. 2004 წელს მისიაში 300-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. 2005 წლიდან ეს რიცხვი 850-მდე გაიზარდა. 2007 წლის ივლისიდან პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივითა და პარლამენტის გადაწყვეტილებით ქ. ალ კუტში მე-3 ქვეითი ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნა.
2008 წელს მე-3 ბრიგადა პირველმა ქვეითმა ბრიგადამ შეცვალა 1500 ჯარისკაცით. სამშობლოში ისინი 2008 წლის აგვისტოში დაბრუნდნენ. მათი დაბრუნება საგანგებოდ მოხდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამო.
ავღანეთში ნატოს ეგდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი რაოდენობით ჰყავს გაგზავნილი ჯარისკაცთა რაოდენობა. პირველად ქართველებმა მონაწილეობა 2004 წელს მიიღეს, მაშინ მათ ამოცანას ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების უზრუნველყოფა იყო.
2009 წლის 16 ნოემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-2 ბატალიონის ასეული (172 სამხედრო მოსამსახურე და მართლმადიდებელი მღვდელი) გაემგზავრნენ. ქართული ასეული მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში ქ. ქაბულში ასრულებდა.
2010 წლის აპრილიდან ავღანეთში მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 750 სამხედრო პირი გაიგზავნა. 31-ე 32-ე ქვეითმა ბრიგადამ ჩაანაცვლა.