რატომ გაცვალა ერეკლემ წარმატებული პროირანული ორიენტაცია პრორუსულზე

რატომ გაცვალა ერეკლემ წარმატებული პროირანული ორიენტაცია პრორუსულზე

მიჩნეულია, რომ ერეკლე მეორე რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკოსია, რომლის არჩევანმაც განსაზღვრა საქართველოს ისტორიის 200-წლიანი მონაკვეთი, თუმცა, როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, ერეკლე მეორე არც რუსეთისადმი სიმპათიით გამოირჩეოდა, რუსეთის იმპერიის მოკავშირედ არჩევაც იძულებითი ნაბიჯი იყო და ის თვით გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგაც კი არ წყვეტდა სხვა მოკავშირეებისა და მფარველების აქტიურ ძიებას. საქართველოს ისტორიის ამ მეტად საინტერესო მონაკვეთს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორ, ისტორიკოს ვახტანგ გურულთან ერთად გავიხსენებთ.

ადრე ვისაუბრეთრომ ერეკლე და თეიმურაზი სინჯავდნენ ნიადაგს რუსეთთანრუსეთი მათი ერთადერთი ორიენტირი იყო თუ ამის პარალელურად სხვა მიმართულებებითაც ზვერავდნენ სიტუაციას?

– დავიწყოთ იმით, რომ ერეკლე მეორე არ ჩქარობდა რუსული ორიენტაციის გამჟღავნებას. ანუ არ სურდა, უარი ეთქვა პროირანულ ორიენტაციაზე და ცალსახად ეღიარებინა პრორუსული ორიენტაცია, რადგან ხედავდა ყველა საფრთხეს, რაც აქედან მომდინარეობდა.

კერძოდ?

– ერეკლეს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას ყველა საფრთხე ჰქონდა გააზრებული. პირველი საფრთხე: ირანისა და ოსმალეთის ძალიან მწვავე რეაქცია; ან ერთთან, ან მეორესთან, ან ორივესთან ერთად ერეკლეს გაურთულდებოდა ურთიერთობა. მეორე საფრთხე ის გახლდათ, რომ იყო კი რუსეთი რეალური ძალა, რომელიც ირანსა და ოსმალეთს ქართლ-კახეთის სამეფოს დაათმობინებდა?! ამაში ერეკლე განსაკუთრებით დააეჭვა მამამისის, ქართლის მეფის, თეიმურაზის წარუმატებელმა ელჩობამ რუსეთში 1760-1762 წლებში. თეიმურაზს რუსეთმა კარტი არ გაუხსნა და ერეკლემ იცოდა, რომ რუსეთის დათანხმებას შეიძლებოდა ათწლეულები დასჭირვებოდა, ამ ხნის განმავლობაში კი ვის იმედად უნდა ყოფილიყო?! ამიტომ, რადგან ირანში საგანგაშო ჯერ არაფერი ხდებოდა: ქერიმ-ხანი ირანს განაგებდა, ერეკლემ ლოდინის პოლიტიკა ამჯობინა, მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რის შემდეგაც ლოდინის პოლიტიკა უნდა დამთავრებულიყო. 1768 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო. ქრისტიანული იმპერია რუსეთი ებრძვის ისლამურ იმპერია ოსმალეთს. ქრისტიანმა მეფემ ერეკლე მეორემ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია იმ ომში.

ეს პოზიცია უნდა გამოეხატა იმიტომრომ ეს აუცილებელი იყო თუ უბრალოდ ერეკლეს მოსახერხებელი ვითარება შეექმნა საამისოდ?

