"კარგა ხანია შევეგუე, რომ ძმები აღარ მყავს"

როგორ პირობებში უწევს სასჯელის მოხდა, რას ფიქრობს ძმებზე და როგორ აფასებს ახალ პოლიტიკურ რეალობას, ამ თემებზე დასმულ ჩვენს შეკითხვებს ცოტნე გამსახურდიამ რუსთავის მე-17 საპყრობილიდან წერილობით უპასუხა:

ცოტნეუპირველესად საპყრობილეში არსებულ მდგომარეობაზე მინდა მიამბოთ.

- აქ არსებული უვარგისი საკვების, მომსახურებისა და პროდუქტების მაღალი ფასების ამბავი, ალბათ, საიდუმლოს არ წარმოადგენს. მაგალითად, ჩვენთვის წუთი საუბრის ფასი ნებისმიერ მობილურ ოპერატორზე დღესაც დაახლოებით 30 თეთრია, მაგრამ მთავარი, ჩემი აზრით, აქ არსებული კატასტროფული სამედიცინო ვითარებაა. პრაქტიკულად ყველა დაწესებულებაში პატიმრები წამლებისა და სამედიცინო მომსახურების მწვავე დეფიციტს განიცდიან, თითქმის არ არსებობს საჭირო სამედიცინო აპარატურა. განსაკუთრებით მძიმე დღეში აგდებენ პატიმრებს, ვისაც ადრე პროტესტი გამოუთქვამს ან საჩივრით მიუმართავს საკუთარი მდგომარეობის გამო. სად-ის ხელმძღვანელობა ელოდება მათი ჯანმრთელობის დამძიმებას და ამრიგად აიძულებს უარი თქვან პრეტენზიებზე.

ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულება უკვე წლებია ნამდვილ ჯოჯოხეთადაა ქცეული. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრები ბოლოს იქ გადაჰყავთ ხოლმე, სადაც ისინი მკურნალობის ნაცვლად ცემისა და წამების მსხვერპლნი ხდებიან. თუ პატიმარი ამ ყველაფერს გადაურჩა, 1-2 კვირაში უკან გამოაგდებენ და გაგზავნიან დაწესებულებაში, საბუთებში კი უტიფრად წერენ, რომ მას მკურნალობა ჩაუტარდა. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში ადამიანები იქვე იხოცებიან. სწორედ ამიტომ ბევრი პატიმარი უარს ამბობს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე.

ჩვეულებრივი ამბავია ე.წ. ეტაპირებისას პატიმრების სასტიკად, უმოწყალოდ ცემა. ცემენ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებსაც კი, მაგალითად, ქსნის ტუბზონაში მიღებისთანავე პატიმრის ცემა მიღებული პრაქტიკაა, რათა პატიმარს ასე ვთქვათ, თავში არ აუვარდეს(!).

ციხის საავადმყოფოსა და გლდანის საპყრობილის გარდა, უმძიმესი ვითარებაა ქალთა კოლონიაში და იმ დაწესებულებებში, სადაც "კანონიერი ქურდები" ჰყავთ. ეს დაწესებულებები გარე დამკვირვებელთათვის პრაქტიკულად დაკეტილია და ჯოჯოხეთადაა ქცეული.

როგორც ვიციშიმშილობის შემდეგ ჯანმრთელობა შეგერყათ.

- რა გითხრათ? სიტყვა "ჯანმრთელობის" მნიშვნელობაც კი დამავიწყდა. ჩემი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, ხოლო სად-ი მკურნალობის ჩატარებაზე უარს მეუბნება. ერთადერთი, რაც მაძლებინებს, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებია, რომელიც ჩემს ნათესავებს მოაქვთ დაწესებულებაში. ფაქტობრივად, დაინვალიდებული ვარ.

ძმები არ ინტერესდებიან თქვენი მდგომარეობით?

- სამწუხაროა, მაგრამ კარგა ხანია შევეგუე, რომ ძმები აღარ მყავს.

უფროსმა ისპეკულანტა ჩემი მძიმე მდგომარეობით და ჩემს თემაზე დუმილის სანაცვლოდ ხელისუფლებისაგან ჯერ პარტიული დაფინანსება, შემდეგ კი მაღალანაზღაურებადი თანამდებობა მოიპოვა. რაც შეეხება უმცროსს, ის ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ხელისუფლების დავალებით შეფარულ დაკითხვებს და პროვოკაციებს მიწყობდა. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ აუცილებლად ეცდება მათი "პოტენციალის" გამოყენებას.

როგორი განცდა გაქვთროდესაც ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილს ერთმანეთს ადარებენ?

- ხელისუფლების ფანები ხშირად ცდილობენ ზვიად გამსახურდიასა და სააკაშვილს შორის პარალელის გავლებას. არ ვაპირებ ამ აბსურდის კომენტირებას, რადგან ამგვარი შედარება მიცვალებულის შეურაცხყოფად მიმაჩნია. მხოლოდ ერთს ვიტყვი, - ალბათ, გახსოვთ ორთაჭალაში სტიქიური უბედურებისას დახოცილი და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების ნახვის შემდეგ, "დამწუხრებული" ჩვენი დიდბოცვერი როგორ ლაღად მიკუნტრუშებდა მილანის ქუჩებში მსოფლიოს უმდიდრესი მაღაზიებისკენ. ვისაც ამგვარ ამპლუაში ზვიად გამსახურდიას წარმოდგენა შეუძლია, იგი ავადმყოფია და მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებს.

