რაში ადანაშაულებს ხალხს, რატომ ემდურება საპატრიარქოს და რა შეცდომებს აღიარებს სახალხო კრება

რაში ადანაშაულებს ხალხს, რატომ ემდურება საპატრიარქოს და რა შეცდომებს აღიარებს სახალხო კრება

სახალხო კრების ლიდერთა უმეტესობა აქციებზე ხალხის წინაშე მხოლოდ კონკრეტულ დროს, კონკრეტული სიტყვით გამოდიოდა და მერე სცენიდან ქრებოდა. 26 მაისს, გამთენისას, თითქმის ყველა მათგანი დაშავდა და მერე ამაზე ვრცლადაც ისაუბრეს. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ბოლომდე  მოვლენების ეპიცენტრში დარჩა, ვისაც 21-დან 25 მაისის ჩათვლით, ყოველდღე, სცენაზე ვხედავდით წამყვანის ამპლუაში და ყოველ ღამე - მორიგეს სტატუსით, მაგრამ დღემდე არ ვიცით, ზუსტად სად იყვნენ დარბევის დროს, რატომ აღარსად ჩანან ახლა და რას ფიქრობენ მომხდარზე. ერთ-ერთი მათგანი ბურჯანაძის პარტიელი გიორგი კობახიძეა, რომელიც «ვერსიისთვის» მოვლენათა ანალიზს აკეთებს: 



- 26 მაისის შემდგომ პერიოდში, რომ იტყვიან, ქმარი ლაშქარს იყო და ცოლი ამბავს უყვებოდაო, ასეთი სიტუაცია შეიქმნა. ყველა საუბრობს 26 მაისის ღამეზე და მთლიანად, კრების მოღვაწეობის პერიოდზე, ჩვენ კი ამაზე არავინ არაფერს გვეკითხება. ესეც ხელისუფლების მუშაობის ერთ-ერთი მიმართულებაა. მე, ერთმა ადამიანმა, იმ ღამეს ქალბატონი გადავარჩინე. როცა დარბევა დაიწყო, სცენაზე ვიყავი, უცებ სცენასა და რკინის ღობეს შორის მოვექეცი, რომელიც სცენის უკან იყო განთავსებული. მერე ეს ღობე წაიქცა და მასთან ერთად იქ მდგომნიც ძირს აღმოვჩნდით, ამის მიუხედავად, ხელკეტებით ანგარიშსწორება არ წყდებოდა. ამ დროს ჩემს გვერდით დაეცა ქალი, რომელმაც ფეხსაცმელი დაკარგა და ისეთი ნაცემი იყო, სიარული უჭირდა, კბილებიც კი ჩამტვრეული ჰქონდა. იგი იმ სიტუაციას მაქსიმალურად გავარიდე. მე განსაკუთრებული დაზიანებები არ მაქვს, გაზით მოწამვლასა და რამდენიმე ჩალურჯებაზე საუბარს კი უხერხულად მივიჩნევ. ახლა მთავარი ამოცანა ისაა, მომხდარის ზუსტი ანალიზი და როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეების შეფასება გაკეთდეს. სწორედ ეს პროცესი უნდა მიდიოდეს ახლა არა მარტო კრებაში, არამედ ყველა პოლიტიკურ ძალაში, მათ შორის, ხელისუფლებაში. ამ ეტაპზე კი, ერთს ვიტყვი - საზოგადოება მზად არაა თავისი უფლებებისთვის 
საბრძოლველად.

კი ბატონო, გავაანალიზოთ, რატომ ჰქონდა სახალხო კრების მიერ დაწყებულ პროცესს ძალიან დაბალი მხარდაჭერა?



- ქართველი ხალხი მზად არაა, ეს შეურაცხყოფა და ძალადობა აპროტესტოს.  ჩემთვის ბევრი არც ის რაოდენობა იყო, რაც სოლიდარობის აქციაზე 28 მაისს გარეთ გამოვიდა. სხვა ქვეყნებში, თუნდაც საბერძნეთსა და საფრანგეთში, როცა ერთი ადამიანის უფლებები მაინც ირღვევა, ხალხის ნაკადი მდინარეებად მოედინება-ხოლმე. რაც შეეხება ობიექტურ მიზეზებს: პირველ რიგში,  ხელისუფლება ხალხს აშინებს და ეს მიზეზი, ამ რეჟიმის პირობებში, მუდმივად ძალაშია. მეორე ისაა, რომ ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესის მოკვლაზე მიდის მუშაობა ხელისუფლებისა და მის მიერ მართვადი ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიერ.



