ვისთან იმალებოდა ციხიდან გამოქცეული ჯაბა იოსელიანი

ვისთან იმალებოდა ციხიდან გამოქცეული ჯაბა იოსელიანი

იმ ადამიანს, რომელზეც ახლა გიამბობთ, ყველა კარგად იცნობდა. ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება მისადმი ორპოლუსიანი იყო – იგი უყვარდათ ან არ უყვარდათ. თუმცა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ის უკვე ისტორიას ეკუთვნის, ხოლო ისტორია ყველაზე მიუკერძოებელი მსაჯულია. მწერალი და დრამატურგი, „მხედრიონის“ ლიდერი ჯაბა იოსელიანი რამდენიმე წლის წინათ ინსულტის შედეგად თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

გასული საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში, ისევე როგორც ბევრმა, იოსელიანების ოჯახმაც განიცადა მძიმე დანაკარგი. გაუსაძლისმა პირობებმა ჯერ ერთი ვაჟი წაართვა მშობლებს, შემდეგ – ქალიშვილი. ოჯახს ხალისს ლილი, ნათელა, ჯაბა და მერაბი მატებდნენ. პატარა ლილის, რომელიც დედმამიშვილებში უფროსი იყო, და-ძმის სიკვდილი სამუდამო იარად დარჩა. მაგრამ, მან მაინც შეძლო თავის რეალიზება და ქართულ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილიც დაიმკვიდრა. ის პირველი რეჟისორი ქალია საქართველოში. სხვადასხვა თეატრის სცენაზე მრავალი სპექტაკლი აქვს დადგმული. მისი კინოსახე კი, მაყურებელს ბერნარდა ალბას როლიდან ახსოვს. დღეს ეს არაჩვეულებრივი, 90 წელს მიღწეული ქალბატონი საოჯახო ალბომს დაგათვალიერებინებთ და თავისი ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდებს სწორედ თქვენთვის გაიხსენებს.

ლილი იოსელიანი: ბარნოვზე, მაშინდელი გულიმბის ქუჩაზე, ძალიან დიდი, ორსართულიანი სახლი გვქონდა. ჩვენთან ერთად ჩვენი ნათესავებიც ცხოვრობდნენ. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წლები იყო, რადგან ყველა ერთად ვიყავით. მამა, კონსტანტინე იოსელიანი ტრანსპორტის ინჟინერი იყო. უმაღლესი განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული და ეს სახლი პოლონელმა მეგობარმა, ვიხასკიმ აჩუქა. იგი მშენებელი იყო, ძალიან კარგი სპეციალისტი და გადმოსახლებული გახლდათ საქართველოში, როგორც პოლიტიკური მოღვაწე. ვერაზე, კალანდაძის ქუჩაზე მას სამი ასეთი სახლი ჰქონდა აშენებული. გასაბჭოების შემდეგ, თავის სამშობლოში დაბრუნდა. მეორე სახლსაც გვიტოვებდა, მაგრამ მამამ უარი უთხრა. მერე მამამ ის სახლი გაუყიდა და ფული გაუგზავნა, მაგრამ მან უკან გამოუგზავნა. ახლა თუ წარმოგიდგენიათ ასეთი რამ, რომ მეგობარმა მეგობარს სახლი აჩუქოს, თან, რამდენიმე? სხვათა შორის, ის სახლი დღესაც დგას, მესამე სართული დაადგეს. ახლაც თვალწინ მიდგას ჩვენი ეზო, სადაც დიდი აუზი გვქონდა. შიგ თევზები დაცურავდნენ. ეზოში მწვანე ბალახი ბიბინებდა და ულამაზესი ყვავილები ხარობდა. თუნუქის შინდისფერი სახურავი მზის ამოსვლისთანავე ათინათივით ანათებდა. სამწუხაროდ, იქ დიდხანს არ გვიცხოვრია. მამა ორი წლით გაგზავნილი იყო ბორჯომპარკის გასაჭრელად და იქ ორი პატარა ოთახი მისცეს. დედას პერიოდულად ჩავყავდით ხოლმე იქ, რომ მამა მარტო არ ყოფილიყო. იმ დროს ბორჯომში ჩემი ძმა მერაბი დაიბადა. ერთხელ დედამ დეიდაჩემისგან წერილი მიიღო: სასწრაფოდ ჩამოდი ბინის თაობაზე, რაღაც გაუგებრობებიაო. გაუგებრობა კი ის იყო, რომ ამხელა სახლი აქვთ და უნდა ჩამოვართვათო. დედა ჩამოვიდა და სასწრაფოდ გაყიდა ის სახლი. გადავედით პლეხანოვზე ეგრეთ წოდებულ, იტალიურ ეზოში. საშინელ, პატარა, მოკრუნჩხულ ოთახებში ვცხოვრობდით. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა, იქ ამეტანა, მეზობლები იყვნენ. არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობდა. ერთი თვე მაღალი სიცხეები მქონდა, იმდენად ვინერვიულე. სწორედ იმ სახლში დაავადდა ჩემი უმცროსი ძმა ეპილეფსიით და ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

