მართალია, ჯერჯერობით ამ ჩვენი ქვეყნის სახელწოდების „ჯორჯიათი“ შეცვლაზე მხოლოდ აშშ (რომლისთვისაც ისედაც ჯორჯია ვართ) და კორეა დაგვთანხმდა, თუმცა, მაინც საინტერესოა, რომელი სახელის წოდებაა ჩვენი სახელმწიფოსთვის ისტორიულად სამართლიანი და გამართლებული. ისტორიკოსი დავით მუსხელიშვილი განგვიმარტავს, როგორ დაიბადა ტერმინი „საქართველო“ და როგორ იხსენიებდნენ აგერ უკვე სამი ათასი წლის განმავლობაში ქართველური ტომების მიერ შექმნილ სახელმწიფო წარმონაქმნებს უცხოური და ადგილობრივი წყაროები.
– თვითონ ტერმინი „საქართველო“ მეათე საუკუნის დროინდელია და, კანონზომიერიცაა, რომ იმ დროს გაჩნდა. უფრო ადრე ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა სახელი ეწოდებოდა. პირველად ჩვენს წინაპარ ტომებზე ცნობები ჩნდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეთორმეტე საუკუნის ბოლოს. ეს არის ასურული, ასურეთის მეფეების წარწერები, კერძოდ, ერთ-ერთი პირველია ასურეთის მეფის, ტიგლათფალასარ პირველის წარწერა. მის ანალებში, რომლებშიც აღწერილია მეფის ნაშრომები და გამარჯვებები, მოიხსენიებიან ქართული ტომები. კერძოდ, მუშქები, ანუ მესხების წინაპრები; დაიაენელები, იგივე დიაოხელები, როგორც ეს ურარტულ წარწერებშია, ანუ ტაოელები, როგორც ბერძნები უწოდებდნენ და სხვა ტომები. როგორც ჩანს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში აქ ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი ერთეული არსებობდა. ეს დიაოხის ქვეყანა მოიცავდა ჭოროხის ხეობას და დღევანდელი არზრუმის პლატოს, რომელიც დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა. აქ, როგორც ჩანს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე ყალიბდებოდა აღმოსავლურ-ქართული ტომების – ტაოელების კლასობრივი ერთეულები. ამავე დროს, იმავე ურარტულ წყაროებში ჩნდება სახელწოდება „კოლხა“ – დასავლურ-ქართული ტომების გაერთიანება და, საინტერესოა, რომ ტერმინი „კოლხეთი“ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, იმავე მერვე საუკუნეში ბერძნულ წყაროებში გვხვდება. აქაც იგულისხმება, რომ უკვე იმ დროს კოლხეთის ადრეკლასობრივი უძველესი სამეფო ჩამოყალიბებულია. თუმცა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნის შემდეგ, უკვე ურარტულ წყაროებში აღარ იხსენიებიან დიაოხელები. იმ პერიოდში დიაოხი ებრძოდა ასურელებსა და ურარტუელებს და, როგორც ჩანს, ის განადგურდა ამ ბრძოლაში, მაგრამ, ისხენიებიან კოლხას სახით.
კოლხა რა ტერიტორიაზე მოიაზრებოდა?
– დიაოხი იყო აღმოსავლეთ ქართული ტომების ერთეული, კოლხა – დასავლურის. ისინი ერთდროულად არსებობდნენ, მაგრამ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში, როდესაც დიაოხი განადგურდა, ამით, როგორც ჩანს, ისარგებლა კოლხას სამეფომ და კოლხეთის ტერიტორია გაფართოვდა დიაოხის ჩრდილო ტერიტორიების ხარჯზე, იმავე ჭოროხის ხეობაში. ამის შემდეგ ტერმინი „კოლხეთი“ რჩება ბერძნულ წყაროებში. ოღონდ, ეს არ არის ქართული ტერმინი, თუმცა კოლხების ტომი არსებობდა, ჯერ ერთი, წყაროებითაა დამოწმებული, რომ ისინი დიდი ზღვის პირას სახლობდნენ და, როგორც ჩანს, ეს არის შავი ზღვა. კოლხებიც ებრძოდნენ ურარტუელებსა და ასურელებს და ისინი იყვნენ ჰეგემონი ტომი, ამიტომაც მოისხენიებენ მათ სახელწოდებაში. ბერძნულ წყაროებში ტერმინი „კოლხეთი“ დიდხანს რჩება, თუმცა ქართული წყაროები ასეთ ტერმინს არ ცნობს.
