ოცწლიანი ფარული ომი

ოცწლიანი ფარული ომი

2013 წლის 9 სექტემბერს, დილით, სოხუმში  მკვლელობა მოხდა, აფხაზეთში რუსეთის საელჩოს პირველ მდივანს, ვიცე-კონსულ დმიტრი ვიშერნევს, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ეზოში ავტოფარეხიდან გამოდიოდა. კილერმა მას 5 ტყვია ესროლა. მძიმედ დაიჭრა ვიცე-კონსულის მეუღლე ოლღა ვიშერნევა და საელჩოს კიდევ ერთი თანამშრომელი. თვითმხილველთა თქმით, მკვლელი სლავური გარეგნობისა იყო (ჰქონდა ღია ფერის თმა) და შემთხვევის ადგილს ტროლეიბუსით გაეცალა...

ვიშერნევის მკვლელობამ აფხაზეთში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია (თანაც, მკვლელობა დაემთხვა აფხაზეთ-რუსეთის სრულყოფილი დიპლომატიური კავშირის დამყარების 5 წლისთავს). სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი რუსეთიდანაც ჩამოვიდა, აფხაზეთის მთავრობამ ვიშერნევის საქმის გახსნა ღირსების საკითხად გამოაცხადა და, ტრადიციულად, დანაშაულში “ქართული კვალის”შესახებ ალაპარაკდა.

გასაკვირიც არაფერია - 1993 წელს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ, ქართულ და აფხაზურ სპეცსამსახურებს შორის ფარული ომი დაიწყო, რომელიც, როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, 20 წელია გრძელდება, ამიტომ აფხაზეთში ყველა გახმაურებული მკვლელობის უკან ქართული სპეცსამსახურების აჩრდილს ხედავდნენ.”

1995 წლის 11 სექტემბერს საკუთარი სახლის ზღურბლზე მოკლეს აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი იური ვორონოვი. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა დააკავეს ჩეჩენი ახალგაზრდები - ისლაევი და ტატიევი და საქმე გახსნილად გამოაცხადეს. აფხაზეთის მაშინდელი გენერალური პროკურორი ანრი ჯერგენია ჯიუტად აცხადებდა, ვორონოვის  მკვლელობაში ქართული სპეცსამსახურების ხელი ურევიაო და მკვლელობის თაოსნებად გაგრელ ძმებს, წვიჟბებს ასახელებდა (ისინი დაკავებულმა ჩეჩნებმა დაასახელეს). გაგრაში, წვიჟბების დაკავების სპეცოპერაციაში, სამართალდამცავების გარდა, რუსი სამშვიდობოებიც იყვნენ ჩართულნი(?!), მაგრამ ძმები ხელიდან დაუსხლტნენ (ენგურზე გადმოვიდნენ და დღემდე მათი კვალი უცნობია).

არადა, ვორონოვის მკვლელობაზე სულ სხვა ვერსია ჰქონდა ქართულ მხარეს.

"იმ დროს მანქანათმშენებლობის სამინისტროს სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის 3 მლრდ რუბლი ვალი დაუგროვდა. არძინბას ხელისუფლების პრემიერმა, გოგი გაგულიამ მაქინაციებით ეს ფული მოსკოვში მიიღო, 2 მლრდ მიითვისა, ხოლო 1 მლრდ ბანკ "ტიკოში" შეინახა.”ბანკის მფლობელი იყო მოსკოვში მცხოვრები სოხუმელი სომეხი, ბიზნესმენი ცატურიანი. ის ჯერ აფხაზეთში აფინანსებდა სეპარატისტულ მოძრაობას, შემდეგ კი არძინბას რეჟიმს და ჟირინოვსკის პარტიას სპონსორობდა. ვორონოვმა იცოდა ეს და მკვლელობამდე 10 დღით ადრე  გაგულიას ფულის დაბრუნება მოსთხოვა.  ჩვენი წყაროს ცნობით, ვორონოვი დაემუქრა გაგულიას, - თუ აფხაზეთს ფულს არ დაუბრუნებ და ჰუმანიტარული ტვირთების მითვისებას არ შეწყვეტ, მოსკოველი მეგობრების დახმარებით შენს დისკრედიტაციას შევეცდებიო. შედეგმაც არ დააყოვნა".

