სომხეთში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული

სომხეთში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული

[გეგა ბერიძე]
სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის ყოფნის ვადა არც მეტი არც ნაკლები 2044 წლამდე გაგრძელდა. ნათლად ჩანს, რომ ორთავიანი არწივი სამხრეთ კავკასიიდან იმპერიული ბრჭყალების აღებას არ აპირებს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სომხეთში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზები საჭიროების შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.

პრეზიდენტ მედვედევის განცხადებით, „სომხეთში რუსული ბაზების ყოფნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს“. ხოლო სომხეთის პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონში რაიმე არეულობის შემთხვევაში რუსული მხარე მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს, ქართული მხარე „სკეპტიკურად“ აფასებს.

„სკეპტიციზმი“ რბილად ნათქვამია, რადგან მოსკოვი ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ნაცვლად ახალ სამხედრო ოლქს ქმნის სახელწოდებით „სამხერთი“ („ЮГ“), სადაც გიუმრის ბაზასთან ერთად აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბაზები შევლენ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, „სომხეთში რუსული ბაზების მოქმედების ვადის 2044 წლამდე გახანგრძლივება რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას კიდევ უფრო ამტკიცებს, რაც საქართველოსთვის გარკვეული საფრთხის შემცველია“. ამ რეალობის ერთგვარ საპირწონედ თბილისში ქართულ–აზერბაიჯანული კონფედერაციის შექმნის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ექსპერტთა თქმით, ქართულ-აზერბაიჯანული პოლიტიკური კონფედერაციის შექმნა რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ბალანსის რღვევას გამოიწვევს.

მანამდე კი, რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა რუსული სამხედრო ბაზების ვადის გაგრძელებას მოაწერეს ხელი. დიმიტრი მედვედევის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტს სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების 2044 წლამდე გაგრძელების შესახებ.

სომხეთში სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ყოფნა, 1995 წლის ხელშეკრულებით, 25 წლით განისაზღვრებოდა. ახალი შეთანხმებით რუსული ბაზები სომხეთში 49 წელი დარჩება.

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, „სომხეთში რუსული ბაზების ყოფნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს“.

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზებისთვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით დასავლური პრესა აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით რუსეთის დსთ-ს სივრცეში თავის სამხედრო პოტენციალს ზრდის. გასულ კვირაში რუსეთის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ზელინმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთმა აფხაზეთში „C-300“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა განალაგა. რუსული სამხედრო ბაზები იმყოფებიან ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც, ხოლო აპრილში უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა 2017 წლის შემდეგ 25 წლით გაუგრძელა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე სომხეთში დიმიტრი მედვედევის ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც კალანდაძემ აღნიშნა, რუსეთსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობა არავისთვის დამალული არ არის და ეს ურთიერთობები არის ორი სუვერენული სახელმწიფოს საქმე და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს.

თუმცა, სომხეთის პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონში რაიმე არეულობის შემთხვევაში რუსული მხარე მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს, ქართული მხარე სკეპტიკურად აფასებს.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული დომხალის რეგულირებას, ამ მიზნით საქართველო მზად არის აზერბაიჯანთან კონფედერაციული ურთიერთობისთვის.

„საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციული ურთიერთობების ტექნიკური საკითხები უკვე გახმოვანებულია, დანარჩენი კი დიპლომატიური მოლაპარაკებების საგანია“, – ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ორ ქვეყანას კარგი ეკონომიკური და კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვს. რეგიონის უსაფრთხოებისათვის უკეთესი იქნება, თუ მათ ამ მხრივ, საერთო გეგმაც ექნებათ.

„რეგიონის უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის საერთო გეგმისა და ჩარჩოებში მოქცეული ურთიერთობების არსებობას. კონფედერაციული ურთიერთობების შესახებ ტექნიკური საკითხები გახმოვანებულია. ჩვენი მხრიდან მზაობა არის, დანარჩენი კი დიპლომატიური მოლაპარაკებების საგანია. ასეთი ურთიერთობების არსებობისათვის მზადყოფნას გამოვთქვამთ“, – აცხადებს ნინო კალანდაძე.

მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის კონფედერაციული ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. კალანდაძეს შესაბამისი სფეროები არ დაუკონკრეტებია.

საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციული ურთიერთობების შესაძლებლობის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 18 ივლისს, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის დროს ისაუბრა. „საქართველომ და აზერბაიჯანმა კონფედერაციული ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რადგან ჩვენი ურთიერთობები ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აღემატება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„საქართველო აზერბაიჯანთან კონფედერაციაზე დათანხმების შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენს მოაწერს ხელს“, – ამის შესახებ სომეხმა სოცოლოგმა აგარონ ადიბეკიანმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციის გაძლერების წინააღმდეგ გამოდის და ამის საპირწონედ გამოდის წინადადებით, რომელიც ამ ქვეყნისთვის სასიკვდილო განაჩენს წარმოადგენს.

სოციოლოგის განცხადებით, ასეთი კონფედერაციის შექმენის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგება არა მხოლოდ საქართველოს დემოგრაფიული ვითარება, არამედ ქართული ენაც.

„ალბათ ქართულთან ერთად მეორე სახელმწიფო ენა თუქული გახდება“, – ქართულ ენაზე „ზრუნავს“ აგარონ ადიბეკიანი.

სანამ თბილისი და ბაქო კონფედერაციის ჩამოყალიბებაზე რეალური ნაბიჯების გადადგმას დაიწყებენ, ექსპერტები სომხეთში რუსული სამხედრო ბაზისთვის ვადების გაგრძელებას აფასებენ. უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის ვარაუდით, სომხეთში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზები შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.

როგორც სესიაშვილმა განაცხადა, „სომხეთში რუსული ბაზების მოქმედების ვადის 2044 წლამდე გახანგრძლივება რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას კიდევ უფრო ამტკიცებს, რაც საქართველოსთვის გარკვეული საფრთხის შემცველია“.

„ეს არის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც გამოკვეთილად 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბდა. როგორც აღმოჩნდა, კრემლს ნამდვილად აქვს მომზადებული თავისი „საშინაო დავალებები“, რომლის ერთ-ერთ ასპექტს სამხრეთით ახალი ტიპის სამხედრო-პოლიტიკური ბაზების განლაგება წარმოადგენს. რუსეთს აქვს ბაზები აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სომხეთში, რაც მას საშუალებას აძლევს, განაცხადოს, რომ რეგიონში ყველაზე ძლიერი მოთამაშეა“, – აცხადებს სესიაშვილი.

მისივე აზრით, არსებობს საფრთხე, საქართველო-რუსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების განახლების შემთხვევაში სომხეთში განლაგებული რუსი სამხედროები საქართველოს წინააღმდეგ იქნან გამოყენებული.

ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, „სომხეთში რუსული ბაზების მოქმედების ვადის გახანგრძლივება ბაქოსა და თბილისისთვის შემაკავებული ფაქტორია“.

არეშიძე ქართულ–აზერბაიჯანული კონფედერაციის შექმნის თემასაც ეხება და აცხადებს, რომ „ქართულ-აზერბაიჯანული პოლიტიკური კონფედერაციის შექმნა რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ბალანსის რღვევას გამოიწვევს“.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო დღეებში აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის „ურთიერთდახმარებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება“ გაფორმდა. ხელშეკრულებას ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აბდულა გიულიმ მოაწერეს ხელი. ხელმოწერას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობისათვის „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა.

ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის კავშირები ყოვლისმომცველ ხასიათს შეიძენს, მათი ეკონომიკური აქტიურობა კი, მათ შორის ტრანსნაციონალური პროექტების ფარგლებში, რეგიონში სიახლეების აღმოცენებას უზრუნველყოფს:

„აზერბაიჯანი და თურქეთი არა მხოლოდ ერთმანეთის ეკონომიკაში განახორციელებენ ინვესტირებას, არამედ ერთობლივ კაპიტალს მესამე ქვეყანაში ჩადებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა აღმავლობის გზით წავა“.

„მილიონზე მეტი დევნილი მრავალი წლის განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. დიდი ხანია, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ამ საკითხს საკმარისი ყურადღება არ დაუთმო. ვფიქრობ, რომ უკვე ამის დრო დადგა. თურქეთი აგრძელებს აზერბაიჯანის მხარდაჭერას ყარაბაღის საკითხში და ყოველთვის მასთან ერთად იქნება“, – განაცხადა აბდულა გიულიმ.