გადაწყდა, რომ საბანკო სექტორს შეზღუდვები დაუწესდეს. პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც კომერციული ბანკების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტის ავტორი ეროვნული ბანკია.
ცვლილებების თანახმად, კომერციულ ბანკს ეკრძალება პირდაპირ ან არაპირდაპირ ნებისმიერი ოდენობით ფლობდეს წილს იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი ან მისი საქმიანობა არ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან ან ბანკის სოციალურ პროექტებთან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საბანკო ჰოლდინგების შესახებ ახალი რეგულაციები საერთაშორისო პრაქტიკაზეა დაფუძნებული. კანონპროექტის დამატებითი დეტალების შესახებ გვენეტაძეს არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ ყველაფერზე განმარტება საპარალამენტო განხილვების დროს გაკეთდება.
ბიზნესმა კარგა ხანია მოუხშირა საუბარს და პროტესტს საბანკო სექტორის წინააღმდეგ. ამ პათოსმა უკვე პარლამენტშიც შეაღწია. უკვე დეპუტატებიც ხშირად აკრიტიკებენ ბანკებს არაპროფილური საქმიანობის გამო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ დღეს ბიზნესისთვის ერთადერთი პრობლემა ბანკების კონკურენციაა.
„ბანკები უკვე ყველა დარგის ბიზნესის კონკურენტებად იქცნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს დაბალი ეკონომიკური ზრდა, რადგან ბიზნესს არ აქვს ფინანსური ზურგი. წესით, ბანკი უნდა იყოს ფინანსური ზურგი, თუმცა ის არის ბიზნესის კონკურენტი. ჩვენ გვაქვს საუკეთესო მდგომარეობა სხვადასხვა რეიტინგებში, ერთადერთი პრობლემა, რაც დღეს დარჩა ბიზნესისთვის, ეს არის ბანკების კონკურენცია და ეს უნდა განეიტრალდეს“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ოქრიაშვილმა.
საბანკო სექტორს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით სხვაგვარი მოსაზრება აქვს. როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორი კახა კიკნაველიძე აცხადებს, საბანკო ჰოლდინგების რეგულირებით მათთვის არაფერი იცვლება. არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით იგი განმარტავს, რომ ბანკს არ აქვს პარალელური ბიზნესი, ამიტომ რეგულაციების დაწესებას ამ მხრივ ბანკების საქმიანობაზე დიდი გავლენა არ ექნება.
„ბანკისთვის ბევრი არაფერი იცვლება, თუმცა, შეზღუდვებმა, რომლებიც წესდება, შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს მომავალ დაფინანსებაში. მაგალითად, საბანკო კორპორაციულ სექტორში დაფინანსებას აქციების უზრუნველყოფით გაცილებით უფრო კრიტიკულად მივუდგებით. თუ ბანკს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ექნება ამ აქციების მფლობელობაში გადმოყვანის უფლება, მაშინ ჩვენი რისკებიც გაიზრდება. გაცილებით უფრო მკაცრად უნდა შევხედოთ ამას“, - განაცხადა კახა კიკნაველიძემ.
ეკონომისტები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინათ კომერციული ბანკების არაპროფილური ბიზნესიდან გამიჯვნა მხოლოდ ფორმალურად მოხდა და საქმიანობა ჩრდილოვან გარემოში გადავიდა. როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი ვაჟა კაპანაძე აცხადებს, ბანკებსა და კერძო ბიზნესს შორის გაჩენილი კონკურენცია წინა ხელისუფლების დროიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
„კომერციული ბანკების სამეწარმეო ბიზნესში საქმიანობა პრობლემაა და ეს წინა ხელისუფლებისგან წამოვიდა. მათ საფინანსო ინსტიტუტებს დართეს ნება, განევრცოთ არაპროფილური ბიზნესი. ბანკებს აქვთ კონკრეტული დარგების შესახებ სრული ინფორმაცია და თუ მას არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ, რასაკვირველია, უპირატესობა ექნებათ. სადაზღვევო სექტორიდან დაწყებული, სამშენებლო ბიზნესით დამთავრებული, ყველგან აქვთ წილი.
ბანკებმა დაჯაბნეს ის კომპანიები, რომლებიც წლებია, ამ კუთხით საქმიანობენ, ბუნებრივია, ეს უნდობლობას იწვევს ბიზნესის მხრიდან. ამ და სხვა ბევრი ქმედების გამო ბანკები ბიზნესის კონკურენტები არიან და არა ხელშემწყობები. არ შეიძლება, ბანკი ყველა სფეროს ეხებოდეს და ყველგან ჰქონდეს წილი. ბიზნესი არის ბიზნესი და ბანკი არის სხვა სექტორი“, - აღნიშნა ვაჟა კაპანაძემ.