თინა, იგივე თიკა კანდელაკი, ის იშვიათი გამონაკლისია რუსეთში მოღვაწე ქართველებს შორის, რომელსაც თითქმის მთელი რუსეთი კარგად იცნობს და არც პოპულარობა აკლია. ის რუსეთის ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი და სკანდალური ფიგურაა, რასაც შესანიშნავად იყენებს საკუთარი პოპულარობის კიდევ უფრო გასაზრდელად. თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა ნიჭიერმა შავტუხა გოგონამ შეძლო, გრძელფეხება და ქერა ლამაზმანების საოცნებო ქვეყანაში მათზე საინტერესო, პოპულარული და მიმზიდველი გამხდარიყო.
რუსეთისთვის ის თინა კანდელაკია, საქართველოში კი მას დღემდე თიკას ეძახიან. იგი 1975 წლის 10 ნოემბერს თბილისში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა. რუსულ პრესაში თავის დროზე იმაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომ თინა კანდელაკი მამით ქართველია, დედამისი კი მამით სომეხი და დედით თურქი. შესაძლოა, ეს აღმოსავლური ნაზავი ერთ-ერთ უმთავრეს შტრიხად იქცა, რისი წყალობითაც ქართველმა ტელეწამყვანმა რუსეთში არსებული უმწვავესი კონკურენციის პირობებში შემოქმედებით და კომერციულ წარმატებას მიაღწია.
თინა კანდელაკმა თბილისის 64-ე (რუსული) საშუალო სკოლა დაამთავრა, რომელშიც ძირითადად სამხედროების ბავშვები სწავლობდნენ. ბევრმა, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში, შესაძლოა, არც კი იცის, რომ მომავალი ტელევარსკვლავი თავის დროზე სამედიცინო ინსტიტუტში იღებდა განათლებას. მან უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა და საინტერესო სპეციალობა – ყბა-სახის ქირურგობა აირჩია მომავალ პროფესიად. თინა ჯერ კიდევ პირველ კურსზე იყო, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ ტელევიზიაში წამყვანების ქასთინგში მიიღო მონაწილეობა. მან თავისი გარეგნობით, სტილითა და თავდაჭერის შესანიშნავი უნარით ყველა მალე მოხიბლა. ერთადერთი, მაგრამ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მას რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული და ქართული ენა ცუდად იცოდა. მან საკუთარ თავთან ფიცი დადო, რომ სამ თვეში ქართულს ისწავლიდა და შეასრულა კიდეც.
მალე თინა საქართველოს ტელევიზიის მეორე არხმა ბათუმში, სატელევიზიო ფესტივალზე გაგზავნა. თავდაპირველად მისთვის ქართულ ტექსტებს რუსული ტრანსკრიპციით წერდნენ. ასე მუშაობა ძალიან რთული იყო, მაგრამ მომავალი ვარსკვლავი პრობლემებს არასდროს უშინდებოდა. თინა კანდელაკი თავისი ორიგინალური იმიჯით ყველას მოსწონდა. პარალელურად იგი სამედიცინო ინსტიტუტში კარგად სწავლასაც ახერხებდა. მისი ლექტორები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თინას თინეიჯერული ტელეგატაცება მალევე გაუვლიდა და „უბრალო წამყვანობას“ ქირურგობას არჩევდა, მაგრამ ისინი სასტიკად ცდებოდნენ.
თინა კანდელაკმა სამედიცინო ინსტიტუტს თავი დაანება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. ის სწავლასა და რადიო-ტელევიზიაში მუშაობას კარგად უთავსებდა ერთმანეთს.
ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე, საქართველოში შოუ-ბიზნესი, მით უმეტეს, ათიოდე წლის წინ, ცუდად იყო განვითარებული. გარდა ამისა, პატრიარქალურ საქართველოში თინას ზედმეტად თავისუფალი ქცევის სტილი და მანერები მოკრძალებული ქალის ტრადიციულ იმიჯს ანგრევდა და წარმატებით გათხოვების შანსსაც უკარგავდა. შეიძლება ამიტომაც მიიღო კანდელაკმა გადაწყვეტილება, მოღვაწეობა მრავალმილიონიან მოსკოვში გაეგრძელებინა და მას ალღომ არც ამჯერად უმტყუნა.
თინამ თავიდან „ემ რადიოში“ დაიწყო მუშაობა, შემდეგ „რადიო რდვ-ში“ („რადიო დელოვაია ვოლნა“) განაგრძო მოღვაწეობა, სადაც მსახიობი სტანისლავ სადალსკი გაიცნო და მასთან ერთად რადიო „სერებრიანი დოჟდზე“ გადავიდა. ცოტა ხანში ისინი ერთად დაბრუნდნენ „რდვ-ში“. მან ტელეარხებზეც მოიპოვა საკუთარი ადგილი: ჯერ ტელეკომპანია „2X2-ის“ პროგრამა „ბიზ-ტვ-ში“ მუშაობდა, შემდეგ – ტელეკომპანია „მუზ-ტვ-ში“ და პროგრამა „ვრემეჩკოში“. მალე ტელეარხ „ტვ-6-ზე“ სამი პროგრამის წამყვანი გახდა. 2002-დან 2007 წლამდე თინა ტელეარხ „სტს-ზე“ პროგრამა „დეტალების“ წამყვანი იყო. 2003 წლის მარტიდან პარალელურად მიჰყავდა საბავშვო პროგრამა „სამი უმნი“ („ყველაზე ჭკვიანი“). 2004 წელს ეს გადაცემა რუსეთის სატელევიზიო კონკურსის – „ტეფის“ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საბავშვო პროგრამა“. 2004 წლიდან კანდელაკი ალექსანდრ ცეკალოსთან ერთად წამყვანია გადაცემისა „კარგი სიმღერები“ სამ ტელეარხზე – რუსულ „სტს-სა“ და „დომაშნიზე“, ასევე უკრაინულ „1+1-ზე“. 2007 წლის იანვრიდან ის შოუ „საქორწინო აურზაურის“ წამყვანია. 2005 წელს თინა კანდელაკი ცნობილმა რუსულმა კომპანია „რამბლერმა“ მის მიერვე ორგანიზებულ კონკურსში „წლის ადამიანის“ ტიტულით დააჯილდოვა ნომინაციაში „ტელევიზია“, სადაც ისეთი ცნობილი წამყვანები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც სერგეი მალახოვი და ვლადიმირ პოზნერი არიან. 2006 წლიდან თინა კანდელაკი რუსეთის ტელე-რადიო სივრცეში დარჩენილ თითქმის ერთადერთ თავისუფალ მედიასაშუალებასთან – რადიო „ეხო მოსკვისთან“ თანამშრომლობს. ის ერთ-ერთი მუდმივი წამყვანია გადაცემისა „ოსობოე მნენიე“, რომელიც ტელეკომპანია „არ-ტი-ვი-აი-სა“ და „ეხო მოსკვის“ ერთობლივი პროგრამაა. ასევე არის დილის გადაცემა „რაზვოროტის“ წამყვანი.
2008 წლიდან კანდელაკი სატელევიზიო პროგრამის – „ნერეალნაია პოლიტიკას“ მოდერატორია. 2009 წლიდან ერთ-ერთი წამყვანის ამპლუაში მონაწილეობს სატელევიზიო პროექტში „დვე ზვეზდი“. ის ასევე პოპულარული პროგრამის, „ფორტ ბოიარდის“ წამყვანიცაა.