ჩვენ რას ვუწოდებდით ჩვენს თავს?
– ჩვენ ვხმარობდით ტერმინ „ეგრისს“ – ეგრისელები, ანუ მეგრელები. კოლხი და ეგრისელი სხვადასხვა ეთნოგრაფიული ერთეულია, თორემ, ორივე ქართველი ტომია. ის, რაც ქართული წყაროებისთვის ეგრისია, ბერძნული წყაროებისთვის კოლხეთია. რაც შეეხება აღმოსავლელ ქართველ ტომებს: ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში ბერძნულ წყაროებში ისინი იხსენიებიან სასპერებად – ამას ამბობს ჰეროდოტე. ეს სასპერები, როგორც ჩანს, იგივე იბერები არიან. მათი ცენტრიც ჭოროხის ხეობაა, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ქართულ წყაროებში შავ ზღვას ჰქვია „სპერის ზღვა“. ესე იგი, ეს იყო სპერების ქვეყანა, სპერი და იბერი ერთი და იგივე ცნებაა და ამის ნაშთია ჭოროხის ხეობაში დღევანდელი თურქეთის ქალაქი ისპირი. მაგრამ ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში ყალიბდება აქემენიდების სპარსული იმპერია, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიაზე ვრცელდება. ამ დროს ინგრევა ძველი ურარტუ, ასურეთიც უკვე აღარ არსებობს და სპარსელები თავიანთ გავლენას ავრცელებენ უზარმაზარ ტერიტორიაზე: ინდოეთიდან, ვიდრე ეგეოსის ზღვამდე. სასპერებიც ეწირებიან აქემენიდების ექსპანსიას და, თუკი სპერების ქვეყანა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში დამოუკიდებელი ერთეული იყო, მეხუთე საუკუნეში, სპარსული წყაროების მიხედვით, ისინი შედიან სპარსელების იმპერიაში ერთ-ერთ პროვინციად. მაგრამ, აი, იმ ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში უკვე დასავლეთ საქართველოში არსებობს კოლხეთის სამეფო, რომლის ცენტრმა, როგორც ჩანს, სამხრეთიდან, ანუ ჭოროხის ხეობიდან გადმოინაცვლა ჩრდილოეთით, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და აქ ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც, არგონავტების მითით, ძველი წელთაღრიცხვის მეცამეტე-მეთორმეტე საუკუნეებშიცაა ცნობილი, მაგრამ, ეს მაინც ლეგენდაა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში კოლხეთი არსებობს მთელი თავისი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკით, მათ შორის, ფულით – კოლხური თეთრით.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში კი უკვე აღმოსავლეთ საქართველოში ყალიბდება იბერების სამეფო. ძველ უცხოურ წყაროებში ქართულ სამყაროს კოლხეთი და იბერია ჰქვია, ჩვენს წყაროებში კი – ეგრისი და ქართლი. ეს უკვე საკუთრივ ჩვენი ტერმინოლოგიაა.
იმდროინდელი უცხოელები რას ეყრდნობოდნენ ჩვენთვის სახელწოდებების დარქმევისას?
– როგორც ჩანს, ჰეგემონი ტომების სახელწოდებებს, რადგან მათთვის სწორედ ჰეგემონი ტომი იყო ცნობილი. მათვე იცნობდა უკეთ იმდროინდელი კულტურული გარემოც და შემდეგ ეს სახელები ვრცელდებოდა. სახელწოდებები: იბერები და კოლხები, გვიან წყარეობშიც გვხვდება, მაგრამ კოლხეთთან მიმართებაში ცვლილებაა. მართალია, ბიზანტიურ წყაროებში მეოთხე საუკუნიდან კოლხეთიც იხსენიება, მაგრამ, უწოდებენ ლაზიკასაც. ლაზებიც ერთ-ერთი ჰეგემონი ტომი იყო, ისინი დღესაც ცხოვრობენ თურქეთის ტერიტორიაზე და, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც. ლაზები დასავლეთქართული ერთ-ერთი ტომია და ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა: გარე სამყარო მათ იცნობდა და ამიტომაც დაარქვეს ამ ერთეულს ლაზიკა.
მაგრამ ჩვენ სტაბილურად ეგრისსა და ქართლს ვუწოდებდით ჩვენს სამეფოებს.
