სად არის ზურაბ ნოღაიდელი

სად არის ზურაბ ნოღაიდელი

პარლამენტარი პეტრე მამრაძე «ქართულ სიტყვას» მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების საკუთარ ანალიზსა და «გაუჩინარებული» ზურაბ ნოღაიდელის «მოკრძალებულ» ამბიციებს აცნობს.

ბატონო პეტრე, მოდით, თქვენი პოლიტიკური წარსული გავიხსენოთ: «ვარდების რევოლუციის» დროს სახელმწფო კანცელარიის კარი რევოლუციონერებს გაუღეთ და, ალბათ, სწორედ ამიტომ 2008 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში «ნაციონალებმა» გამსვლელ სიაშიც ჩაგსვეს, თუმცა მოგვიანებით, გაოპოზიციონერდით და დღეს დაბალრეიტინგული ზურაბ ნოღაიდელის მხარდამჭერი ხართ. არადა, ამბობენ, პოლიტიკოსს სწორედ ერთგულება აკეთილშობილებსო...
- ახლა თქვენ თეთრზე შავს ამბობთ, შავზე კი - თეთრს. არც ერთი დღე არ მიმსახურია ზურაბ ჟვანიასთვის, რომელიც ჩვენი ფრაქციის თავჯდომარე იყო, ნოღაიდელი კი მაშინ ერთ-ერთი კომიტეტის თავჯდომარე გახლდათ. მთავრობის წევრი არასოდეს ვყოფილვარ, რადგან მინისტრი არ ვიყავი და რამდენჯერმე შემოთავაზების მიუხედავად, მინისტრობაზე უარი ვთქვი. 2001 წელს, როგორც საუკეთესო მოხელემ, რომელიც ყოველთვის ერისა და სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, ფრანგებისგან ორდენი მივიღე. მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ გადადგომის მერე, შევარდნაძემ მადლობა გადამიხადა და მითხრა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შენთვის ყველაზე მთავარი ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა ყოფილაო. პატიოსნად ვმუშაობდი და მთელმა საქართველომ იცის, რომ დღეს ფეხით დავდივარ და არა - «ჯიპით».

კორუფციონერთა სიაში, მართლაც, არასოდეს ყოფილხართ, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი ზურაბ ნოღაიდელზე, რომელიც ბოლო დროს აღარც მოსკოვში ჩანს და აღარც - თბილისში...
 ნოღაიდელი დადიოდა და დადის რუსეთში, ამას საჯაროდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად აკეთებს. სააკაშვილი კი, არის ადამიანი, რომელიც რუსეთს ყველაზე მეტად აწყობს და ამაზე ბევრი დაიწერა. ამ კაცმა იმაზე ბევრი გაუკეთა რუსეთის სამხედრო პოლიტიკურ მანქანას, ვიდრე - ერთად აღებულმა იგორ გიორგაძემ, ასლან აბაშიძემ და თენგიზ კიტოვანმა.

რა გაქვთ მხედველობაში?
- სააკაშვილმა რუსებს ლანგარზე ის დაუდო, რაზეც ამდენი ხანია, ნერწყვი სდით, - სწორედ ასეთი სიტყვებით წერს რონალდ ასმუსი თავის წიგნში. 2008 წლის აგვისტოში საკააშვილმა თავისი კონტრპროდუქტიული პოლიტიკა იმით დააგვირგვინა, რომ დაიწყო სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა, რაც ყველა დონეზე დასაბუთებულია და ამან რუსეთს საშუალება მისცა, თავისი მიზნისთვის მიეღწია.

