ახალი კანონპროექტი უცხოელებს მიწის შეძენას უკიდურესად ურთულებს

ახალი კანონპროექტი უცხოელებს მიწის შეძენას უკიდურესად ურთულებს

მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხს კონსტიტუციის ნაცვლად სპეციალური კანონი დაარეგულირებს. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე შევიდა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვებსა და პირობებს აწესებს.

პროექტის მიხედვით, უცხოელი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს, თუ მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობით ან აღნიშნული მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების, ან საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი.

უცხოელი ვერ შეიძენს 5 ჰა-ზე ნაკლებ და 100-ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთს. იგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს, თუ გააჩნია კანონით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა; უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მსგავსად, სამინისტროს წარუდგენს საინვესტიციო გეგმას და მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად ფლობს საინვესტიციო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი კაპიტალდაბანდების მოცულობის შესაბამის მატერიალურ რესურსებს, აგრეთვე ხელშეკრულებას, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობას ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.

კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს უცხოელი ფლობს, მიწა მხოლოდ 1 წლის ვადით გადაეცემა საკუთრებაში. მათ მიწის გირაოს-იპოთეკის სახით მიღების უფლება იმ დათქმით უნარჩუნდებათ, რომ ქონების საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში ვალდებულნი არიან, ამ ფაქტის დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში მიწა უფლებამოსილ პირზე გაასხვისონ. თუ ამას არ ჩაიდენენ, მაშინ ეკონომიკის სამინისტროს უნდა აცნობონ და სახელმწიფო დადგენილი ფასის მიხედვით უზრუნველყოფს მიწის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას.

საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, მიწის საკუთრების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მისი დამფუძნებელი ან აქციათა 50%-ზე მეტის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირია.

პაკეტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვებსა და პირობებს აწესებს 5 კანონპროექტისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ამ კანონის მოქმედება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.

საპარლამენტო უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მეტად კმაყოფილია. „ქართული ოცნების“ დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებასთან დაკავშირებული რეგულაციები ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე გახდეს მიწის მესაკუთრე და არა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ფოფხაძე დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის სრული უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებში გადაცემასთან დაკავშირებით რეგულაციების დაწესებას მხარს უჭერს.

„განსაკუთრებული რეგულაციების დადგენის მოტივაცია არის ის, რომ მიწა არის ამოწურვადი რესურსი. კონკრეტულად არის განსაზღვრული მისი რაოდენობა ქვეყანაში. გამომდინარე აქედან, პირველ რიგში, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ამ რესურსზე წვდომა საკუთრების უფლების თვალსაზრისით. ჩვენთვის მთავარია, მიწაზე საქართველოს მოქალაქეების უფლებები. ვინც ამ მიწას იცავს, პირველ რიგში, იმას უნდა ჰქონდეს მიწაზე საკუთრების უფლება. ამ შემთხვევაში საუბარი არ არის არასასოფლო მიწებზე. თუკი ვინმეს, თუნდაც უცხოელ ინვესტორს სასტუმროს ან ქარხნის აშენება უნდა, საშუალება აქვს აიღოს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გედევან ფოფხაძემ.

სრულად სხვა მოსაზრებისაა საპარლამენტო ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი აზრით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შეზღუდვა ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითად აისახება.

„მიდგომა, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, იმას უზრუნველყოფს, რომ მიწას, როგორც ეკონომიკური აქტივობის რესურსს, ვეღარ გამოვიყენებთ. სამწუხაროდ, მიწის ფასების კლებას უნდა ველოდოთ ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში. შესაბამისად, აღმოჩნდება, რომ ბევრ ადამიანს, რომელსაც მიწა აქვს, ვერაფერში გამოიყენებს. ეს დააკლდება ეკონომიკურ აქტივობასაც და მთელი ქვეყნის კეთილდღეობის ზრდასაც“, - მიიჩნევს დეპუტატი.