მართულებში იმას გულისხმობთ, ვინც კრების აქციებზე არ გამოვიდა?



- არა, ვგულისხმობ იმათ, ვინც სხვადასხვა სახით, ხელისუფლებას ორი მკვდარი წელი გადააგორებინა. ამის ყველაზე თვალშისაცემი ფაქტი თვითთმართველობის ე.წ. არჩევნებია, რაც ამ ხელისუფლებისთვის ნამდვილი საჩუქარი იყო.



ეს .. პარტიები გეტყვიან, რომ ხელისუფლებას არანაკლებ გადააგორებინეთ კრიზისი, როცა დარბევა მოაწყობინეთ და მიეცით საგანგებო სიტუაციის შექმნის შანსი, როცა მას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შეეძლო.  



- არა, არა! აქ ჯერ ის უნდა გადავწყვიტოთ, ასეთ რეჟიმთან ბრძოლის რომელი გზაა შედეგიანი. ხელისუფლება, რომელიც განსხვავებული აზრის ადამიანებს სასაკლაოს უწყობს, თავისი ნებით იმ გარემოს არ შექმნის, რომელიც მისთვის არჩევნებში დამარცხების გარანტია იქნება. თუ ვთანხმდებით, რომ ასეთ რეჟიმებს მათ მიერვე ჩატარებული არჩევნებით არ ებრძვიან, მაშინ ამ პარტიების არც ერთი არგუმენტი გამართლებული არ იქნება. საწინააღმდეგოს მტკიცება კი  იმისთვის სჭირდებათ, რომ თავიანთი უმწეო შეთავაზებები და ის გზა გაამართლონ, რომელიც თავიდანვე წაგებისთვისაა განწირული. მნიშვნელოვანი ახლა ისაა, ამ სწორი გზის ორგანიზებაში რა იყო გასათვალისწინებელი, რაც კრებამ არ გაითვალისწინა, რათა ეს ბრძოლა უფრო მასშტაბური ყოფილიყო. 
თუმცა მოდით, ჯერ პლუსებს ჩამოვთვლი: ჯერ ერთი, ავტოკრატმა ხელისუფლებამ ავტომატურად დაირქვა დიქტატორი. კი ბატონო, მათი მხრიდან სისასტიკეს ველოდით, მაგრამ არა იმას, რომ ხალხს უშანსოდ დატოვებდა.



ამ არგუმენტს ვერ მივიღებ - 26 მაისის მერე, ყველა ერთხმად რატომ გვიმტკიცებთ, რომ ხელისუფლებისგან ამას არ ელოდით?



- უნდა მიიღოთ, რადგან ასეთი რამ მრავლისმნახველ საქართველოში რუსულ რეჟიმსაც კი არ გაუკეთებია. ხელისუფლება ახალი სახითაა მხილებული. მეორე პლუსი ის ლუსტრაცია, რაც ამ ბრძოლამ გააკეთა. ოქრუაშვილი და კიწმარიშვილი ამ პროცესს, ვითომ ხელისუფლებასთან ჩვენზე მწვავე დაპირისპირების გზით ებრძოდნენ, მაგრამ სინამდვილეში, რომ არ ებრძოდნენ, ეს ხომ გამოვლინდა?! ასევე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა «რვიანის» ჩიხისკენ მიმავალი გზა. და დაიმსხვრა მითი, ე.წ. რუსული ზურგის შესახებ.



და რომელიმე მათგანი თქვენთვის ან სიახლეა, ან პლუსი?



- ეს ყველაფერი ახლა უკვე ფაქტებით დამტკიცდა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ რუსეთს აქ მართლა ჰყავს საყრდენი ძალა და ეს ხელისუფლებაა.

ამის ფაქტიც გაქვთ?