2007 წლიდან თინა კანდელაკი რუსეთის სატელევიზიო აკადემიის წევრია. ის უამრავი პრემიის მფლობელიცაა. უკრაინულმა სატელევიზიო ჟურნალმა „ტელენედელიამ“ მაყურებელთა გამოკითხვის შედეგად ის 2005 წლის საუკეთესო წამყვანად აღიარა. მანვე გაიმარჯვა ნომინაციაში „ყველაზე მოდური ტელეწამყვანი“ „ასტრა 2006“-ზე და მოდისა და სტილის სფეროში პრემიის მფლობელი გახდა. ასევე კანდელაკმა დაიმსახურა პრემია „გლამურ 2006-ზე“ სპეციალურ ნომინაციაში – „ფორმა და შინაარსი“. თინა რუსეთის ყველაზე სექსუალურ წამყვანად აღიარეს პრემია „ტოპ-10 სექსის“ ლაურეატებს შორის კატეგორიაში „ტელევიზია“. 2006 წელს მან კიდევ ერთხელ მიიღო „ტეფის“ პრემია ნომინაციაში „თოქ-შოუს საუკეთესო წამყვანი“.
წარმატებული ტელევარსკვლავი თინა კანდელაკი ჟურნალმა „ფორბსმა“ 2009 წლის მონაცემებით ყველაზე მდიდარ ცნობილ 50 რუს ქალბატონს შორის დაასახელა. მდიდარი ვარსკვლავების სიას მათი წლიური შემოსავლებისა და საზოგადოებაში პოპულარობის მიხედვით ადგენენ. სიის სათავეში ცნობილი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა მოექცა.
თინა კანდელაკი „ფორბსის“ რეიტინგში მეცამეტე აღმოჩნდა. 2008 წლის ივლისიდან 2009 წლის ივნისამდე მისმა შემოსავლებმა 1,5 მილიონი დოლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ ქართველი ტელევარსკვლავი ჟურნალის მიერ შედგენილ მილიონერ ქალბატონთა სიაში 2008 წელსაც მოხვდა.
გარდა ტელეწამყვანობიდან მიღებული მაღალი შემოსავლებისა, სადაც თინა კანდელაკი ამჟამად ტელესივრცეში არსებულ მაქსიმალურ ანაზღაურებას იღებს, ის, საკმაოდ წარმატებული საპროდიუსერო კომპანიის მფლობელიცაა. რუსული მასმედიის ინფორმაციით, კანდელაკი რამდენიმე საწარმოს არაპირდაპირი მმართველი და მოსკოვში პოპულარული სპა-სალონის მფლობელია.
თავად კანდელაკი საკუთარ თავს მილიონერად ნაკლებად აღიქვამს, ფულს ზედმეტად არ ხარჯავს. „ალბათ, იმიტომ არ ვარ ფულის მფანტველი, რომ, ჯერ ერთი, ის თავზე საყრელი არ მაქვს და მეორეც, თვითონვე, საკუთარი შრომით გამოვიმუშავებ მას“, – აცხადებს ტელევარსკვლავი.
თინა კანდელაკს უცხოურ პრესაში „კავკასიელ პრინცესასაც“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ის დღესდღეობით მართლაც გავლენიანი ქალბატონია რუსულ შოუ-ბიზნესში. როგორც პრესა აღნიშნავს, მან მიაღწია იმ მიზანს, რაც ათი წლის წინ დაისახა მოსკოვში ჩასვლისას, როცა ცნობილი ტელეშენობების წინ დადგა და ოცნებობდა იქ პოპულარობისთვის თავად, ყველასგან დაუხმარებლად მიეღწია.
ქართველი ტელევარსკვლავი აცხადებს, რომ მისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახი და შვილები არიან. ჰყავს მეუღლე – ანდრეი კონდრახინი და ქალ-ვაჟი – მელანია და ლეონტი. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად რუსულ ბულვარულ პრესაში ვრცელდება ჭორები თინა კანდელაკის ოჯახური პრობლემებისა და მეუღლესთან დაშორების შესახებ, ის მასთან წლების განმავლობაში ცხოვრობს.