ლევან კიკნაძე, "ექსპერტთა კლუბი", 7 აპრილი, 2011 .

ასეთი "შემთხვევები" წლების განმავლობაში კიდევ არაერთხელ მომხდარა. 2000 წლის 18 აგვისტოს შინ ფეხით მიმავალ აფხაზეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ იდეოლოგს, ზურაბ აჩბას, წინ "ჟიგული" გადაუდგა. შიგ მჯდომმა ოთხმა კაცმა მას ცეცხლი გაუხსნა. აჩბა მაშინვე გარდაიცვალა. მოკლული  აფხაზეთში სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება "ამცახარას" თავმჯდომარის მოადგილე იყო. თაოსნობდა აფხაზეთში ომის დაწყების მერე კავკასიის ხალხთა კონფედერაციის კონგრესის მოწვევას (კონფედერაციამ მაშინ კავკასიას აფხაზი ძმების დასახმარებლად მოუწოდა. საინტერესოა, რომ აჩბას მკვლელობამდე 1 თვით ადრე მოსკოვში ესროლეს კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელ იუსუფ სოსლანბეკოვსაც, რომელიც 27 ივლისს გარდაიცვალა). ზურაბ აჩბას მკვლელობაშიც აფხაზი სამართალდამცავები ქართულ შურისძიებას ხედავდნენ. ეს ნიშნავდა, რომ საქმე გაუხსნელი დარჩებოდა.

2007 წლის 17 აგვისტოს გუდაუთაში მოკლეს მუსლიმთა თემის წინამძღვარი, ჰამზათ გიცბა, მეტსახელად "როკი". ის აფხაზეთის ომის დროს შამილ ბასაევის ჩეჩნურ ბატალიონში იყო, დაუნდობლად ებრძოდა ქართველებს, გამოირჩეოდა დიდი სისასტიკით, განსაკუთრებით სოხუმის აღებისას. როდესაც "როკი" გიცბა (ის ვაჰაბიზმის მიმდევარი იყო) და მისი თანმხლები პირი სამლოცველო სახლიდან გამოვიდნენ, მათ შავი "კრაისლერი" მიუახლოვდა, უკანა სავარძელზე მჯდომმა ნიღბიანმა მინა ჩამოსწია, გიცბას ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. მისი თანმხლები კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დამნაშავეებს ვერ მიაგნეს, ერთი საათის შემდეგ კი "კრაისლერი" დამწვარი იპოვეს. როგორც გაირკვა, ის რამდენიმე დღის წინ იყო გატაცებული. აფხაზები მუსლიმთა თემის ლიდერის მკვლელობაში ბრალს ტრადიციულად ქართულ მხარეს სდებდნენ, თუმცა იყო ვერსია, რომ ჰამზათ გიცბას მოშორება უნდოდა რუსულ მხარესაც, რომელიც სოჭის ოლიმპიადის წინ აფხაზეთში ვაჰაბიზმის მომძლავრებას უფრთხის.

"ქართული შურისძიების" მსხვერპლი გახდა აიკ კესიანი,  აფხაზეთის ომის დროს სომეხი მოხალისეების მეთაური, რომელიც ქართველების მიმართ ასევე სისასტიკით გამოირჩეოდა.

2008 წლის 20 ოქტომბერს მოკლეს აფხაზეთის კონტრდაზვერვის უფროსი ედუარდ ემინ-ზადე. ის გალში ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს, ტყვია თავში ჰქონდა ნასროლი, ხოლო მისი მასპინძლის ცხედარი ენგურის ახლოს იპოვეს. როგორც ექსპერტები აცხადებდნენ, ემინ-ზადეს მკვლელობა ქართულ-აფხაზური სპეცსამსახურების ომის ახალი ტალღის საბაბად იქცა. მოგვიანებით, ქართულ-აფხაზური საზღვრის ახლოს მკვდარი იპოვეს ემინ-ზადეს მკვლელი, ვინმე გაბისონია.

2009 წლის 28 იანვარს სოხუმის ცენტრში, კაფე "კიკიში" ტრადიციულად ხალხმრავლობა იყო. იქვე ყავას სვამდა აფხაზეთის შს მინისტრის მოადგილე ვაქან ჯუღელია. მოულოდნელად შემოიჭრნენ შეიარაღებული პირები და ჯუღელია ჩაცხრილეს. ჯუღელიას მკვლელობას აფხაზმა სამართალდამცავებმა პოლიტიკური  უწოდეს, ბრალი ისევ ქართველ სპეცსამსახურებს დასდეს და ხელები გაასავსავეს, საქმე გაუხსნელი დარჩებაო.

2011 წლის 28 დეკემბერს აფხაზეთში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობა მოხდა - გალში მოკლეს აფხაზეთის ომის გმირი, პოლკოვნიკი ვალდმერ ბუთბა (1998 წლის აგვისტოში ზუგდიდში გალის გამგეობის აფეთქების ორგანიზატორი (აფეთქებას ბავშვების სიცოცხლეც შეეწირა), 1998 წლის ე.წ. მაისის მოვლენების დროს საკუთAარი ხელით გადაწვა ორი ქართული სოფელი გალში, ცნობილი იყო თავისი სისასტიკით). ბუთბას და მისი მეგობრის, თამაზ კვაკვასკირის, ცხედრები 28 დეკემბერს, დილით, გალის შესასვლელთან იპოვეს. როგორც ბუთბას ოჯახის წევრები ჰყვებიან, მათ სახლში იმალებოდა ქართული სპეცსამსახურების აგენტი, რომელიც ადრე აფხაზებზე მუშაობდა. მან უთხრა ბუთბას, გამშიფრეს და ჩემზე ქართველები ნადირობენო. ის ვალდმერმა აქეთ გადმოიყვანა და შინ ჰყავდა, ამ აგენტმა საახალწლოდ ვალდმერს სთხოვა საქართველოს საზღვარზე გადამიყვანეთო, ისიც დათანხმდა და თამაზ კვაკვასკირთან ერთად წაჰყვა იმ ბიჭს, თან, ყოველი შემთხვევისთვის, საკუთარი "მაკაროვიც" მისცა - თავს დაიცავო. სწორედ ის "მაკაროვი" ესროლეს  ბუთბას კეფაში, მის მეგობარს კი ზურგში, შემდეგ ცხედრები გალის შესასვლელთან ერთმანეთის მოშორებით დაყარეს.

2013 წლის 9 სექტემბერს სოხუმში მოკლული  აფხაზეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის, დმიტრი ვიშერნევის მეუღლე, ოლღა ვიშერნევა, რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსი დიპლომატის მკვლელობის ქართული მოტივის გარდა რუსულ მედიაში სხვა კრიმინალური ელფერის ვერსიებმაც გაიჟღერა. ერთი ვერსიით, ვიშერნევის მკვლელობა დაკავშირებული უნდა იყოს მსხვილ სამშენებლო კონტრაქტებთან - საუბარია 36 მლნ დოლარზე, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან გამოიყო სოხუმში რუსეთის საელჩოს ასაშენებლად. როგორც გაირკვა, ვიშერნევი კონტრაქტებს ამზადებდა. მედიაში გავრცელებული მეორე ვერსიით, რუსი დიპლომატის მკვლელობა შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო "ელ პეტროლეუმ აფხაზიას" მფლობელ, ბიზნესმენ კლემენტოვიჩის გაუჩინარებასთან. ის მეგობარ გოგონასთან ერთად 2012 წლის შემოდგომაზე გაქრა, როგორც ამბობენ, ვიშერნევი მისი მოძებნით იყო დაინტერესებული.

მიუხედავად ვერსიებისა, საქმე დიდი ხნით გაუხსნელი დარჩებოდა, რომ არა 13 სექტემბერს ბათუმში მომხდარი ამბავი:  ღამით, დაახლოებით 11 საათზე, ბათუმში პოლიციელებმა გააჩერეს მანქანა, რომელშიც სამი პიროვნება იჯდა და საბუთები მოსთხოვეს. ერთ-ერთმა მგზავრმა  შეწინააღმდეგება სცადა და იარაღი რამდენჯერმე ისროლა. რამდენიმე კაცი დაიჭრა. პოლიციამ სამივე მგზავრი დააკავა. ისინი ცნობილი მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე, მისი მწვრთნელი თეიმურაზ ბახუნტარაძე და ჩეჩენი იუსუფ ლაკაევი აღმოჩნდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სოხუმში დიპლომატის მკვლობაში ბრალი იუსუფ ლაკაევს წაუყენა და მისი ექსტრადირების მოთხოვნისთვის მზადება დაიწყო. როგორც აფხაზი სამართალდამცავები აცხადებენ, იუსუფ ლაკაევი ერთი თვით ადრე ჩავიდა სოხუმში, მცირე მეწარმისა და მეოჯახე კაცის იმიჯით (მას ახალგაზრდა ქალი და ბავშვი ახლდნენ), ბინა იმავე კორპუსში იქირავა, სადაც რუსი დიპლომატი ცხოვრობდა და სოხუმის პლაჟზე სუვენირებს ყიდდა. მკვლელობის წინ თმა გაიღიავა (კვალის ასარევად) და ვიშერნევის მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა. არ გაუმართლა და მხოლოდ ამის შემდეგ ესროლა დიპლომატს. სამართალდამცავებმა სოხუმში ლაკაევის სახლიც გაჩხრიკეს.

იპოვეს ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლითაც დიპლომატის მანქანის ასაფეთქებელი მოწყობილობა დამზადდა. აფხაზური მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა დააკავეს ორი პიროვნებაც, რომლებიც ლაკაევს ენგურზე არალეგალურად გადმოსვლაში დაეხმარნენ... ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს. გაჩნდა კითხვა, იცოდნენ თუ არა ლაკაევის შესახებ ქართველმა სამართალდამცავებმა? როგორც რუსულ გამოცემა "კომერსანტს" შსს-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, ქართველ სამართალდამცავებს რუსმა კოლეგებმა მიაწოდეს ოპერატიული ინფორმაცია აფხაზეთში ლაკაევის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ამიტომ ლაკაევის დასაკავებლად ბათუმში ჩატარებული ოპერაცია დაგეგმილი იყო(?!).

იIუსუფ ლაკაევი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სოჭის ოლიმპიადისთვის საშიშ პირთა სიაშია (ის 2010 წელს ციხეში მოხვდა ვაჰაბიტ მეომრებთან კავშირის გამო). ამბობენ, რუსეთი ლაკაევის ექსტრადიციას ითხოვსო, თუმცა ქართული მხარე ამას არ ადასტურებს.

აფხაზი სპეცსამსახურები დიდი ხანია ლაპარაკობენ მითურ "აფხაზურ ჯამაათზე", რომელსაც მათი თქმით, ქართული და თურქული სპეცსამსახურები აფინანსებენ, 2012 წლის 10 მაისს აფხაზურ-რუსულმა სპეცსამსახურებმა, ხმაურიანი სპეცოპერაციის შემდეგ, აიყვანეს ჯამაათის წევრები: რუსტან  გიცბა ("როკი" გიცბას ძმა), ედგარ ჭითანავა და ბარციც ტამაზი, რომლებიც 2007 და 2011 წლებში ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტებში არიან ეჭვმიტანილნი.

იუსუფ ლაკაევი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მან ქართველ ხალხს ბოდიშიც კი მოუხადა ბათუმში ატეხილი სროლის გამო.

რამდენიმე დღის წინ რუსმა სამართალდამცავებმა ვიშერნევის მკვლელობაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი - ისხან საბანჩიევი დააკავეს...