რუსებმა მიზანს მიაღწიეს, მაგრამ ნოღაიდელი რას ელოდა ოკუპანტი პუტინისგან, მასთან მოსალაპარაკებლად რომ დადის?
- ჩვენ ბრიუსელში შევათანხმეთ რიგი თემები, შემდეგ, გავაკეთეთ განცხადება, რომ უნდა გახსნილიყო ლარსის საბაჟო პუნქტი, რაზეც ამერიკამ 4 მილიონნახევარი დოლარი დახარჯა, შემდეგ, აღსდგა რეგულარული ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის. ამას გარდა, ზურაბ ნოღაიდელმა მოახერხა დატყვევებული ახალგაზრდების გამოყვანა ცხინვალიდან. მინდა, გაგახსენოთ ჰილარი კლინტონის განცხადება, როცა აღნიშნა, არის დამაიმედებელი ძვრები და ესაა ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნა და ფრენების აღდგენაო. ჩვენ ეს საქმე გავაკეთეთ. მაინც, ვინ უნდა აღადგინოს რუსებთან მოლაპარაკება, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეების 87%-ი რუსებთან ურთიერთობის აღდგენას ითხოვს? დღეს რუსეთთან დასავლეთს აქვს ახლო და კარგი ურთიერთობა, საქართველო კი გარიყულია და იზოლაციაში იმყოფება.
...ისე, ორი წლის წინ ყველას ვაფრთხილებდით, რომ ქუჩის გადაკეტვა და პერმანენტული აქციები სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს მხოლოდ გააძლიერებდა და ასეც მოხდა.

მხოლოდ ამ მიზეზით არ შეუერთდით «მაისის პროტესტს» თუ ნოღაიდელს არ სურდა ბურჯანაძისთვის გვერდის დამშვენება?
- არ გვაინტერესებს არავისთან დაპირისპირება, ყველას მოვუწოდებთ გაერთიანებისკენ!.. ჩვენი პროგნოზი გამართლდა - საზოგადოების უდიდესი ნაწილი გაწბილდა ოპოზიციით და დაიმკვიდრდა აზრი, რომ ოპოზიციის ლიდერები თავიანთ ამბიციებს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებენ. ოპოზიციაში არის ერთი მხარე, რომელსაც სისხლი სწყურია, რადგან იმედოვნებს, რომ თუ სისხლი დაიღვრება, მიშა გადაგება და ამის ხარჯზე ხელისუფლებაში მოვა. მეორე მხარეც მზადაა, სისხლი დაღვაროს, ოღონდ შეინარჩუნოს ხელისუფლება. ამ ერთი მედლის ორივე მხარე შემზარავია. სოლიდარობას ვუცხადებ იმ ადამიანებს, ვინც გარეთ გამოვიდა და პროტესტი გამოხატა, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა. 26 მაისის მოვლენა, ერთის მხრივ, იყო პროვოკაცია და ავანტიურა დემონსტარაციის ორგანიზატორთა მხრიდან, მათი ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ საკააკაშვილსთვის ნერვებს ისევე ემტყუნა, როგორც 7 ნოემბერს - მაშინ, გახსოვთ, აღარაფერი ხდებოდა, მხოლოდ 6 კაცი საძილე ტომრებში იყო შემძვრალი და იქ პოლიტიკურად დალპებოდა, მაგრამ ამ დროს სააკაშვილს ფსიქოპათიური შეტევა დაემართა და ხალხი დაარბია. იმ დღეს საქართველომ 700 მილიონი ინვესტიცია დაკარგა და იმიჯიც შეელახა. საკაშვილის რეჟიმი იმდენად გადაგვარდა, რომ სამ რამეს ემყარება - ტყუილს, სიძულვილსა და ძალადობას, რისი დემონსტრირებაც 26 მაისს მოხდა. საკააშვილმა, ყველაფრის მიუხედავად, აღლუმი ჩაიბარა, ჯარმა ჩაიარა იმ ადგილას, სადაც ერთ-ერთი შენობის თავზე 2 დემონსტრანტის ცხედარი ესვენა, თურმე. ამ დროს აღლუმს იბარებდა სრულიად არაადეკვატური ადამიანი, რომელიც გორში ომის დროს სამარცხვინოდ გაიქცა.

ბატონო პეტრე, ამბობენ, ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი სააკაშვილს თამაშს სოლიდური თანხის სანაცვლოდ თამაშობსო...
- როცა ავტორიტატული რეჟიმი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მთლიანად გაკონტროლებას და სამართალდამცველების, როგორც რეპრესიულ მანქანის გამოყენებას იწყებს, ქვეყანაში ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ გაბედავს, რომ თუნდაც თეთრი ჩაურიცხოს ნამდვილ ოპოზიციას, თუ მერაბიშვილის უწყება არ ეტყვის, ეს ჩვენი ოპოზიციაა და ფული ჩაურიცხეო. ამ დროს ოპოზიციის ნაწილი ჩაშენდება ხოლმე სახელისუფლო სტრუქტურებში და ხდება სისტემური ოპოზიცია, ანუ მორჩილი, მართული ძალა, რომელმაც შესაძლოა, ცხარე განცხადებაც გააკეთოს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დაავალებენ.

ასეთ ზოგად საუბარს, კონკრეტული ფაქტების დასახელება ჯობია, ბატონო პეტრე...…
- კონკრეტულ გვარებს არ ვიტყვი, ეს ჩემი პრინციპია, მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს. როცა სააკაშვილი მოვიდა პარლამენტში, ამ დროს ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოვიდა პლაკატებით მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილს ყველა კითხვაზე პასუხი, თურმე, წინასწარ მზად ჰქონდა.

ვატყობ, აქცენტს «ქრისტიან-დემოკრატებზე» აკეთებთ, მაგრამ თქვენც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომამდგენელი ხართ... საპარლამენტო ოპოზციაც მართულ ძალად იწოდება...
- ის, რომ ოპოზიციის ნაწილი თვინიერია, ფაქტია. ოპოზიციის მეორე ნაწილს კი, რადიკალიზაცია და პოლიტიკური შარაგზიდან გარიყვა ემართება. ეს პოლიტოლოგიის ანბანური ჭეშმარიტებაა...

ოკუპანტ პუტინს ქართველი პოლიტიკოსებიდან პირველი ზურაბ ნოღაიდელი ესტუმრა. ამბობდნენ, რუსები ფსონს მასზე დებენო, მაგრამ მოგვიანებით კრემლს ბურჯანაძეც ეწვია... რა ხდება, ისევ ნოღაიდელი ხომ არ ხდება რუსების ფავორიტი?
- რუსების მიერ ფსონი დიდი ხანია, სააკაშვილზეა დადებული! როცა მე და ნოღაიდელს ბრიუსელში ევროსტრუქტურების მაღალჩინოსნებთან გვქონდა შეხვედრები, იყო სრული მხარდაჭერა ნოღაიდელის მიმართ, რომ რუსებთან კონტაქტები დაეწყო, მაგრამ ეს არ შედიოდა ვიღაცის ინტერესებში. ნოღაიდელთან იმიტომ მივედი, რომ ის ერთადერთია ლიდერებს შორის, ვინც დაუჭირა მხარი საქართველოს გადასვლას საპარლამენტო რეპუბლიკაზე. ის სკამის მოსპობას ემხრობა, რომლის გამოც არაერთხელ დაღვრილა სისხლი.

