ადგილობრივი «ხორცის ბიზნესი» მონოპოლიზირებულია _ ადრე გლეხს სოფლიდან ქალაქში დაკლული საქონლის ხორცი ჩამოჰქონდა, ახლა კი, ხელისუფლება აიძულებს, რომ ცოცხალი საქონელი ჩამოიყვანოს და სასაკლაოზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ჩინოვნიკის საკუთრებაა, დაკლას. «ფერხორციანი მთავრობა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ფასების გაზრდას, ხორცთან ერთად, სხვა პროტუქტებზეც გეგმავს», _ აცხადებს «ქართული დასის» ლიდერი, ოპოზიციონერი პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია:
_ ხორცზე ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, კერძოდ, კორუმპირებული ჩინოვნიკების სურვილით, რომლებსაც დაუკმაყოფილებელი მადა აქვთ. ამ ხალმა გლეხკაცის ხარჯზე გამდიდრება მოინდომა და ხორცის ბიზნესის მონოპოლიზირება მოახდინა. ამჟამად ერთი კილოგრამი ხორცი 15-18 ლარი ღირს, მაგრამ თუკი ზომები არ მივიღეთ, სავარაუდოდ, კიდევ გაძვირდება და 25 ლარს გაუტოლდება.
ბატონო ჯონდი, მონოპოლია გასაგებია, მაგრამ სინამდვილეში, რატომ დაედო ცეცხლის ფასი ხორცს _ საქონლის დეფიციტია თუ რა ხდება?
_ პარლამენტში მთავრობამ ლობირება გაუწია სურსათის უსაფრთხოების კანონს, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ ხორცის ვარგისიანობა სასაკალოზე საქონლის მიყვანით, იქ დაკვლით და შემოწმებით უნდა განისაზღვროს. საერთოდ, სასაკლაოები ფერმერული მეურნეობისთვის აუცილებელია, მაგრამ საქართველოს ბაზრებში ხორცი ძირითადად კერძო სექტორიდან, ანუ მოსახლეობიდან შედის. ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დაცვის მხრივ, სარეალიზაციოდ გამოტანილი ხორცის სასაკლაოზე დამუშავება სასურველია, მაგრამ გამკაცრებული ზომები უსაფრთხო საკვების კუთხით ვერაფერს შეცვლის, რადგან ცხოველი დაკვლამდე ისეც მოწმდება, ასევე, ლაბორატორიაში დგინდება ხორცსა და შინაგან ორგანოების ვარგისიანობა და შესაბამისი ცნობა გაიცემა. როგორც ვიცი, «ნატახტარის» წარმომადგენლები სოფლებში დადიან და მოსახლეობისგან დასაკლავ პირუტყვს ყიდულობენ. სასაკლაოს მომსახურების სიძვირის გამო, გლეხი იძულებულია, საქონელი მათ მიჰყიდოს. კომპანია ცდილობს, მონოპოლია ამგვარად ჩაიგდოს ხელში და მხოლოდ მას შეუძლია, ბაზარზე ხორცის ფასი არეგულიროს.
ანუ, ხორცი ხელოვნურადაა გაძვირებული?
_ დიახ, ასეა. დეტალურად რომ აგიხსნათ, სიტუაცია ასეთია: გლეხკაცმა რაიონიდან აუცილებლად ცოცხალი საქონელი უნდა ჩამოიყვანოს, მაგალითად, თელეთის სასაკლაოზე, რომელიც კორუმპირებული ჩინოვნიკების მიერაა მოწყობილი და საქონლის დაკვლაში ფულს ახდევინებენ, თუმცა ყველას არ აქვს საშუალება, რომ რაიონიდან ცოცხალი საქონელი წამოასხას, რადგან ეს გარკვეულ თანხებთანაა კავშირში. ვინც იყოჩაღებს და შეძლებს დასაკლავი პირუტყვის ჩამოყვანას, თავ-ფეხი და ტყავი სასაკლაოზე რჩება, ამასაც ფასი აქვს, რითიც ისევ და ისევ სასაკლაოს მეპატრონე ხეირობს. გლეხმა რომ არ გადაუხადოს სასაკლაოს წილი, დაკლას საქონელი და ბაზარზე ჩამოტანის შემდეგ შეამოწმებინოს, ამ გზითაც მშვენივრად შეიძლება ხორცის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მაგრამ ხელისუფლებამ, თავისი ინტერესების გამო, გლეხსა და მყიდველს შორის შუამავალი რგოლი გააჩინა სასაკლაოს სახით. ამაზე უფრო ულოგიკო ინიციატივა არ მომისმენია! სურსათი ბაზარში, დახლზე დადებამდე უნდა შემოწმდეს, რადგან შეიძლება, გზაში ათასი ვირუსი შეეყაროს. ზაფხულში პირუტყვის შესანახად გლეხს ნაკლები ხარჯი აქვს _ თივა არ სჭირდება, ძროხა ბალახობს, უფრო ნოყიერად ჭამს და მეტსაც იწველება. ამიტომ, წესით, ხორცისა და რძის პროდუქტების ფასს კლება უნდა დაეწყო, მაგრამ ყველაფერი პირიქითაა.
