ყოფილი დეპუტატი რუსეთის ეფ-ეს-ბე-სა და გე-რე-უ-ს მოქმედ ქართველ აგენტებს ასახელებს

ყოფილი დეპუტატი რუსეთის ეფ-ეს-ბე-სა და გე-რე-უ-ს მოქმედ ქართველ აგენტებს ასახელებს

ამ დღეებში პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა «თავისუფლების ქარტია», რომელიც «ლუსტრაციის შესახებ კანონსა» და «პატრიოტის აქტს» აერთიანებს. აღნიშნული კანონი აფართოებს სამართალდამცველი ორგანოების უფლებებს და ითვალისწინებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის გამკაცრებას, სატელეფონო მოსმენების, ჩხრეკისა და სხვა სახის ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების ჩატარებას საქართველოს მოქალაქეებზე, ე.წ. საბჭოთა ნომენკლატურის გამოვლენასა და მათ სამსახურიდან გათავისუფლებას, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას და სხვა. ლუსტრაციის კანონი საარქივო მასალების საფუძველზე სპეცსამსახურების იმ თანამშრომლების გამოაშკარავებასაც ითვალისწინებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში მუშაობდნენ და აქტივობას დღესაც ინარჩუნებენ. ოპონენტების თქმით, ეს კანონი სიმბოლურია და ხელისუფლება მას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს - დაიწყებს «კუდიანებზე» ნადირობას და ვისაც მოინდომებს, იმას მიაკერებს რუსეთის აგენტისა თუ სამშობლოს მტრის იარლიყს. აგენტურის თემაზე «ქართული სიტყვა» «მერაბ კოსტავას საზოგადოების» თავმჯდომარეს, ვაჟა ადამიას ესაუბრა.

ბატონო ვაჟა, პარლამენტის მიერ ლუსტრაციის კანონის მიღება დროული გეჩვენებათ? აგენტურის თემა აქტუალური ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროსაც იყო, თუმცა დღემდე ამ კანონის მიღება არ, თუ ვერ მოხერხდა.

- მიუხედავად იმისა, რომ 1990 წელს უშიშროების, ანუ მაშინდელი კა-გე-ბე-ს, ასევე, შსს-ს არქივები საქართველოდან სმოლენსკში გაიტანეს, ლუსტრაციის კანონი ჯერ კიდევ გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დროს რომ მიღებულიყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა. მაშინ უშიშროებაზე თავდასხმის იმიტირება მოხდა, რამაც საკავშირო კა-გე-ბე-ს ხელმძღვანელობას საბაბი მისცა, რომ საქმეები გაეტანათ. სხვათა შორის, უშიშროებაზე თავდასხმისა და დარბევის იმიტირება ეროვნულ მოძრაობაში დანერგილი აგენტების მეშვეობით მოხდა.

ამას რატომ ამბობთ?
- იმიტომ, რომ იქიდან ღირებული არაფერი გამოტანილა, საქმეებს არავინ შეხებია, ყველაფერი საგულდაგულოდ იყო შენახული. მაშინ ჩვენ ხელისუფლებაში ჯერ არ ვიყავით მოსული. გრიბოედოვის ქუჩაზე კა-გე-ბე-ს სასაზღვრო ჯარები იყო განლაგებული და როცა იქ მყოფ ზვიადს ვკითხე, ეს რატომ დაუშვა, მიპასუხა, რომ ხალხი ვერ შეაკავა. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, უშიშროებიდან დელეგაციას ვაგზავნიდით მივლინებაში და ამ არქივში ჯერ კიდევ ვახერხებდით მუშაობას დოკუმენტებთან. მეტიც, ზოგიერთი მასალის გამოტანაც კი მოვახერხეთ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ამ კანონის ინიციატორებს თავი ქუდში აქვთ, ვინაიდან, იმის გამო რომ არქივი გატანილია, აგენტების გამოვლენა ვერ მოხერხდება.
იმასაც გეტყვით, თუ რატომ ვერ მივიღეთ ლუსტრაციის კანონი. ხელისუფლების სათავეში მოვედით თუ არა, ცოტა ხანში დაიწყო სამზადისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი აქტები - სამხრეთ ოსეთის უკანონო ავტონომიის გაუქმების აქტი, ჩატარდა რეფერენდუმი და მივიღეთ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამასთან, შეიქმნა ეროვნული გვარდია - შინაგანი ჯარი. ასე რომ, ჩვენ ძალზე დაკავებულები ვიყავით, თანაც ამ აქტების მიღებაზე მოსკოვიდან სერიოზული წინააღმდეგობა გვქონდა. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ზვიად გამსახურდია ხელისუფლების სათავეში წელიწადზე ცოტა მეტ ხანს იყო. ასე რომ, ამ კანონის მიღება ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა.
ისე, როგორც ზვიადის პარლამენტში, შემდეგ პარლამენტშიც ძალზე ბევრი აგენტი იყო და ლუსტრირების კანონის მიღების წინადადება უმეტესად სწორედ აგენტებისგან მოდიოდა. საერთოდ, აგენტის მოქმედება არაა ლოგიკური. ამიტომ, მან თავისი ალოგიკური, მავნებლური მოქმედება მყვირალა და ბრჭყვიალა ლოზუნგებით უნდა შენიღბოს. ვინც ყვირის, კანონი მივიღოთო, სავარაუდოა, რომ ასეთ ადამიანზე ნაკლებად იფიქრო, აგენტიაო.

ბატონო ვაჟა, სააკაშვილის მთავრობასა და პარლამენტში რა ხდება, ბევრიამავნებელი“?

- დღესაც უმეტესწილად ასეა, თუმცა ასეთებს თავი ქუდში აქვთ. რუსული ოპოზიციაც ხელისუფლებაშია ნამყოფი და იცის, რომ არქივი საქართველოდან გატანილია. ასეთ შემთხვევაში, დღეს აგენტს თავისი მავნებლური ქმედებით თუ დაუმტკიცებ, რომ მავნებელია, თორემ იმ საბუთს, რომ ადრე სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, ვერ მოიპოვებ. აგენტურას ის ამუშავებს, ვინც აგენტების პირად საქმეებსა და მათ მიერ «გაკეთებულ» დასმენებს ფლობს.

მაინც, ვინ ვის ამუშავებს?

- ამას, შიშის კი არა, უაზრობის გამო დღეს არ ვიტყვი. დავუშვათ, ვთქვი და, მერე, რა? ვიღაც ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებს, ის კი გაფრთხილდება, ვისზეც ვიტყვი... ჩვენდა საუბედუროდ, აქ მარტო უშიშროების კი არა, გე-რე-უ-ს (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო) აგენტურაც მუშაობდა. პუტინი კა-გე-ბე-ს (დღევანდელი ეფ-ეს-ბე) ეკუთვნოდა და ეკუთვნის, კა-გე-ბე-ზე კი, სამხედრო დაზვერვა დომინირებდა. საქართველოში ერთიც მოქმედებდა და მეორეც. ამიტომ, მათ აგენტებსა და ოფიცრებს შორის მოხდა დაპირისპირება. ორივე დღემდე ერჩის ერთმანეთს ადგილის დასამკვიდრებლად. შეიძლება, ბევრი რამ ვიცოდე ქართულ პოლიტიკაში დღეს მოქმედი აგენტურის შესახებ, მაგრამ თქმა უაზრობაა იმიტომ, რომ რაც უფრო მაღალჩინოსნები იყვნენ ეს აგენტები, მით მეტნი განისვენებენ პანთეონებში.

ვისზე მიანიშნებთ?

- მაგალითად, გე-რე-უ-ს ერთი პოდპოლკოვნიკი დიდუბის პანთეონში განისვენებს... რამდენიმე წლის წინ, ვაკეში დააპატიმრეს მნიშვნელოვანი საბუთები. ამის შესახებ საპყრობილეში პრესიდან გავიგე... როდესაც მზვერავები ჩამოვიდნენ საქართველოში, ედუარდ შევარდნაძესთან დაპირისპირებული ახალგაზრდა პოლიტიკოსების ჯგუფმა მათ კონსპირაციული ბინა უქირავა, სადაც ისინი სადაზვერვო მასალას აგროვებდნენ. შევარდნაძემ იქ თავისი დაცვა შეგზავნა და გამოიტანა დოკუმენტები... როდესაც აგენტებს პანთეონებში კრძალავენ, ამის შემდეგ შეიძლება, ვინმეს გაუჩნდეს პრეტენზია, თუ რატომ არ ვასახელებ მოქმედ აგენტებს? ზოგიერთი, სხვათა შორის, სააკაშვილმა უშიშროების საბჭოშიც მიიწვია სამუშაოდ. ეს ეხება დღეს მოქმედ პრორუსულ ოპოზიციასაც, რომელსაც უსაბუთებენ, რომ ისინი აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას რუსების სასარგებლოდ!

ბატონო ვაჟა, «ნაციონალებისა» არ იყოს, თქვენც დარწმუნებული ხართ, რომ რეალურად მზადდებოდა გადატრიალება რუსეთის ხელდასხმით?

- რასაკვირველია! სამხედრო გადატრიალების პირდაპირ მოწყობა შეუძლებელია. ჯერ უნდა დაიდგას სპექტაკლი, რომელიც რამდენჯერმე დაიდგა: ზვიადი ასე ჩამოაგდეს  და, ფაქტობრივად, შევარდნაძეც. დღესაც ასე დაიწყო და ამას რა უნდა მოჰყოლოდა, განა, უჩავა არ ამბობს? დავანებოთ უჩავას თავი. თავად ბურჯანაძე, მისი მეუღლე და სხვები არ ამბობდნენ, რომ მიშას ჩამოაგდებდნენ რამდენიმე დღეში? რითი აპირებდნენ ამას, რა სუბსტრატი ჰქონდათ ფეხისმოსაკიდებლად? ვფიქრობ, დღეს კა-გე-ბე და მისი აგენტურა დომინირებს, მაგრამ არ გვეგონოს, რომ გე-რე-უ  დაიძინებს და არ იმოქმედებს.

სულ რამდენი აგენტურული ქსელი მუშაობს საქართველოში?

- ძირითადად, კა-გე-ბე-ს სამართალმემკვიდრე ეფ-ეს-ბე და გე-რე-უ. ასევე, შეუძლებელია, არ მუშაობდეს სხვა ქვეყნების აგენტურა. ყველა ქვეყანას, ვისაც აქვს საქართველოში ინტერესი - აშშ-დან დაწყებული, ჩინეთით დამთავრებული, - რასაკვირველია, ეყოლება დაზვერვა. აქ რუსები დიდი ხანია, მარტონი არ არიან. შესაძლებელია, როგორც აშშ და ინგლისი, საქართველო და აშშ-ც, როგორც მეგობარი ქვეყნები, ერთმანეთის სადაზვერვო მონაცემებს ცვლიდნენ.

ვინ ხდებიან სპეცსამსახურების ინტერესის ობიექტები?

- რუსეთის უშიშროებას, ძირითადად, ინტელექტუალებზე აქვს აქცენტი გამახვილებული - მეცნიერები, სწავლულები, პოლიტიკოსები, ხელოვნების მუშაკები. შსს-ს, მაგალითად, მეეზოვეები, ჯიბის ქურდები სჭირდებოდა და ა.შ., მაგრამ უშიშროებას ჰქონდა უფლება, მისგან გამოეთხოვა საჭიროებისამებრ ესა თუ ის პირი. ეს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვიცი. მაგალითად, მილიციის მაღალჩინოსნები კა-გე-ბე-ს თანამშრომლები იყვნენ.

ძველი აგენტებიდან დღეს ხელისუფლებასა და პოლიტიკაში ბევრია?
- რა თქმა უნდა, საკმარისად ბევრი... ისინი ყოველ დღე ჩანან ეკრანზე და გვმოძღვრავენ. ისე, არ ვუყურებ ტელევიზორს, რადგან დღესაც ვხედავ იმ აგენტურას, რომელიც უსირცხვილოდ გვმოძღვრავს. მოვიტყუო თავი, როცა ვიცი, ვინ არის ეს კაცი თუ ქალი და ვის ემსახურება? ისინი მაღიზიანებენ, ამიტომ, არ ვუსმენ. თუ დააკვირდებით, ადვილად მიხვდებით, ვინ არიან ისინი.

როგორ უნდა მივხვდე?

- დაუკვირდით, რუსეთი, ანუ მათი პატრონი რას შვება - ისინი ერთი ჯიბიდან მეორეში გადააქვს, მეორედან – პირველში, მუდმივად ანაწილებს. შეხედეთ,  ზოგიერთი რამდენ პარტიაშია ნამყოფი - სადაც გაუჭირდებათ, იქ გადაიყვანენ გასაძლიერებლად აგენტურას, მათით მანიპულირებენ. ზოგიერთი მათგანი ასაკშია, ასი წელი აღარ უნდა სპეცსამსახურთან თანამშრომლობა, მაგრამ ეძახიან და აიძულებენ.

ანუ, სპეცსამსახურს, როგორც მაფიას, ადამიანი თავს ცოცხალი ვეღარ დააღწევს?

- არსებობს ასეთი ფორმულა: «არ არსებობს ყოფილი «კაგებეშნიკი», არსებობს მკვდარი «კაგებეშნიკი». მისი დოსიე და მისი ხელით დაწერილი დასმენები დევს და ინახება მის საქმეში.

