თბილისში 3 წელი მგზავრობა არ გაძვირდება, მერიამ 2,5 მლნ მოიკლო

თბილისში 3 წელი მგზავრობა არ გაძვირდება, მერიამ 2,5 მლნ მოიკლო

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური 3 წლის განმავლობაში აღარ გაიზარდება. რამდენიმეთვიანი დავა და კამათი მგზავრობის ტარიფის შენარჩუნების შესახებ ბოლოს და ბოლოს დასრულდა, თუმცა მერიას ამისათვის დიდ დათმობაზე წასვლა მოუწია.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტმა 2.5 მილიონი ლარი მოიკლო, რათა დედაქალაქში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური შენარჩუნებულიყო. ყვითელი მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიებისთვის ერთ სამარშრუტო ტაქსზე ნებართვის გაცემის ფასი 50 ლარიდან 15 ლარამდე შემცირდა. ამ საკითხის განხილვას საკრებულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა.

თბილისის მიკროავტობუსის მფლობელმა ოთხმა კომპანიამ მერიას თხოვნით მიმართა, ლარის კურსის გაუფასურებისა და საწვავზე ფასების გაზრდის გამო, თითოეულ სამარშრუტო ტაქსზე ნებართვის გაცემის ფასი 50 ლარიდან 15 ლარამდე შეემცირებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მგზავრობის 80-თეთრიანი ტარიფის გაზრდას გამოიწვევდა. საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს. ისინი აცხადებენ, რომ ამით თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები 2 450 000 ლარით შემცირდება.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მარიკა დათუკიშვილის თქმით, მათთვის გასაგებია, რომ მგზავრებს არ გაეზრდებათ გადასახადი, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებით მერიამ ნებართვის გაცემის ფასის შემცირებით, კერძო ბიზნესს ლობირება გაუწია.

გიორგი ტყემალაძემ კი „ნაცმოძრაობის“ წევრებს შეახსენა, რომ სატრანსპორტო კომპანიებთან ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად აღნიშნულ კომპანიებს ტარიფის ნებისმიერ დროს გაზრდის შესაძლებლობა ჰქონდათ, დედაქალაქის ხელისუფლებაში სწორედ მათი ყოფნის პერიოდში გაფორმდა.

საბოლოოდ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს საკითხი, რომლის თანახმად, თბილისის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დედაქალაქში მოძრავი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური 3 წლის განმავლობაში არ გაიზრდება.

„2010 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, „თბილისის მიკროავტობუსს“ შეეძლო ნებისმიერ დროს გაეძვირებინა ტარიფი. ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღით ადრე წერილობით ეცნობებინა მერიისთვის ტარიფის გაძვირების შესახებ. მათ შეეძლოთ დამოუკიდებლად ნებისმიერი ცვლილება განეხორციელებინათ ამ კუთხით. ახალი რეგულაციით, „თბილისის მიკროავტობუსს“ ჩამოერთვა ეს ნებართვა იმისთვის, რომ თბილისის მოსახლეობამ ერთ მშვენიერ დღეს არ ნახოს ახალი სამგზავრო ტარიფი და ამას სტიქიური სახე არ ჰქონდეს.

ტარიფის რეგულირება მერიის კომპეტენციაში გადავიდა. მოხდა თბილისის მერიასა და „თბილისის მიკროავტობუსს“ შორის შესაბამისი შეთანხმება და ამიერიდან თბილისის მერია და საკრებულო განსაზღვრავს ტარიფს, რათა თბილისელებს მიკროავტობუსით მგზავრობა არ გაუძვირდეს. თუ ეს ცვლილება არ განხორციელდებოდა, „თბილისის მიკროავტობუსს“ ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლო გაეძვირებინა მგზავრობა“, - განაცხადა საკითხზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ.

თბილისის მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული საკითხი ეკონომიკის რეგულირებად სფეროში მოექცა. შესაბამისად, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით თბილისში მგზავრთა გადამყვან კომპანიებს ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეღავათი დაუწესდათ და ისინი დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდნენ.