(იბეჭდება შემოკლებით)
მცხეთის რაიონში მიწების გადანაწილებასთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეები დიღმის ყოფილი სასწავლო-საწვრთნელი მეურნეობის დირექტორს, ჯემალ ტყეშელაშვილს მიწების უკანონოდ გასხვისებაში ადანაშაულებენ. როგორც კონტროლის პალატისა და ქონების მართვის სამინისტროს დასკვნებიდან ირკვევა, ადგილობრივი მოსახლეები მართლაც დაუჩაგრავთ სახელმწიფო ჩინოვნიკებს და არ მიუციათ კანონით მინიჭებული მიწის ნორმის მიღების საშუალება.
სამაგიეროდ, ამ ტერიტორიაზე გასხვისებული მიწების მფლობელთა შორის მრავლად შეხვდებით საკმაოდ ცნობილი ადამიანების გვარებს, როგორიცაა: გურამ ქარქაშაძე, როინ მეტრეველი, ჯემალ გახოკიძე, კობა ნარჩემაშვილი, რევაზ ყიფიანი, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, დავით კირვალიძე, ანზორ ბურჯანაძე, ოთარ იოსელიანი, ქუჩუკი სოხაძე და სხვები. ჩვენ იმას არ ვამტკიცებთ, რომ მიწის ფლობა ან ყიდვა დანაშაულია, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ მიწით ადგილობრივები უნდა დაეკმაყოფილებინათ, შემდეგ კი - ის მოქალაქეები, რომლებიც მიწის ათვისების სურვილს გამოთქვამდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებმა არაერთხელ მიმართეს შესაბამის სტრუქტურებს, ყველა კომისია მარტო დასკვნის შედგენითა და მოსახლეობისათვის იმის თქმით კმაყოფილდებოდა, რომ ისინი მართლები არიან. სამართალმა კი პური დღემდე ვერ ჭამა. გამორიცხული არაა, პროცესები უმართავი გახდეს, რადგან ადგილობრივები ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ის მაღალჩინოსნები, რომლებმაც მიიღეს მიწის ნაკვეთები, ჯემალ ტყეშელაშვილს მფარველობენ.
გუშინ ჟურნალისტთა სახლში მცხეთის მოსახლეობის ნაწილის მიერ გამართული პრეს-კონფერენცია ხელჩართულ ომში გადაიზარდა. პრეს-კონფერენციის მონაწილეები პირველი არხის ჟურნალისტს, კორნელი მექვაბიშვილს დაეტაკნენ და მას ტყეშელაშვილის დამცველი უწოდეს. მცხეთელი ლენა წიკლაური: „ეს არაკაცი! რატომ არ მომცა ჩემი კუთვნილი მიწა? სახლში ოთხი შვილი მშიერი მელოდება. გაყიდა მთელი მიწები. უვარგისი და არაადამიანია ტყეშელაშვილი“.
სკანდალის მთავარი გმირი, პრეს-კონფერენციის მონაწილეთაგან მცხეთის ფეოდალად წოდებული ჯემალ ტყეშელაშვილი თვალყურს მოვლენების განვითარებას მანქანიდან ადევნებდა. მან „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტს „ზრდილობიანად“ მანქანის კარი მიუჯახუნა და თითი ლამის მოატეხა.
სკანდალმა მოგვიანებით მცხეთაში გადაინაცვლა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, არმაზ შამანაურის კაბინეტში გაგრძელდა.
ბატონო არმაზ, ტყეშელაშვილი თქვენი ხელქვეითია და ვერანაირად ვერ თოკავთ?
-მიწების გაცემაში მე მონაწილეობა არ მიმიღია და არსებული კანონის თანახმად, არც უნდა მიმეღო. მიწის მართვის დეპარტამენტმა და აგრარულმა უნივერსიტეტმა დაარიგა მიწის ნაკვეთები. მისი მფლობელებზე განაწილება ადგილობრივი კომისიის მიერ მოხდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ როგორც მეურნეობის, ისევე აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები. თქვენ რომ ბრძანეთ, ტყეშელაშვილი ჩემი ხელქვეითი არც იყო და არც არის. რანაირად შეიძლება, მოვახდინო რეაგირება?
ტყეშელაშვილს ნიშნავდა და ათავისუფლებდა აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. მეურნეობა გამოეყო უნივერსიტეტს და ჩამოყალიბდა კერძო სტრუქტურად. ეს საკითხი 2001 წლის დეკემბერში დააყენეს ჩემთან, როცა დეპუტატი ვიყავი. ეს ხალხი მოვიდა ამ შემადგენლობით. ამის შემდეგ მე დავინტერესდი, შეიქმნა კომისიები. რაიონის გამგეობამ გააუქმა საიჯარო ხელშეკრულება იმ ნაწილში, რა ტერიტორიაც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო ამ ხალხის მიწით დაკმაყოფილების თვალსაზრისით.
ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია, თუმცა გასაჩივრებულია სასამართლოში და მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ეს არის მოკლედ, რაც მე შემიძლია, ვთქვა დღევანდელ მდგომარეობაზე. ხალხის მოთხოვნას მიწებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ვეთანხმები.
მოსახლე ნინო ბურდული: „ჩვენ რა გზა გვაქვს? ჩვენ არ ვართ თანამდებობის პირები! თქვენ მხოლოდ გვპირდებით. სამი წელია, ვიბრძვით. ტყეშელაშვილი ეხლაც ყიდის ნაკვეთებს და დაგვცინის კიდეც. ვინ კითხავს მას, ვინ არის, ბაყბაყდევია? თქვენ ამ კორუმპირებულ კაცს ვერ ერევით. ჩვენ თუ არ გვეკუთვნის მიწა, რატომ ეკუთვნოდა კობა ნარჩემაშვილს, რატომ ეკუთვნოდა ვიღაც ზუბადალაშვილს, კალანდიას, ზოდელავას 2000 კვადრატული მეტრი?“
ერთ-ერთი მოსახლე, ქალბატონი სალომე: „ანზორ ბურჯანაძის ნარგავებს ვუვლიდი, ხეხილი გავუშენე და ჩემს მეუღლეს სამადლოდ მათხოვარივით 10 ლარი მისცა. მათ სახლებში ლიფტები აქვთ ჩამონტაჟებული, უმაღლეს დონეზე აიწყვეს ჩვენს ხარჯზე ცხოვრება, ჩვენ კი ლუკმა-პურის ფული არა გვაქვს“.
„რეზონანსი“ აპირებს, მომავალში უფრო დაწვრილებით გამოიძიოს დიღმის მეურნეობის მიწების განაწილების საკითხი, თუმცა ერთი რამ ცხადია: თუ ხელისუფლებამ მოსახლეობის სამართლიან პრეტენზიებს ანგარიში არ გაუწია, პროცესები შესაძლოა, უმართავი გახდეს. მოსახლეობა პროტესტის გამოხატვას უფრო აქტიური ფორმებით აპირებს.