და როგორ იბირებენ მომავალ აგენტებს?

- ჩემს საკუთარ მაგალითზე გეტყვით: 1987 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც მერაბ კოსტავა ციხიდან გამოვიდა, დისიდენტი ვიყავი. საავადმყოფოში ვმუშაობდი, ოპერაციის დღე მქონდა, მივედი სამსახურში და მითხრეს, კა-გე-ბე-ს თანამშრომლები იყვნენ და თქვეს, ადამია ხალათს თუ ჩაიცვამს, მთელი სამსახური გაიხდით ხალათებსო. ასე დამითხოვეს სამსახურიდან. მერაბის დაღუპვის შემდეგ, მუდმივად ცდილობდნენ ჩემს გადაბირებას ახალი მანქანის, გამართული სახლ-კარის, ფულის შემოთავაზებით. იყო შემთხვევა, როცა უცნობმა ჩემს კაბინეტში ჩემოდნით 525 ათასი შემოიტანა. უკან დავუბრუნე, რა თქმა უნდა. ასე ხდება გადაბირება, ობიექტს მატერიულ კეთილდღეობას სთავაზობენ და ცდუნებას ყველა ვერ უძლებს. გადაბირება არ იყო, ზურაბ ჟვანია რომ მთხოვდა, ერთი დამერეკა და „გაფხეკილები რომ ხართ, ყველაფერი გექნებათო“? იმის გამო, რომ ქრთამი არ ავიღე, 4,6 წელი ვიჯექი საპყრობილეში. ყველას ერთნაირი ნერვული სისტემა არ აქვს. ხშირად იძულებასაც აქვს ადგილი. ვინაიდან „მერაბ კოსტავას საზოგადოება“ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა, შევარდნაძის ერთ-ერთი აფეთქების წინ, იმისათვის, ჩვენ რომ ვეკონტროლებინეთ, ჩემი ძალისმიერი მეთოდებით გადაბირება სცადეს მილიონებით და გამართული სახლ-კარით, ანუ იმით, რაც არ გამაჩნდა. ჩემს წინაშე გადამბირებელი აქვითინდა და მითხრა: „მე ვარ კაცი? კაცი შენ ხარ, ჩვარი ვარ და მეტი არაფერი». ეს ადამიანი დღეს პოლიტიკაშია და გვმოძღვრავს.

სპეცსამსახურები ზოგს ჯარში, ზოგს - ციხეში იბირებენ. მაგალითად, ციხეშია გადაბირებული თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი კოსტავას, წერეთლის და კიდევ ერთი-ორის გარდა. მაგალითად, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი თანამშრომლობდა მომსახურებასთან („ობსლუგა“). «მომსახურებაში» ისეთი პატიმრები გადიან, რომლებიც საკანში ვერ ძლებენ და ყველაფერზე მზად არიან. «მომსახურებაზე» რომ გადიხარ, ხელწერილს წერ, რომ ითანამშრომლებ ადმინისტრაციასთან, ეს კი, პატიმრების დასმენას ითვალისწინებს.

გადაბირება ხდება როგორც ქონებით, თანამდებობის შეთავაზებით, ასევე, უცხოეთში ერთად მოგზაურობით, რა დროსაც გადამბირებელი და გადასაბირებელი ერთმანეთს უფრო უახლოვდებიან... ვინაიდან ბევრი ვიცოდი, გამიშვეს პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან და ჩემ ადგილას ლევან ალექსიძე დანიშნეს..

ამ კანონის საფუძველზე და ასეთ პირობებში, როგორ მოხდება აგენტების ლუსტრირება? თანაც, როგორც ამბობენ, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ კანონმა ყველასთვის იკანონოს...

- დღევანდელ ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს ძალიან გაურთულდებათ „დაკონსერვებული აგენტების“ გამოვლენა, რადგან მათი პირადი საქმეები რუსეთშია, მაგრამ მათი გამოვლენა, ვინც აქტიურად მოქმედებენ, საქართველოს მიმართ მტრული მოქმედების საფუძველზე, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. კანონი მეტნაკლებად შეეხება ყველას. ხელისუფლებაში, ძირითადად, არიან „დაკონსერვებული“ აგენტები. ისინი მომენტს ელიან, ისევე, როგორც მოხდა ზვიადის ხელისუფლების დამხობისას – ის, ვინც ზვიადს საყრდენი ეგონა, რუსეთის მიერ მართული აგენტურა აღმოჩნდა და გამოეცალა. ასევე მოხდა შევარდნაძის დამხობისას. სხვათა შორის, ამიერკავკასიის ჯარების სარდალ რეუტის მითითებით ვარდიკო ნადიბაიძე თავის დროზე თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, შოთა კვირაია კი - უშიშროების. როდესაც მინისტრთა კაბინეტში წამყვანი ფიგურები რუსეთის წარმომადგენლები იყვნენ, როგორ უნდა შეენარჩუნებინა შევარდნაძეს ხელისუფლება?

