როგორ გადაინაწილეს საქართველო ბუშმა და პუტინმა

როგორ გადაინაწილეს საქართველო ბუშმა და პუტინმა

ნიშანდობლივია, რომ ჯორჯ ბუშმა 9 აგვისტოს საგანგებო განცხადებაში რუსეთსა და საქართველოს ცეცხლის შეწყვეტასა და „სტატუს-კვოს“ აღდგენისკენ მოუწოდა. რას ნიშნავს „სტატუს-კვო“? იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც 8 აგვისტომდე იყო - ანუ მანამდე, სანამ ქართული შენაერთები ცხინვალის შტურმს დაიწყებდნენ.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ბუშის საგანგებო განცხადების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა დატოვა პეკინი, ჩავიდა ვლადიკავკაზში და მანაც საგანგებო განცხადება გააკეთა. მეტიც, პუტინმა შემაძრწუნებელი პირდაპირობით გამოსცრა კბილებში და დასვა სისხლიანი დიაგნოზი:

„საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სასიკვდილო დარტყმა მიადგა. ძნელი წარმოსადგენია მომხდარის შემდეგ, როგორ შეიძლება სამხრეთ ოსეთის დარწმუნება, შევიდეს ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში.“

სწორედ ვლადიმერ პუტინის ვლადიკავკაზში ჩასვლის შემდეგ დაიწყო ცხინვალის 9 აგვისტოს ღამის გადამწყვეტი, ფართომასშტაბიანი შტურმი.

ისიც ცნობილია, რომ სწორედ 9 აგვისტოს ღამით შედგა ბუშისა და მედვედევის სატელეფონო საუბარიც...

ორიდან ერთია: ან მიხეილ სააკაშვილმა არ იცოდა, რა მოჰყვებოდა ძალისმიერი გზით კონფლიქტის გადაწყვეტის მისეულ გადაწყვეტილებას, ანდა მან იცოდა, რა მოჰყვებოდა ცხინვალის შტურმს და მაინც გადადგა ეს ნაბიჯი!

პირველ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს არაკომპეტენტურ ხელისუფალთან, მეორე შემთხვევაში კი - საკუთარი ქვეყნის მიზანმიმართულ რბევასთან და გაჩანაგებასთან!

თუმცა, შესაძლოა, ჩვენ საქმე გვაქვს ერთდროულად არაკომპეტენტურ და ავანტიურისტ ხელისუფლებასთან. ამას ქართველი ხალხი აუცილებლად გაარკვევს - დღეს თუ არა, ხვალ მაინც!

უნდა ვივარაუდოთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თეთრი სახლის დასტურით დაიწყო ცხინვალის შტურმი. მაშინ, რატომ არ დაეხმარა ბუშის ადმინისტრაცია „ნაცმო“-ს ლიდერს რუსული აგრესიის მოგერიებაში?

იმიტომ, რომ შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესებისთვის უაფხაზეთო და უსამაჩაბლო საქართველოც საკმარისია!

იმიტომ, რომ თეთრ სახლს მძიმე ტვირთად აწვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და რადგან რუსეთი იაფად არ თმობდა საქართველოზე ზემოქმედების სეპარატისტულ ბერკეტებს, ასეთი სასტიკი მეთოდით გადაწყდა ისტორიული მიწების დაბრუნებისკენ საქართველოს ბუნებრივი ლტოლვის განელება! უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, ვცდებოდე...

1943 წელს თეირანის კონფერენციაზე სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა მსოფლიო გადაინაწილეს - მას შემდეგ, ასე თუ ისე, უსუსური გაერო-ს ფორმატში კვლავაც მოქმედებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გეოპოლიტიკური გადანაწილება.

თეირანის კონფერენციიდან 65 წლის შემდეგ შედგა ჯორჯ ბუშისა და ვლადიმერ პუტინის „პეკინის კონფერენცია“, რომელზეც ჩანს, საბოლოოდ გადაწყდა საქართველოს დაყოფის გეგმა: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - რუსეთს, დანარჩენი საქართველო (ანუ ნავთობისა და გაზის „ტრუბები“) - ამერიკას...

როდესაც პუტინი და ბუში პეკინის ოლიმპიადის გახსნისას ერთმანეთს ეხვეოდნენ, ცხინვალის რეგიონში ომი უკვე მძვინვარებდა...

ჩვენდა საუბედუროდ, შინაურმა თუ გარეულმა, მტერმა თუ „მოყვარემ“, საქართველო ისეთ დღეში მოაქცია, რომ ქართველობა „ბედნიერი“ იქნება, რუსეთის აგრესია მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვით ამოიწუროს!!!

რატომ ჩაუგდო სააკაშვილმა სააქართველო სისხლისმსხმელ რუსულ სამხედრო მანქანას ხახაში?

რა იცოდა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონში ომის დაწყების წინ და რა არ იცოდა ქართველმა ხალხმა?

ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემაზე იქნება დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს, ამჟამინდელი ხელისუფლებისა და ქართველი ნაციის მომავალი!

ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემაზე იქნება დამოკიდებული, „ვარდების ხელისუფლების“ ოლიმპოზე ვინ მოიქცევა ღირსეულად და გაიმეორებს შტირლიცის მეგობარ პროფესორ პლეიშნერის გმირობას - გადაყლაპავს კალიუმციანიდიან ამპულას და თავს აარიდებს მოღალატის დამღით ცხოვრებას!