არ ვიცინებით თუ უნებლიეთმაგრამ თქვენი ძმა თავიდანვე მოექცა ისეთ გარემოშისადაც ქურდული მენტალიტეტის ადამიანები ტრიალებდნენთქვენი ოჯახი როგორ უყურებდა ამას?

– ციხეში ქურდებთან ერთად იჯდა და ძალაუნებურად, მასაც ქურდის იარლიყი მიაწებეს, თორემ ასეთი არ იყო. ბავშვობაში ერთი წუთით არ გვცილდებოდა დებს გვერდიდან. ამის გამო გვეშინოდა ქალაჩუნა არ გამოვიდესო. გარეთ საერთოდ არ გადიოდა. ეს 13 წლიდან დაიწყო, როცა დაინახა, რომ მისი თანატოლების ნაწილი ქუჩაში გავიდა და აი, მაშინ მოხვდა ჯაბა ქუჩურ გარემოში. მამამ სკოლიდან გამოიყვანა. რაღაც მნიშვნელოვანი დღე იყო, დაავალეს, სიტყვით გამოსულიყო. როცა ნახა, რაც უნდა წაეკითხა, საშინლად გაღიზიანდა და უარი თქვა. ამაზე მამა დაიბარეს, – თქვენმა შვილმა ტექსტის წაკითხვაზე უარი განაცხადაო. კარგადაც მოქცეულაო, – უპასუხა მამამ. მოჰკიდა ხელი და წამოიყვანა. გადაიყვანა 23-ე საშუალო სკოლაში. კარგად სწავლობდა, ფრიადოსანი იყო. მასწავლებლები სულ მადლობას გვეუბნებოდნენ. სკოლაში ყველა რეპრესირებული ოჯახის შვილი იყო. ამ ბიჭებს ერთგვარი პროტესტის გრძნობა ჰქონდათ საბჭოთა რეჟიმის მიმართ. ომი რომ დაიწყო, ყველას უნდა ჩაებარებინა რადიოგადამცემი, რათა მალულად არ მოესმინათ უცხოეთის ამბებისთვის. ვიღაც მეათე კლასელს არ ჩაუბარებია, სკოლის სარდაფში შეუნახავს. ბიჭები ჩადიოდნენ და უსმენდნენ. გერმანული მარტო ჩემმა ძმამ იცოდა და სთხოვეს, გადაეთარგმნა. ერთ დღესაც ჩემი ძმა მუსიკის გაკვეთილზე წავიდა და აღარ დაბრუნდა. ამ დროს პროკურატურიდან ბინის გასაჩხრეკად მოვიდნენ. მამამ ჰკითხა, – რაშია საქმეო. თქვენი შვილი დაპატიმრებულიაო. კი მაგრამ, რა დააშავაო. ქურდობისთვის დავიჭირეთო. მამამ ის ხალხი გაყარა – როგორ ბედავთ, ჩემს შვილს ქურდობას აბრალებთო. ცხადია, მისი დაპატიმრება ჩვენი ოჯახისთვის ყოვლად წარმოუდგენელი იყო. ორთაჭალის ციხეში ადგილი რომ აღარ იყო, ხალხი მილიციის განყოფილებაში ჰყავდათ გამომწყვდეული. პოლიტპატიმარი იყო თუ მკვლელი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველა ერთად ჰყავდათ. დღეები გადიოდა. ჩემი ძმის შესახებ არაფერი ვიცოდით, მიწერ-მოწერა, საჭმლის შეტანაც არ შეიძლებოდა. მერე ვექილი დავიქირავეთ და მისი საშუალებით გავიგეთ, რომ ჩემს ძმას ბიჭებთან ერთად რადიოგადამცემის მოპარვას აბრალებდნენ. ვიღაც პატიმარზე უთქვამთ: არიფი ჩანს და