2018 წლიდან აზარტული თამაშების მიმართ მიდგომა შეიცვლება. მართალია, აკრძალვა ან დიდი შეზღუდვა არ მოხდება, მაგრამ ახალგაზრდებს ონლაინ კაზინოების „კარი“, გარკვეულწილად, დაეხშობათ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელმაც სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება უნდა წარმოადგინოს.
ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აზარტულ თამაშებშია ჩაბმული. ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის კვლევის თანახმად, ქვეყანაში ონლაინკაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით 400 ათასი ადამიანს უტოლდება. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდე მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ამ ასაკის დაახლოებით 1 033 000 ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე ასაკობრივ ჯგუფში ყოველი მეორე ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული. ერთი მოთამაშე დღეში, საშუალოდ, 4-5 საათს ატარებს აზარტული თამაშების მახეში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით კი, მოსახლეობის 6% აზარტული თამაშებითაა დაკავებული. მათგან უმრავლესობა უპირატესობას ონლაინ ტოტალიზატორს ანიჭებს. მოსახლეობის 2% აცხადებს, რომ აზარტული თამაშების გამო, მას ან მისი ოჯახის წევრს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემა ჰქონია. კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი (92%) უარყოფითად არის განწყობილი ამ ინდუსტრიის მიმართ და მიაჩნია, რომ ის საერთოდ უნდა აიკრძალოს (63%) ან შეიზღუდოს (29%).
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ნომერ პირველი პრობლემაა.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რეგულაციების შესამუშავებლად, რომელიც, პირველ რიგში, მიმართული იქნება იქითკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები არასრულწლოვანი ჩაერთოს აზარტულ თამაშებში. იმავდროულად, მაქსიმალურად შევეცდებით საზოგადოებრივ და ბიზნესის ინტერესს შორის ბალანსი დავიცვათ. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეში ან ერთ კვირაში შევიმუშავებთ ამ პროექტს, სამუშაო პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა კილაძემ.
გარკვეული დეტალები უკვე ცნობილია. მაგალითად, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ონლაინ კაზინოების მფლობელები ვალდებული იქნებიან ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ. რეგისტრირებულად ჩაითვლება ის მოთამაშე, რომელსაც შემოსავლების სამსახური აღრიცხავს. უწყება მოთამაშეთა რეესტრსაც გაუწევს კოორდინირებას. ონლაინ კაზინოებში თამაშის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ, როგორც ელექტრონულად, ისე შემოსავლების სამსახურში გამოცხადებით.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ონლაინ კაზინოში იმ პირების დაშვება, რომლებსაც ჯერ 21 წელი არ შესრულებიათ ან დამოკიდებულების მქონე პირთა სტატუსით სარგებლობენ, დასჯადი იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, რა სახეს მიიღებს კანონპროექტი ან მოსალოდნელია თუ არა ე.წ. ონლაინ-კაზინოების სრულად აკრძალვა. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ონლაინ კაზინოში მოგებული თანხის გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოთამაშის პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
„აიკრძალება სალაროდან თანხის გატანა, რაც გამოიწვევს არასრულწლოვანი პირების თამაშის შეზღუდვას, თანხის მოძრაობის კონტროლს, ობიექტში ელექტრონული თამაშობიდან მიღებული მოგების გასაცემი სალაროების გაუქმებას და ასევე, ობიექტების გარეთ არსებული სალაროების ცნების გაუქმებასაც“, - აღნიშნულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც შემოსავლების სამსახურმა მოამზადა.