«ვინც სააკაშვილს რევოლუციით გადააგდებს, ბრძოლას მის წინააღმდეგ გავაგრძელებ»

«ვინც სააკაშვილს რევოლუციით გადააგდებს, ბრძოლას მის წინააღმდეგ გავაგრძელებ»

«გარანტია ჩემი გულწრფელი სიტყვები და მოქმედებებია», - აცხადებს «ეროვნული საბჭოს» ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე. მოქმედებაში ისიც და მთელი მოქმედი ოპოზიციური სპექტრიც ნანახი გვყავს. ჰოდა, თუ პოლიტიკოსის გარანტიად მხოლოდ გულწრფელობა რჩება, ყველას წარმატება ამ ბრძოლაში, «ვერსია» კი ალექსანდრე შალამბერიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც «რვიანის» შიდაშეხვედრებიდან და სამომავლო გეგმებიდან რამდენიმე დეტალს გვიმხელს და საუბარს ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებით იწყებს:  

- ოზურგეთში ვიყავი, როცა ლაშა დაიჭირეს. მან ძალზე ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა, რადგან ხმამაღლა განაცხადა, რომ ის დღე, რომელიც სააკაშვილისთვის დღესასწაულია, ქართველი ერისთვის ტრაგედიაა. იგი კუდის გადაცმულმა თანამშრომლებმა ქაშუეთის წინ აიყვანეს და აზრის გამოთქმის საშუალება არ მისცეს. გორში კი იმიტომ აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურ ცენტრს, თბილისს გაარიდეს. ლაშას დევნილთა სამოქალაქო მოძრაობასთან ერთად გამგეობის სხდომა ჰქონდა და აქციის ჩატარება სპონტანურად გადაწყვიტა, ამიტომაც არ იყო ეს ყველაფერი ლიდერებთან შეთანხმებული. ჩვენთან ყველა დამოუკიდებელია, ერთი საერთო ჩარჩო გვაქვს და მის ფარგლებში ვმოქმედებთ.



ეს შიდაჩარჩოა, მაგრამ გაქვთ კიდევ ერთი ჩარჩო, «რვიანი», რომელზეც «დროებით განეიტრალებული რადიკალების» მერე, ავტომატურად, მეტი ყურადღება გადმოვიდა. ამ დროს «რვიანში» ერთნი აქციებს უპირისპირდებიან, მეორენი ქუჩაში 100 000 კაცის გამოყვანას გეგმავენ, ზოგიერთები ისევ კარდაკარ სიარულს აპირებთ. ეს აზრთა სხვადასხვაობა ცოტა გაუგებარია.



- 7 ივნისს ერთობლივად განვაცხადეთ, რომ მოსახლეობასთან უფრო აქტიურ ურთიერთობას და სამოქალაქო მოძრაობის ფარგლებში ქმედებას ვიწყებთ.



მაგრამ არ გითქვამთ, რომ პოლიტიკურ წრეს აფართოებთ. რატომ?  



- პირდაპირ გეტყვით - ჩვენი დიდი სურვილია, პოლიტიკურ სუბიექტთა წრე მართლაც გაფართოვდეს და «რევოლუციურ» და დიალოგის მომხრე ოპოზიციად არ ვიყოთ გაყოფილნი. ამას ასეთ საჯარო შეხვედრაზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით. «რევოლუციონერებმაც» განაცხადეს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ არიან მომართულნი და 26 მაისის მერე ამის საჭიროება, მით უმეტეს, გაიზარდა. ახლა ჩვენს შორის განსხვავება ისაა, რომ «რვიანს» ჯერ არჩევნები უნდა და მერე, ამ გზით, სააკაშვილის გაშვება, მათ - პირიქით. ეს განსხვავება ჩვენი, პოლიტიკოსების მოსაგვარებელია.



თქვენ ახლა სურვილზე მელაპარაკებით, დიდი ერთობა შედგეს თუ რეალურ პერსპექტივაზე? ოღონდ, ნათელ-მირონობასა და პრივატულ საუბრებს, ცხადია, ოპოზიციურ ერთობად ვერ ჩავთვლით.



