ონლაინ გამსესხებლები მაქინაციის გზას დაადგნენ

ონლაინ გამსესხებლები მაქინაციის გზას დაადგნენ

ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებმა ახალი რეგულაციის შემოღებისთანავე გამონახეს გზა, რომელიც საქმიანობის ძველებურად გაგრძელების საშუალებას მისცემდა. კანონის შეუსრულებლობა იმდენად თვალშისაცემი გახდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე დაუფარავად საუბრობენ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე დაადასტურა, რომ ონლაინ სესხებთან დაკავშირებით კომპანიებმა სხვადასხვა გზები გამოძებნეს და ეს შეიძლება არ ჯდებოდეს კანონის ფარგლებში. ამიტომ ყველა რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოწმდება და შედეგი შემოწმების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.

„ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით კომპანიებმა სხვადასხვა გზები გამონახეს. ეცადნენ, გაეკეთებინათ ისე, რომ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში ყველა ხარჯი არ მოხვედრილიყო. ასეთ შემთხვევაში ნამდვილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი იქნებოდა. ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ ის ონლაინ-კომპანიებია, რომლებიც დაფიქსირდნენ, როგორც ონლაინ კომპანიები და რომლებიც არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ჩვენ ამ კომპანიებისგან მოვითხოვეთ ინფორმაცია და გავაანალიზეთ.

ახლა გვაქვს გასვლითი შემოწმება, ახლა ვიღებთ ხელშეკრულებებს. ვნახულობთ, ამ კონტრაქტებში ხომ არ არის რაიმე ისეთი, რამაც დაარღვია ეფექტური პროცენტის ლიმიტი - ზედა ზღვარი. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია ჯარიმები. როგორც კი დავასრულებთ, შედეგებს გამოვაქვეყნებთ, თუ როგორ ჩაიარა ამ შემოწმებამ და რა შედეგები აჩვენა. საუბარია იმ კომპანიებზე, რომელიც ჩვენთან რეგისტრირდებიან“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

არიან კომპანიები, რომლებიც არ რეგისტრირდებიან როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამიტომ, გვენეტაძის რჩევით, ყველა იმ პირს, რომელსაც აღებული აქვს სესხი და ფიქრობს, რომ არ მოხდა კანონით დადგენილი პირობების დაცვა, უფლება აქვს ხელშეკრულება სასამართლოში გაასაჩივროს.

როგორც ცნობილია, 2017 წლის იანვრიდან ონლაინ სესხებსა და ბანკებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ონლაინ სესხების ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით კი პირგასამტეხლო და ზედასაპროცენტო ზღვრის წლიური განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

თუმცა სინამდვილეში ეს სულაც არ სრულდება. ონლაინ სესხების გამცემმა ორგანიზაციებმა, უბრალოდ, ტერმინები შეცვალეს და სხვადასხვა გადასახადები დააწესეს, მაგალითად, ვადაგადაცილებულ ჯარიმებს „დაგვიანებული გადახდები“ დაარქვეს და გაზარდეს საკომისიოები.

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით, ისინი ყველანაირად ცდილობენ გვერდი აუარონ კანონს და ხალხს ისევ წლიური 200-300% გადაახდევინონ.

„ამის გაკეთება თავიდანვე დაიწყეს, როცა კანონი ძალაში შევიდა. ამაზე ჯერ კიდევ მარტში ვისაუბრეთ, მაშინ ეროვნული ბანკი დაგვპირდა, რომ დაარეგულირებდნენ, იგივე მოვისმინეთ დღეს მათგან, რომ მუშაობენ და ამოწმებენ. სამწუხაროდ, ეს ჩვენი მიღებული კანონი არ სრულდება. ჩვენთვის მთავარი არსი არის ის, რომ კანონი შესრულდეს, ტექნიკურად ვინ როგორ უვლის გვერდს კანონს, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის.

სამწუხაროდ, საქართველოში ფინანსური ორგანიზაციებისგან დამკვიდრდა ასეთი წესი, რომ კანონს გვერდი მაქსიმალურად აუარონ. ფინანსური ორგანიზაციების კონტროლზე კი პასუხისმგებლობა აკისრია ეროვნულ ბანკს და ის არის ვალდებული, რომ სიტუაცია დაარეგულიროს, რათა ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩაჯდეს“, - განუცხადა „კომერსანტს“ დავით ჭიჭინაძემ.

კანონის შეუსრულებლობა საფინანსო სექტორში ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, დიდი ხანია მიმდინარეობს ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვაზე საუბარი, რომელსაც ვერც კანონმა უშველა და ვერც ხელისუფლების წარმომადგენელთა მონდომებამ.

„ჩვენ გვესმის, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აეკრძალა, მაგრამ მათ ნახეს გამოსავალი - შექმნეს ჰოლდინგი და ბანკი ჰოლდინგში გადაიტანეს. ამ რამდენიმე ხნის წინ მარეგულირებელმა გამოაცხადა, რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გათვალისწინებით, ენერგეტიკულ კომპანიებში გენერირებისა და მიწოდების კომპანიები უნდა გაყოფილიყო. ესეც ფიქტიურად მოხდა. ჩვენს ქვეყანაში კანონის შეუსრულებლობამ სისტემური ხასიათი მიიღო. ან კანონის მიღების დროს ვუშვებთ შეცდომებს, ან როცა კანონპროექტი შემოდის, წინასწარ არის ჩადებული ეს. ყველა ამ კანონისათვის გვერდის ავლა ძალიან საეჭვოდ ხდება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.