– უნდა გამოხატოს პოზიცია იმიტომ, რომ, თუ რუსეთმა გაიმარჯვა და ოსმალეთი დაამარცხა, რასაც პერსპექტივაში უნდა მოჰყვეს ოსმალეთის განდევნა სამხრეთ კავკასიიდან და ერეკლე რუსეთის მხარეს არ დადგება, გამარჯვებული რუსეთი მას დასჯის. მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ამ ომში ოსმალეთი დამარცხებულიყო? მაშინ ოსმალეთი დასჯიდა ერეკლეს პრორუსული ორიენტაციისთვის. ომი დაიწყო და ერეკლე მეორემ უნდა განსაზღვროს, ვის მხარეზე დადგეს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ დროს ერეკლეს, ფაქტობრივად, არ ჰყავს საგარეო დაზვერვა. ჩვენი ელეჩებიც, რომლებიც რუსეთის კარზე მიდი-მოდიოდნენ, ხომ არაპროფესიონალი დიპლომატები იყვნენ? მათ რუსული ენაც კი არ იცოდნენ კარგად და რა ინფორმაცია უნდა ჩამოეტანათ?! ერეკლე ლოგიკურად მსჯელობდა. იმიტომაც იყო ის ძალიან ჭკვიანი დიპლომატი, რომ ნული ინფორმაციიდან უმეტეს შემთხვევაში სწორ დასკვნებს აკეთებდა. ერთი სიტყვით, რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო და რუსეთის იმპერიამ გადაწყვიტა ოსმალეთთან ომში ჩაება ქრისტიანული სახელმწიფოები და ხალხები. ეს უპირველესად ეხებოდა სამხრეთ კავკასიასა და ბალკანეთს. ომის დაწყებისთანავე იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის, ელჩი მაქსიმე ქუთათელი უკვე გზად იყო რუსეთისკენ, რადგან სოლომონი ოსმალეთის წინააღმდეგ ჯარს ითხოვდა. ასე რომ, იმერეთის ჩართვა ამ ომში რუსეთის ეჭვს არ იწვევდა.

ერეკლეს არ შეუთანხმა თავისი ელჩობა რუსეთში სოლომონმა?

– არა. სოლომონი, ოსმალეთის ვასალი, ითხოვს დახმარებას ოსმალეთის წინააღმდეგ, მაგრამ ერეკლე არ არის ოსმალეთის ვასალი. ამიტომ მისი ამ ომში ჩაბმა ნიშნავს, რომ გაანაწყენებს ქერიმ-ხანს, ირანის მმართველს. რუსეთის საიმპერატორო კარზე პირდაპირ დადგა საკითხი: იმერეთის მეფე სოლომონს მივიმხრობთ, მაგრამ ერეკლე რუსეთის მხარეზე ომში არ ჩაებმება. თუმცა რუსი პოლიტიკოსებისგან მოულოდნელად, ერეკლე ჩაება ომში ოსმალეთთან.

მხოლოდ ირანის და ქერიმ-ხანის მოსალოდნელი დასუსტება იყო მიზეზივახტანგს ხომ ძალიან ძვირად დაუჯდა ირანის წინააღმდეგ რუსეთთან შეკვრა?

– ერეკლეს უფრო პრაგმატული გათვლა ჰქონდა, ვიდრე ვახტანგ მეექვსეს. ერეკლე ხედავდა, რომ სოლომონი ყოველგვარი პირობის გარეშე ებმება ომში ოსმალეთთან. თუ რუსეთმა წარმატებას მიაღწია და ჯარი გამოგზავნა სამხრეთ კავკასიაში, ეს ჯარი უპირველესად შევიდოდა მტკვრის ხეობაში, აწყურის, ხერთვისის, ახალციხისა და ახალქალაქის ციხეების წასართმევად ოსმალეთისთვის. თუ რუსეთი წარმატებას მოიპოვებდა, ვის მისცემდა ამ ტერიტორიას?!

ალბათსოლომონს.

– რა თქმა უნდა და ერეკლე ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუშვებდა, რადგან მას მიაჩნდა და სწორადაც მიაჩნდა, რომ ეს ტერიტორია მუდამ ქართლის სამეფოში შედიოდა. მეორე –  შემოვიდა რუსეთი, გაიმარჯვა რუსეთისა და იმერეთის ლაშქარმა და ვინ ხდებოდა პირველი კაცი ქართველ მეფეთა შორის? სოლომონ პირველი. ერეკლე ვერც ამას დაუშვებდა. ამ მიზეზების გამო იძულებული გახდა, ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმულიყო. ოსმალეთმაც იცოდა, რას გათვლიდა ერეკლე, ამიტომ ელჩები გამოუგზავნა და ნეიტრალიტეტი შესთავაზა. ერეკლემ დაიწყო მოლაპარაკება, მაგრამ როგორც კი რუსეთის წარმომადგენელი ჩამოვიდა და ერეკლეს რუსეთის გეგმები გააცნო, ერეკლემ ოსმალეთის ელჩები დააპატიმრა და თბილისიდან გააძევა. ოსმალეთის სულთნის პირადი შეურაცხყოფა იყო ელჩების გაძევება, რითაც ერეკლემ ყველა გზა გადაიჭრა ოსმალეთისკენ. ერეკლე ომში ჩაება და ყველა გეგმაში მიიღო მონაწილეობა.

ქერიმ-ხანმა არ იცოდარა მოძრაობებს აკეთებდა ერეკლე?

– ყველაფერი იცოდა, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. მას რუსეთის მხარეზე დამდგარი ერეკლეს წანააღმდეგ ომი არ შეეძლო, ამას ყაჯრები გამოიყენებდნენ და საბოლოოდ მოუღებდნენ ბოლოს. 1769 წელს რუსეთის ჯარი უკვე მზად იყო გამოსაგზავნად გენერალ გოტლიბ კურტ ჰენრიხ ტოტლებენის მეთაურობით და რუსეთმა თავისი გეგმები ამ კაცის დანიშვნით გამოამჟღავნა. წარმოშობით პრუსიელი ტოტლებენი რუსეთ-პრუსიის 7-წლიან ომში პრუსიის სასარგებლოდ რუსეთში ღალატში ამხილეს, რისთვისაც სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ გადარჩა. ტოტლებენი დაკავშირებული იყო, სულ მცირე, ინგლისის დაზვერვასთან, თუ ოსმალეთის დაზვერვასთან არა. მოკლედ რომ ვთქვა, უმორალო კაცი იყო. ტოტლებენს ჰქონდა საიდუმლო დავალება: ერეკლე ტახტიდან უნდა ჩამოეგდო ან სამეფო გაეუქმებინა, ან რუსეთისთვის მისაღები ადამიანი უნდა დაესვა ტახტზე ვახტანგ მეექვსის შთამომავლებიდან. ერეკლემ ვერ გამოიძია ამ შეთქმულების საქმე, მაგრამ ის კი დანამდვილებითააა ცნობილი, რომ ტოტლებენს ერეკლე უნდა ჩამოეგდო.

ერეკლე რატომ არ მოსწონდა რუსეთსსოლომონსაც ასე ერჩოდნენ?

