შალვა ნუცუბიძე საოცარი იუმორით დაჯილდოებული გახლდათ. რომ დააპატიმრეს და საკანში შეუყვანიათ, მთელი ღამე თურმე, გმინავდა და ანგრევდა იქაურობას.
პატიმრები აყაყანებულან - გაჩერდი ერთი, რა, შენზე ნაკლები ვართ, აქ რომ ვსხედვართო? გამწარებულ მეცნიერს სხვა რა გზა ჰქონდა, გაჩუმებულა.
გათენებისას მზის სხივი სარკმელს რომ მოადგა, წამომდგარა, ხელები გაუშლია და ხმამაღლა უთქვამს:
"მზეო, მზეო, საქართველოს მზეო,
ისეთი რა დაგიშავე, აქ რომ ჩამაგდეო?!"
პატიმრებმა ეს რომ გაიგონეს, ხელში აიტაცეს ნუცუბიძე, თან ბოდიშებს უხდიდნენ, გვაპატიე, გუშინ ცუდად რომ მოგექეცითო.
ციხიდან რომ გამოუშვეს, ისევ უნივერსიტეტში დაბრუნდა. ერთხელ უთქვამთ, - ბატონო შალვა, გვერდწითელი (მაშინდელი პრორექტორი) გკითხულობდათ, ძალიან ჯავრობდა თქვენზეო.
გასცინებია, - წითლებმა ფეხები ვერ მომჭამეს და გვერდწითელი რას მიზამსო?!
ივანე ჯავახიშვილის დაკრძალვაზე საფლავთან შალვა ნუცუბიძე ნიკო კეცხოველის გვერდით აღმოჩნდა. კეცხოველს უთქვამს - რაო, შალვა, მაგის გვერდით წოლა ხომ არ გინდა შენცო? - მართალი ხარ, შენთან დგომას, ამასთან წოლა მირჩევნიაო, - ენამოსწრებულად უპასუხია შალვა ნუცუბიძეს.
დიდი მეცნიერი 1918-21 წლებში არა მარტო უნივერსიტეტის ლექტორი, ქვეყნის მმართველი ორგანოს წევრიც იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ არანაირი რეპრესია არ ასცდენია. ზოგი შიშით გაქრებოდა. ის კი თავს მაინც ვერ იკავებდა და გადაკვრით თუ პირდაპირ ბოლშევიკებს სიტყვას არ არჩენდა.
მისმა ნაშრომმა, "რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი", დიდი რეზონანსი გამოიწვია სამეცნიერო წრეებში, მაგრამ ავკაცებს ეს არ მოეწონათ და საჯარო განქიქება მოუწყვეს. წიგნის რედაქტორს, აკადემიკოს კორნელი კეკელიძესაც კი ათქმევინეს აუგი. საბოლოო სიტყვაში შალვა ნუცუბიძემ თამამად დაიწყო გამოკვლევის უმთავრესი დასკვნების დამტკიცება და თქვა, მავანნი რომ ამ საკითხებს მესამე და მეოთხე თარგმანებით იცნობენ, მე ყველაფერი პირველწყაროებით ვიცი და იქ ცოტა სხვაგვარად წერიაო. პეტრე შარიას გულისხმობდა, რომელიც იმ დროს საქართველოს ცეკას მდივანი იყო იდეოლოგიის დარგში და იმ სხდომის თავმჯდომარეც. შარიას, ცხადია არ მოეწონა დიდი მეცნიერის მსჯელობა და შეაწყვეტინა, - თქვენი რეგლამენტი ამოწურულიაო. ორიოდ წუთი დამაცადეთო, ითხოვა ბატონმა შალვამ. არავითარ შემთხვევაში, - იჭექა შარიამ. რაღა დარჩენოდა, უნდა დამორჩილებოდა მთავრობას. ამ საზარელ ფარსს კი ისევ მოსწრებული სიტყვით გაუსწორდა, - მე შევწყვიტე, მაგრამ არ დამიმთავრებიაო!..