– ჩვენ დასავლეთ საქართველოს ყოველთვის ეგრისს ვუწოდებდით, მიუხედავად იმისა, უცხო წყაროები ლაზიკად მოიხსენიებდნენ თუ კოლხეთად, აღმოსავლეთ საქართველოს – ქართლს. მაგრამ იბერია პირველად იხსენიება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნის ბერძნულ წყაროში. ეს იბერია რჩება რომაულ წყაროებშიც და ბიზანტიურშიც, იბერია, რომელიც ნიშნავს ქართლის სამეფოს.
აღმოსავლური წყაროები რას გვარქმევენ იმავდროულად?
– რაც შეეხება აღმოსავლურ სამყაროს. აღმოსავლურ წყაროებში, კერძოდ, ძველ სპარსულ, საშუალო და ახალ სპარსულში, ასევე, სირიულში, ქართველებს ეწოდებათ „გურჯები“, ქვეყანას კი გურგანი ჰქვია, სირიულად – გურზანი. „ან“ სუფიქსია. ეს „გურზ“ სირიული სახელწოდებაა, იმავეს ნიშნავს, რასაც ძველ სპარსულში გურჯი, მაგრამ, როდესაც იწყება არაბების ექსპანსია უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნიდან, ისინი სპარსელებისა და სირიელებისგან ითვისებენ ამ სახელს. არაბების ლაშქარი, რომლებმაც დაიპყრეს საქართველო, სირიიდან წამოვიდა, ასე რომ, მათ უკვე იცოდნენ სახელწოდებაც, ჩვენს წინაპრებს სირიასთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ. არაბები ბრმად კი არ მიდიოდნენ სალაშქროდ, იცოდნენ, რა ქვეყანას იპყრობდნენ და ცნობებს აგროვებდნენ. როგორც ჩანს, სირიისგან მიიღეს ცნობა, რომ არის ასეთი გურზების ქვეყანა, მაგრამ არაბულში არ არის ასო „გ“ და მის ნაცვლად „ჯ-ს“ ხმარობენ, ამიტომ „გურგ“ გარდაიქმნა „ჯურზად“ და აღმოსავლეთ საქართველო მოიხსენიება ჯურზანად. ამ სიტყვის ეტიმოლოგია შემდეგნაირია: „გურგ“ არის მგელი, ანუ მგლის ქვეყანა. მგელი ძველ სამყაროში, ინდოევროპულშიც და აზიურშიც, სიძლიერისა და სიბრძნის განსახიერებაა.
ჩეჩნებს გერბზე დღესაც აქვთ მგლის გამოსახულება.
– მოკლედ, ეტიმოლოგია ასეთია: გვქვია მგლის ქვეყანა. სხვათა შორის, სახელი გურგენი, რომელიც დღეს უფრო სომხეთშია გავრცელებული, ბევრ ქართველს ერქვა, ბაგრატიონებს. „გურგენი“ დღევანდელ ქართულზე ნიშნავს – მგლისას. რაც შეეხება ევროპულ სამყაროს: მართალია, საბერძნეთი და რომიც ევროპაა და ისინი იცნობდნენ როგორც იბერიას, ისე კოლხეთს, მაგრამ დასავლეთ ევროპა, როდესაც გაგვიცნო შუა საუკუნეებში, მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებიდან ხმარობს „გეორგიას“, ესეც მოდის „გურჯიდან“. ეტიმოლოგია ახსნილია ბერძნულ წყაროებშიც და ევროპულ წყაროებშიც. ერთი-ერთი ფრანგი წერს, იმიტომ ჰქვიათ გეორგია, რომ წმიდა გიორგი მათი ყველაზე ცნობილი წმიდანია და მათ დროშაზეც წმიდა გიორგია გამოსახულიო. ეს ხალხური ეტიმოლოგიაა, თუმცა წმიდა გიორგი ქართველებისთვის მართლაც ყველაზე ცნობილი და მიღებული წმიდანია.
ისიც ვთქვათ, ჩვენ რატომ დავირქვით საქართველო?
