29 სექტემბერს ფილარმონიაში ჩატარდება მოსამზადებელი კონფერენცია, რომელიც სახალხო კრების ჩატარების თარიღს გამოაცხადებს. კრების იდეას არაერთი ოპოზიციური პარტია სკეპტიკურად უყურებს და სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი ირაკლი ბათიაშვილთან:
- წარმომადგენლობითი სახალხო კრების მოწვევის იდეა ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, ბატონებს: ჭაბუა ამირეჯიბს, რეზო ესაძეს, ელიზბარ ჯაველიძეს, გოგი ქავთარაძესა და ჩვენი საზოგადოების სხვა ძალზე თვალსაჩინო წარმომადგენლებს ეკუთვნის. ეს არ არის არც პოლიტიკური მოძრაობა, არც არასამთავრობო ორგანიზაცია.
ეს არის გზა იმისათვის, რომ ამ უმძიმეს კრიზისში, როდესაც ხელისუფლება არ აძლევს ხალხს თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლებას, როდესაც ხელისუფლებამ ყველა კარი ჩარაზა არჩევნების გზით ცვლილებებისთვის, ხალხმა მიაღწიოს თავისუფალ არჩევნებს და ამ გზით გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ ხალხს გაუჩნდეს ნების თვითგამოხატვის სურვილი. სწორედ ნების გამოხატვის ფორმა და საშუალებაა სახალხო კრება.
მაგრამ ხალხმა არაერთხელ გამოხატა თავისი ნება სხვადასხვა ფორმით, თუმც უშედეგოდ. რატომ გგონიათ, რომ სახალხო კრების გადაწყვეტილების შესრულებას სავალდებულოდ მიიჩნევს ხელისუფლება?
- მაშინ, გულზე ხელი დავიკრიფოთ და არაფერი გავაკეთოთ. სიმართლეს გეტყვით, ერთი წელი შეგნებულად გამოვეთიშე პოლიტიკას. მეცნიერებითა და პედაგოგიური საქმიანობით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ყველას გვაქვს მოქალაქეობრივი ვალდებულება.
მართალია, ხალხი არაერთხელ შეიკრიბა და მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ არაერთხელ ჩატარდა არჩევნებიც, რომელმაც ასევე არ მოიტანა შედეგი. ვინც დღეს არჩევნების აპოლოგეტია, ვეკითხები:
თქვენ ამბობთ, რომ ხალხის პროტესტითა და აქციებით არაფერი გამოვიდა, მაგრამ არაერთხელ ჩატარდა არჩევნები და არაერთხელ დასრულდა ის სამარცხვინოდ. ხელისუფლებამ აბუჩად აგვიგდო და ახლაც დაგვცინის. ხვალაც რომ დანიშნოს სააკაშვილმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, ისე დამთავრდება, როგორც "ნაციონალურ მოძრაობას" სურს.
პოლიტიკა პოეზია არ არის, რომ მოქმედების ახალი ფორმები მოინახოს. პოლიტიკაში არის მოქმედების აპრობირებული ფორმები და ისინი უნდა გამოვიყენოთ.
უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხალხი ფეხზე დადგეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. შემდეგ კი დიდი სახალხო ზეწოლის გზით მშვიდობიანად, პოლიტიკურად წელში გადავტეხოთ ეს ხელისუფლება. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.
რა გზითა და საშუალებებით გინდათ მიაღწიოს "სახალხო კრებამ" ამ მიზანს?
- თქვენი გაზეთის პატივისცემის მიუხედავად, ყველაფერს ინტერვიუში ვერ ვიტყვი. გვაქვს გეგმა, რომელიც თანდათან იხვეწება. ვიცი, რომ ჩვენი გზა მართალი, ნათელი და გასაგებია, მაშინ როდესაც სხვებისა ჩემთვის აბსოლუტურად ბუნდოვანია. მთავარია, ძილქუშიდან გამოვიყვანოთ ქართველი საზოგადოება.
მაგრამ კრების იდეას ყველა ოპოზიციური პარტია არ ემხრობა და ეს ხალხსაც დაქსაქსავს.
- იმედია, საბოლოოდ "ფორუმი" შემოგვიერთდება. თუ რაღაც ეჭვი აქვთ და რაღაც კარგად არ იციან, ავუხსნით.
თავს საზოგადოების წარმომადგენლად აცხადებთ? აქამდე ხომ რესპულიკური პარტიის წევრი იყავით?
- არც ერთი პარტიის წევრი აღარ ვარ და არც ვაპირებ რომელიმე პარტიაში შესვლას. აქტიურად ჩავერთვები საზოგადოებრივ მოძრაობაში, იქნება სახალხო კრება, "ქართული აკადემია" თუ "საქართველოს ლეგიონი", რომელიც გია ყარყარაშვილმა შექმნა.
რატომ დატოვეთ რესპუბლიკური პარტია?
- რესპუბლიკურ პარტიაში არიან პირები, რომლებთანაც შევინარჩუნებ მეგობრულ ურთიერთობას. პოლიტიკური სიტუაციის შეფასებისას ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ ბევრ რამესაც სხვაგვარად ვუყურებთ. ჩემთვის უცნობი, გაუგებარი დარჩა, რა სტრატეგია და ტაქტიკა უნდა ჰქონოდა რესპუბლიკურ პარტიას ალიანსის დაშლის შემდეგ და ამიტომაც წამოვედი.
მანკიერი და პათოლოგიური რეჟიმიო, ბრძანეთ, მაგრამ როგორც ქართული (და რუსული) ტელემედია იუწყება, სააკაშავილს ძალზე წარმატებული ვიზიტი ჰქონდა აშშ-ში.
- რატომ უკვირთ, რომ სააკაშვილი გაეროს ასამბლეაზე ვიღაცას შეხვდებოდა? ეს ისეთი ფორუმია, სადაც ყველა ვიღაცას ხვდება.
საქართველოში ინვესტიციები აღარ შემოდის, შიდა ინვესტიციებიც გაყინულია. რად გვინდა პიარი? ვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ ხალხის მდგომარეობაზე აისახება.
თავად ხართ საქართველოს მოქალაქე და ხედავთ, რომ ხალხი პანიკური შიშით ელოდება ზამთარს, როცა გათბობის სისტემის ჩართვა მოუწევს. უმუშევრობა პიკს აღწევს. ხალხმა მასობრივად დაკარგა სამსახური. სააკაშვილის მთავარი იარაღი ტყუილია. მაგრამ ხალხი უკვე აღარ ტყუვდება და ძალიან ღიზიანდება მისი ტყუილებით.
ვიცი, რომ სტრასბურგში ჩივით უკანონო პატიმრობის გამო და მოდი, პირდაპირ მითხარით, რატომ დაგიჭირეს?
- ბრალდების მუხლში ეწერა ინტელექტუალური დახმარება, მაგრამ რა დახმარება იყო ის სატელეფონო საუბარი, რომელიც ყველამ მოისმინეთ? სააკაშვილმა დამიჭირა როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე.
სააკაშვილს არაერთი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ არ დაუჭერია.
- არ ვიცი, მაშინ ჩემზე კბილები ჰქონდა ალესილი. ბევრმა საქმეში ჩახედულმა მითხრა, სჯობდა, რომ დაგიჭირეს, რადგან შეიძლებოდა, მოეკალიო.