ცნობილია, რომ სომეხთა ეპარქიას საქართველოში მრავალი პრეტენზია ჰქონდა: სტატუსის მინიჭებიდან დაწყებული და მათ მიერ სომხურად მიჩნეული ეკლესიების გადაცემით დამთავრებული. ხუთიოდე წლის წინათ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თბილისში საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე იმ თეზისების გამოქვეყნებამ, რომლებიც საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ და ეპარქიასთან არსებული საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ისახანიანმა წარმოადგინა. ამ თეზისების მიხედვით, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე 600 სასულიერო ნაგებობა სომხური წარმოშობისაა; სომხური ეპარქია კი, არც მეტი და არც ნაკლები, მეხუთე საუკუნიდანაა წარმოდგენილი (რაც, ქართველ მეცნიერთა დადასტურებული მტკიცებით, სრული აბსურდია). მოგვიანებით გაირკვა, რომ სომხური ეპარქია საქართველოში მხოლოდ სამართლებრივ სტატუსსა და ექვსი ეკლესიის (ხუთის – თბილისში, ერთის – ახალციხეში) მისთვის გადაცემას ითხოვდა. მეტი სიზუსტისთვის მოვიტან ციტატას ზემოხსენებული თეზისებიდან: „საუკუნეების განმავლობაში სომხურ ეპარქიას საქართველოს ტერიტორიაზე აგებული აქვს 600-ზე მეტი სასულიერო დანიშნულების შენობა-ნაგებობა, კერძოდ კი, ეკლესიები, სალოცავები, სასულიერო დაწესებულებები და სხვა.“ ამდენად, დაასკვნეს, რომ „აუცილებლად მიგვაჩნია: საქართველოში, საუკუნეების განმავლობაში სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის ეპარქიის შემადგენლობაში შემავალი ეკლესიების ეპარქიისთვის გადაცემა“.
აქვე გეტყვით, რომ, ჯერ ერთი, სულ საქართველოში 800-მდე ეკლესია-მონასტერია აღრიცხული და, რაც მთავარია, ზემოთვე ხსენებული 600-ზე მეტი სასულიერო დანიშნულების ნაგებობების ჩამონათვალშია: მცხეთის ჯვარი, ანანურის კომპლექსი, მეტეხის ტაძარი, ზემო ბეთლემის ეკლესია. იმავე პერიოდში იდგა საქართველოში სომეხთა ეპარქიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხიც. საქართველოს საპატრიარქო მაშინაც სთავაზობდა სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს ერთობლივი კომისიის შექმნას სადავო საკითხების გადასაწყვეტად, იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც აქვს თავისი ინტერესები სომხეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ისტორიული ქვემო ქართლია (იგულისხმება ლორე-ტაშირის ეპარქია, ისტორიული ქართული ეპარქია, სადაც არის ტაძრები, რომლებიც დღეს არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას) და სადაც ქართული ისტორიული მონასტრებია. არც სომეხი მეცნიერები უარყოფენ, რომ ეს ტაძრები მართლმადიდებლურია, ოღონდ სომეხ მართლმადიდებელთა ტაძრებად აღიარებენ. თუმცა, რეალურად, კავკასიაში ყველა მართლმადიდებელი მცხეთის კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარებოდა, ისევე, როგორც ზოგიერთი მონოფიზიტი ქართველი ექვემდებარებოდა ეჩმიაძინის სომეხთა პატრიარქს. სხვათა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, გარეგინ მეორე აპირებდა კიდეც საქართველოში ჩამოსვლას ამ საკითხების განსახილველად, თუმცა ის არ ჩამოსულა.