ვინ ლობირებს ხორცის ბიზნესს? ადრე საუბარი ცეზარ ჩოჩელზე იყო...
_ ამ შემთხვევაში ვიღაცის სახელი და გვარის დასახელება მეორეხარისხოვანია. მთავარი ისაა, რომ ხელისუფლება დგას ამ ბიზნესის უკან. ამიტომაც, მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. მაშინვე განვმარტე, რომ ამ კანონპროექტის მიღება ფასების ზრდას გამოიწვევდა. შეგიძლიათ, სტენოგრამა ამოიღოთ და ამაში დარწმუნდებით. პოლემიკის დროს მხარი მიხეილ მაჭავარიანმაც დამიჭირა. ხსენებული კანონის მიღება ჯერ გადადეს, მერე, ცოტა ხანს გააჭიანურეს, მაგრამ საწადელს მიაღწიეს და, სამწუხაროდ, მაინც მიიღეს. ადგილობრივის გარდა, მონოპილია ინდურ ხორცზეც არსებობს... ჩვენ კი გვგონია, რომ ადგილობრივ ხორცს მივირთმევთ.
რაიონებში რა ხდება? ხორცი იქაც გაძვირდა?
_ ხორცი ყველა რაიონში გაძვირდა, რადგან სასაკალო ყველა რაიონშია. ასე რომ, ამ მხრივ შეღავათი არც სოფლის მაცხოვრებლებს აქვთ. აჭარასა და იმერეთში ვიყავი და იქ შემზარავი სურათია _ იმდენად მძიმე სოციალური ფონი დამხვდა, რომ მისი გადმოცემა მიჭირს.
ასეთი რა ნახეთ, ბატონო ჯონდი?
_ ინტელექტითა და ცოდნის წყურვილით შემართულ ახალგაზრდობას მალე განათლების მიღების შესაძლებლობა აღარ ექნება, რადგან ამისათვის თანხა არ აქვს. ეს სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ფონს და დესტრუქციულად განწყობილი მოსახლეობისთვის დესტაბილიზაციისთვის უფრო ნოყიერ ნიადაგს შექმნის.
იმის თქმა გინდათ, რომ სოციალური აფეთქება მოხდება?
_ ჩვენი მოსახლეობა გაცილებით უფრო შეგნებული აღმოჩნდა, ვიდრე _ პოლიტიკური სპექტრი. ჩვენთან მშიერი ხალხის ბუნტი არასოდეს ყოფილა. ხალხს სამართლიანობის განცდა აქვს, მაგრამ როცა სოციალურ ჩაგვრას აქვს ადგილი და ხედავ, რომ კისერზე ხარკი დაგადეს, მაშინ რამეს მოიმოქმედებ. აბა, რა ქნას ადამიანმა, გამოსავალი ხომ უნდა მოძებნოს?
ხორცზე ფასი ადრეც იყო გაზრდილი, მაგრამ ბაკურ კვეზერელმა დაგვამშვიდა, გაიაფდება და აღარ გაძვირდებაო...…
_ კვეზერელზე შეტევის მიტანა, ჩემი აზრით, არ შეიძლება, რადგან თუ ზევით არ იქნებოდა შეთანხმებული, ის, ცხადია, ხორცის ფასს ვერ აწევდა.
