ელექტროენერგიის საერთო ოდენობაში იმპორტის მოცულობამ მკვეთრად მოიმატა. ეს ნიშნავს, რომ ძვირი დენის წილი იზრდება, რაც საბოლოო ჯამში, ენერგოდამოუკიდებლობას პრობლემას უქმნის.
2017 წლის ოთხ თვეში ელექტროენერგიის იმპორტი, სრული 2016 წლის მაჩვენებელს 47%-ით აღემატება. ენერგობალანსის მიხედვით, 2016 წელს ჯამურად საქართველოში 478.9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი - 886.691 მლნ კვტ/სთ.
იმპორტის ასეთ მკვეთრ ზრდას ენერგეტიკის სამინისტროში რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის არის ცივი ზამთარი, რის გამოც ბუნებრივი აირის დღიური მოხმარება უპრეცედენტოდ მაღალი იყო. იმპორტის ზრდაზე გავლენა მოახდინა აფხაზეთის მომარაგებამ (ენგურჰესის გაჩერების გამო), ასევე „ჯორჯიან მანგანეზის“ გაზრდილმა მოთხოვნამ – ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობდა, რაც ექსპორტის მაჩვენებლებზეც აისახა. ელექტროენერგიის იმპორტიორ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი ლიდერობს.
როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, წლის დანარჩენ თვეებს, სამინისტრო იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მეზობელ ქვეყნებთან უახლოეს პერიოდში დაიწყებს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება ადგილობრივი გენერაციის ზრდის ხარჯზე უნდა მოხდეს.
„2030 წელს თუ შევძლებთ, რომ ჩვენ გვქონდეს დამატებით, დაახლოებით 3000 მეგავატამდე ჰიდრორესურსი, 500 მეგავატამდე ახალი თბოსადგურები, 300-400 მეგავატამდე ალტერნატიული ენერგია (ქარი და მზე) და ენერგოეფექტურ ღონისძიებებს გავატარებთ, ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვიქნებით“, - განაცხადა ელოშვილმა.
ენერგეტიკოსი, დეპუტატი რეზო არველაძე იმპორტის ზრდის მთავარ მიზეზად ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ასეთი ვითარება საინვესტიციო პროექტების შეჩერებამ განაპირობა.
„ელექტროენერგიის მოხმარების საკმაოდ მაღალი ტემპია ქვეყანაში. ბოლო 4 თვეში ზრდა 5%-ის ფარგლებშია, რაც სასურველი რეალობა ნამდვილად არ გახლავთ. 2 კვირით იყო „ენგურჰესი“ გაჩერებული და დამატებით 200 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის იმპორტი გახდა საჭირო. ჩვენ თუ არ ვაწარმოებთ საკმარის ელექტროენერგიას, იძულებული ვართ, მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიტანოთ.
ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში მიღების ტემპით ვერ ვეწევით მოხმარების ზრდას და სწორედ ესაა პრობლემა. იმპორტი ოქტომბრიდან საგრძნობლად გაიზრდება და ეს ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება. მართალია, სახელმწიფოს ძალიან კარგი პროექტები აქვს ენერგეტიკის სექტორში, მაგრამ მათი განხორციელება ჭიანურდება. ჰესების მშენებლობა ვერ იკრებს ძალას, რისი მიზეზიც, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტია. ასეთ პრობლემას სახელმწიფო წააწყდა ხუდონჰესთან დაკავშირებით. წესით, პროექტი უკვე უნდა იყოს დაწყებული, მაგრამ ხალხთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა.
ახლა ნესკრა ჰესზე დაიწყო ლაპარაკი, თუმცა მოსახლეობისგან წინააღმდეგობა მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც არის. აქედან გამომდინარე, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპები საგრძნობლად შეფერხდა და ეს ხდება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით“, - აღნიშნა რეზო არველაძემ.