მართალია, ხუთი წლის დაგვიანებით, მაგრამ გასულ კვირას სრულიად სომეხთა პატრიარქი თბილისში ჩამოვიდა: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც შეხვდა და საქართველოს პრეზიდენტსაც. საკითხები ძველი იყო, თუმცა მათი გადაჭრის პერსპექტივაც გამოიკვეთა: უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გარეგინ მეორეს ერთობლივი კომისიის შექმნა შესთავაზა (ამ შეთავაზებაზე სომხური ეკლესია ხუთიოდე წლის წინათ უარს ამბობდა) და, რაკი სომეხთა პატრიარქმა თბილისი იმედიანად დატოვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, შეთანხმებაც შედგეს. მანამდე კი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბონდო არველაძე განგვიმარტავს, რის საფუძველზე ამტკიცებენ ჩვენი მეზობლები საქართველოში არსებული ტაძრების სომხურ წარმოშობას და როგორ აღმოჩნდა ქართული მართლმადიდებლური ტაძრები დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე.
კონკრეტულად რას ითხოვს ამჟამად სომხური მხარე?
– როგორც ოფიციალურად გამოცხადდა, ჩვენმა პატრიარქმა შესთავაზა ერთობლივი კომისიის შექმნა ეკლესიების კუთვნილების საკითხის გასარკვევად, მაგრამ ამავე დროს სომხურმა მხარემაც უნდა გაითვალსწინოს ქართული წინადადებები. თავდაპირველად, სომხეთი საკმაოდ ბევრ ეკლესიას მოითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ, ექვს ეკლესიაზე შეჯერდნენ: ხუთი მათგანი თბილისშია, ერთი კი – ახალციხეში, მარდის ეკლესია.
რამ გამოიწვია პრეტენზიის ექვს ეკლესიამდე შემცირება?
– ჯერ ერთი, ამან საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და, რაც მთავარია, ეკლესიის გადაცემა ერთი ჩადგმა ლობიოს სესხება ხომ არ არის?! საკითხი დეტალურად უნდა შევისწავლოთ: ისტორია, არქეოლოგია, დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი ეკლესიების გადაცემაზე. ისინი ცდილობენ, მოძებნონ რაღაც საბუთები არქივებში და დაამტკიცონ, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ეკლესიები სომხურია. და, ბოლოს და ბოლოს, მართლაც უნდა დამტკიცდეს, ვის ეკუთვნის ეს ეკლესიები. როგორც გითხარით, საქართველოს საპატრიარქომ დააყენა შემხვედრი საკითხი: რადგან სომხეთის ტერიტორიაზე არსებობს ქართული ეკლესიები, უნდა დადგეს მათი საქართველოს ეკლესიისთვის გადმოცემის საკითხი.
რომელი ქართული ეკლესიებია სომხეთის ტერიტორიაზე და რით დასტურდება მათი ქართული წარმომავლობა?
– ყველა ეკლესია თარიღდება მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნით. ქართველი ბოლშევიკების ანტიეროვნულობის გამო ეს ძირძველი ქართული ტერიტორია სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებშია. ახტალის ტაძარი მეცამეტე საუკუნით თარიღდება, სომხურად ნიშნავს „სპილენძის მადანს“, რაც იმას მოწმობს, რომ ამ მხარეში სპილენძი მუშავდებოდა. ძველი სომხური ისტორიოგრაფიის მიხედვით, ზაქარია მხარგრძელის ძმამ, იოანე ათაბაგმა მიიღო ქართული სარწმუნოება და ააშენა ქართული ქალკედონური მონასტერი. ივანე ათაბაგიც ამ მონასტერშია დაკრძალული. ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელმაც დღემდე მოაღწია: ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა მინაშენებით და კარიბჭეებით. ტაძრის ფასადი კი უხვადაა შემკული. ანისის ქართული ეკლესიის შემდეგ ახტალის მონასტერი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალკედონური ცენტრი იყო.
თეჟარიუიქი – ლეონ მელიქსეთ-ბეგს ეს ქართული მონასტერი მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების ძეგლად მიაჩნია.