- ფაქტი ისაა, რომ რუსული პრესა ყველაზე პროსააკაშვილისეული იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, დასავლური მედიისგან განსხვავებით. 26 მაისის კიდევ ერთი შედეგი, ოღონდ კარგი თუ ცუდი, თავად ხალხმა განსაზღვროს, იყო ის, რომ ამ დღემ საზოგადოებისთვის სარკის როლი ითამაშა. ამ სარკეში კი საზოგადოება არცთუ კარგად აისახა. ხალხის დამოკიდებულებაში საკუთარი მომავლისადმი აშკარა გულგრილობა, შიში და უმოქმედობა იგრძნობა, რაც ძალზე დამაფიქრებელია. ამ დროს მარტო შეგონებები არ კმარა, შესაძლოა, მკვახე შეძახილმა გაცილებით დიდი როლი ითამაშოს. ჩვენთან ღირსება იმ ხარისხში არაა, როგორსაც არსებული რეალობა და ქვეყნის ინტერესები მოითხოვს, მაგრამ



ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა და ჩამაფიქრა, ეს საპატრიარქოს განცხადება იყო - მოწოდება ხელისუფლებისადმი, პატიმართა მიმართ სასჯელი ლმობიერი ყოფილიყო. საპატრიარქოს რომ ჩვენი ქმედება დაეგმო, ხმას არ ამოვიღებდი, რადგან ვიფიქრებდი, ისინი უკეთ ხედავენ ყველაფერს და უფრო შორს იყურებიან-მეთქი, მაგრამ როცა საუბარია სასჯელის შემსუბუქებაზე, ე.ი. ამით ნათქვამია, რომ სადაც სასჯელია, იქაც  დანაშაულია. ხოლო მთელს ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი დამნაშავე იყო - ხელისუფლება.



მაგრამ ამ განცხადებამდე პატრიარქი ორივე მხარეს სთხოვდა, ხალხისთვის უეჭველი განსაცდელი რომელიმეს მაინც აგერიდებინათ.



- ახლა, უშუალოდ, ამ ერთ განცხადებაზე ვსაუბრობ. დღეს ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მტკივნეული საკითხი სწორედ პატიმრების თემაა. მარტო 20-დან 26 მაისამდე დაპატიმრებულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. ეს განცხადება, ჩვენი ქმედებების შეფასება რომ ყოფილიყო, სიტყვა არ დამცდებოდა, ახლა კი, ვერავითარ შემთხვევაში, თავს გაჩუმების უფლებას ვერ მივცემ.       



ახლა მინუსები, რომელიც კრებამ არ გაითვალისწინა?



- პირველი ის, რომ პროცესში საკმარისი რაოდენობის სუბიექტები არ იყვნენ ჩართულნი. ანუ, სხვაგვარი მუშაობის პირობებში, იყო შანსი, პოლიტიკურ ძალებს მხარი უფრო ადრე დაეჭირათ. უშუალოდ ბრძოლაში ბესელია, კუკავა, ძმები გაჩეჩილაძეები შემოგვიერთდნენ. ისინი შეიძლებოდა პროცესში ბევრად ადრე ჩართულიყვნენ და ნდობაცა და შედეგიც მეტი მიგვეღო. ძალიან დიდი და არ ვიცი, რამდენად გამოსწორებადი, მინუსი იყო ისიც, რომ ჩვენს რიგებში ბევრი შემოგზავნილი და ხელისუფლებისგან მართული ადამიანი აღმოჩნდა. ჩვენ ისეთი ბერკეტები არ გაგვაჩნია, რომელიც პროცესში ე.წ. ფილტრს ჩადებდა და მათ თავიდანვე გამოავლენდა. კრება კი ღია პროცესია და ღია სივრცედ უნდა დარჩეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის მომავალშიც. თუმცა, ეს პროცესი მრავალათასიანი რომ ყოფილიყო, შემოგზავნილთა რაოდენობა გადაიფარებოდა. ისე, თქვენთან ჩვენი დაკავებული აქტივისტის, ზაზა ჩიკვილაძის სასამართლო პროცესიდან მოვდივარ. 50 წლის კაცმა, რომელსაც დიაბეტი აქვს და ინფარქტი გადაიტანა, თურმე, 5 პოლიციელი გალახა, რომლებიც ირწმუნებიან, ავტობუსში შევნიშნეთ, რომ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყოო. სანამ ავტობუსიდან ჩამოიყვანდნენ, იმ სამ პოლიციელს ხომ გაუსწორდა, მერე დანარჩენი ორიც ზედ მიაყოლა და გვიან აღმოაჩინეს, რომ თურმე, არაფრის ზემოქმედების ქვეშAარ იყო. ამ 5 საწყალი პოლიციელის ინტერესი რომ დაეცვა მოსამართლეს, ზაზა 2-დან 5 წლამდე პატიმრობაში გაუშვა. ახლა ის მაოცებს, ამის მერე იმ პოლიციელებს სამსახურში როგორ აჩერებენ.



რამდენიმე მისნაირი რომ გყოლოდათ, «ზონდერბრიგადებს» აქეთ დაარბევდით, მაგრამ ახლა ის უფრო მაოცებს, რას ითხოვდა კრება და იქნებ, თქვენ მაინც დამიზუსტოთ - 21 მაისამდე მიშა გადადგესო, ამბობდით, 21 მაისის მერე აღლუმი არ ჩატარდესო, ბოლოს, 25 მაისს კი ერთად ჩავატაროთ აღლუმი, ოღონდ ტანკების გარეშეო. ვერაფერი გავიგეთ...



- მოთხოვნა კი არა, ამოცანა იყო ასეთი, რომ დამარცხებულ მთავარსარდალს აღლუმი არ ჩაებარებინა. ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება ასეთ დროს ხალხთან მივიდოდა და იკითხავდა, აბა, რა და როგორ შეიძლება მშვიდობიანად გადავწყვიტოთო, არ გაჯიქდებოდა, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა.



ბოდიში, ერთ წელი იმისთვის ემზადეთ, შექმენით შეფიცულების ინსტიტუტი, 78 კომიტეტი, გახსენით ოფისები რაიონებში და ათენეთ 5 ღამე, რომ სააკაშვილს აღლუმი არ ჩაებარებინა?



- ეს ყველაფერი იმიტომ შევქმენით და იმისთვის ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ სააკაშვილი წავიდეს და ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ.



არჩევნების თემასთანაც თავად მიხვედით - «რვიანმა» თქვენთან თანამშრომლობის სურვილი უკვე განაცხადა, საუბარია დიდ ოპოზიციურ ერთობაზე. საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ერთობა, ბურჯანაძის გაუთავებელი ძახილის მერე, როცა ორი დარბევის შემდეგაც ყურადღება არავინ მოგაქციათ?

- აქ ძალიან მარტივ, ადამიანურ დამოკიდებულებაზეა საუბარი. თუ კაცს ოდნავ მაინც აქვს სინდისი და ღირსების გრძნობა, მაშინ ეს ვალდებულებად უნდა ჩათვალოს და არა - კომპეტენციად. საერთოდ, ადამიანს სიცოცხლის ბოლო წუთამდე აქვს სასუფეველში მოხვედრის შანსი.



ანუ, ისინი უღირსი ადამიანები არიან და ჯოჯოხეთში მოხვდებიან?



- ესენი არიან ადამიანები, რომელთაც, ჯერჯერობით, სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, საკუთარი როლი სწორად ვერ გაიაზრეს.



ადრე თუ გვიან, «რვიანიცა» და ნებისმიერი სხვაც იმ დასკვნამდე მივა, რომ ვერც ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხდება ხალხის ქუჩაში გამოსვლის გარეშე. ეს რაოდენობა კი ხელისუფლებისთვის «საშიში» თუ არ იქნა, მაშინ შედეგი ისევ არ დადგება. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, «რვიანშიც» ყველას უნდა ხელისუფლების შეცვლა. ეჭვი რამდენიმე სუბიექტზე მაქვს, რომელთაც განაცხადეს, ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც არსებული გარემოს პირობებში, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთო. ველი, რომ მალე ამის მიხედვით, «რვიანშიც» გაიყოფა პოზიციები და შემდეგ გაჩნდება გარკვეული ერთობის შანსი, რომლისთვისაც კრება ამდენი ხანია იბრძვის.