მოდი, ტანსაცმელი გავხადოთო. კინაღამ დაუხრჩიათ ზეწრით, მაგრამ ჩემი ძმა დროულად მიხვედრილა ამას და ყველას დარევია. გავიდა ექვსი თვე. ექვსი თვის შემდეგ, სასამართლო დანიშნეს. პროცესზე აჟიოტაჟი ატყდა, გამოაცხადეს, პატიმარი ციხიდან გაიქცაო. ჩვენ რომ სასამართლოში მივედით, ჩემი ძმა არ იყო. ვინ გაიქცეოდა, თუ ის არა?! რა თქმა უნდა, მაშინვე მოცვივდნენ სახლში, ჩხრეკა ჩაატარეს, სახურავზე ავიდნენ, სარდაფში, მეზობლებში, ნათესავებში ეძებდნენ... გავიდა ერთი კვირა. ინსტიტუტში ვარ და ერთი სტუდენტი მეუბნება, – ქვემოთ ვიღაცეები გკითხულობენო. კიბეზე ჩავირბინე და მესმის ჯაბას ხმა – არ შეგეშინდეს, მე ვარო. კუთხეში, ჩაბნელებულ ადგილას, მეგობართან ერთად იდგა. სადმე უნდა გავათიოთ ღამე, თორემ უკვე რამდენიმე დღეა სხვადასხვა სადარბაზოში გვძინავსო. ვფიქრობ, რა ვქნა? სახლში ვერ წავიყვან, ნათესავებთანაც ვერ წავიყვან. მერე გამახსენდა, რომ ჩემი ძალიან ახლო მეგობარი სკოლიდან, მარტო ცხოვრობდა. დედა გარდაცვლილი ჰყავდა და თვითონ უმეტესწილად სოფელში იყო. მის სახლთან რომ მივედით, ჯაბა ზემოთ არ ამომყვა – ჯერ შენ ადიო. რომ ვუთხარი, ასეთი და ასეთი სიტუაციაა და უნდა დამეხმარო-მეთქი. გული შეუწუხდა და მისი მობრუნება მომიწია. ჯაბამ მკითხა: ამდენ ხანს რას აკეთებდიო. ვუთხარი, რაც მოხდა. არა, აღარ მინდაო და წამოვედით. ღამის 12 საათია. კერესელიძის ქუჩაზე მოვდივართ. ჩემი მეგობარი, რეჟისორი ოთარ ანდრონიკაშვილი სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა. ჩვენ ზემოდან ჩამოვდიოდით, ის ქვემოდან მოუყვებოდა ქუჩას. ჯაბა და მისი მეგობარი წინ მიდიოდნენ და მე – უკან. არ მინდოდა, ვინმეს დავენახეთ. ოთარმა მაინც მომკრა თვალი და მკითხა: სად მიდიხარო. ნათესავთან-მეთქი. ჩემგან უკვე იცოდა ის ამბავი, რაც მოხდა. ახლა, რას აპირებ, რა უნდა ქნა, ასე ხომ არ ივლით ქუჩა-ქუჩა, ჩემთან წამოიყვანეო. რამე შარში არ გაება-მეთქი. არა, ესენი ჩემთან დარჩნენ და მე შენთან დავრჩებიო. ასეც მოხდა. გარედან კლიტით ჩავკეტეთ და წამოვედით. იმ საღამოს ვიღაც გაექურდათ და ჩხრეკა დაიწყეს. დილით ადრე მივედი საუზმის მისატანად. ჯაბამ მითხრა, – აქედან, რაც შეიძლება, მალე უნდა წავიდეთ. ვიღაცის ბინა გაუქურდავთ, მოვარდნენ და რომ ნახეს, კარზე კლიტე იდო, უკან გაბრუნდნენო. იძულებული გავხდი, დეიდაჩემთან მიმეყვანა. მიხვეულ-მოხვეული გზებით წავედით...