ჩვენ ხორცის გაძვირებაზე ვისაუბრეთ, მაგრამ სხვა ფაქტორებიცაა გასათვალისწინებელი. ბოლო დროს საგრძნობლად შემცირდა წარმოება. მაგალითად, ხორბლის წარმოება 72%-ით შემცირდა, ლობიოსი _ 57%-ით, კარტოფილის _ 50%-ით, ჩაის ფოთლის _ 74%-ით, ხილის _ 32%-ით, სიმინდის _ 31%-ით, ციტრუსების _ 23%-ით, ქერის _ 69%-ით, ყურძნის _ 40%-ით. ეს ციფრები იმაზე მიანიშნებს, რომ თუკი ადრე სოფლის მეურნეობას უჭირდა და სულს ღაფავდა, ამ ხელისუფლებამ მთლად გააჩანაგა.
როცა ყურძნის იმპორტზე დაიწყეთ ლაპარაკი, სახელისუფლო გუნდმა მოსახლეობის სიცრუეში შეყვანა დაგაბრალათ...…
_ სიცრუეში მე კი არა, მათ შეჰყავთ მოსახლეობა. როცა ზამთრობით მაღაზიებში მსხვილმარცვლიანი ყურძენი იყიდება, ის იმპორტირებული, ანუ სომხური, ან თურქულია და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღემდე ვერ დააყენა საშველი, რომ ის დანადგარები შემოიტანოს, რომელიც ყურძნის შესანახად სპეციალურ ტემპერატურულ რეჟიმს უზრუნველყოფს. ჩვენთან ყურძენი იაფი ღირს, რადგან შენახვის პირობები არაა და გლეხს ურჩევნია, დროზე გაყიდოს. ხელისუფლებას გლეხკაცის გაჭირვება არ ანაღვლებს და თურქულ თუ სომხურ ყურძენს გვასაღებინებს. ფაქტია, რომ სახელმწიფო დეგრადაციას განიცდის. თუ დღეს პურის დეფიციტი არ შეინიშნება, მხოლოდ იმიტომ, რომ შემოვიდა უხარისხო და იაფფასიანი ხორბალი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აგრალური ქვეყანაა და აქამდე ტრადიციული მიწათმოქმედების და სოფლის მეურნეობის დარგები იყო განვითარებული, ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა და ბაყაყებისა და ნიანგების მოშენებაზე ალაპარაკდნენ.
ბატონო ჯონდი, ალბათ, გახსოვთ, ჯერ შაქრის დეფიციტი იყო, შემდეგ _ წიწიბურის, ახლა კი ხორცის რიგი დადგა. მონოპოლისტები რიგითობის მიხედვით ისქელებენ ჯიბეებს თუ რა ხდება?
_ რა თქმა უნდა, ასეა _ ჯერ გააძვირეს შაქარი, კარგად იხეირეს და მერე, გამოაცხადეს, ფასი უნდა დავაკლოთო და ასეც მოხდა. ესაა მონოპოლისტის საქმე, მისია პროდუქტი და ფასსაც ის აწესებს. ხელისუფლებამ ამჯერად ძროხის ხორცზე მოსინჯა კბილი, მერე კი, გაძვირება შეეხება ღორისა და ფრინველის ხორცს, ყველს, კვერცხს, რძის პროდუქტებს და ა.შ. არც ის გაგიკვირდეთ, თუ მაწვნის ჩამოტანასაც აუკრძალავენ გლეხებს და იმაზეც გადასახადს დაუწესებენ, თუკი გადარეკვის დროს პირუტყვი საძოვარს დასვრის. გეკითხებით, გინახავთ, ფარას მიერეკებოდეს მეცხვარე და ცხვარს უთხრას, არაფერი ქნა, ტუალეტამდე მოიცადეო? «ნაციონალები» ხალხს ყველაფერს უარგუმენტოდ უძვირებენ და ქირქილებენ, გაგვდის და რა გვენაღვლებაო.
ბატონო ჯონდი, პარლამენტში ამ კანონის გაპროტესტებას აპირებთ?
_ დიახ, აუცილებლად წამოვჭრი ამ საკითხს. ხელისუფლების თავგასულობას ზღვარი, მართლაც, არა აქვს და არ ვაპირებ, თავზე დავისვა!