ჰუჯაბი – ამ ტაძრის ქართულობის შესახებ არაერთი ნაშრომი თუ წერილია გამოქვეყნებული. ის მეთორმეტე საუკუნეშია აშენებული. ბერძნული არქიტექტურის სტილით. სომხეთის სახელმწიფო საზღვარი 400 მეტრით განზრახაა გადმოწეული, რომ ეს ტაძარი სომხეთის ტერიტორიაზე მოხვედრილიყო. რეალურად, ჰუჯაბი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. თავისი პროპორციებით, დეკორატიული მორთულობითა და სტილისტური ნიშნებით მიეკუთვნება მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლების ჯგუფს: ბეთანიას, თახეს, ახტალას. ეკლესიის შიგნით შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.
ჰნევანქ – ამ ეკლესიას ქართულად „ძელი ჭეშმარიტისა“ ეწოდება. გიორგი ჩუბინაშვილს ეს ძეგლი მეშვიდე-მეცხრე საუკუნეებით აქვს დათარიღებული.
ქობერი – ფუძე არის ქართული „ქვაბ“. ის ქვაბში, მღვიმის სიღრმეში მოთავსებული მონასტრის შთაბეჭდილებას ახდენს. ქობერზე არის როგორც ქართული, ისე სომხური წარწერები.
ოსკიპარი – ვახუშტის რუკის მიხედვით მდებარეობს აღსტაფის ხეობაში. აგებულია მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში. ფრესკებზე არის ქართული წარწერები.
შაჰნაზირში დაცულია ერთი ქართული წარწერა, შაჰნაზირსა და მის მიდამოებშია დაცული რამდენიმე ქართული ასომთავრული წარწერა: სარკმელქვეშ არის ცხრასტრიქონიანი ქართული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ეკლესიის ამგები ოთხი ძმა ძნელაის-ძენი. წარწერა თარიღდება 1135 წლით. შაჰნაზირის ახლოს, გორაკზე არის ერთთავიანი ნახევრად დანგრეული ეკლესია, სადაც ნანახია ნუსხა-ხუცურით შესრულებული ექვსსტრიქონიანი წარწერა.
შესაძლოა, სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე ქართული ეკლესია გამომრჩა, მაგრამ ამას აქვს მიზეზი: სადავო ეკლესიები შეგნებულად არ ჩამოვთვალე. ზემოჩამოთვლილი ეკლესიების ქართულობა კი არანაირ ეჭვს არ იწვევს მეცნიერული თვალსაზრისით.
იმ პერიოდში, როდესაც ეს ეკლესიები აშენდა, მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე, თუ ცხოვრობდნენ იმ მიდამოებში სომხები?
– ლორე-ტაშირში ქართული ეკლესია-მონასტრების, ქართული ეპიგრაფიკის არსებობა ადასტურებს, რომ მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ამ მხარეში ქართულ სამოციქულო ეკლესიას თავისი იურიდიული უფლებამოსილება ჰქონდა და, შესაბამისად, აღასრულებდა მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას. მის მრევლს კი შეადგენდნენ როგორც ქართველი, ისე სომეხი ქალკედონიტები და ისინი ქართველებად განიხილებოდნენ. ჩვენ ვიცით, რომ ჯერჯერობით ზოგადი შეთანხმება მოხდა, თუმცა არ ვიცით დაზუსტებით, სომხეთის ტერიტორიაზე არსებული რომელი ქართული ტაძრების გადმოცემაზე იქნება კონკრეტულად ლაპარაკი.
თბილისში სომეხი მოსახლეობა ცხოვრობდა და ცხოვრობს და მათ, ალბათ, ექნებოდათ ეკლესიები. მხოლოდ სომხურ მოსახლეობის არსებობაა სომხური ეკლესიების არსებობის საფუძველი?
– ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით, რომელი საუკუნიდან ცხოვრობენ აქ სომხები, თუმცა, რომ ჰკითხოთ, თბილისი მათი დაარსებულია.