როგორ გამოძვერით ამ მძიმე სიტუაციიდანციხიდან გაქცევა და დამალვა ადვილი ხომ არ არის?

– ჩემმა მეგობრებმა და პედაგოგებმა გადაწყვიტეს, დამხმარებოდნენ. მეგობრის პასპორტიდან სურათი ამოიღეს და ჯაბას სურათი ჩააკრეს. ჩემმა ნათესავმა კი, სასწრაფოდ თვითმფრინავით რუსეთში გადააფრინა. იქ ერთმა ჩვენმა ახლობელმა, რომელიც მაღაროების უფროსი იყო, ჯაბა სამუშაოდ მოაწყო. იმ დროს ჯაბას ათწლედი არ ჰქონდა დამთავრებული, ჯერ ისევ მეშვიდე კლასის მოსწავლედ ითვლებოდა. ამიტომ, ღამის სკოლაშიც მიიყვანა. დაამთავრა ღამის სკოლა. მერე იმ კაცმა უთხრა: სამთო ინჟინრების ნაკლებობას განვიცდით. მოდი, ლენინგრადში სამთო ინსტიტუტში ლიმიტით მოგაწყობო. არ უნდოდა ლენინგრადში წასვლა. სარეჟიმო ქალაქი იყო. მაინც ჩაიყვანა, მოაწყო და დააბინავა. ბინის ქირას თვითონ უხდიდა. არ მოეწონა იქ სწავლა და საბუთების უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე შეტანა გადაწყვიტა. იქ გაიგეს, რომ ქართველი იყო და ურჩიეს, პროფესორ დონდუასთან მისულიყო და ის დაეხმარებოდა. საბუთები აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე შეიტანა. რაღაც თემა მისცეს. დაწერა. ძალიან მოეწონათ და მეორე კურსზე ჩარიცხეს. ის, ვისი პასპორტითაც ჩემი ძმა იყო, მივლინებით ლენინგრადში იმყოფებოდა. ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. ამ დროს ჯაბა უკვე მეხუთე კურსის სტუდენტია. ვინაიდან ლენინგრადი სარეჟიმო ქალაქი იყო, გადაწყვეტილება მიიღეს, ვინც ქალაქში ჩაწერილი არ იყო, 24 საათის განმავლობაში გაესახლებინათ იქიდან. მორიგე მივიდა, მის პასპორტს დახედა და გააფრთხილა, თუ ხვალისთვის არ გახვალთ აქედან, ზომებს მივიღებთო. პასპორტები ქალაქის მთავარ სამმართველოში ბარდებოდა. როცა პასპორტები სამმართველოს უფროსთან შეუტანიათ, ის მორიგეც იქ ყოფილა. სახელი და გვარი დამახსოვრებია, რომელიც ჩემი ძმის პასპორტში ეწერა და ატყდა ამბავი. ის ადამიანი დააკავეს. ჩემი ძმა მივიდა. სიმართლე განაცხადა და სამი წელი მიუსაჯეს.

ციხეში როგორ იყორა უჭირდარა დღეები გამოიარათუ გიყვებოდათ?

– ჩემი ძმისნაირი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. როგორი ჩირქიც არ უნდა მოსცხონ, მერწმუნეთ, მის პიროვნებასთან ახლოსაც არ დგას. მას თავისი შეხედულება ჰქონდა ცხოვრებაზე, ადამიანებზე, კაცობაზე. ბევრი სიმწარე გამოიარა. ციხეში ის იცავდა არა ციხის ინტერესებს, არამედ პატიმრებისას – ვისაც ჩაგრავდნენ. ამის გამო, კარცერში სვამდნენ, ერთ პაწაწინა, ბნელ ოთახში, სადაც ფეხის გაშლის საშუალებაც კი არ იყო. ერთხელ ერთი თვით ჩასვეს და კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. თავის ერთ-ერთ რომანში „ლიმონათის ქვეყანა“ ერთი ასეთი ეპიზოდია: დამლაგებელს ცოცხი წაართვა, ღეროები გამოაძრო და ხელში შეირჭო. პერანგის სახელო სულ სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. ამისთვის მკაცრად დასაჯეს. ციხეში ჩემს ძმას წვივის ძვლის ანთება დაემართა. სიცოცხლის ბოლომდე სტკიოდა. ფეხიდან ჩირქი სდიოდა. ერთ-ერთ რუსულ ჟურნალში, „ნაუკა ი ჟიზნ“, ინგლისელი ექიმის სტატია წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ თურმე ამ დაავადებას შავი ხურდა ფული შველისო. ბამბაზე დავადებდი და ბინტით გადავუხვევდი.

რატომ არ გათხოვდით?

– მე რომ არ გავთხოვდი, საამისო მიზეზი მქონდა. მამა გარდაგვეცვალა, დავრჩით მხოლოდ მე და დედა. მე ჩემი სტიპენდიით ოჯახი უნდა შემენახა. ჯაბა დაპატიმრებული იყო, მისთვისაც ხომ უნდა გამეგზავნა ამანათი, გარდა ამისა, ბინის ქირა უნდა მეხადა. დედა არ მუშაობდა. დღე და ღამე თეატრში ვიყავი, სპექტაკლებზე ვმუშაობდი. მთლიანად ჩართული ვიყავი სამუშაო პროცესში, რომ უსიამოვნო ამბებისგან გავთავისუფლებულიყავი და ამით მეშველა ჩემი ძმისთვის. ვუშველე კიდეც, რაშიც სერგო ზაქარიაძე და მედეა ჯაფარიძე დამეხმარნენ. მათი წყალობით, ჩემი ძმა დროზე ადრე გაათავისუფლეს. მაშინ მედეა დეპუტატი იყო. თავდებში დაუდგნენ ჯაბას, რომ მას ბავშვობიდან იცნობდნენ, როგორც წესიერ ყმაწვილს და არაჩვეულებრივი ოჯახის შვილს.

ამბობენბუნებით ძალიან კეთილი იყოადამიანების დახმარება უყვარდაო...

– გამსახურდიას დროს ჯაბა დეპუტატი იყო. ერთხელ, კარზე ზარი დაირეკა. გავაღე. ვხედავ, უცნობი ქალი დგას. შემოვიპატიჟე. ჯაბა სად არისო, – პრეტენზიული ტონით იკითხა. მე ვუთხარი, – სამსახურშია, სად უნდა იყოს. ვინ ბრძანდებით-მეთქი. იცით, ჩემი შვილი მუსიკაზე დადის, ძალიან ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ ინსტრუმენტი არ აქვს და იქნებ მიყიდოსო. რაღაც ძალიან ძვირად ღირებულ ინსტრუმენტს ითხოვდა. გავოცდი. მე ვუთხარი: ქალბატონო, კი მაგრამ, ჯაბას სად აქვს მაგდენის საშუალება, ნამდვილად ვერ გიყიდით-მეთქი. რას ჰქვია, ვერ მიყიდისო. თქვენ როგორიც გინდათ, ასეთის შეძენის საშუალება არ აქვს. მე ვერ ვეტყვი, რადგან თქვენსას არ იშლით, თვითონ უთხარით-მეთქი. ძალიან ძვირფასი, გერმანული წარმოების შავი პიანინო მაქვს, შიგნით მექანიკური მოწყობილობით, საფეხურებითაც შეიძლება დაკვრა და, თან თავისი ნოტები აქვს. ამ პიანინომ თავის დროზე მოსკოვში პრიზი აიღო და ვუთხარი, თუ გნებავთ, ეს წაიღეთ-მეთქი. ეს რად მინდაო და წავიდა. ცოტა ხანში უკან შემოტრიალდა – რა პიანინოაო, დახედა. არა, არ მინდაო და გატრიალდა. სამსახურში მივალ ჯაბასთან და ვნახავო. ასეთი შემთხვევები ხშირად იყო. ხან ვინ მოდიოდა თხოვნით, ხან – ვინ. ბევრი იყო ისეთი, ვინც, მაგალითად, თხოვდა, სასამართლოზე დამეხმარე ბინის მიღებაშიო. მერე აღმოჩნდებოდა, რომ ის ბინა მისი კი არა, სხვისი ყოფილა და წართმევა უნდოდა.