- მართალი ხართ, აქ ნათესაობასა და ნათელ-მირონობაზე საუბარი არაა. ეს, ჯერჯერობით, სურვილია, მაგრამ საუბარი უახლოეს მომავალში დაიწყება და ყველაფერი საჯაროდ იქნება გაცხადებული. ახლა, თქვენი საშუალებით, ე.წ. 
რევოლუციურ ძალებს პირველად მივმართავ - თუ შევთანხმდებით, რომ არჩევნების გზით მივდივართ, ეს სერიოზული ძალა იქნება და ერთიანი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც სააკაშვილის ამ გზით ბეჭებზე დადებაზე თანხმდება, პლუს, საერთაშორისო მხარდაჭერა, ამ რეჟიმს ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაამარცხებს. ჩვენი ამოცანაა, ერთი გზის გარშემო გავერთიანდეთ ბურჯანაძესთან, გაჩეჩილაძესთან, კუკავასთან და ნათელაშვილთან.



კუკავას სახით უძღებ შვილს იბრუნებთ? როგორც მახსოვს, პიროვნულ დონეზე ისევ ცუდი ურთიერთობა აქვთ საბჭოს ლიდერებსა და კუკავას?



- მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ პიროვნული სიმპატია-ანტიპატია უნდა დავივიწყოთ, თუმცა, გიდასტურებთ, ეს მომენტი მაინც არის.



«რადიკალების» ჩამონათვალში ბევრი ლიდერი გამოგრჩათ, უფრო სწორად, თითქმის ყველა ქართული პარტიიდან.



- კი არ გამომრჩა, სპეციალურად გამოვტოვე. არ მინდა, ამ გაერთიანებაში კიწმარიშვილი იყოს.



აბა, ანტიპატიები უნდა დავივიწყოთო?



- ეს მე არ მინდა, პირადად, რადგან მისდამი მართლა დიდი ანტიპატია მაქვს, მაგრამ ყველაფერს ვივიწყებ და ჩვენთან მოსვლა ყველას შეუძლია.



ისე, რომელ ერთობაზეა საუბარი, როცა ბევრი უკვე «რვიანის» დაშლას წინასწარმეტყველებს. ამას წინათ აღნიშნეთ, საერთო ტექსტიც კი დიდი სიძნელეებით მივიღეთ, რადგან ქრისტიან-დემოკრატები რაღაც-რაღაცებში გვეწინააღმდეგებოდნენო. იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, რაზეა საუბარი?



- პირდაპირ გეტყვით - ბევრი ნიუანსია, რომლის გადალახვაც ყოველი გადაწვეტილების მიღებისას გვიხდება.  



და იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ამ «რვიანში» ერთი უჩავა თქვენც გყავთ?  



- უჩავების ყოფნა, რა თქმა უნდა, მოცემულობაა და თავს ვერც ჩვენ დავდებთ ვერავისზე. მაგრამ იქ გადაწყვეტილებას კომპრომისებით იღებენ, უჩავას ტიპის ადამიანი უფრო მეტად ვერ გამოჩნდება, ვიდრე ისეთ ორგანიზაციაში, სადაც ცენტრალიზებული და ერთპიროვნული მმართველობაა.



კი მაგრამ, მაშინ რა იყო ქრისტიან-დემოკრატების მოტივი, როცა სამოქალაქო მოძრაობის დაწყებაზე გეკამათებოდნენ? ესეც თავად ბრძანეთ...



- ყველას თავისი პოლიტიკური ტემპერამენტი და ინტერესები აქვს. თავიდან გვითხრეს, ამ განცხადებას ჯერ ნუ გავაკეთებთო, თორემ ეს შეხვედრა 7-ის ნაცვლად, 2 ივნისს უნდა შემდგარიყო. ამბობდნენ, იქნებ, სჯობდეს, ცოტა ხანი კიდევ დაველოდოთ, 26 მაისის მერე დრო გავიდესო.  



ერთმა პარტიამ თქვა და დანარჩენი შვიდი დაეთანხმეთ? ეგაა კომპრომისი?



- ცხადია, ოღონდ, ჩვენი წინაპირობა ასეთი იყო - წინასწარ დავაანონსოთ, რომ 7 მაისს განცხადებას ვაკეთებთო.



ეს დროის გადაწევა იმას ემსახურებოდა, რომ 26 მაისთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს მოერიდეთ?



- ჩვენ არა - ქრისტიან-დემოკრატები.



და ეს ეჭვს არ გიჩენთ?



- აი, პირდაპირ გეუბნებით, ასეთი მოთხოვნა დააყენეს - არ გვინდა ეს რადიკალური განცხადებები, რადგან ასეთი დაძაბული პერიოდიაო.  
   



