ჯონდი ბაღათურიას ბავშვობისდროინდელი „ოინები

ჯონდი ბაღათურიას ბავშვობისდროინდელი „ოინები

„კვირის ქრონიკის“ რუბრიკის „მახსოვს, პირველად“ სტუმარია „ახალი ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, რომელიც საკუთარი ახალგაზრდობის რამდენიმე „საინტერესო“ შემთხვევას გაიხსენებს.

პირველი ორიანი ყოფაქცევაში მივიღე. გაკვეთილებზე ვერ ვისვენებდი და ამის გამო, სულ გარეთ მაგდებდნენ. ჩემთვის კი გარეთ გაგდება ენით აუწერელი ნეტარება გახლდათ. თუმცა შედეგები მწარე იყო, მამაჩემს იბარებდნენ და ოო!...

პირველი და სერიოზული სასჯელი მამაჩემისგან დავიმსახურე, ისტორიის გაკვეთილიდან გაპარვა მინდოდა, მაგრამ პედაგოგი მიმიხვდა და მამაჩემს დაურეკა. მამა თანამდებობის პირი იყო და მეგონა, ვერ დაუკავშირდებოდნენ. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, მამა მოვიდა და ისე დამიბღვირა, სირცხვილით ფანჯრიდან გადავხტი და „პაბეგი“ ავწიე. სოლიდარობა გამომიცხადა ჩემმა ძმაკაცმა, მალხაზ ჯორბენაძემ და ისიც ფანჯრიდან გადმოხტა. მთელი დღე ვიხეტიალეთ. საღამოს ბებიას გავუარე საავადმყოფოში და სახლში მასთან ერთად წავედი. ბებიაჩემი იმდენად გაბრაზდა მამაჩემის სისასტიკით, რომ სულ მხეცი ეძახა.

პირველი „შატალო“ კარგად არ მახსოვს, რადგან არც ვიცი, როდის იყო. მუდმივად ონავარი ვიყავი და ხან ქიმიის ლაბორატორიიდან ვიპარავდი მაგნიუმს და ვაფეთქებდი და ხან რას ვაფუჭებდი. ეს „შატალო“ კი, რასაც მოგიყვებით, მაგარი იყო იმით, რომ ბავშვები შევზარხოშდით და სკოლიდან გაპარულებს სკოლაზე აგვიჩუყდა გული. დავბრუნდით უკან და სახურავზე ავძვერით. იცით, რა ხვეწნა მუდარა იყო ჩვენს ჩამოსვლაზე? „პაჟარკამანდის“ მანქანები და რა არ მოიყვანეს.

პირველი ფული მუშის ხელფასი იყო. გაფორმებული ვიყავი ერთ-ერთ ტრესტში მტვირთავ მუშად და 80 მანეთს ვღებულობდი. ცოტა ხანს ვიარე, მაგრამ შემდეგ გული ამიცრუვდა და იქითკენ არც გამიხედავს. პირველი ხელფასი, რა თქმა უნდა, ხინკალში და ძმაკაცებში დავხარჯე.

პირველი სიგარეტი ძალიან პატარამ მოვწიე, სადღაც, 6 წლისამ. მინდოდა, ხალხი გამეოცებინა და „ნუ კაბაძის“ მეთოდით (ასე ვეძახდი პოპულარულ მულტფილმს) ექვსი ღერი ერთდროულად ჩავიდე პირში და მოვუკიდე. მგლის ტრიუკმა კინაღამ დამახრჩო. სიგარეტმა „მზიურიმ“-მ კინაღამ მომკლა, გავლურჯდი და სიკვდილს ცოტა მაკლდა. ამის შემდეგ კვამლს აღარ ვყლაპავდი და ისე გავაგრძელე მოწევა სარდაფში მალულად. ამ ამბავში მთელი ეზოს ბავშვები ვიყავით ჩართულნი, მაგრამ, რატომღაც, ყველაფერი მე დამბრალდა.

პირველი სიყვარული ბაღში იყო. მისი სიყვარულისთვის ბრძოლა მიწევდა, რადგან კონკურენტები მყავდა. მივდიოდი, მივეპარებოდი და ისე ვკოცნიდი. მის გამო მომწონდა ბაღში სიარულიც, იმის შემდეგ არავინ შემყვარებია. გავიცანი ჩემი მეუღლე და დავქორწინდით კიდეც.

პირველი ჩხუბი როდის მქონდა, არ მახსოვს, რადგან სულ ვჩხუბობდი. აი, ყველაზე „მაგარმა“ ჩხუბმა კი დღემდე დამამახსოვრა თავი. ჩემმა ძმაკაცმა, რომელიც „ომობანას“ თამაშის დროს გამიბრაზდა, კბილში ქვა მგლიჯა და ჩამიმტვრია. ეს კბილი დღემდე ჩამომტვრეული მაქვს.

პირველი სიმთვრალე მაშინ მქონდა, მეშვიდე კლასში, სკოლის სახურავზე რომ ავედით. ჩემმა კლასელმა „ლიმონნაია ვოდკა“ მოიტანა და 7-8 კაცი შეგვაზარხოშა. „ჩანჩქერო“ არ მიმღერია, მაგრამ დალევა არ მიყვარს. როცა მიწევს, მაშინ მხოლოდ სახლში დაწურულ ღვინოს ვსვამ. ძალიან იშვიათად ჭაჭის ნაღდ არაყსაც და ისიც, 50 გრამს.

მანქანას 10 წლიდან ვმართავ, მაგრამ პირველი ავტომობილი 20 წლის ვიყავი, როცა შევიძინე. ეს იყო „ჟიგული-03“, ღია ყავისფერი. შემდეგ იყო „06“ და ახლა მყავს შავი „პასატი“, ანუ ჩემი „ლურჯა“, რომელიც პატიოსნად მემსახურება. რაც შეეხება სახლს, ეს მამაჩემმა მიყიდა, როცა დავქორწინდი და დღემდე აქ ვცხოვრობ ჩემი სამი შვილით.

პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში 1997 წელს გადავდგი, როცა ედპ-ში მივედი. მანამდე კი აქტიურად ვიყავი ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. ვიცნობდი გამსახურდიას, კოსტავას, ჭანტურიას. ხომ გაგიგიათ, „დედის წინ მორბენალ კვიცს“ რაც ემართება, ისე მომივიდა მეც. მეუბნებოდა დედაჩემი, „ცუდ წრეში“ ნუ ერევიო, მაგრამ არ დავუჯერე და კი ვარ ბატონო ამ გაუგებრობაში.