კითხვაზე, მართლაც მილიონ დოლარად იყიდა თუ არა მან ახალი ბინა, ტელევარსკვლავი უარყოფითად პასუხობს, სად გაგიგონიათ, მოსკოვში 400 კვადრატულმეტრიანი ფეშენებელური ბინა მილიონი ღირდესო. ისე კი, ადასტურებს, რომ ეს ბინა ძალიან ძვირი დაუჯდა და ის ქმართან ერთად კრედიტით იყიდა. „2009 წელს ახალ ბინაში შევხვდით, ოღონდ ავეჯის გარეშე, რადგან მასზე ფული არ გვეყო. თუ ძველი, ანტიკვარული ავეჯი გაქვთ, გამომიგზავნეთ“, – მიმართავს კანდელაკი რუს მკითხველს. ბოლო ხანს თინა არ მალავს, რომ ქმართან ურთიერთობები გაუუარესდა. 11-წლიანი ქორწინების გადასარჩენად ის მზადაა, მესამე ბავშვიც კი გააჩინოს.
ისე კი, მის ცხოვრებას თითქმის ყოველთვის თან სდევს დიდი თუ პატარა სკანდალები. ყველაზე დიდი ხმაური საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. 2006 წელს კანდელაკი ნიცაში უმძიმეს ავტოავარიაში მოყვა უძვირფასესი „ფერარის“ მარკის ავტომობილით, რომელსაც რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი სულეიმან ქერიმოვი მართავდა. მანქანა გაურკვეველი მიზეზით გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. ბიზნესმენი მძიმედ დაშავდა, თინას კი ხელები დაუზიანდა. მაშინვე გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ კანდელაკი და ქერიმოვი საყვარლები იყვნენ და ნიცაში ის დასასველებლად რუსმა მილიარდერმა წაიყვანა. თავად თინა აცხადებს, რომ მილიარდერი მხოლოდ და მხოლოდ მისი ახლო მეგობარია და მეტი არაფერი.
თბილისში 2007 წლის ნოემბრის მოვლენებისას თინა კანდელაკმა სერიოზული პოლიტიკური განცხადებები გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. „სააკაშვილი, ადამიანი, რომელსაც დემოკრატიის რუპორად მიიჩნევდნენ საქართველოში, სინამდვილეში შუა საუკუნეების ტირანი აღმოჩნდა. მოვუწოდებ ყველა ქართველს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ოპოზიციის მიტინგის დარბევისკენ მიაპყრონ ქვეყნების ყურადღება და შეაჩერონ სააკაშვილი“! – აცხადებდა ცნობილი ტელევარსკვლავი ორი წლის წინ.
2007 წელს თინა კანდელაკი რუსეთში სექს-სიმბოლოც გახდა – ჟურნალ „ფლეიბოის“ რუსული ვერსიისთვის მან შიშველმა გადაიღო ფოტოსურათები. არავინ იცის, დაანგრია თუ არა მან ამით მითი მორიდებული კავკასიელი ქალების შესახებ, რისკენაც ყოველთვის ისწრაფვოდა, მაგრამ, ფაქტია, როგორც თავად აცხადებს, ამის განმეორებას აღარ აპირებს. „ამიერიდან ამგვარად აღარასოდეს გავშიშვლდები“, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში კანდელაკმა. თუმცა, ცნობილია გამონათქვამი – „არასოდეს თქვა არასოდეს“... რას მოიმოქმედებს მომავალში ექსცენტრიკული კანდელაკი, არავინ იცის. ბოლო ხანებში თინა კანდელაკმა დიზაინშიც გამოსცადა შესაძლებლობები. 2008 წელს მან ჩანთების საკუთარი კოლექციის ჩვენება მოაწყო, 2009 წელს კი ტანსაცმლის კოლექცია წარმოადგინა.