სააკაშვილი ცდილობს, რომ მისი სახელი ზვიად გამსახურდიასთან ასოცირდებოდეს, რათა მამაჩემისადმი ხალხში არსებული სიყვარული მასზეც გავრცელდეს. ხან რუსეთთან მებრძოლია, ხან კავკასიის გამაერთიანებელი, ხანაც პოტენციურად დევნილი პრეზიდენტის იმიჯის მორგებას ლამობს. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მიმართ მის რეალურ დამოკიდებულებას, მხოლოდ ერთ ფაქტს გავიხსენებ:

2007 წლის მარტში მამაჩემის ნეშტის გადმოსვენებისას სააკაშვილი და მისი გარემოცვა მემუქრებოდნენ, რომ არ მომცემდნენ ლარსთან საზღვრის გადმოკვეთის საშუალებას, თუ არ დავუთმობდი პროცესის ხელმძღვანელობას. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დავემუქრე, რომ მოსკოვის დონის მონასტრის ქართველ თავადთა საძვალეში დავტოვებდი ნეშტს, დარწმუნდნენ, რომ პიარშოუს ვეღარ დადგამდნენ და გადმოსვენების ნება დამრთეს. მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ამ საუბრების ჩანაწერები დღემდე საიმედოდ მაქვს შენახული.

ადვოკატებისაგან შევიტყვერომ თქვენზე ზეწოლა ახლაც გრძელდება.

- სამწუხაროდ, დღეს არ გამაჩნია მოვლენების შეფასებისა და აზრის მყისიერად გამოთქმის შესაძლებლობა. აქ აბსოლუტურად ბლოკირებული ვარ, ჩემი ადვოკატებისთვის სად-ის დაწესებულებიდან ჩემი წერილის გამოტანა თითქმის შეუძლებელია. ჩემთან არ შემოაქვთ გაზეთები და მხატვრული ლიტერატურა. არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებსაც კი არ უშვებენ. მართალია, ამჟამად მაქვს ტელეფონზე დარეკვის საშუალება, მაგრამ დაწესებულებაში გადმოსვლისას სად-ის ხელმძღვანელობამ წამიყენა ულტიმატუმი: თუ ტელეფონით დავუკავშირდებოდი ჟურნალისტებს, აქ მყოფ 3500 პატიმარს განუსაზღვრელი ვადით გაუთიშავდნენ სატელეფონო მომსახურებას. რას ნიშნავს სატელეფონო კავშირი აქ მყოფი დაავადმყოფებული, გაუბედურებული, ბედის ანაბარა მიტოვებული ადამიანებისთვის, ვფიქრობ, კარგად ხვდებით. მიუხედავად ამ ბინძური ულტიმატუმისა, სიტუაციასთან შეგუებას არ ვაპირებ. ვცდილობ, აქედან ინფორმაციის მოწოდებას და კვლავ ასე გავაგრძელებ, თუმცა, ამის გაკეთება დაგვიანებით მიხდება. ეს წერილიც მხოლოდ ჩემთვის ცნობილი გზებით არის გამოგზავნილი.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა რა მოლოდინს გიჩენთ?

- ვფიქრობ, ივანიშვილის ლიბერალური არჩევანი აბსოლუტურად სწორია. საქმე ის არის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსახლეობის ერთ ნაწილში ლიბერალური იდეოლოგიის დისკრედიტაცია მოახდინა და ადამიანებს არასწორი შეხედულება ჩამოუყალიბა მის შესახებ. არადა, ლიბერალიზმი სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების უფლებებს უპირობო პრიორიტეტებად მიიჩნევს და შეიძლება ითქვას, ამ ფასეულობებს ეფუძნება. სინამდვილეში სააკაშვილის რეჟიმს ლიბერალიზმთან არაფერი აქვს საერთო, რადგან საქართველოში ზემოხსენებული უფლებებით მხოლოდ ხელისუფლების წევრები და მათი ფანები სარგებლობენ, ეს არის ერთგვარი ლიბერალური ნიღაბი ტირანიის სახეზე.

დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს არჩევნების მოსაგებად და ტაქტიკაც კარგად შეარჩია. მას ჰყავს უამრავი მხარდამჭერი. აქვს ფულადი და ადამიანური რესურსი მოპოვებული ხმების დასაცავად, კარგი საერთაშორისო კონტაქტები და ა.შ. სააკაშვილის პარპაში დასრულებულია და ვფიქრობ, ეს ნათლად დაადასტურა 27-მა მაისმა და მის შემდეგ გამართულმა აქციებმა.

თუ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება გაინტერესებთ, გეტყვით, რომ კოალიციის არაერთ წევრთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. მაგალითად, ქალბატონი მანანა კობახიძე უსასყიდლოდ იცავდა ჩემს ინტერესებს სააკაშვილის სასამართლოში და მის გარეთ. იგი შესანიშნავი ადამიანია. ასევე მრავალი სიკეთე მახსოვს ქალბატონი თეა წულუკიანისაგან. "თავისუფალი დემოკრატებისგან" სწორედ ის მეხმარებოდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მოშიმშილეს სტრასბურგის სასამართლოსთან კომუნიკაციაში. სისტემატური კონტაქტი მაქვს ზაქარია ქუცნაშვილთან, რომელსაც ასევე ძალიან ვემადლიერები. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, ისევე როგორც ყველა პოლიტსტრუქტურაში, აქაც არიან ნაკლებად მისაღები ფიგურები, მაგრამ მთავარია, ყოველმა მათგანმა თავისი საქმე აკეთოს და მკაფიოდ განსაზღვრული როლი ჰქონდეს.