სააკაშვილი შეინარჩუნებს ხელისუფლებას? მისი დასაყრდენი სანდოა?

- არ მინდა, დაჟინებული განცხადებებით მივიპყრო სააკაშვილის ყურადღება და გავუმხილო რამე საიდუმლო. მან, ალბათ, ჩემზე უკეთ იცის ყველაფერი, ვინაიდან თავადაც რუსული გუნდის წევრი იყო - ჟვანიას გუნდში იყვნენ ეგ და ნინო ბურჯანაძე... სააკაშვილისთვის ჩემზე უკეთაა ცნობილი, ვისთან უნდა ყოფილიყო კოორდინაციაში და ვისთან - არა. რუსეთის სპეცსამსახურებმა მას მოაცილეს თავისი წარმატებული მაღალჩინოსანი ოფიცერი ასლან აბაშიძე იმიტომ, რომ იგი ხელს უშლიდა მოქმედების გაშლაში. ასლანი იყო ძალზე ამბიციური პირი და ის არავის ენდობოდა, ჩაკეტილი ჰქონდა აჭარის საზღვრები და, ზვიადს რომ დავესესხო, მან „საკუთარი საფაშოს შექმნა მოინდომა.“ ეს ამბიციური ადამიანი ხელს შეუშლიდა მიშას მოქმედებაში, მიშა ვერ იდომინირებდა. თავისი წარმატებული მოღვაწე რომ გაარიდა, ამით რუსეთმა, ფაქტობრივად, სააკაშვილის ლუსტრირება მოახდინა... თავისი პრეზიდენტობის გარიჟრაჟზე ამბობდა, ნავთობსადენი არაფრის მომცემიაო და მისი გაყვანის წინააღმდეგიც იყო. რუსეთი, როგორც ვხედავ, შეუძლებელს მოითხოვს თავისი კადრებისგან და როდესაც ყელში წაუჭირა, სააკაშვილს სხვა გზა აღარ ჰქონდა - მონახა გზები დასავლეთისკენ. იგი ნელ-ნელა დაუახლოვდა «მერაბ კოსტავას საზოგადოების» პოზიციას, პროდასავლურს და ნატო-ში გაწევრიანების ცალსახა მოთხოვნითა და ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით, შეუქცევადად დაუპირისპირდა რუსეთს.

დღეს ერთადერთი ეროვნული და პროდასავლური ძალა «მერაბ კოსტავას საზოგადოებაა» და ამიტომაცაა იზოლირებული, როგორც რუსული ოპოზიციის, ასევე, ხელისუფლების მიერ. ყველანაირად ცდილობენ ჩვენს დისკრედიტირებას და შევიწროებას. შეიძლება, ჩვენზე უკეთესი ცალ-ცალკე ათასიც იყოს და ათიათასიც, მაგრამ მე ორგანიზებულ ძალაზე ვლაპარაკობ - არ მახსენდება ასე სპონტანურად, შესაბამისი სპეცსამსახურების ნებართვის გარეშე და პირდაპირ ფრონტზე შექმნილი სხვა პარტია.

ყველა, ვინც რუსეთს ემასხურება, მოსკოვში გარბისო, ბრძანეთ. ამ ლოგიკთ, ირაკლი ოქრუაშვილის «რუსეთუმეობა» დაუჯერებელია, რადგან თავი პარიზს შეაფარა...
- ოქრუაშვილი ახალგაზრდაა და, ალბათ, იმდენი წინდახედულება აქვს, რომ წავიდა ევროპაში, თუმცა, როგორც გვაჩვენებენ, ხშირადაა რუსეთში... თუ შენ შეერთებულ შტატებსა და დასავლეთთან ხარ ანტაგონისტურ დამოკიდებულებაში, რუსეთის გვერდით რჩები, ხომ? ეს აქსიომაა. ისიც სათქმელია, თუ რა ქონება აქვს მოპოვებული - რუსეთიდან ცხინვალში შემომავალი კონტრაბანდა სულ ოქრუაშვილის არ იყო?