ბატონო პეტრე, იმის თქმა გინდათ, რომ ნოღაიდელს სკამი არ ანაღვლებს? დღეს რომ პრემიერ-მინისტრი იყოს, ალბათ, ისევ სააკაშვილის ერთგული იქნებოდა...
- არავითარ შემთხვევაში! ზურაბი მუდამ ამბობდა, იმაზე კი არ მელაპარაკოთ, რა არის ჩვენთვის საჭირო, არამედ იმაზე, ხალხს რა აწუხებს, რომ ვუშველოთ და კრიზისი შევაჩეროთო. ჩვენ, ორივე თანამდებობის პირი ვიყავით. ასე რომ, ჩვენი ამბიცია უკვე დაკმაყოფილებულია.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ნოღაიდელს ამბიცია საიდანღა ექნება, როცა მხარდამჭერი, თქვენს გარდა, მგონი, აღარავინ ჰყავს?!
- ნოღაიდელი, სააკაშვილისგან განსხვავებით, დემაგოგიითა და პოპულიზმით არასოდეს დაკავებულა. სააკაშვილი აცხადებს, რომ ქუთაისში გადაიტანა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია და იქ, თურმე, 1000 კაცი დაასაქმა. სინამდვილეში კი, მხოლოდ 6 კაცზეა ლაპარაკი. ჩვენ არასოდეს ვიკადრებთ, რომ ხალხს რაღაცას დავპირდეთ და მერე, იმედი გავუცრუოთ.

განა, იმედი არ გაუცრუა ნოღაიდელმა თავის პარტიას, რომლის წევრებიც წინასაარჩევნოდ ამუშავა და თანხა არ გადაუხადა? ნოღაიდელს «გადამგდები» პოლიტიკოსი უწოდეს და პარტიის თავჯდომარეობიდანაც გაადააყენეს...
- ეს იყო პროვოკაცია იმ ადამიანებისგან, ვინც გამოჩნდა ტელევიზიით, მათგან ვიცნობ მხოლოდ სერგო ჯავახიძეს, რომელსაც სხდომაზეც კი, პრეტენზია არ გამოუცხადებია. ნოღაიდელმა თქვა, ერთი ადამიანი მაჩვენთ, ვისაც დავპირდი თანხას, ან ხელი მოვუწერე შრომით ხელშეკრულებაზეო. ასეთი ერთიც ვერ მოიძებნა.

რას მელაპარაკებით, ბატონო პეტრე? როცა წინასაარჩევნოდ ადამიანებს დაიქირავებ, მათ რომ ანაზღაურება სჭირდებათ, ამას თქმა უნდა? ან რა შრომითი ხელშეკრულებისთვის უნდა მოეწერა ნოღაიდელს ხელი, მათ საჯარო სამსახურში ხომ არ იღებდა?…
- კიდე ერთხელ გეუბნებით, ნოღაიდელი არავის არაფერს დაჰპირებია! ამიტომ პრეტენზიები ყველამ თავისთვის შეინახოს. მინდა, უფრო მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრო... გაერო მოითხოვს დემონსტრანტების დაშლისა და ცემისათვის სპეცრაზმელების დასჯას, რომლებსაც 1000 ლარზე მეტი პრემია დაურიგეს. ათობით ადამიანი გამქრალია, ამის შესახებ მქონდა საუბარი დასავლეთის ექსპერტებთან და ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ... ხელისუფლების მხრიდან «სისხლიანი კლოუნების თეატრი» ჩატარდა. მოვა დრო, როცა გამოძიებული იქნება როინ შავაძის, დავით ცინდელიანის მკვლელობები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში ომის შემდეგ მოკლეს, ასევე, ჩვენი სამი ოსი მოქალაქე, რომლებიც ყველას თვალწინ გაკოჭეს და საერთოდ გაუჩინარდნენ. როცა ეს ამბები გამოძიებული იქნება, მერე სულ სხვა ხმაზე ამღერდებიან «კლოუნის თეატრის» თავკაცები და მათი მომსახურე პერსონალი!

ისე, ბატონო პეტრე, ბოლო დროს ნოღაიდელი აღარ ჩანს. სადაა და რატომ დუმს?
- ბოლოს ბატონი ზურაბი 24 მაისს, დილით ვნახე,  შევადგინეთ განცხადების ტესტი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და მას შემდეგ არ მინახავს.

საქართველო დატოვა და სადმე გაემგზავრა?
- ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი. თუ რამე საქმე გამოჩნდება, ან დავჭირდები, ბატონი ზურაბი თვითონ მირეკავს ხოლმე. 24 მაისის შემდეგ კი, აღარ შემომხმიანებია.