გასაგებია. რაც შეეხება თქვენს გზას - რეგიონებში გადიხართ, აკაკუნებთ ყველა კარზე, შედიხართ ყველა სადარბაზოში... და ამას აკეთებთ დაუსრულებლად. ახლა ორში ერთი უნდა აღიაროთ - ან ის, რომ აქამდე ეს არ გიკეთებიათ და ყველაფერი ცარიელი სიტყვები იყო, ან ის, რომ სულ აკაკუნებთ და კარს არავინ გიღებთ. ფაქტია, საკმარისი მხარდაჭერა, ამ ეტაპზე, არ გაქვთ.



- არა!. ამის გამეორების საჭიროება იმიტომაა, რომ ყველაზე დიდ მინუსად საზოგადოება მხოლოდ მოლაპარაკებასა და პასიურობას გვითვლის. პროცესი ნოემბრიდან 23 მარტამდე გაიწელა და მას შემდეგ შეწყდა, რაც მოლაპარაკების მაგიდა დავტოვეთ.



.. ხელისუფლება მართალია, როცა ამბობს, «რვიანმა» მაგიდა თავად მიატოვაო?



- დიახ, ჩვენ დავტოვეთ, რადგან ხელისუფლებისგან ველოდებით ჩვენს მიერ წარდგენილ პროექტებზე ადეკვატურ პასუხებს, მაგრამ ხელისუფლება მაგიდიდან გაიქცა. ეს სხვადასხვა რამაა.  



სხვათა შორის, ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება «რვიანთან» მოლაპარების აღდგენას ზაფხულში იმედოვნებს.



- კი ბატონო, როცა ადეკვატურ პასუხებს მოგვაწვდიან, მზად მაშინ ვიქნებით. პარალელურად, მოლოდინის რეჟიმში ყოფნას არ ვაპირებთ.



იგივე მაჭავარიანი ამბობს, აქციებით ვერ შეგვაშინებენო, თან ოპოზიციის 100 000-კაციანი აქციის უშედეგოდ დასრულების დიდი გამოცდილება გაქვთ.



- მაშინ ლოზუნგი იყო არასწორი. აქ საქმე სიტყვებით თამაშშია, სიტყვებს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვერ გავაკვირვებ სააკაშვილს «გადადექის» ყვირილით. არც ირაკლი ბათიაშვილს ვეთანხმები, რომელიც ამბობდა, ძალა აღმართს ხნავსო. ეგ პრინციპი კრებამ კი არა, სწორედ სააკაშვილმა გამოიყენა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, საქმეს სწორედ ხერხით მივუდგეთ და არა - ძალით.



მაშინ ამ ხერხებზე კონკრეტულად გვიამბეთ: მაგალითად, 200 000-ტირაჟიან გაზეთზე. ან რა გაზეთზეა საუბარი ან ამდენი ფული, უცებ საიდან გაგიჩნდათ?



- ჯერ ყველაფერი იგეგმება. ეს იქნება გაზეთი, სადაც უფრო ნათლად აიხსნება, რას ნიშნავს ბიომეტრია, საარჩევნო სისტემა და ა.შ. 8 პარტია ვართ, ბოლო-ბოლო, ყველა კვალიფიციური და დაფინანსება გვაქვს. გაზეთი შეიძლება, სულ 20 000 ლარიც არ დაჯდეს. ალბათ, ცოტა მეტი გამოკითხვებში დაიხარჯება. წინასწარ შემიძლია ისიც გითხრათ, რომ «რვიანს» არავითარი თარიღები არ ექნება. მომავალს თარიღი არ აქვს და მე პირადად, ბრძოლას მანამ არ შევწყვეტ, სანამ სააკაშვილს არჩევნების გზით არ შევცვლი. ხოლო ვინც სააკაშვილს რევოლუციით გადააგდებს, ბრძოლას მის წინააღმდეგ გავაგრძელებ.



ისე მელაპარაკებით, თითქოს გუშინ თქვენ არ იყავით ხელისუფლებაში და - გუშინწინ თქვენი «რევოლუციონერები».



- ჩემი შეცდომაც ეგ არის, რასაც ახლა ვამბობ, 2003 წელსაც კარგად ვიცოდი. შემეშინდა, უძლური ვიყავი და დამეზარა... ახლა არც იმას ვფიქრობ, ოღონდ სააკაშვილი წავიდეს და ყველაფერი კარგად იქნებაო - არაფერიც არ იქნება კარგად და ვიცი, არაპოპულარულ განცხადებას ვაკეთებ.  



და ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ისევ არ შეგეშინდებათ, დაგეზარებათ და დაუძლურდებით?



- გარანტია ჩემი გულწრფელი სიტყვები და მოქმედებებია, ამ რევოლუციური აღტკინების მიუხედავად.