თინა კანდელაკი უახლოეს ხანებში გამოსაცემად ამზადებს წიგნს, რომლის სავარაუდო სახელწოდებაც „მისი სილამაზის საიდუმლოებანია“. ეს მისი პირველი წიგნი როდია, თინამ უკვე გამოსცა „ერუდიტის დიდი ენციკლოპედია“, რომელშიც ის ბავშვების ყველაზე დაუჯერებელ კითხვებს დამაჯერებელ პასუხებს სცემს.
ქართველი ვარსკვლავი ის იშვიათი ტელეწამყვანია, რომელსაც არა მარტო კითხვების დასმა, მასზე პასუხების გაცემაც უყვარს, მათ შორის, ძალიან პირადულ და უხერხულ კითხვებზეც კი. ერთი რამ ცხადია, კანდელაკმა დაანგრია ყველა ის სტერეოტიპი, რომელიც დღემდე ქართველ გოგონებთან დაკავშირებით არსებობდა.
ის მხიარულად უზიარებს პრესას თავისი გათხოვების ამბავს: „ადრე გავთხოვდი და ძალიან ადრე გავხდი ორი შვილის დედა. ერთი რამ ცხადია: ჩემს პრინცს ქორწილის წინ მანქანა სიძველისგან დაეშალა. სამაგიეროდ, ჩემი ქორწინების შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ შევწყვიტე ოლიგარქების, მაჩოებისა და მეფეების დევნა. არ არსებობს ისეთი ქართველი გოგონა, რომელსაც ბავშვობიდან არ ჩააგონებდნენ მშობლები, რომ მდიდარზე უნდა გათხოვდეს. მე დავანგრიე ეს სტერეოტიპი და ღარიბ რუსს გავყევი ცოლად“.
თინას ქორწილი ძალიან უბრალო და უპრეტენზიო იყო. 1998 წლის 5 ნოემბერს თინამ და წვრილმა ბიზნესმენმა ანდრეი კონდრახინმა მმაჩის ბიუროში მოაწერეს ხელი და სახლში ეს ამბავი პელმენებით აღნიშნეს. ქორწინებიდან ათი წლის თავზე მეუღლეებმა თავისი ურთიერთობა კიდევ ერთხელ დააკანონეს და მრავალი მეგობარი და ნათესავი დაპატიჟეს ხმაურიან ქორწილში. დაქორწინების 10 წლისთავის ზარ-ზეიმით აღნიშვნის იდეა თინას მეუღლეს ეკუთვნოდა.
„საქართველოს ევროპაში არასწორად აფასებენ. ჩვენ, კავკასიელი ქალები, გაცილებით უფრო გავლენიანები ვართ, ვიდრე სხვებს ჰგონიათ. ჩვენ ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში ვიმყოფებით, ისევე, როგორც საქართველო, რომელიც მუდმივად დასავლეთისა და აღმოსავლეთის დავის საგნადაა ქცეული“, – აღნიშნავს კანდელაკი.
„ჩემი მიზანი იყო, დამემტკიცებინა, რომ ქალი გასართობი არ არის, რომელსაც მამაკაცი ინახავს. ქალი სრულუფლებიანი არსებაა. მე ეს დავამტკიცე“, – ამბობს კმაყოფილი ტელევარსკვლავი. ის პრესასთან არც იმას მალავს, რომ ცაციაა, რუსულად ძალიან სწრაფად იმიტომ ლაპარაკობს, რომ აქცენტი არ შეამჩნიონ. „თინა არც მაღალია და არც განსაკუთრებულად პროპორციული ფიგურით გამოირჩევა, მაგრამ განუმეორებელი სტილი აქვს“, – წერენ უცხოელი ჟურნალისტები. მათი აზრით, თინა კანდელაკის სტილის განსაკუთრებულობის საიდუმლო გლამურის, პოლიტიკისა და ყოველდღიურობის ბრწყინვალე ნაზავშია. თავად თინა აღიარებს, რომ არაფერი აქვს გლამურის საწინააღმდეგო, როცა ამაში ბევრ ფულს უხდიან.