– რუსეთს ერეკლესა და თეიმურაზის პროირანული პოლიტიკა რომ არ მოსწონდა, ეს ჯერ კიდევ 1761 წელს იგრძნო თეიმურაზმა ელჩობის დროს პეტერბურგში. ჩვენთან გავრცელებულია აზრი, რომ ერეკლე დედის მუცლიდან რუსოფილი იყო, არადა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს: ერეკლემ პროირანული ორიენტაციით მიიღო ტახტი და მთელი 30-35 წელი ქართლ-კახეთის სამეფოს გაძლიერება გამოიწვია პროირანულმა ორიენტაციამ. ასევე, გაკვეთილი იყო ერეკლესთვის, რომ პრორუსულმა ორიენტაციამ დაღუპა ვახტანგ მეექვსე. ამიტომ 1783 წელს ნუ ავიღებთ წყალგამყოფად, ერეკლე 1768-1769 წლებში რუსეთის საიმპერატორო კარისთვის არის პროირანული ორიენტაციის მეფე, რუსებმა ისიც კი განსაზღვრეს, თუ რატომ ჩაება ერეკლე ომში ოსმალეთის წინააღმდეგ. ამითაც კი ვერ დაინახეს მასში პრორუსული ორიენტაციის მეფე. თავისი ლოდინის პოლიტიკითაც ერეკლემ ძალიან გააბრაზა რუსეთი. რით დასტურდება დოკუმენტურად, რომ ერეკლე მიუღებელი იყო რუსეთის საიმპერატორო კარისთვის: ასპინძის ბრძოლაში წარმატების შემდეგ ერეკლემ გამარჯვება რუსეთის იმპერატორს მიულოცა, ელჩობა გაგზავნა და ნადავლის რაღაც ნაწილი სიმბოლურად გაატანა. როგორც წესი, ელჩობაში ერთი კახელი თავადი იყო, მეორე –  ქართლელი. ეს ქართლელი თავადი გახლდათ ზაალ ორბელიანი, რომელიც მიღების შემდეგ გაინაპირეს რუსებმა და ერთ-ერთმა სენატორმა უთხრა, იმპერატორი ერეკლეს უწყრებაო. იმპერატორი კი იმიტომ უწყრებოდა ერეკლეს, რომ ასპინძის ბრძოლაში გამარჯვებით ერეკლემ იმპერატორის საიდუმლო გეგმები ჩაშალა. ზაალ ორბელიანმა მაშინვე უთხრა, თუ უწყრება, ტახტიდან გადააყენეთ, ან სოლომონს მიეცით ქართლ-კახეთი, ან ვინმე რუსი დასვითო.

რა ნაძირალა ყოფილა ზაალ ორბელიანი ამ მეორე შეთავაზების გამო?

– ასეთი იყო ქართლის თავადების პოზიცია. თავის მხრივ, რუსეთი ქართლის ბაგრატიონებს აიმედებდა, მაგრამ არ ეხმარებოდა. მათ მიერ გაგზავნილი წერილების დედნებს ერეკლეს უგზავნიდა აქ, თარგმანებს რუსეთში იტოვებდა. ერეკლეს ზაალ ორბელიანის საუბარიც გამოუგზავნეს რუს სენატორთან. ამით აფრთხილებდნენ, მანამ იქნები ტახტზე, სანამ ჩვენ დაგიჭერთ მხარს, არადა მივცემთ გზას ქართლის ბაგრატიონებისა და ქართლის თავადების რისხვას, ამიტომ ერეკლე ამას ანგარიშს უწევდა. მას ტოტლებენის შეთქმულებაში მონაწილე სულ მცირე ორი ადამიანი უნდა დაესაჯა: ერთი დავით ქსნის ერისთავი, რომელიც აშკარად თანაუგრძნობდა ტოტლებენს და მეორე –  ზაალ ორბელიანი, მაგრამ გამოძიება ბოლომდე ვერ მიიყვანა, რუსეთი არ აძლევდა ამის საშუალებას. ამის შემდეგ რუსეთი დაადგა საქართველოში მეხუთე კოლონის შექმნის გზას და ამოქმედდა რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური დაზვერვა რუსეთიდან ჩამოსული უამრავი მოგზაურის სახით…

ტრაქტატი რომ დაიდოდაამთავრა ერეკლემ მფარველის ძიება?

– ტრაქტატის დადების გადაწყვეტილება ერეკლემ 1770 წლის დეკემბერში და 1771 წლის იანვარში მიიღო. ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ორი დოკუმენტი შედგა, ამ დოკუმენტებში ერეკლემ ჩამოაყალიბა თავისი პირობები. 1770 წლის დეკემბერში მიმდინარეობს რუსეთ-ოსმალეთის ომი. ტოტლებენის ავანტიურა უკვე შემდგარია და ჩაშლილია და ერეკლემ ისიც იცის, რომ რუსეთი კავკასიაში თურმე ომს არ აპირებს. ერეკლეს გეგმები ჩაშლილია, მაგრამ ის უკვე ჩაბმულია ოსმალეთთან ომში. რა დარჩენია ერეკლეს? უნდა წავიდეს ვა-ბანკზე, ჩაბარდეს რუსეთს და დააჩქაროს ის ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთი არ აჩქარებს.

ნატოს“ ვარიანტიაჯარი არ შემოჰყავსარც წევრად გიღებს.

– 1772 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს პირობა ჩაიტანეს რუსეთში, თუ მაისში არა, ივნისში, თუ ივნისში არა, ივლისში, ოსმალეთისა და ირანის დაზვერვას ხომ ეცოდინებოდა რაზე იყვნენ ანტონ პირველი და ლევან ბატონიშვილი პეტერბურგში?! მაგრამ ისინი ხმას არ იღებდნენ. ეკატერინე მეორემ ქართლ-კახეთის სამეფოს ეს პირობა უჯრაში ჩაკეტა და მხოლოდ 1782 წლის ბოლოსა და 1783 წლის დასაწყისში გაახსენდა. 10 წელი ირანისა და ოსმალეთის დაზვერვამ იცის, რომ ერეკლე ითხოვს რუსეთის მფარველობაში შესვლას, რუსეთი კი არ იღებს.

ძალიან ჰგავს თანამედროვეობას: 2008 წელს „ნატომ“ ბუქარესტის სამიტზე არ მოგვცა „მაფი“ და რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში ომი დაიწყორადგან ზუსტად იცოდარომ ჩვენ გვინდა „ნატოში“, მაგრამ ის არ დაგვეხმარება.

– დიახ… ერეკლემ 1783 წლამდე კიდევ ბევრჯერ მისწერა რუსეთის იმპერატორს, მაგრამ მხოლოდ ყირიმის საკითხს დადგომის შემდეგ, 1782 წლის ბოლოს, ამოიღეს უჯრიდან მისი წერილები. მოკლედ, გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო, როგორც დაიდო და ქართლ-კახეთი შევიდა რუსეთის მფარველობაში და არა ქვეშევრდომობაში. ერეკლემ ტრაქტატის შესრულებლობა მაშინვე იგრძნო და მას არასდროს შეუწყვეტია ევროპაში მფარველის ძიება. მაშინ ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ოსმალეთთან დაპირისპირება ჰქონდა, იყო ავსტრია. დაიწყო საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერა ავსტრიის იმპერატორსა და ერეკლეს შორის, რუსეთის დაზვერვამ ეს გაიგო, თუმცა მინისტრ ბურნაშოვს არ ჰქონდა ამის დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ ეკატერინეს წერდა: ერეკლე არ არის რუსული ორიენტაციის მეფე, ისევ ავსტრიის იმპერატორთან ცდილობს რაღაცის გარკვევასო. 1786 წელს ერეკლემ ორიენტაციის შეცვლა და გეორგიევსკის ტრაქტატის გაუქმება გადაწყვიტა, მაგრამ ვერ გაბედა. როგორც ჩანს, დარბაზმაც არ ურჩია. ამასობაში ავსტრიას გაუჭირდა ოსმალეთთან და რუსეთის დახმარება დასჭირდა. თავის გამოჩენის მიზნით, ავსტრიის საიმპერატორო კარმა ერეკლეს მთელი საიდუმლო მიმოწერა გაუგზავნა რუსეთის იმპერატორს. ასე რომ, ერეკლე არასდროს ყოფილა რუსეთისთვის მისაღები პიროვნება. მეტიც, ერეკლე, როგორც კავკასიაში ყველაზე პოპულარული პიროვნება, ყოველთვის ხელს უშლიდა რუსეთს გეგმების განხორციელებაში. ხომ შეეძლო რუსეთს 1795 წელს, როდესაც აღა-მახმად ხანმა მიწასთან გაასწორა თბილისი, გაეუქმებინა ქართლ-კახეთის სამეფო?! ერთადერთმა რამემ შეუშალა ხელი: კავკასიაში ყველაზე პოპულარული პიროვნება ერეკლე მეორე ცოცხალი იყო. ისინი ფიქრობდნენ: უკვე ავად არის, მალე მოკვდება, არ გავირთულოთ საქმე და მისი შთამომავლების პერიოდში იოლად მივაღწევთ მიზანსო. ასეც მოხდა…