– მეათე საუკუნემდე ჩვენ აღმოსავლეთს ქართლს ვუწოდებდით, დასავლეთს – ეგრისს. ქართლი ძლიერი ერთეული იყო თავისი კულტურით, ეკონომიკით და მისი გავლენა გარე ტომებზეც ვრცელდებოდა. ქართლელები იმდენად ძლიერი ტომი იყო, რომ მათი გავლენა ნელ-ნელა ვრცელდებოდა მთელ ტერიტორიაზე. კერძოდ, დღევანდელი საქართველოსა და ჭოროხის ხეობიანად მთელ ტერიტორიაზე და, აი, ამ კულტურული გავლენის პარალელურად, სახელწოდებაც ვრცელდებოდა. მეათე საუკუნისთვის ქართლი ჰქვია მთლიანად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს. გახსოვთ გიორგი მერჩულის მიერ ნათქვამი: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების”. ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ, სადაც კი ქართული ეთნოსი და ქართული მწიგნობრობა იყო, იქ ყველგან იყო ქართლი. ქართლის ცნება ნელ-ნელა გაფართოვდა და მეათე საუკუნისთვის უკვე იმხელა ტერიტორიას მოიცავდა და იმდენად ბევრი სხვადასხვა ტომის კრებული გახდა, რომ საჭირო ხდება ახალი ტერმინი. ქართლი მაინც ვიწრო მნიშვნელობის ტერმინი იყო, აღმოსავლეთ საქართველოს ერქვა და, ძირითადად, მოიაზრებოდა შიდა ქართლის ტერიტორია. ამიტომ, ახალი ტერმინის შექმნა გახდა აუცილებელი. ამ პროცესის პარალელურად მდიდრდებოდა „ქართველის“ ცნება. თავდაპირველად „ქართველი“ ეწოდებოდა ქართლის მცხოვრებს და ქვეყანა ქართლის მკვიდრს, მაგრამ, როდესაც ქართლმა თავისი კულტურა და გავლენა გაავრცელა დიდ ტერიტორიაზე, ყველგან ქართლი იყო და, ვინც ამ კულტურას ეზიარებოდა, ხდებოდა ქართველი. ეს ხდებოდა თავისთავად და არა ძალდატანებით. უკვე მერვე-მეცხრე საუკუნეებში ქართველი იძენს არა ვიწრო ეთნიკურ შინაარსს, არამედ კულტურული ცნება ხდება და ქართველი ეწოდება ყველას, ვინც აღიარებს ქართულ ენას და ქართულ სახელმწიფოში ცხოვრობს, თუმცა, შეიძლება, წარმოშობით ჩერქეზი ან სომეხი ყოფილიყო. ანუ, „ქართველი“ კულტურული ტერმინი იყო და, როდესაც საჭირო გახდა ახალი ტერმინის შემოღება, გაჩნდა საქართველო.
ჩვენ დავირქვით?
– ეს უკვე ჩვენი სახელწოდებაა და საქართველო ნიშნავს ტერიტორიას, სადაც არის ქართველების გავლენა. ჩვენ გავხდით საქართველო, დასავლეთევროპელები კი საქართველოს ნაცვლად იყენებდნენ ტერმინ „გეორგიას“. რაც შეეხება „გურზს“: ეს, როგორც ჩანს, ჩვენი უცხოური სახელწოდების სირიული ძირია. რუსულ წყაროებში პირველად „გურზია“ მეთექვსმეტე საუკუნეში ჩნდება, მანამდე რუსებიც იბერებს გვეძახდნენ, როგორც ჩანს, სირიული გავლენით. შემდეგ ეს იქცა გრუზიად, მაგრამ ძირი მაინც სირიულია და ეს არ არის რუსული ტერმინი.
ჯორჯიაც იმიტომ დაგვერქვა, რომ გ-ს ვერ გამოთქვამდნენ?
– ფრანგებისთვის ჟორჟია ვართ, ინგლისელებისთვის – ჯორჯია, ეს უკვე იმ ენების თავისებურებების გამო ხდება.
თურქეთისთვის გურჯისტანად დავრჩით?
– აღმოსავლეთისთვის გურჯისტანად დავრჩით და ეს სახელწოდებაც გურჯიდან მოდის.
სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც ასეა, რომ თავად სხვა სახელს ირქმევენ, სხვები კი სხვა სახელწოდებით მოიხსენიებენ?
– ჩვენთან ასეა. ქართველის გარდა ქართველს არავინ გვიწოდებს. სხვათა შორის, მხოლოდ ჩვენ ვუწოდებთ სომხებს სომხებს, სხვებისთვის ისინი არმენები არიან. გერმანია დოიჩლანდია, მაგრამ ასე მათ არავინ მოიხსენიებს. ამდენად, ეს გავრცელებული მოვლენაა.