ვახტანგ გორგასლის ნაცვლად?
– უფრო ადრიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, სომხები გვიან შემოვიდნენ საქართველოში. როდესაც აღმოსავლელი დამპყრობლები შეესეოდნენ, ისინი საქართველოს აფარებდნენ თავს. მართალია, ზუსტად არ ვიცით, როდის შემოვიდნენ, მაგრამ, რადგან აქ ცხოვრობდნენ, სომხური ეკლესიებიც იქნებოდა. ლორე-ტაშირის მხარე კი ქართული მიწა იყო. განსაკუთრებით, დავით აღმაშენებლისა და თამარის დროს ცხოვრობდნენ იქ ქართველები და სავსებით ბუნებრივია, რომ მათ ააშენეს ქართული ეკლესიები. ამას ჰაერზე არ ვამბობ და, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამას ადასტურებს ახტალის, ქობერის, ჰნევანქის ქართული წარწერები, რასაც სომეხი ისტორიკოსებიც ეთანხმებიან. ერთი კვირის წინათ ჩამოვიდნენ სომხეთიდან და მითხრეს, რომ ჰნევანქში გაცხოველებული სარემონტო სამუშაოებია. ჰნევანქში ქართული წარწერები გუმბათის ყელზეა, მაგრამ, ამას გარდა, იქ იყო შვიდი ქართული საფლავი ქართული ეპიტაფიით, თუმცა ისინი უკვე გამქრალია და აღარ არსებობს.
რომელიმე მოქმედია? ანუ სომხურად აღევლინება წირვა-ლოცვა?
– ახტალაში დაუწყიათ აღდგენითი სამუშაოები. შემდეგ შეჩერებულა, მაგრამ ახლა ისევ განახლებულა. ახტალის იუბილეც გადაიხადეს და რამდენიმე წლის წინათ სომხურადაც დაუწყიათ წირვა-ლოცვა, თუმცა შემდეგ თითქოს შეჩერდა. დანარჩენ ქართულ ტაძრებში წირვა-ლოცვა არ აღევლინება.
არქიტექტურულად როგორი ძეგლებია?
– როგორც გითხარით, არქიტექტურულად ქართული ტაძრებია. მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეული ახტალაა, ძალიან მაღალი დონის არქიტექტურით. ეს, ბუნებრივია, ახტალა საეპარქიო ეკლესია იყო და ამიტომაც მაღალი დონეა როგორც არქიტექტურულად, ისე ფრესკული გაფორმებით.
იქ არ ცხოვრობს ქართველი მოსახლეობა, როგორ წარმოგიდგენიათ პირადად თქვენ, რა მოხდება გადმოცემის შემთხვევაში?
– მართალია, ისტორიული ქართული ეკლესიების გარშემო, რომლებიც სომხეთშია, სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს, მაგრამ გადმოცემის შემთხვევაში, იქ შესაძლოა, იმოღვაწეონ ქართველმა ბერ-მონაზვნებმა. ასე რომ, სომეხი მოსახლეობა ხელისშემშლელი პირობა არ არის: ბოლოს და ბოლოს, როგორ მოღვაწეობდნენ მისიონერები?! ქართველი ბერ-მონაზვნების შემდეგ ქართველი მომლოცველებიც ჩავლენ და ნელ-ნელა ქართულ ისტორიულ ტაძრებში ქართულად წირვა-ლოცვაც აღდგება.
თუ არის ისტორიული ქართული ტაძრების სიახლოვეს სომხური ეკლესიები. არგუმენტად ხომ შეიძლება, ითქვას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს ეკლესია?
– თუ არ არის, ააშენებენ. მეორეც, ისტორიული ქართული ეკლესიები მოქმედი არ არის, არ ჯობია, ნაღდ სომხურ ეკლესიაში იარონ, რაღა, მაინცდამაინც, ახტალაში – ქართულ ეკლესიაში?!
ის ფაქტი, რომ ექვსი ეკლესიის გადაცემაზე ჩამოვიდნენ, ნიშნავს, რომ ამ ექვსის სომხური წარმოშობის დამადასტურებელი საბუთები არსებობს?
– შესაძლოა, იფიქრეს, ამაზე მაინც დავითანხმებთო. მაგრამ ამ საკითხებზე, დაე, ორმხრივმა კომისიამ იმუშაოს და მათ გასცენ პასუხი, რამდენადაა სადავო ეკლესიები ქართული ან სომხური.
ჩვენ გვაქვს იმის მყარი საბუთები, რომ ეკლესიები, რომლებსაც სომხები ითხოვენ, არის ან არ არის სომხური?
– მე ვამტკიცებ, რომ სუბრ-რშანის ეკლესია ქართული იყო 1701 წლამდე, მაგრამ რაღაც მანქანებით აღმოჩნდა სომხების ხელში, თორემ ის ადრე იყო წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესია და ამას ამბობს პლატონ იოსელიანი. ეტყობა კიდეც დათვალიერებითაც, რომ მართლმადიდებლური ეკლესია იყო.
თუ სწორად მივხვდი, უნდა დადგინდეს, ვის ეკუთვნოდა თავდაპირველად?
– რა თქმა უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქურდობა გამოდის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის აშკარაა, რომ, თუ საქართველოს საპატრიარქო რამდენიმე ეკლესიას გადასცემს, საპასუხოდ მოითხოვს სომხეთში არსებული იმდენივე ქართული ეკლესიის გადმოცემას. მე ამაში დარწმუნებული ვარ, ოღონდ ვერავინ იტყვის, როდის მოხდება ეს.
თავის დროზე, ხუთიოდე წლის წინათ, როდესაც საქართველოს საპატრიარქომ საპასუხოდ სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესიების გადმოცემის საკითხი დააყენა, ამან სომხეთშიც უკმაყოფილება გამოიწვია. ხომ არ იცით, ახლა რა რეაქციაა?
– ახლა თითქოს მეგობრული ტონი გაისმა, მაგრამ ვერ გეტყვით, როგორ მიიღებენ ამას „დაშნაკები“ და რა კუდს გამოაბამენ. ფაქტია, ქართულმა და სომხურმა ეკლესიებმა კონსტრუქციული წინადადებებით მიმართეს ერთმანეთს. ახლა საქმე იმაზეა, რა ინტერპრეტაცია მიეცემა ამას სომხეთში.
გარდა ეკლესიების გადაცემისა, ლაპარაკი იყო სომხეთის ეკლესიის სტატუსზეც საქართველოში, თუმცა პატრიარქს სტატუსსზე არანაირი ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ეკლესიების გადაცემის საკითხზე ისაუბრა.
– საქართველოში მრავალეთნიკური საზოგადოებაა, ამდენად, იურიდიული სტატუსი სჭირდება არა მხოლოდ სომხურ ეკლესიას, არამედ კათოლიკურ ეკლესიას, ებრაულ ეკლესიას, მაჰმადიანებს. ასე რომ, იურიდიული სტატუსის საკითხი ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს, თუმცა გარეგინ მეორემ თქვა, რომ სომხეთში საქართველოს ეკლესიას იურიდიულ სტატუსს მივანიჭებო. მეტიც, ერევანში, თუ სურვილი იქნა, შეგიძლიათ ააშენოთ ქართული ეკლესიაო. ერევანთან არის ერთი ქართული ეკლესია.
ოღონდ სომხეთში ქართველები არ ცხოვრობენ.
– გარეგინ მეორის ამ წინადადებაზე პატრიარქს არაფერი უთქვამს, ეს საკითხიც, ჩემი აზრით, ეკლესიების პრობლემის მოგვარების შემდეგ გადაწყდება.